დაახლოებით სამი წლის წინ ISET Economist-ის ბლოგის ერთ-ერთ სტატიაში განვიხილეთ დეპოზიტების დაზღვევის იდეა და მისი განხორციელების გზები საქართველოში. დღეს დეპოზიტების დაზღვევის სქემა არა აბსტრაქტული იდეა, არამედ კარს მომდგარი რეალობაა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განხორციელების კანონპროექტი.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში საბანკო დეპოზიტები მაქსიმუმ 5,000 ლარით იქნება დაზღვეული.
დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა ბანკებისთვის დამატებით ხარჯებს გულისხმობს. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებული იქნება, გადაიხადოს ერთჯერადი საწევრო გადასახადი. გარდა ამისა, მათ მოუწევთ ყოველთვიური გადასახადის გადახდა, დაზღვეული თანხის გარკვეული პროცენტის ოდენობით (როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე. ლარში დაზღვეულ დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დოლარში განთავსებული დეპოზიტების პროცენტი).
ახალი კანონპროექტი ბაზრის ყველა მოთამაშისთვის სასიამოვნო არ იქნება. სავარაუდოდ, მსხვილი ბანკები ყველაზე ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდებიან ამ სქემას. მათი უკმაყოფილების მიზეზი აშკარაა: ისინი იღებენ დეპოზიტების ყველაზე დიდ წილს, შესაბამისად, მათ მოუწევთ ყველაზე მეტი თანხის გადარიცხვა დაზღვევის პროგრამაში. მეტიც, ძირითადად სწორედ ამ ბანკებს მოუწევთ გადახდა იმ სიკეთისთვის, რასაც არხეინად, უსასყიდლოდ იღებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო ინსტიტუტები, ფინანსური კრიზისის შემთხვევაში, პოლიტიკური სტაბილურობის სახელით, გამოვლენ და „გადაარჩენენ“ სისტემურ ბანკებს. აღნიშნული მიდგომა გაიზიარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც, რომელსაც საკმაოდ მყარად ეპყრო ხელთ ბანკების ზედამხედველობის სადავეები და ცდილობდა დაეცვა ისინი გამოუსწორებელი რისკების გაწევისგან.
უფრო პატარა ზომის ბანკებს, სავარაუდოდ, მეტად მოეწონებათ დეპოზიტების დაზღვევა. დეპოზიტებთან დაკავშირებული რისკების შემცირების სქემა საშუალებას მისცემს მათ, ბევრად უფრო წარმატებულად გაუწიონ კონკურენცია კერძო სადეპოზიტო ფონდებს, თუნდაც დაზღვეული თანხების თვალსაზრისით.
ამ თვალსაზრისით სასარგებლო იქნება, კიდევ ერთხელ შევისწავლოთ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული მსოფლიო გამოცდილება და ამ სქემის მოსალოდნელი შედეგები საქართველოში.
მსოფლიო პრაქტიკა
როგორც უკვე ვახსენეთ, დეპოზიტების დაზღვევის სქემა შეიძლება იყოს გამოხატული (კანონის მანდატით) ან დაფარული (ბანკებისა და საჯარო ინსტიტუტების საერთო გაგებით). დეპოზიტების დაზღვევის დაფარული სისტემა მოქმედებს მსოფლიოს 104 ქვეყანაში. დეპოზიტების დაზღვევის გამოხატულმა სისტემამ შეიძლება აგვარიდოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ბანკების გაკოტრების შემთხვევები ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელთაც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები აქვთ. თუმცა არსებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გამოხატული სისტემის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, კერძო ბანკებს ეძლევათ სტიმული, გასწიონ არასასურველი რისკები და დააჩქარონ ფინანსური კრიზისი (ეს მოვლენა ეკონომიკაში ცნობილია „მორალური საფრთხის“ სახელით). საინტერესოა, რომ, თუ აშშ-სა და კანადაში დეპოზიტების დაზღვევის გამოხატული სისტემა დიდი დეპრესიის შემდეგ მოქმედებს, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მისი შემოღება. ამის ნაცვლად, ბანკები ეყრდნობოდნენ მთავრობის გარანტიების არაცხად გაგებას. ამ ტიპის დაზღვევის სისტემის მქონე ქვეყანა გარკვეული აქტივობების მეშვეობით მიანიშნებს არაცხად გარანტიებზე (მაგალითად, ცენტრალური ბანკი მკაცრად აკონტროლებს ბანკის ლიკვიდურობასა და რისკებს). 2008 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ადრეულ ეტაპზე, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 20,000-დან 100,000 ევრომდე. გარკვეული დროის განმავლობაში ზოგიერთი მთავრობა ულიმიტო გარანტიებსაც კი გასცემდა და დებდა პირობას, რომ არც ერთ ბანკს არ მისცემდა ჩავარდნის საშუალებას. აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამაც (United States Federal Deposit Insurance Corporation – FDIC) ერთიანად გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 100,000-დან 250,000 აშშ დოლარამდე.
გარდა იმისა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სქემა გავლენას ახდენს სტიმულებზე, იგი ცვლის სესხებისა და ანაბრების ფარდობით ფასს, რითიც გავლენას ახდენს სარგებლის განაკვეთის გავრცელებაზე.
ემპირიული მტკიცებულებები მოწმობს (კარაპელა და დი ჯორჯო, 2003 წ.), რომ დეპოზიტების დაზღვევის გამოხატული სისტემა მთელ ქვეყანაში ზრდის სესხებისა და ანაბრების სარგებლის განაკვეთის გავრცელებას საბანკო სექტორში. დეპოზიტების სარგებლის განაკვეთი ეცემა, როგორც კი დეპოზიტები უსაფრთხო ხდება და, შესაბამისად, საშუალებას აძლევს ბანკებს, დაწიონ სადეპოზიტო განაკვეთები. კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ სარგებლის განაკვეთები სესხებზეც იზრდება.
კარაპელა და დი ჯორჯო სესხების განაკვეთების ზრდას „მორალურ საფრთხეს“ უწოდებენ. დეპოზიტის დაზღვევა ზრდის კერძო ბანკების სტიმულს, ინვესტიცია ჩადონ სარისკო აქტივობებში, რომელიც, საშუალოდ, ზრდის სესხის გაცემის განაკვეთებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად კარაპელამ და დი ჯორჯომ დაადგინეს, რომ კარგი ინსტიტუციური ხარისხის მქონე ქვეყნებს აქვთ შედარებით დაბალი სარგებლის განაკვეთის გავრცელება.
დენიზის, ასლისა და მინის ბევრად ახალმა ნაშრომმა (2013 წ.) შეისწავლა დეპოზიტების დაზღვევასა და ბანკების რისკებს შორის ურთიერთობა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს. აღნიშნული კვლევის თანახმად, ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის გამოხატულ სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს. შედეგები გვაფიქრებინებს, რომ დაზღვევის სისტემას თან ახლავს მნიშვნელოვანი სტაბილურობის ეფექტი. მეტიც, მათ დაადგინეს, რომ კარგად ფუნქციონირებად ზედამხედველობის სისტემას შეუძლია, შეასუსტოს დეპოზიტების დაზღვევის საბანკო რისკების გვერდითი მოვლენები.
რას უნდე ელოდეს საქართველო რეფორმისგან?
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის გამოხატული სისტემის დანერგვის მიზანი არის დეპოზიტორთა ნდობის მოპოვება და ბანკების გაკოტრების თავიდან აცილება. გარდა ამისა, კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ დაზღვევა გაზრდის ბანკებში დანაზოგების რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, მოაგვარებს ქვეყანაში არსებული კერძო დანაზოგების მრავალწლიან გადაუჭრელ პრობლემას.
თიბისი ბანკისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ „ფინანსური ცნობიერების“ შესახებ გამოავლინა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საკუთარი დანაზოგების მიმართ.
აღნიშნული კვლევის თანახმად, გასულ წელს რესპოდენტთა 35%-მა მოახერხა თანხის დაზოგვა. მათმა უმეტესობამ (47%) შეინახა თანხა ნაღდი ფულის სახით, დაახლოებით 32%-მა კი თანხა დეპოზიტზე განათავსა. ეს ციფრები უაღრესად საინტერესოა შემდეგი მიზეზის გამო: 2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა დანაზოგებისადმი დამოკიდებულების შეფასების კვლევამ მოგვცა თითქმის იდენტური შედეგები იმ ადამიანების ქცევასთან დაკავშირებით, რომლებმაც დააგროვეს თანხა. დამზოგველთა 38% დადო თანხა საბანკო დეპოზიტზე, მაშინ, როდესაც 47%-მა თანხა სხვაგან შეინახა. მთავარი განსხვავება 2011 და 2016 წლებში ჩატარებულ კვლევებს შორის ისაა, 2011 წლის შემდეგ თითქმის ორჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თანხის შენახვა (თუ 2011 წელს 16%-მა მოახერხა თანხის შენახვა, 2016 წელს უკვე 35%-მა მოახერხა თანხის დაზოგვა)!
მეტიც, 2011 წლის გამოკითხვამ დაადგინა, რომ გამოკითხულთა 60% გამოთქვამდა სურვილს, თანხა განეთავსებინა ბანკში, თუ ბანკს ექნებოდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ამავდროულად, 2016 წლის გამოკითხვის მონაწილეთა 79% მზადაა, თანხა ანდოს ბანკს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გაგვიჭირდება, შევაფასოთ, რამდენად შეიცვლება დანაზოგებისადმი დამოკიდებულება რეფორმის შემდეგ, მაგრამ გვაქვს საფუძველი, ოპტიმისტურად განვეწყოთ ახალი კანონის ეფექტისადმი.
ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეპოზიტების დაზღვევას შეიძლება ჰქონდეს ორი ეფექტი: 1) მან შეიძლება შეამციროს დეპოზიტების რისკი (ბანკების დეპოზიტების მიწოდების მრუდი გადაიტანოს მარჯვნივ, რაც შეამცირებს დეპოზიტების განაკვეთს, მაგრამ სავარაუდოდ გაზრდის დეპოზიტების მოცულობას). ის უარყოფით გავლენას მოახდენს დეპოზიტების მოთხოვნაზეც, კიდევ უფრო შეამცირებს დეპოზიტების განაკვეთებსა და დეპოზიტების მოცულობას (ასეთ შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის თანხის გადახდა დაეკისრება ბანკებს). ვინაიდან ეს ეფექტები სრულიად საპირისპირო მიმართულებებით მუშაობს, შეიძლება გაუგებარი იყოს, საბოლოოდ რამდენად შეიცვლება დეპოზიტების მოცულობა. საინტერესო იქნება, რა შედეგებს მივიღებთ საქართველოში.
შესაძლოა, დეპოზიტების დაზღვევა დადებითი წინსვლა იყოს და სწორად წარმართვის შემთხვევაში, შეიძლება გაზარდოს დანაზოგებისა და ინვესტიციების რაოდენობა ქვეყანაში. მთავარია, სისტემა სწორად იმართებოდეს.
თუ ქვეყანა ვერ შეძლებს ძლიერი საბანკო რეგულაციების ან რისკების წინააღმდეგ ფრთხილად შედგენილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უზრუნველყოფას, ძლიერ ცენტრალურ ბანკთან ერთად, მაშინ დეპოზიტების დაზღვევის გამოხატული სისტემის შემოღება მხოლოდ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ბანკების გაკოტრების პრობლემის მოგვარების ნაცვლად ის გამოიწვევს „მორალურ საფრთხეებს“.
შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისთვის სანდო დეპოზიტების დაზღვევის პროგრამის შექმნა, რომელიც ძლიერი და მყარი ფინანსური სისტემის გარანტიაა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
Comments