არჩევნების წელს ნებისმიერი სახის ეკონომიკური ანალიზი გაჯერებულია სეზონური გაფრთხილებებით. ყველა ანალიტიკოსმა იცის, რომ თანამდებობის პირები თუ თავგამოდებით ცდილობენ „კარგის“ გაყიდვას, ოპოზიცია „ცუდზე“ აკეთებს აქცენტს. ხოდა პოლიტიკურ ბრძოლებში მხარის არჩევისგან დაღლილი ეკონომისტებიც მიმართავენ თავდაცვის ჩვეულ ხერხს – „ერთის მხრივ“, „მეორეს მხრივ“ და სხვა თავდაცვით ფრაზებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარია 2016 წლის საქართველოზე.
ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ, ხშირ შემთხვევაში, „კარგი“ და „ცუდი“ ეკონომიკური სიახლეები იშვიათადაა დაკავშირებული მთავრობის ახალ პოლიტიკურ ქმედებებთან. პოლიტიკის გატარება ერთობ მოსაწყენი, გაწელილი, გრძელვადიანი პროცესია. მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა მხოლოდ სამ, ხუთ ან, სულაც, ათ წელიწადში გამოიღებს შედეგებს და ხშირად არავითარ გავლენას არ ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე დღეს. ამიტომ დღევანდელი „ზრდის“ აღნიშვნისა თუ „ვარდნის“ გამო რწმენის დაკარგვის ნაცვლად, პოლიტიკის გამტარებლებმა გრძელვადიანი ხედვის შემუშავებაზე უნდა იზრუნონ. რა თქმა უნდა, თქმა ადვილია, შესრულება – ძნელი. ბოლო თვეებში, საქართველოში მომხდარმა ბევრმა კარგმა ეკონომიკურმა სიახლემ პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავის მოწონებისა და ზედმეტი თავდაჯერების იდეალური შესაძლებლობა მისცა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბოლო პრეს-რელიზს თუ დავუჯერებთ, 2016 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს მომხმარებელთა და ბიზნესის განწყობების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საზომი – ბიზნესის განწყობისა (BCI) და მომხმარებელთა განწყობის (CCI) ინდექსები – სტაბილურად იზრდებოდა. წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც BCI-ის ბიზნესის განწყობა იზრდებოდა, ბიზნესის განწყობაზე ამჯერად უშუალო გავლენა მოახდინა ბიზნესის რეალური საქმიანობის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ.
ჯამში, 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, BCI -100/100-ქულიან შკალაზე 10 ქულით გაიზარდა. ქართული კერძო სექტორის მოლოდინები გაუმჯობესდა და 46 ქულას მიაღწია (პირველი კვარტლის 38 ქულიდან). უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ბიზნესის საქმიანობა -0.7-დან 19.7 ქულამდე გაიზარდა და დადებითისკენ შეიცვალა, რაც წარმოების/ბრუნვის/გაყიდვების ზრდაზე მიანიშნებს.
2016 წლის იანვრიდან ივნისამდე, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -100/100-ქულიან შკალაზე 9 ქულით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა მაინც დაბალი იყო, 2016 წლის იანვრის შემდეგ, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სტაბილურად და თანაბრად იზრდებოდა როგორც ადამიანების საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ისე განწყობის მაჩვენებელი.
გარდა ამისა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის პროგნოზის თანახმად, 2016 წელს წლიური ზრდა 3.4% იქნება. მართალია, ეს მაჩვენებელი, თავისთავად, შეიძლება ძალიან დაბალი იყოს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი უშუალო მეზობლების – აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთის – წლიური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, სულაც არ არის დაბალი. არსებულ ვითარებაში, „მეზობლებზე უკეთესი შედეგის“ ქონა საკმარისია საქართველოსთვის. არსებული უძრავი ქონების ფასების, რუსეთის რეცესიისა და ჩინეთის ეკონომიკური შენელების გამო, წინა წლების მსხვილ ერთნიშნა ციფრებში გამოსახულ ზრდას რეგიონში დიდი ხანი აღარ უნდა ველოდეთ.
ბოლო თვეებში, საქართველოს არაერთი ეკონომიკური ინდიკატორი იყო იმედისმომცემი. 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაღალი იყო; ფულადი გზავნილები დასტაბილურდა, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა, იმის ფონზე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია.
ტურიზმის წლევანდელი მაჩვენებელი კიდევ უფრო იმედისმომცემია. 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის 15.3%-ით გაიზრდა (საჰაერო ჩამოსვლები 35%-ით გაიზარდა), რაც ტურიზმის სეზონის ადრე დაწყების მაუწყებელია. თურქეთში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების წყალობით, რუსი ტურისტების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა.
მართალია, ეს სიახლეები კარგია, მაგრამ პოზიტიური ცვლილებების უმეტესობა (და არა ყველა) უნდა დავუკავშიროთ რთული 2015 წლის შემდგომ განახლების პერიოდს და ცოტათი იღბალს (რუსული სანქციები თურქეთში მოგზაურობაზე). ეს მეტ თავდაჯერებას ჰმატებს პოლიტიკოსებს, თუმცა ქართული ეკონომიკის მომავალი პირდაპირ არ არის დამოკიდებული რუსი თუ ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე.
მომავალი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებული იქნება პროფესიული განათლების რეფორმებზე, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული რეგიონების ახალგაზრდებს, მიიღონ კვალიფიციური განათლება და დასაქმდნენ. მომავალი დამოკიდებული იქნება ბიზნესის უკეთ ფუნქციონირებისთვის საჭირო კანონების შემოღებაზე, პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც წაახალისებს განვითარებასა და სამრეწველო კლასტერებს; DCFTA-ის ჰარმონიზაციის კანონებზე, რაც დაეხმარება ქართველ მეწარმეებს, შევიდნენ ევროპულ ბაზრებზე ისე, რომ არ დააზარალონ ადგილობრივი წარმოება.
ქართველ საზოგადოებასაც შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს. უბრალოდ, ჩვენ თავშივე უნდა გავერკვეთ, რომელია გადამწყვეტი ბრძოლა დღეს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
Comments