ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ხაჭაპურის ინდექსი, გაცვლითი კურსის დინამიკა და საერთაშორისო ტურიზმი

ხაჭაპურის ინდექსის გრაფიკზე (ადგილობრივებისთვის) ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ  ქართული სოფლის მეურნეობის მთელი ამბავი შევიტყოთ. ზამთრის სუსხიან თვეებში საკუთარი თავის იმედად მიტოვებული ძროხები ძალიან ცოტა რძეს იწველიან, რის გამოც რძის ნაწარმის ფასები კატასტროფულად იზრდება. ადრეულ გაზაფხულზე კი პირიქით, მზიანი ამინდების გამოჩენისა და საძოვრების გამწვანებისთანავე, რძის საბაზრო ფასები უკიდურესად მცირდება. მსხვილმასშტაბიანი ინდუსტრიული რძის წარმოების (რომელიც ასე ძლიერ არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და ამინდზე) არარსებობის გამო, ფასები წლიდან წლამდე ელვის სისწრაფით იცვლება.

თუ ხაჭაპურის ინდექსს აშშ დოლარში დავითვლით, ერთობ სხვა სურათს მივიღებთ.

ფასების ასეთი თავბრუდამხვევი ცვლა (ლურჯი წყვეტილი ხაზი გრაფიკზე) განსაკუთრებით თვალშისაცემია 2014-2015 წლებში. პიკურიდან უმდაბლეს წერტილამდე (2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მაისამდე) ხაჭაპურის ინდექსი დოლარში მთელი 36%-ით დაეცა, მისი ქართული ექვივალენტი კი – 28%-ით. დოლარში გამოხატული ინდექსი ასე მკვეთრად იმიტომ დაეცა, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში ₾/$ გაცვლითმა კურსმა კიდევ უფრო გაამძაფრა იმერული ყველისა და სხვა ინგრედიენტების ფასებისთვის დამახასიათებელი სეზონურობა.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2015 წლის იანვრის შემდეგ შემცირდა როგორც ხაჭაპურის ინგრედიენტების, ისე ქართული ვალუტის ღირებულებაც – სულ რაღაც 6 თვეში ₾/$-თან  1.8-დან 2.30-მდე დაეცა. ამგვარად, 2015 წლის აპრილისთვის, საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის საოცრად იაფი ქვეყანა გახდა; 2015 წლის მაისში დოლარში გამოხატულმა ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 1.24 აშშ დოლარი შეადგინა!

საკმად საინტერესოა, რომ 2015 წლის მეორე ნახევარსა და 2016 წელს ამერიკული მთები თითქმის გაქრა (იხ. უწყვეტი წითელი ხაზი), რადგან ლარი და რძის ნაწარმის ფასები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რითიც გააბათილეს ერთმანეთის ზემოქმედება და მივიღეთ ჩვეულებრივზე თანაბარი წრფე. ასე რომ, როდესაც ცხელ ტურისტულ სეზონზე (2015 წლის ივნის-ივლისი) გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ტრადიციულ საკვებზე, ლარის ღირებულება შემცირდა გლობალურ სავალუტო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო. შედეგად, ხაჭაპურის ინდექსი აშშ დოლარში იმდენად არ გაიზარდა, როგორც  მისი ქართული ექვივალენტი ლარში. ანალოგიურად, ლარმა გამყარება დაიწყო 2016 წლის გაზაფხულზე (და ივნისში მიაღწია მაქსიმუმს – 2.19 ₾/$), ზუსტად იმ დროს, როდესაც სეზონური ფაქტორების გამო ლარში გამოხატული ინდექსი წლიურ მინიმუმადე დადის. მთლიანობაში, პიკურიდან უმდაბლეს წერტილამდე, ხაჭაპურის ინდექსი აშშ დოლარში მხოლოდ 21%-ით დაეცა, ადგილობრივ ვალუტაში კი – 30%-ით. 

*    *    *

დოლარში გამოხატული ხაჭაპურის ინდექსის ამბიდან ყველაზე მნიშნველოვანი დასკვნა ისაა, რომ ფასების მნიშვნელოვანი ინფლაციის არარსებობის პირობებში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით საქართველო უფრო კონკურენტული გახდა საერთაშორისო ტურისტებისთვის (ფასების თვალსაზრისით მაინც). სეზონური ფაქტორების გამო, ქართული საქონლის ფასები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს (როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში), თუმცა, საშუალოდ, ჩვენი ქვეყანა ბევრად გაიაფდა ჩვენი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების მომხმარებელი უცხოელებისთვის. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ასეთი შთამბეჭდავი ზრდა 2016 წელს.


See our article usage guidelines

 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners