ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

არავითარი ფასების ზედა ზღვარი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე!

ეს სტატია უაღრესად ტექნიკურ თემაზეა. თავიდანვე რომ არ დავკარგოთ ძვირფასი მკითხველი, ნება მოგვეცით, სტატიას წავუმძღვაროთ მონტესკიეს ცნობილი დოქტრინა: Les lois inutiles affaiblissent les lois nécessaires – „უსარგებლო კანონები ასუსტებს საჭირო კანონებს“. ეს პრინციპი ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა. თუ რეგულაცია არ არის სასარგებლო, უნდა მოვიშოროთ თავიდან. ბევრმა ჭკვიანმა ქართველმა მიმართა ამ პრინციპს. მაგალითად, კახა ბენდუქიძეს ხშირად აქებენ ქართული კანონმდებლობიდან ბევრი უსარგებლო კანონის ამოღებისთვის. თუმცა უსარგებლო კანონების ერთჯერადად ამოღება არ არის საკმარისი. ეფექტიანი მთავრობა რეგულარულად უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ თითოეულ დებულებას, რათა გაათავისუფლოს საზოგადოება და ეკონომიკა მომწამლავი საკანონმდებლო ტვირთისგან.

ჩვენ გვჯერა, რომ რეგულაციები ფასების ზედა ზღვარის შესახებ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არის საზიანო. საკითხის უკეთ გასაგებად, საჭიროა, უკეთ გავეცნოთ ქართული ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციების ინტრიგებს. გირჩევთ, არ შეწყვიტოთ კითხვა, რადგან საინტერესო ეკონომიკური ანალიზი ჯერ კიდევ წინ გელით!


ელექტროენერგიის ფასების ორლესული მახვილი

საბაზრო ეკონომიკაში დეფიციტი ხშირად არ ხდება, თუმცა ხანდახან გარკვეული პროდუქციის მიმწოდებლები ვერ პასუხობენ მოთხოვნას. წვიმიან დღეს შეიძლება ვერ იშოვოთ ტაქსი ან პაპანაქება ზაფხულში მაღაზიაში გათავდეს ვენტილატორები. როგორც წესი, ასეთი დროებითი დეფიციტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს არ იწვევს. დეფიციტი უბრალო წვრილმანი აღარ არის, როდესაც საქმე ელექტროენერგიას ეხება – დენის გათიშვა შეიძლება იყოს როგორც უაღრესად არასასიამოვნო, ისე შეაფერხოს საზოგადოების რუტინული საქმიანობა და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი (ბევრმა ქართველმა ძალიან კარგად იცის ეს 90-იანების მწარე გამოცდილებიდან). ამიტომ ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მიწოდების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა!

კიდევ ერთი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ენერგო-სექტორში მონაწილე ერთი მხარე, კერძოდ, ელექტროენერგიის ტრანსპორტისა და გადაცემა-განაწილების სისტემის ოპერაციები, არის ე. წ. ქსელური ინდუსტრია. ელექტროენერგიის ერთი ქსელი საკმარისია მთელი საზოგადოების მომარაგებისთვის და ეკონომიკურად არაეფექტურია ორი სხვადასხვა ქსელის ქონა. შესაბამისად, საბაზრო შედეგი ცალსახად კვაზი-ოპტიმალურია: ან გვყავს ბევრი კომპანია, რომელიც პარალელურ ქსელებს აშენებს, რაც ცალსახად რესურსების ფლანგვაა, ან გვაქვს მონოპოლია, რაც, ასევე, განაპირობებს ბაზრის წარუმატებლობას. სწორედ ამ მიზეზების გამოა ელექტროენერგიის ბაზრები უკიდურესად რეგულირებული როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

თუმცა მარეგულირებელი, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დილემის წინაშეა. თუ ელექტროენერგიის ფასები მეტისმეტად მაღალია, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ვერ შეძლებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის ყიდვას. ამიტომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოქმედებს სხვადასხვა ტარიფები. არსებობს საფეხურებრივი სისტემა, რომელშიც თითოეული კილოვატ/საათი შედარებით იაფია, ხოლო თითოეულ საფეხურს ზემოთ ელექტროენერგიის მოხმარება უფრო ძვირი ჯდება (სხვათა შორის, ფასების ასეთივე სქემა გამოიყენება წყლის მოხმარებაზე ისრაელში). ასეთი სისტემით ღარიბი ადამიანი, რომელსაც ელექტროენერგია მხოლოდ ბინის განათებისთვის სჭირდება, იხდის ნაკლებს ერთეულზე, ვიდრე მდიდარი მომხმარებელი, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება, სიტყვაზე, კონდიციონერისთვის. მეტიც, გარკვეულო მრეწველობები, განსაკუთრებით წარმოების სექტორი, სწორედ ელექტროენერგიის დაბალი ფასების გამო მუშაობენ ამა თუ იმ ქვეყანაში. Bitfury არის ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელმაც უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო საქართველოში, (მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეწევა წარმოებას კლასიკური გაგებით).

მეორეს მხრივ, ელექტროენერგიის დაბალი ფასები არის სარისკო, რადგან ამცირებს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციის ჩადების სტიმულს. ეს გავლენას ახდენს როგორც ახალ ინვესტიციებზე (რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის), ისე არსებული სისტემის შენარჩუნებაზე. 2000-2001 წლების კალიფორნიის ელექტროენერგიის კრიზისი, სხვა მიზეზებთან ერთად, გამოიწვია რეგულაციამ, რომელმაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ჩადება არამომგებიანი გახადა.


მავნებლური ფასების ზედა ზღვარი

საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასებს უშუალოდ სემეკი აწესებს. მოქმედი სამივე ქსელის ოპერატორი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონს ემსახურება, ვალდებულია, ელექტროენერგია ამ ფასებად გაყიდოს. ქსელის ოპერატორები ელექტროენერგიას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ყიდულობენ ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან. საქართველოში, როგორც წესი, ელექტროენერგიას აწარმოებს ჰესები, რომლებიც ფარავს ქართული მოხმარების 69%-ს, და თბოელექტროსადგურები, რომლებიც ფარავს 21 %-ს (ESCO, 2015 წ.).

და, აი, დადგა ჩვენი სათქმელის დროც. საბითუმო ბაზარზე სემეკი აწესებს ფასის ზედა ზღვარს, რაც ელექტროენერგიის მწარმოებელმა თავის მხრივ შეიძლება დააწესოს კილოვატ საათზე. მაგალითად, ენგური და ვარდნილი არის საქართველოს ყველაზე დიდი ჰესები, რომლებიც ქართული მიწოდების 36%-ს ქმნიან. თუმცა ენგური და ვარდნილი ვალდებულნი არიან, ელექტროენერგია ფიქსირებულ ფასად (ენგურის შემთხვევაში 1.19 თეთრი, ვარდნილის - 1.17 თეთრი) გაყიდონ. იგივე შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში ელექტროენერგიის დანარჩენ მწარმოებლებსა და იმპორტის ფასებზეც კი, მიუხედავად იმისა, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავებისთვის ზედა ზღვარი გაცილებით მაღალია.

რა უპირატესობა აქვს ფასების ასეთი ზედა ზღვარის დაწესებას? აშკარაა, რომ სემეკის მიზანია, ხელი შეუშალოს მწარმოებლების მიერ ისეთი ფასების დაწესებას, რაც ქსელის ოპერატორებს გადააფიქრებინებდა ელექტოენერგიის მათგან ყიდვას (რაც გამოიწვევს დენის გათიშვას). თუმცა ფასების ზედა ზღვარის გარეშე ფასებზე ვაჭრობა ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და ქსელის ოპერატორებს შორის არასდროს გამოიწვევდა ასეთ შედეგს. აშკარაა, რომ ქსელის ოპერატორები არასდროს არ იყიდიან ელექტრონერგიას იმ ფასად, რაც უფრო მაღალი იქნება მათ საცალო შემოსავლებსა და საოპერაციო ხარჯების სხვაობაზე და ვინაიდან საცალო ფასი ყველასათვის ცნობილია. შესაბამისად, იარსებებს ისეთი მაქსიმალური ფასი, რომელსაც გამანაწილებელი დანაკარგის გარეშე ვერ გადააჭარბებს. შესაძლებელია, რომ მწარმოებლებმა მაინც მოითხოვონ ისეთი ფასები, რისი გადახდაც ქსელის ოპერატორებს სურთ, ამის გამო კი ბაზარი ჩამოიშალოს? მწარმოებელთა ასეთი ქცევა გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ქართული ქსელის ოპერატორებზე მეტის გადახდას მოინდომებდა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო საექსპორტო ელექტროენერგიის რაოდენობა უაღრესად შეზღუდულია და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი უნდა გაიყიდოს ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, არც ასეთი რისკი არ არსებობს. მეტიც, არსებული ფასების ზედა ზღვარი უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მწარმოებლებს, ელექტროენერგია გაყიდონ საზღვარგარეთ, მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ და ექსპორტზე არავითარი შეზღუდვები არ ვრცელდება. გამოდის, რომ ფასების ზედა ზღვარი ამ მხრივაც კონტრპროდუქტიულია, რადგან ის არ აძლევს სტიმულს მწარმოებლებს, ელექტროენერგია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ.

შეზღუდვებით თუ მათ გარეშე, მწარმოებლებს სხვა არა დარჩენიათ რა გარდა იმისა, რომ მიყიდონ ელექტროენერგია ქართულ ქსელის ოპერატორებს და, შესაბამისად, სავაჭრო გადაწყვეტილება მიიღწევა მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობა გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე. ერთადერთი, რაც ფასების ზედა ზღვარს მოაქვს, არის დამატებითი ქირა ქსელის ოპერატორებისთვის, რითიც მათი მოგება იმაზე მაღალია, რასაც ისინი მიიღებდნენ თავისუფალი მოლაპარაკებების პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება მწარმოებლების ხარჯზე.

მეორეს მხრივ, შეზღუდვები მნიშვნელოვნად აფერხებს ინვესტიციებს ქართული ელექტროენერგიის სექტორში. პრობლემას არ ხსნის ის ფაქტი, რომ 2013 წლის შემდეგ აშენებული ჰესები თავისუფალია მსგავსი შეზღუდვებისგან. თუ ქართული ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილზე შენარჩუნდება ხელოვნურად დაბალი ფასები და მოთხოვნის მოცულობას დაფარავს გაიაფებული ფასი, მაშინ მხოლოდ მომხმარებლების მოთხოვნა შეიძლება დააკმაყოფილოს ბაზრის ახალწვეულებმა მაღალ ფასად.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფასების ზედა ზღვარი იმის ნაცვლად, რომ გაზარდოს ელექტროენერგიის უსაფრთხოება, მხოლოდ ამცირებს ინვესტიციებს ელექტროენერგიის სექტორში. საქართველოსთვის სტრატეგიულად საშიშია, თუ წარმოების შესაძლებლობები ვერ უპასუხებს გამუდმებით მზარდ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ უსარგებლო რეგულაციების გაუქმება. ჩაურევლობის პოლიტიკა, როგორც მონტესკიე იტყოდა.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners