ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ფუტკარი ჩვენი არსობისა

ფუტკრის ეკონომიკური მნიშვნელობა ბევრად სცდება თაფლის წარმოებას. როგორც ეროვნული რესურსების დაცვის საბჭო წერდა 2011 წელს („რაში გვჭირდება ფუტკარი: ბუნების პატარა მუშაკები საკვებით გვამარაგებენ“), აშშ-ში ფუტკრების მიერ წარმოებული თაფლის ღირებულებამ 2011 წელს 150 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც, ფუტკრების მიერ დამტვერილი ტერიტორიიდან მოწეული მოსავლის ღირებულება 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (100-ჯერ მეტი!). ფუტკრების ყოლა მეფუტკრეებისთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მოსავლის, ხილისა თუ ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის.

თითქმის 30 წელია ფუტკრის ჯიშს უამრავი საფრთხე ემუქრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აშშ-ში უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაროა გავრცელდა. ეს არის პარაზიტი ტკიპა, რომელიც აავადებს სკას და შეიძლება მთლიანად გაანადგუროს იგი. ამ ტკიპამ მსოფლიოს დაპყრობა იაპონიიდან და საბჭოთა კავშირიდან დაიწყო 60-იან წლებში, 80-იანი წლების დასაწყისში მიაღწია დასავლეთ ევროპას და 80-იანი წლების ბოლოს უკვე აშშ-შიც გამოჩნდა. დღეს ავსტრალია არის ერთადერთი კონტინენტი, სადაც ფუტკარს არ ანადგურებს ეს სასტიკი პარაზიტი. 1999 წლის გამოთვლებით, 1990 წლიდან 1999 წლამდე, სწორედ ამ პარაზიტის გამო, აშშ-ში ფუტკრის რაოდენობა 25%-ით შემცირდა (ჩავარია განახლებადი რესურსების ჟურნალი 17, 1999 წ.).

2000-იან წლებში კიდევ ერთმა, გარკვეულწილად მისტიურმა ფენომენმა, ე.წ. „ოჯახის განადგურების სინდრომმა (colony collapse disorder – CCD) შეუქმნა საფრთხე ფუტკარს მთელ მსოფლიოში. CCD-ის დროს, მუშა ფუტკრების უმეტესობა, მიუხედავად საკვების სავსე მარაგისა, აშკარად ორგანიზებულად, ტოვებს სკას და ეცლება დედა ფუტკარსა და მამალ ფუტკრებს. როგორც ფუტკრის ექსპერტი დენის  ვან ენგელსდროპი ხსნის ნიუ იორკ თაიმსის დოკუმენტურ ფილმში („ოჯახის განადგურება – დაკარგული ფუტკრების საიდუმლო“), სავარაუდოდ, უამრავი სტრესის გამო ფუტკარი „თავს ცუდად გრძნობს“. ამ დროს ირთვება ბიოლოგიური პროგრამა, რომელიც დასნეულებულ ფუტკრებს უბიძგებს, დატოვონ ოჯახი, რათა დანარჩენები ინფიცირებისგან იხსნან.

ზემოაღნიშნული პრობლემები სცდება მხოლოდ ეკონომიკურ ხარჯებს. როგორც ერთხელ გამოჩენილმა ამერიკელმა ბიოლოგმა, ედვარდ ვილსონმა დაწერა: „ყოველი მესამე ლუკმა საკვებისთვის ფუტკარს ან სხვა მწერებს უნდა ვუმადლოდეთ!“, რითიც ეხება იმ ფაქტს, რომ მსოფლიო სურსათის წარმოების მესამედი დამოკიდებულია დამტვერვაზე. თუ ფუტკარი გადაშენდება, ადამიანთა მოდგმა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება და ბუნდოვანია, როგორ შეძლებენ ხელოვნური დამტვერვის რობოტები, რომლებზეც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის რობოტიკის ჯგუფი მუშაობს, საიმედოდ იმუშაონ და ჩაანაცვლონ ნამდვილი ფუტკრები.


საექსპორტი ნიშა საქართველოსთვის?

მიწოდების შემცირების გვერდითმა ეფექტმა გავლენა მოახდინა თაფლის ფასზე მთელ მსოფლიოში. აშშ-ის თაფლის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, თუ ერთი ფუნტი თაფლის აგვისტოს საშუალო ფასი 2006 წელს 3.83 აშშ დოლარი იყო, 2016 წელს უკვე 6.88 აშშ დოლარი გახდა. რადგან ფუტკარი ყველგან საფრთხეშია, ფასების მსგავსი დინამიკა გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, იგივე პრობლემები აქვთ თუ არა ქართველ მეფუტკრეებს: თაფლის გაზრდილი ფასი ნებისმიერ შემთხვევაში ზრდის მისი ექსპორტის პოტენციალს. მე-19 საუკუნის ავსტრიელ ეკონომისტს ევგენ ვონ ბომ-ბავერკს თუ დავუჯერებთ, რაც უფრო მაღალია ღირებულების შეფარდება წონასთან, მით უფრო მეტი შანსია, საქონელი გაიყიდოს შორ მანძილზე. ეს ძალიან ინტუიტიურია, რადგან ტრანსპორტირების ხარჯებს განსაზღვრავს მხოლოდ წონა, მაშინ, როდესაც ვაჭრობის მოგება ღირებულების პროპორციულია. შედეგად, თუ ორ საქონელს ერთნაირი წონა აქვს, უფრო მომგებიანია იმ საქონლის ტრანსპორტირება, რომელიც უფრო ძვირი ღირს (ეს დასკვნა განაპირობა ბომ-ბავეკის დაკვირვებამ, რომ უმაღლესი ხარისხის საქონელი (მაგ.: საუკეთესო პომიდორი), როგორც წესი, გადის ექსპორტზე, ნაკლები ხარისხის მქონე კი რჩება შიდა ბაზარზე).

და მართლაც, როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014 წლიდან 2015 წლამდე ქართული თაფლის ექსპორტი სამიზნე ქვეყნებში 53-დან 63.5 ტონამდე გაიზარდა (თითქმის 20%-ით). თუმცა ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ თაფლის ექსპორტი არ ხდებოდა ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ DCFTA 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა (საქმე იმაშია, რომ DCFTA არ იძლევა არც ერთი ცხოველური პროდუქტის ექსპორტის საშუალებას, გარდა თაფლისა). თუმცა DCFTA-ის არსებობა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სტანდარტები, რომლებიც არ უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირში ექსპორტირების შემთხვევაში. როგორც თბილისში დაფუძნებული ეკონომიკური კვლევების ცენტრი წერს თავის 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით „ქართველ მცირე ფერმერებზე DCFTA-ის გავლენის კვლევა“, თაფლის შესახებ რეგულაციები „ადგენს წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, ჰიგიენისა და დისტრიბუციის მოთხოვნებს. ...ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2015 წლის სექტემბრამდე შეუძლებელი იყო თაფლის ნიმუშების სრულფასოვანი ანალიზი. უახლესი მონაცემების თანახმად, ნიმუშების დაახლოებით 30% პრობლემური იყო (ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა) და ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებს. ეს რიცხვი მეტყველებს პრობლემის მასშტაბზე. ანტიბიოტიკების დონეს რომ თავი დავანებოთ, მეთაფლეთა უმეტესობა ალუმინის ან თუთიის ცენტრიფუგას იყენებს. ამ უკანასკნელის გამოყენება კი მკაცრად არის აკრძალული ევროკავშირში.“


დაბრკოლებების აღმოფხვრა

ზემოთ მოყვანილი განცხადება მიანიშნებს იმ ფაქტორებზე, რაც ხელს უშლის მეწარმე ქართველებს, აწარმოონ და გაყიდონ თაფლი ევროპაში. თუმცა ყველა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მოკლე დროში. მთავრობას შეუძლია საჭირო ცვლილებების წახალისება, განსაკუთრებით თუ წარმოების მცირე მოცულობა ხელს უშლის საჭირო საცდელი ლაბორატორიების შექმნას (კოორდინაციის კლასიკური პრობლემა – თაფლის მწარმოებელთა საკმარისი რაოდენობის გარეშე ასეთი ლაბორატორიების შექმნა არ არის მომგებიანი, მაშინ, როდესაც ლაბორატორიების არარსებობა ხელს უშლის მეფუტკრეებს, გაზარდონ წარმოების მოცულობა). ინვესტორებისთვის გარკვეული რისკების მოშორებით, მეფუტკრეებმაც და ლაბორატორიებმაც შეიძლება მოახერხონ გორდიას კვანძის გახსნა. შეიძლება სხვა დაბრკოლებებიც არსებობს: მაგალითად, კაპიტალის დეფიციტის ტრადიციული პრობლემა შეიძლება შედარებით მარტივად გადაიჭრას. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის, რისი შედეგიცაა 2015 წელს დაწყებული მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა.

ქართველ მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი, გიორგი კეფაშვილი ბიზნესკონტაქტის სტატიაში აცხადებს, რომ ამჟამად 50,000 მეტი ადამიანია ჩართული მეფუტკრეობაში, რომელთა 99% არაპროფესიონალია. მხოლოდ რამდენიმე ფერმერს ჰყავს 300-ზე მეტი სკა. კეფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია წელიწადში 2000 ტონა თაფლი გაიტანოს ექსპორტზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველი მცირე ფერმერების საშუალო ასაკი 55 წელს ზევითაა (UNDP-ისა და ISET-ის კვლევა ქართველი ფერემრების ცოდნის საჭიროებაზე), რაც ართულებს სექტორის მოდერნიზებას, საინტერესოა, რომ ენპარდის პროგრამის ფარგლებში ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მეფუტკრეობა იზიდავს ყველაზე ახალგაზრდა ფერმერებს. მეტიც, ენპარდის მიერ საქართველოში დაფინანსებული 200 კოოპერატივის 20% არის მეფუტკრეობის კოოპერატივი, რაც მას ენპარდის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის მოწინავე ქვესექტორს ხდის.


 

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

See our article usage guidelines 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners