ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ვინ მოიგებს არჩევნებს?

ყველა შეცდა, ვინც კი პროგნოზს აკეთებდა: პროფესიონალიც და მოყვარულიც.  ბრექსიტი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ბუკმეიკერებმა (ადამიანები, რომელიც ორგანიზებას უწევენ ფსონების დადებას პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში მოვლენების განვითარებაზე) გვაუწყეს, სამჯერ მეტი ფული დაიდო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, ვიდრე მის გასვლაზე. რეფერენდუმის წინა კვირებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პროგნოზის საშუალებას არ იძლეოდა და მრავალმა ექსპერტმა ირწმუნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩებოდა.

ძლიერ გაწბილდნენ პროგნოზიორები შეერთებულ შტატებშიც, როდესაც დონალდ ტრამპმა  წინასწარ არჩევნებში გაიმარჯვა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. ფაქტობრივად, მთელი რესპუბლიკური პარტია ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდა, შესაბამისად, მოვლენათა ასეთ განვითარებას ცოტა თუ ელოდა. სიურპრიზები არც მომავალში არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი მხოლოდ რამდენიმე პროცენტული ქულით უსწრებს ტრამპს, ამიტომ საბოლოო გამარჯვებაზე საუბარიჯერ ადრეა. ამ არჩევნებმა ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორ, ალან ლაიხტმანსაც კი აუბნია თავგზა, არადა 1984 წლიდან მოყოლებული მან 8 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ზუსტად იწინასწარმეტყველა. ამჯერად მისი მოდელი, რომელიც კანდიდატების, პარტიებისა და ეკონომიკის შეფასების 13 პარამეტრს ემყარება, პასუხს ვერ იძლევა!

საქართველოში არჩევნები შეერთებულ შტატებზე ადრე, უკვე მომდევნო კვირას გაიმართება, თუმცა კვლავ რთული სათქმელია, რა შედეგებით დასრულდება ის.  დემოკრატიის ეროვნულმა ინსტიტუტმა – ალბათ, საქართველოში ყველაზე პროფესიულმა და დამოუკიდებელმა საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა ორგანიზაციამ – უკანასკნელად ივნისში გამოკითხა ამომრჩეველი, თუ ვის აძლევდა ხმას. ამ გამოკითხვაში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 19% მიიღო, მისმა ყველაზე ძლიერმა კონკურენტმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 15%. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანია, რადგან ეს შედეგები უკვე საკმაოდ მოძველდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გამოკითხულ ამომრჩეველთა 57%-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. არჩევნების შედეგებზე უდიდეს გავლენას იქონიებს, რას გადაწყვეტს ხსენებული 57%.

თუ საზოგადოებრივი აზრის მკვლევრებსა და ბუკმეიკერებს აღარ დაეჯერებათ, თუ პოლიტიკური სიტუაცია ისეა არეულ-დარეული, რომ არაპროგნოზირებადი გახდა, დარჩა კი ვინმე, ვისაც შეუძლია სანდო პროგნოზის გაკეთება? შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში შედეგების პროგნოზირების რამდენიმე საინტერესო ხერხს უკვე მიაგნეს. მაგ.: ერთ-ერთი მეთოდის თანახმად, თუ წინა არჩევნებში ზაფხულის ოლიმპიადა იმ ქვეყანაში ჩატარდა, რომელსაც უკვე უმასპინძლია ზაფხულის ოლიმპიადისთვის, მაშინ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს, სხვა შემთხვევაში – მმართველი პარტია დამარცხდება. ამ მეთოდმა სწორად გამოიცნო 14-დან 13 არჩევნების შედეგები 1960 წლიდან მოყოლებული. 2016 წელს, ზაფხულის ოლიმპიადა ბრაზილიაში ჩატარდა, რომელმაც ოლიმპიადას პირველად უმასპინძლა. გამოდის, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გახდეს.


ეს ეკონომიკაა, სულელო!

ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ხალხი იმ მთავრობას აჯილდოვებს, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, შემოსავალი და ზრდა მოაქვს ქვეყნისთვის, სხვებს კი სჯის. მართლაც, ეს ჰიპოთეზა არაერთმა აკადემიურმა ნაშრომმა დაადასტურა სხვადასხვა ქვეყნისა და არჩევნების მაგალითზე.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ემპირიული მტკიცებულებები ნათელ პასუხს არ იძლევა (მაგ.: იხ. უილიამ ლევერნიეს მიერ ჩატარებული ადრეული კვლევა, Public Choice 74, 1992 წ.). ზოგჯერ კარგი ეკონომიკური შედეგების მქონე მთავრობები იმარჯვებენ, ზოგჯერ კი მათ არ ირჩევენ. ცხადი ემპირიკული კორელაციების ნაკლებობის გამო, კვლევის დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შევიდა, მაგალითად, დაემატა შეკითხვები: ვის მიაწერენ ამომრჩევლები კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებს, უმუშევრობასა და ინფლაციას;  ამით ვლინდება, როგორი მეხსიერება აქვთ მათ და ა.შ. კვლევაში, რომელიც სწავლობდა თურქეთის 25 საპარლამენტო არჩევნებს, აქარჯა და თანსელი (Public Choice 129, 2006 წ.) წერენ, რომ „თურქი ამომრჩევლები მხედველობაში იღებენ მთავრობის ეკონომიკურ შედეგებს, თუმცა ერთ წელზე უკან არ იხედებიან. გარდა ამისა, ისინი ზრდასა და ინფლაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიას, ხოლო უმცირესობაში მყოფ პარტიას – მხოლოდ ინფლაციაზე“.

როგორც ჩანს, ემპირიული მტკიცებულებების სიმწირის მიუხედავად, პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვანია. საარჩევნო წელს, მთავრობები იწყებენ ეკონომიკის სხვადასხვა გზებით წახალისებას. ხშირად ეს წახალისება გულისხმობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურის პროექტების მხარდაჭერას, რადგან ასეთი პროექტები, შემოსავლების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, მთავრობის გარჯასა და წარმატებას თვალნათლივ წარმოაჩენს. ასეთი „პოლიტიკური ბიზნეს-ციკლი“ პირველად ამერიკელმა ეკონომისტმა, უილიამ ნორდჰაუსმა გამოიყენა 1970-იან წლებში და მას შემდეგ ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დანერგეს. თბილისში აღმაშენებლის გამზირი ნათელია მაგალითია, რომ ეს სტრატეგია არც ქართული პოლიტიკისთვისაა უცხო. ქუჩის ერთი ნაწილი სააკაშვილმა გაალამაზა და მოკაზმა 2012 წლის არჩევნების წინ, მეორე ნაწილის საგულდაგულო განახლებაზე უკვე ამჟამინდელმა მთავრობამ იზრუნა, რომელმაც ეს მიღწევა სულ ახლახანს დიდი წვეულებით აღნიშნა.


ვინ მოიგებს არჩევნებს?

უკვე რამდენიმე წელია, ISET ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოს მომხმარებელთა განწყობის ინდექსს, რომელიც ეყრდნობა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 300 რესპონდენტის პასუხებს მათ პირად და ქვეყნის მიმდინარე თუ მომავალ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდზე). იმავე მეთოდოლოგიით გამოანგარიშებული მომხმარებელთა განწყობის ინდექსები მრავალ ქვეყანაში არსებობს და მათ 30 წელზე ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ჰარდუველისმა და ტომაკოსმა (სამუშაო დოკუმენტი, 2008 წ.) გააანალიზეს 15 ევროპული ქვეყნის მომხმარებელთა განწყობის ინდექსები, რომელთაგან ყველაზე ძველი მონაცემები 1985 წლისა იყო. მათი მიზანი იყო, შეესწავლათ მომხმარებელთა განწყობის ცვლილება საარჩევნო პერიოდში. ამ კვლევით მათ საკმაოდ საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს და მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათი დაკვირვებების შედარება ამ სტატიაში მოყვანილ მომხმარებელთა განწყობის ქართული ინდექსის გრაფიკთან.

ჰარდუველისმა და ტომაკოსმა აღმოაჩინეს, რომ არჩევნებამდე 12 თვით ადრე, კვლევაში მონაწილე 15 ქვეყანაში, მომხმარებელთა განწყობა საშუალოდ 5 პუნქტით იზრდება. საქართველოში ის გაცილებით მეტად გაიზარდა და, თუ 2015 წლის ოქტომბერში -36.2 იყო, 2016 წლის სექტემბერში -15.7-მდე გაიზარდა (-100/+100 შკალაზე). მაშასადამე, ეფექტი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება მაღალი სტატისტიკური მნიშვნელობით – კერძოდ, მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ზრდა წინასაარჩევნო პერიოდში – ცხადად ჩანს საქართველოშიც, თანაც ეს ეფექტი საქართველოში გაცილებით ძლიერია, ვიდრე სხვაგან.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია არჩევნების ეფექტი? ჰარდუველისი და ტომაკოსი, სავარაუდოდ, ამ  კითხვას დადებითად უპასუხებდნენ. ისინი წერენ, რომ „არჩევნებში წარმატებაზე მეტყველებს მომხმარებლის განწყობის დონე და არა მომხმარებელთა განწყობის ზრდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ჩვენი ცვლადი, რომელიც წინასაარჩევნოდ მომხმარებლის განწყობაში აღმავალ ტენდენციას გვიჩვენებს, უარყოფითია. ეს სურათი გვეუბნება, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მომხმარებელთა განწყობით მანიპულირება, საარჩევნო უპირატესობის მოპოვების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არჩევნებამდე 7 თვით ადრე მომხმარებელთა განწყობის უეცარი ზრდა, შესაძლოა, დამარცხების ნიშანი იყოს. არჩევნებამდე 7 თვით ადრე მომხმარებელთა განწობა ისედაც უნდა იყოს მაღალ დონეზე, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უპირატესობა მიეცეს“.  რომ შევაჯამოთ, მათ თქმით, „მომხმარებელთა განწყობის ზრდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უფრო ამცირებს მმართველი პარტიის ხელმეორედ არჩევის შანსებს, ვიდრე ზრდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალისთვის რთულია უკანასკნელ წუთებში მომხმარებელთა განწყობით მანიპულირება საარჩევნო უპირატესობის მოსაპოვებლად.“

ამ დაკვირვებების გათვალისწინებით, რა საარჩევნო შედეგებს წინასწარმეტყველებს მომხმარებელთა განწყობის ქართული ინდექსის დინამიკა? ამ კითხვაზე ყველა მკითხველმა საკუთარი პასუხი უნდა იპოვოს. მართლაც, გრაფიკი ხომ ყველამ სხვადასხვაგვარად შეიძლება წაიკითხოს, იმის მიხედვით, მკითხველი მომხმარებელთა განწყობის ინდექსს შვიდი თვის წინ „უკვე საკმარისად მაღალ დონეზე მყოფად“  ჩათვლის, თუ მიიჩნევს, რომ უკანასკნელ თვეებში ინდექსი მკვეთრად და მოულოდნელად გაიზარდა.

ჩვენ, ეკონომისტებმა, კარგად ვიცით, რომ გრაფიკის წაკითხვა ყავაზე მკითხაობის ტოლფასია.


See our article usage guidelines

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners