„ბედნიერება ადამიანის ცხოვრების აზრი და ამოცანაა, მისი არსებობის უდიდესი მიზანი და დანიშნულება“ – არისტოტელე
რატომ ვიკვლევთ ბედნიერებას?
ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსებით დაწყებული მეცნიერები და პოლიტიკოსები ცდილობენ ბედნიერების ბუნების შესწავლას, ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრების რეცეპტის საიდუმლოს ამოხსნას. საკითხი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. მეტიც, ბედნიერების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ოთხმა ქვეყანამ: ბუტანმა, ეკვადორმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და ვენესუელამ ბედნიერების მინისტრებიც კი დანიშნეს!
ყველგან მსოფლიოში, დასავლური ქვეყნების ჩათვლით, დიდი ხანია, არსებობს ინიციატივები, რომლებიც საჯარო პოლიტიკის წარმატების გასაზომად სტანდარტული ეკონომიკური ინდიკატორების მიღმა არსებული კეთილდღეობის სხვა საზომების გამოყენებას ითვალისწინებს. მსგავსი ცვლილებებისა და ბედნიერების მნიშვნელობაზე ბოლო დროს ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმაც: „დროა, ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში ფულზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. დროა, მთლიანი შიდა პროდუქტის გარდა საერთო კეთილდღეობაზეც ვიზრუნოთ“.
დღესდღეობით, ბედნიერების ეკონომიკის სფეროს უამრავი ნაშრომი ინდივიდუალური კეთილდღეობის რეალური მიზეზების გამოკვლევას ესწრაფვის.
რამდენად აბედნიერებს ანაზღაურებადი შრომა კავკასიელ ქალებს?
ჩვენ გადავწყვიტეთ, წვლილი შეგვეტანა ბედნიერების შესახებ არსებულ ეკონომიკურ ლიტერატურაში სამხრეთ კავკასიელი ქალების ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების შესწავლით. კერძოდ, გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის შეგვედარებინა დასაქმებული ქალები და დიასახლისები. საზოგადოებისთვის რამდენიმე ტიპის პოტენციური სარგებელი მოაქვს ქალბატონების შრომის ბაზარზე აქტიურ მონაწილეობას, დიასახლისის ტრადიციული როლისგან განსხვავებით. ქალებს სარგებელი მოაქვთ მთლიანად ეკონომიკისათვის ისეთ პროდუქტიულ ეკონომიკურ აქტივობებში ჩაბმით, როგორიცაა მომსახურების სფერო (ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩათვლით), მრეწველობა თუ სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, პროფესიისა და პროფესიული გამოცდილების შეძენა ამცირებს ქალის დამოკიდებულებას მეუღლესა და საზოგადოებაზე. ბოლოს, ერთზე მეტი მარჩენალის ყოლა იცავს ოჯახს უარყოფითი შოკებისგან, შედეგად კი წვლილი შეაქვს სიღარიბესთან ბრძოლაში.
ეს ყოველივე პოლიტიკოსებისათვის კარგ მიზეზს წარმოადგენს, რომ მხარი დაუჭირონ ქალთა აქტიურ მონაწილეობას შრომის ბაზარზე. თუმცა ჩნდება კითხვა, რჩება თუ არა ქალის დასაქმება ცალსახად დადებით მოვლენად, როცა ამ ქალის სუბიექტურად აღქმულ ბედნიერებასაც ვითვალისწინებთ?
პირველი კითხვა, რასაც უნდა ვუპასუხოთ, არის: რას გრძნობენ ქალები, როცა შრომის ბაზარზე შედიან? არსებობს მუშაობის ცალკეული ასპექტები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ დასაქმებული ქალბატონის ბედნიერებას. ზოგჯერ ქალი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და თვითრეალიზაციის მიზნით მუშაობს. ამ შემთხვევაში, სამსახური, დიდი ალბათობით, აბედნიერებს. თუმცა უფრო ხშირად მუშაობა საჭიროებაა და არა (თავისუფალი) არჩევანი. ამ შემთხვევაში, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა იწყებს მოქმედებას. ერთი მხრივ, ქალს სჭირდება ფინანსური რესურსი თავისი და ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მუშაობაა საჭირო. ანაზღაურებადი შრომა უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს, რამაც ქალი უნდა გააბედნიეროს. მეორე მხრივ კი, მუშაობა გულისხმობს მინიმუმ დასვენების დროზე უარის თქმას ან ორმაგ დატვირთვას, სახლსა და სამსახურში. ნაკლებად ტრადიციულ საზოგადოებებშიც კი საოჯახო საქმით ძირითადად ქალები არიან დაკავებულნი. შესაბამისად, როცა ქალები, საბოლოო ჯამში, „ორ ცვლაში“ მუშაობენ, როგორც არლი ჰოხშილდი აღნიშნავდა 1989 წელს, უჭირთ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება, სათანადოდ ვერ ირგებენ თავიანთ ანაზღაურებას და ნაკლებად ბედნიერები არიან.
მომუშავე ქალების მზარდი ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც სტერეოტიპულ გენდერულ როლებს ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული. სამხრეთ კავკასიაში ტრადიციული ღირებულებები კვლავაც ძლიერია და, შესაბამისად, საოჯახო საქმე და ოჯახის წევრებზე ზრუნვის მოვალეობების განაწილებაც სქესთა შორის საკმაოდ არათანაბარია. ამის გათვალისწინებით, გარანტირებული არაა, რომ შრომის ბაზარზე შესვლა აღნიშნული რეგიონის ქალებს მაინცდამაინც გააბედნიერებს.
რას გვეუბნება მონაცემები?
საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ჩავატარეთ დასაქმებული ქალებისა და დიასახლისების ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების შედარებითი ანალიზი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისათვის: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსათვის. ემპირიული ანალიზისთვის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კავკასიის ბარომეტრის 2010-2013 წლების მონაცემთა ბაზები გამოვიყენეთ. თითოეული ქვეყნისათვის, ჩვენ ერთმანეთს შევუსაბამეთ დემოგრაფიული მახასიათებლებით (მაგ., ასაკი, შვილების რაოდენობა, განათლების დონე და ა.შ.) მსგავსი დასაქმებული ქალები და დიასახლისები და ვეცადეთ, გაგვერკვია ორი რამ: 1) ამ ორი ჯგუფიდან რომელი იყო უფრო ბედნიერი/ან მეტად კმაყოფილი ცხოვრებით და 2) რა განაპირობებდა განსხვავებებს ბედნიერების დონეებს შორის.
ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავს იჩენს საკმაოდ საინტერესო განსხვავებები განსხვავებული დასაქმების სტატუსის მქონე ქალებში. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, სომხეთში დასაქმებული ქალები გაცილებით ნაკლებად ბედნიერები (8%-ით უფრო დაბალი საშუალო ბედნიერების დონე) არიან; უფრო ზომიერად, მაგრამ მაინც ნაკლებად ბედნიერები არიან დასაქმებული ქალბატონები აზერბაიჯანში (3%-ით უფრო დაბალი საშუალო ბედნიერების დონე); საქართველოში კი დასაქმება ქალების ცხოვრებით კმაყოფილებას დიდწილად განაპირობებს (15%-ით უფრო მაღალი ცხოვრებით კმაყოფილების საშუალო დონე). უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დასაქმებული ქალები დიასახლისებზე ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოში კი უფრო მეტად არიან ცხოვრებით კმაყოფილნი.
როგორც შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, განსხვავებები ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების საშუალო დონეებს შორის ძირითადად უკიდურესი შემთხვევებითაა (ანუ ძალიან ბედნიერი ან ძალიან უბედური, ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ან ძალიან უკმაყოფილო) განპირობებული. მაგალითად, სომეხი დასაქმებული ქალი 16%-ით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იყოს ძალიან ბედნიერი, სომეხ დიასახლისთან შედარებით. შესაბამისად, მას სამსახური ბედნიერების მწვერვალების დაპყრობაში უშლის ხელს. ამისგან განსხვავებით, საქართველოში დასაქმების პოზიტიური როლი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებულ ქალებს ცხოვრებით უკმაყოფილებისგან იხსნის. კერძოდ, ქართველი დასაქმებული ქალი 9%-ით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იყოს ძალიან უკმაყოფილო ცხოვრებით, ქართველ დიასახლისთან შედარებით. აზერბაიჯანში დასაქმებული ქალები 3%-ით ნაკლებად მოსალოდნელია იყვნენ ძალიან ბედნიერები და 2%-ით მეტად მოსალოდნელი – იყვნენ ძალიან უბედურები.
არის რაიმე, რაც საქართველოს უკეთ გამოსდის?
რა განაპირობებს სამ ქვეყანაში დასაქმების სხვადასხვანაირ გავლენას ქალთა ბედნიერებასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე? არის ეს ეთნიკური და კულტურული განსხვავებების თუ განსხვავებული ფორმალური ინსტიტუტებისა და ეკონომიკური სტიმულების შედეგი?
იმის გაგება, თუ რომელი მათგანია უფრო ძლიერი მამოძრავებელი ძალა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ინსტიტუტებისა და ეკონომიკური სტიმულების როლი დიდია, რადგან საჯარო პოლიტიკას ამ უკანასკნელთა შეცვლა შეუძლია. ამიტომაც, კვლევის მეორე ნაწილში ჩვენ ვეცადეთ, ერთმანეთისგან გაგვემიჯნა „ქვეყნის“ (ინსტიტუტების) ეფექტი „ეთნიკური“ ეფექტისგან.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ცალკე გავაანალიზეთ საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი ქალების მონაცემები. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფებში თავს არ იჩენს დასაქმების უარყოფითი გავლენა ინდივიდუალური კეთილდღეობის ინდიკატორებზე. ეს გვარწმუნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში აღმოჩენილი უარყოფითი გავლენა უფრო მეტად ქვეყნისთვის სპეციფიური ეფექტითაა განპირობებული და არა კულტურული ან ეთნიკური ფაქტორით.
რა შეიძლება იდგეს ქვეყნის ეფექტის უკან, რომელიც განაპირობებს საქართველოში მცხოვრები დასაქმებული ქალების (მიუხედავად ეროვნებისა) ბედნიერებას? პოტენციური ამხსნელი ცვლადებია მაღალი ჩართულობა სკოლამდელ განათლებაში და ნაწილობრივი დასაქმების გავრცელება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ყოველივე, დიდი ალბათობით, ეხმარება აქ მცხოვრებ ქალებს, შეიმსუბუქონ სამსახურისა და საოჯახო მოვალეობების შეთავსებით გამოწვეული სტრესი, იყვნენ უფრო ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილები.
|
თუმცა, ამ მომენტისთვის, ეს მხოლოდ ინფორმირებული ვარაუდია. მეტი კვლევაა ამ მიმართულებით საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს საჯარო პოლიტიკას, ინსტიტუციურ მოწყობას, ქალთა შრომის ბაზარზე ჩართულობასა და მათ ბედნიერებას შორის ურთიერთკავშირის ნამდვილი ბუნება. ეს საშუალებას მისცემდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს (და არა მხოლოდ) მოეხდინათ არა მხოლოდ მშპ-ის, არამედ საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციაც.
Comments