ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მომხმარებელთა განწყობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (Consumer Confident Index – CCI) მონიტორინგს უწევს ქართველთა დამოკიდებულებას როგორც პირადი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. უხეშად რომ ვთქვათ, ინდექსი გამოითვლება 12 კითხვაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეთა სხვაობებით, კითხვები კი მოიცავს ოჯახების მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ისეთ ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. პასუხების დიაპაზონი -100-დან +100-მდეა. -100-ს იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ ყველა რესპონდენტი ყველა კითხვას ყველაზე უარყოფით პასუხებს გასცემდა, +100-ს კი მაშინ, თუ ყველა რესპონდენტი ყველა კითხვას დადებითად უპასუხებდა.

ისეთ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთია (სადაც CCI-ის ისტორია მრავალ ათწლეულს ითვლის), აღმოაჩინეს, რომ მომხმარებელთა განწყობა არაერთ ეკონომიკურ ცვლადთან კორელირებს. ასე, მაგალითად, ის დადებით კორელაციაშია მოხმარებასთან, ზრდასთან, შემოსავლებთან, სახლის ფასებსა და ვალუტის ღირებულებასთან, ხოლო საპროცენტო განაკვეთებსა და უმუშევრობასთან უარყოფითად კორელირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, CCI-ის დინამიკა, როგორც წესი, წინ უსწრებს რეალური ეკონომიკის დინამიკას, მაგალითად, საცალო გაყიდვების მოცულობას და, ამდენად, შეგვიძლია ეკონომიკური განვითარების პრედიქტორად გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, CCI-ის მონაცემებს ყურადღებით აკვირდება საჯარო თუ კერძო სექტორების სხვადასხვა აქტორი, რომელთა გადაწყვეტილებები ეკონომიკის მოსალოდნელ კლიმატზეა დამოკიდებული.


არდადეგების პარადოქსი

აგვისტოში, CCI 4.5 ნიშნულით, -28.7-მდე დაეცა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნა და იმ მზარდი ტენდენციის წყვეტაა, რომელიც იანვრიდან ივლისამდე შეიმჩნეოდა. ჯამური CCI მომავლის მოლოდინისა და მიმდინარე მდგომარეობის ინდექსთა საშუალოს წარმოადგენს; პირველმა – 6.5-ით (-21.3 ქულამდე), მეორემ კი  2.5-ით (-36.1 ქულამდე) იკლო. საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რეცესიის პირასაა. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლიდან მოყოლებული, CCI ყოველ ზაფხულს მსგავს დინამიკას აფიქსირებდა. 2012-ში მომხმარებელთა განწყობის მაჩვენებელი ივლისიდან სექტემბრამდე დაეცა, 2013-ში –  მხოლოდ აგვისტოში, 2014-ში – კვლავ ივლისიდან სექტემბრამდე, ხოლო 2015-ში – უკვე ივნისიდან სექტემბრამდე.

მომხმარებელთა განწყობა ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობისა და ოპტიმიზმის სუბიექტური საზომია, ორივე კი მჭიდროდაა დაკავშირებული ზოგადი ბედნიერების დონეებთან. და მაინც, რა ახდენს ყველაზე მეტ გავლენას ბედნიერებაზე ზაფხულობით? ზაფხული არდადეგების პერიოდია – სავარაუდოდ, წელიწადის ყველაზე ბედნიერი დრო  ბევრისათვის, და, ამდენად, ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ ამ დროს ბედნიერება და  ოპტიმიზმი ყვავის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კავშირი ბედნიერებასა და დასვენებას შორის გაცილებით უფრო კომპლექსურია. ჰოლანდიელმა ტურიზმის მკვლევარმა, იერუნ ნავინმა და მისმა კოლეგებმა კითხვარებზე დაყრდნობით გამოიკვლიეს ადამიანების ბედნიერების ინდექსი არდადეგებამდე და არდადეგების შემდეგ (გამოქვეყნებულია 2010 წელს, Applied Research in  uality of Life-ში). ბუნებრივია, რომ დასვენების შემდეგ ადამიანები გამოფიტულ ძალებს აღიდგენენ და უფრო მხნედ და ენერგიულად გრძნობენ თავს. ამ ინტუიციური ვარაუდის საპირისპიროდ, ნავინმა და კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერება არდადეგებამდელ პერიოდში მძლავრობს, ხოლო არდადეგების შემდეგ თითქმის მყისვე ქრება – იმდენად, რომ დასვენების შემდგომ ბედნიერებასა და მათ ბედნიერებას შორის, ვისაც არდადეგები საერთოდ არ ჰქონია, არავითარი განსხვავება არ არის!

სწორედ ამითაა შესაძლებელი CCI-ის მიერ გამოკვლეული საზაფხულო ვარდნის ახსნა, ყოველ წელს რომ იჩენს თავს: ჯამური ოპტიმიზმი და ბედნიერება არდადეგების მოლოდინში იზრდება, ხოლო არდადეგების დასრულებისთანავე ჩვეულ დონეს უბრუნდება.


ო, ადამ და ევა, FERIAE SOMNIUM BREVE

ეს ცუდი ამბავია მათთვის, ვისაც იმედი აქვს, რომ ძალებს არდადეგების დროს აღიდგენს. თუმცა საქმე უარესადაც შეიძლება, იყოს. ცნობილი ექსპერიმენტის ჩატარებისას ნეირომეცნიერი ვოლფრამ შულცი და მისი კოლეგები შიმპანზეებს ხილის წვენს ასმევდნენ და პარალელურად ტვინში დოპამინის დონეს უზომავდნენ (გამოქვეყნებულია 1993 წელს, Journal of Neuroscience-ში). დოპამინი ბედნიერებასა და სიხარულთან ასოცირებული ნივთიერებაა, და, ამდენად, ექსპერიმენტი წვენის დალევით აღმოცენებული ბედნიერების შეგრძნების მონიტორინგის საშუალებას იძლეოდა. გასაკვირი არაა, რომ წვენი მაიმუნის ტვინში დოპამინის დონეს ზრდიდა, თუმცა – უეცრად და ხანმოკლედ. დოპამინის დონე წამებში ადიოდა ზემოთ და ქვემოთაც წამებშივე ჩამოდიოდა, რაც იმას მიუთითებს, რომ ხილის წვენით აღძრული სიხარული წარმავალია. „მოლოდინით გაჩენილი სიხარულის“ გამოწვევის მიზნით, შულცმა  მცირედი ცვლილებით: რამდენიმე წამით ადრე, სანამ შიმპანზეებს წვენს მისცემდა, სინათლეს ანთებდა. გარკვეული დროის შემდეგ მაიმუნები ჩასწვდნენ სინათლის მნიშვნელობას და მიხვდნენ, რომ ის ხილის წვენის დალევის დროს მოასწავებდა. გასაკვირია, მაგრამ ამის შედეგად დოპამინის დონე სულ უფრო იმატებდა და პიკს სინათლის ანთებისას აღწევდა, ხოლო როცა წვენს რეალურად უსხამდნენ, დოპამინის დონეში არავითარი ცვლილება აღარ შეინიშნებოდა. მოლოდინი ჯაბნის რეალობას.

ივნისისა და ივლისის თბილი ამინდები არდადეგების სეზონის დადგომას მოასწავებს. ადამიანები, დასვენების მოლოდინში, სულ უფრო დადებით და პოზიტიურ განწყობას ავლენენ. ზუსტად ამ დროს არიან ბედნიერები. მაგრამ, როცა დასვენების დრო რეალურად დგება, ნეტარება ქრება და ადამიანს ჩვეული, სტანდარტული განწყობა უბრუნდება. CCI-ც სწორედ ამ უხალისო დინამიკას ასახავს.


See our article usage guidelines

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners