ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თავიდანვე დაკარგული მომავალი

14 წლის წინ ამერიკელმა განათლების სპეციალისტებმა ვალერი ე. ლიმ და დავიდ ბურკამმა გამოაქვეყნეს უაღრესად პოპულარული და საკამათო ნაშრომი „უთანასწორობა საწყის ეტაპზე: სოციალური ფონით გამოწვეული განსხვავებები ბავშვების მიღწევებში, როდესაც იწყებენ სკოლას“ (Economic Policy Institute, 2002 წ.). სტატიის ავტორებმა იმუშავეს 16,000 ბავშვთან, რომლებიც 1998-1999 წლებში შევიდნენ საბავშვო ბაღში და გაიარეს ECLS-K მისაღები ტესტი, რომელიც ამოწმებდა ბავშვის წერა-კითხვისა და მათემატიკის საბაზისო უნარ-ჩვევებს. ავტორებმა აჩვენეს, რომ სოციალური და ეკონომიკური ფონი ყველაზე უკეთ მეტყველებს ბავშვის წერა-კითხვისა და მათემატიკის ცოდნაზე.

ეს არ იყო ამ მიმართულებით ჩატარებული პირველი კვლევა, ამიტომ შედეგები ბევრისთვის არ იყო მოულოდნელი. თუმცა ადამიანთა ცხოვრებისა თუ კარიერის საწყის ეტაპზე არსებულ უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილება ზოგადად იწვევს უხერხულობას მათში, ვინც ხოტბას ასხამს ლიბერტარიანულ, ბაზარზე ორიენტირებულ საზოგადოებასა და მის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ უთანასწორობას. უთანასწორობა საწყის ეტაპზე არალეგიტიმურს ხდის ყველა დანარჩენ ეკონომიკურ უთანასწორობას. ლიბერტარიანელებისთვის არ არის პრობლემა, თუ ადამიანების კარიერული მიღწევები განსხვავდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მეტიც, მათი აზრით, აღნიშნული განსხვავებები წარმოადგენს კონკურენციის საფუძველს, თუ ეს არახელსაყრელი პირობები დასაწყისშივე შეიძლება დაიძლიოს ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, ხოლო ყველა ბავშვს ეძლევა თანაბარი პირობები. უთანასწორობა ლეგიტიმურია მიღწეულ შედეგებში და არა საწყის ეტაპზე. როგორც აარონ ა. ბეიკერი აღნიშნავს ლისა და ბურკამის კვლევის შეფასებისას (Peabody Journal of Education 79, 2004 წ., 159-166 გვ.): „სტანდარტული ამერიკული წარმატების იდეოლოგიის თანახმად, ადამიანი წარმატებას აღწევს საკუთარი ამბიციითა და შესაძლებლობებით: ისინი, ვინც ვერ ასრულებენ თავიანთ (ამერიკულ) ოცნებებს, ვერ ახერხებენ ამას გამჭრიახობისა და თავდაუზოგავი შრომის სიმცირის გამო. ...ვალერი ლი და დავიდ ბურკამი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ როგორც წარმატების იდეოლოგიას, ისე სკოლების უნარს, მისცენ მოსწავლეებს წარმატების მიღწევის შანსი“.


სკოლით ჩაგრულნი

თუ აშშ-ში საგანმანათლებლო წარუმატებლობის მიზეზი ხშირად სიღარიბე და იზოლირებული სოციალური გარემოა, ქართველ საგანმანათლებლო ჩაგრულებსა და აღზევებულებს შორის გამყოფი ხაზი სოფელსა და ქალაქზე გადის. ერთი შეხედვით, ქართული განათლების სისტემა თითქოს უაღრესად სამართლიანია: უფასო საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, საშუალო სკოლები და სახელმწიფო გრანტი უნივერსიტეტისთვის. ისინი, ვინც წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტში უფასოდ სწავლობენ. თუმცა ეს გულუხვი დახმარება ვერ აღწევს სოფლად მცხოვრებ ბევრ ადამიანამდე, რომელთა პრობლემებიც ჯერ კიდევ განათლების საწყის ეტაპზე იწყება.

საქართველოს უმეტეს სოფელს საბავშვო ბაღი არც კი აქვს. სკოლაში დასწრება ხშირად მოითხოვს სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისგან 5-10 კმ-ის ფეხით გავლას ან ძველი მარშუტკით სიარულს, რომელიც შეიძლება იშვიათად დადიოდეს ან არ ჰქონდეს ბავშვებისთვის შესაფერისი პირობები. ვარდების რევოლუციამდე ვითარება კიდევ უფრო უარესი იყო და სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში განათლების მიღების შესახებ იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 0.6%-ს 25 წელს ზემოთ არ მიუღია სასკოლო განათლება, 0.7%-ს არ დაუმთავრებია დაწყებითი სკოლა (ისინი სკოლაში დადიოდნენ 4 წელზე ნაკლები), 2.1%-მა კი შეწყვიტა განათლების მიღება მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ. მართალია, პროცენტებში ეს რიცხვები არც ისე საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ 91,173 ქართველს არ მიუღია ფორმალური განათლება, გარდა საბაზისო სკოლის საფეხურისა! ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე ამ ზარალის ანაზღაურება: ბავშვობა არის უმთავრესი პერიოდი, როდესაც ადამიანი ივითარებს შემეცნებით უნარს. ამ ადამიანებმა კი სამუდამოდ გაფლანგეს იგი. იუნესკოს დასკვნები საგანმანათლებლო მიღწევების ყველა კატეგორიისთვის ნაჩვენებია გრაფიკზე #1.

თუმცა სოფლად მცხოვრები სტუდენტების შემთხვევაში რისკი, რომ სწავლას მიატოვებენ უფრო მაღალ დონეზეც, გაცილებით მაღალია. მიზეზები მრავალფეროვანია. ბევრი ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც არ ჰყავთ მისაბაძი მაგალითი, რომელმაც წარმატებას მიაღწია მცირე საოჯახო მეურნეობის გარეთ. ასეთ ოჯახებში არც მშობლებსა და ბებია-ბაბუებს არ ჩაუდიათ ინვესტიცია საკუთარ ადამიანურ კაპიტალში და დარჩნენ იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რომლებიც შეიძინეს თავიანთ მოკრძალებულ ფერმაში ყოველდღიური მუშაობისას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური კაპიტალისა და მისი მნიშვნელობის უგულებელყოფა თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება გახდეს უთანასწორობის გადამწყვეტი ფაქტორი, უნდა გავითვალისწინოთ ის მარტივი გარემოებაც, რომ ღარიბი ოჯახის ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იძულებულნი არიან, დაეხმარონ მშობლებს საოჯახო საქმეებში. ცხადია, ორივე ფაქტორი აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებაზე. სკოლისთვის თავის დანებება სხვადასხვა კლასში წარმოდგენილია გრაფიკში #2.

ისინიც, ვინც აგრძელებენ სწავლას დაწყებითი სკოლის შემდეგ, მაგრამ აღარ აგრძელებენ უნივერსიტეტში, ხშირად ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნებს. საქართველოში ეს ჯგუფი საკმაოდ დიდია. როგორც გრაფიკში #1 დავინახეთ, მოსწავლეები ყველაზე ხშირად სკოლას თავს ანებებენ 9-11 კლასებში. აბსოლუტური მაჩვენებლის მიხედვით, 2014 წელს 25 წელს ზემოთ მყოფ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ვერ მიიღეს სრულ საშუალო განათლებაზე მაღალი საფეხურის განათლება, იყო 1.8 მილიონი, რაც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 42.7%-ს შეადგენს (იუნესკო). ეს საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საგანმანათლებლო უთანასწორობა განაპირობებს ეკონომიკური შედეგების უთანასწორობას. საქსტატის მონაცემებით, ადამიანებს, რომელთაც საშუალო განათლებაზე მაღალი საფეხურის განათლება მიიღეს, აქვთ 65%-ით მაღალი შემოსავალი, ვიდრე საშუალო სკოლადამთავრებულებს (განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც უმუშევრობა მეტწილად დაკავშირებულია დაბალკვალიფიციურობასთან, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება განათლების დონეების მიხედვით).

განათლების შემდეგ საფეხურზე იჩენს თავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დაკავშირებულია ქართულ სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებულ განსხვავებებთან. ჩანქსელიანის მიერ 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა ქართული უნივერსიტეტების რეიტინგები ნაეკის საშუალო ქულების მიხედვით, აჩვენა, რომ პირველი, მეორე და მესამე დონის უნივერსიტეტების 100% მდებარეობს თბილისში, მაშინ, როდესაც დაბალი დონის უნივერსიტეტების 65% მდებარეობს დედაქალაქს გარეთ! თუმცა ბევრი სოფელში მცხოვრები ოჯახი (მაგ.: მცირე მიწის მფლობელები) ვერ ახერხებენ საკუთარი შვილების გაგზავნას თბილისში უმაღლესი განათლების მისაღებად, თუნდაც ჰქონდეთ სახელმწიფო გრანტი და არ უწევდეთ სწავლის საფასურის გადახდა.


ცუდი განათლება ღარიბი სტუდენტებისთვის

სოფელსა და ქალაქს შორის არსებული განსხვავებების გარდა საგანმანათლებლო უთანასწორობის კიდევ ერთი წყარო არის ქართული სკოლების ზოგადად დაბალი დონე, რაც აიძულებს მოსწავლეებს, მოემზადონ კერძო რეპეტიტორებთან. 2016 წელს საჯარო სკოლის 6,500 მასწავლებლის 83%-მა ვერ ჩააბარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები, ხოლო 2009 წელს საქართველოს უკვე ჰქონდა ძალიან დაბალი შედეგი Pisa Plus-ის რეიტინგებში: 74 ქვეყნიდან საქართველომ 67-ე ადგილი დაიკავა კითხვის, 64-ე მათემატიკის ცოდნისა და 69-ე ზუსტი მეცნიერებების ცოდნის მიხედვით.

ასეთ ვითარებაში მშობლები, რომლებიც აცნობიერებენ განათლების მნიშვნელობას და სურთ, ხელი შეუწყონ საკუთარ შვილებს კარიერის შექმნაში, იძულებულნი არიან, დაიქირავონ კერძო რეპეტიტორები: მაჩაბლის, ბრეგვაძისა და აფხაზავას მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველი მე-12 კლასის მოსწავლეთა 75% იღებს კერძო გაკვეთილებს. თანხის გადახდა განათლებისთვის, რომელსაც ბავშვი სკოლაში უნდა იღებდეს, არის დისკრიმინაცია დაბალშემოსავლიანი ოჯახის ბავშვების წინააღმდეგ და განაპირობებს მათ ეკონომიკურ წარუმატებლობას თაობიდან თაობამდე. გრაფიკში #3 წარმოდგენილია, თუ როგორ არის დამოკიდებული კერძო რეპეტიტორის ყოლა ოჯახის შემოსავალზე.

ემზადება თუ არა ბავშვი კერძო რეპეტიტორთან, დამოკიდებულია იმაზე, სოფელში ცხოვრობს ოჯახი თუ ქალაქში. სოფლად მცხოვრები მოსწავლეები ხშირად ვერ პოულობენ კერძო მასწავლებელს თავიანთ სოფელში, თუნდაც ამის საშუალება ჰქონდეთ.

რომ შევაჯამოთ, საქართველოს განვითარებული ქვეყნების (მაგ.: აშშ) მსგავსი პრობლემები აქვს, როდესაც საქმე ეხება საწყისი ეტაპის უთანასწორობას. თუმცა, თუ სხვები აქტიურად განიხილავენ ამ პრობლემებს, ქართველი პოლიტიკოსების დღის წესრიგში ეს საკითხი ნამდვილად არ დგას. ცხადია, უთანასწორობას საწყის ეტაზე სხვა მიზეზი აქვს საქართველოში და სხვა აშ-ში, მაგრამ სოფელსა და ქალაქს შორის დაყოფა უფრო ქართული პრობლემაა ვიდრე ამერიკული, მაშინ როდესაც ამერიკის უმთავრესი პრობლემა რასობრივი დისკრიმინაციაა. მიუხედავად ამისა, უთანასწორობა საწყის ეტაპზე, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, არის ყველაზე საშინელი უთანასწორობა რაც კი საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. ქართულმა პოლიტიკამ დაუყოვნებლივ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners