ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა. დღეს აქ ექვსკილომეტრიანი საველოსიპედე, გორგოლაჭებით სასიარულო და სარბენი ბილიკია, ბარბექიუსთვის 2.5 ჰექტარია გამოყოფილი, ძაღლის სასეირნოდ – დაახლოებით 4 ჰექტარი, ხოლო პარკის სტუმრებისთვის – უზარმაზარი, თვალუწვდენელი საპიკნიკე სივრცე. პარკში ყველაფერია, რაზეც ჩვენ, თბილისის მაცხოვრებლებს, მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია.
სულ ახლახანს ხელი მოვაწერე ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მოხალისეებმა შეადგინეს და რომელიც ითხოვს, თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია შენარჩუნდეს სარეკრეაციო ზონად: თბილისის მაცხოვრებლებისთვის გაჩნდეს ერთგვარი მინი ტემპელჰოფერის პარკი. იმედი ბოლომდე არ მაქვს გადაწურული, თუმცა ვფიქრობ, გაგვიჭირდება ამ 62-ჰექტარიანი ტერიტორიის დასაცავად კოლექტიური ძალების გამონახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორე მხარეს გაცილებით უკეთ ორგანიზებული და მდიდარი დეველოპერები დგანან, რომლებიც დიდი ხანია მიწის ამ ნაკვეთს ნერწყვმომდგარნი შეჰყურებენ. თუ სცენარი ასე პესიმისტურად განვითარდება, მაშინ თბილისი დარჩება დაბინძურებულ ქალაქად... მანქანების და არა ადამიანების ქალაქად: ცათამბჯენებით, ქაოტური მშენებლობით, ჯეროვანი ურბანული დაგეგმარებისა და ზონირებაზე ცხადი წესების გარეშე, თითო-ოროლა სათამაშო მოედნით, კიდევ უფრო ნაკლები მწვანე სივრცით... მართლაც რომ სევდიანია ჩვენი ქალაქის ამბავი.
ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქალაქის დაბინძურების მონაცემთა ბაზის (2016 წ.) მიხედვით, ურბანულ გარემოში მცხოვრები ადამიანების 80% სუნთქავს ჰაერს, რომლის დაბინძურების დონეც აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვარს (მონაცემთა ბაზაში შესულია 103 ქვეყნის 3000 ქალაქი). გასაკვირი არ არის, რომ MP10 მონაცემების მიხედვით, თბილისი 473-ე ადგილს იკავებს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის. MP2.5 მონაცემების მიხედვით, თბილისს 571-ე ადგილი უჭირავს. თბილისის წლიური საშუალო MP10-სთვის 55 გ/მ3-ია, ხოლო MP2.529-თვის – გ/მ3; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოს მიხედვით, ამ მაჩვენებლებმა არ უნდა გადააჭარბოს 20-სა და 10 გ/მ3, შესაბამისად.
|
ჰაერის ხარისხი და ქალაქის მწვანე ფილტვები საჯარო რესურსია!
ახლახანს კიდევ უფრო გამიმძაფრდა პესიმიზმი თბილისის მომავალთან დაკავშირებით. ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის პარტიზანულმა მებაღეობამ პროტესტის ახალი ტალღა წამოიწყო თბილისის საკრებულოსთან. ამჯერად მათი პროტესტი გამოიწვია თბილისის ცენტრში საუკუნოვანი ხეების მოჭრამ 42-სართულიანი ცათამჯენის ასაშენებლად. პროტესტის მონაწილეები მერისა და საკრებულოსგან ითხოვდნენ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური კვალიფიციური პერსონალით დაეკომპლექტებინათ და ეს შემთხვევა ჯეროვნად გამოძიებულიყო. დღემდე არავითარი (თვალსაჩინო) ნაბიჯი არ გადადგმულა, რაც გვიჩენს კითხვას, არის კი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მერიის საზრუნავი?
ჰაერის ხარისხი, ისევე, როგორ პარკები და სარეკრეაციო სივრცეები, „საჯარო რესურსების“ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებზეც საზოგადოების ნებისმიერ წევრს თანაბრად მიუწვდება ხელი. საზიარო ბუნების გამო, ამგვარი რესურსები თავის თავში გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტს ატარებს: როდესაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ ინტერესს მივდევთ, საჯარო რესურსების ჭარბად გამოყენებისა და მათი გამოფიტვისკენ ვართ მიდრეკილები, რადგან ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით ასე. ერთი ხის მოჭრა, შესაძლოა, არც ისე დიდი ამბავი იყოს „მოვლენათა გაცილებით დიდ სქემაში“. თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა რომ (მხოლოდ) ერთი ხე მოჭრას, ყველანი უსაზღვროდ დავზარალდებით.
„საჯარო საკუთრების“ პრობლემის ყველაზე სწორხაზოვანი გადაწყვეტაა საჯარო რესურსზე (მაგალითად, პარკზე) საკუთრების უფლების გადაცემა გარეშე პირისთვის – კერძო მესაკუთრის ან სახელმწიფოსთვის, რომელიც გარანტირებულად დაიცავს მას და დროთა განმავლობაში შეზღუდავს მის საკუთრებაში ან მართვაში მყოფ რესურსზე წვდომას მაქსიმალური ამონაგების მიღების მიზნით. ქართველმა ხალხმა არჩევანი საჯარო მართვაზე შეაჩერა და თავიანთი საჯარო რესურსების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა, რათა მან მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა და თავიდან აგვაცილოს საზიარო რესურსების ტრაგედია.
გრაფიკი 1: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შერჩეულ ქალაქებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაისი, 2016 წ.
მაშასადამე, იდეალურ სამყაროში, რომელსაც ბრძენი სახელმწიფო ინსტიტუტები და კეთილმოსურნე ადგილობრივი მთავრობები მართავენ, თბილისის მაცხოვრებლები მშვიდად უნდა იყვნენ – მათი საჯარო რესურსები, პარკები და სარეკრეაციო სივრცეები კარგად არის დაცული. ის რომ რეალურ ცხოვრებაში საქმე სხვაგვარადაა, ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს სახელმწიფო ბიურაკრატიას: ა) არ აქვს უნარი, მართოს ჩვენი საჯარო რესურსები ან (ბ) არ სურს, დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი (ნაცვლად, იცავს ვინმეს კერძო ინტერესს) და ხალხს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას უსპობს. ფაქტობრივად, (ა) და (ბ) ვარიანტები ურთიერთგამომრიცხავი არ არის.
დეველოპმენტი და მშენებლობა ყოველთვის ეკოლოგიური გარემოს ან კულტურული მემკვიდრეობის (საჯარო რესურსის კიდევ ერთი სახე) დაზიანების ხარჯზე არ მიმდინარეობს. საკრებულოს, შესაძლოა, ჰქონდეს მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს, რომ რამდენიმე ძველი ხის მოჭრით ან თბილისის მთავარ სარეკრეაციო ზონაში დეველოპმენტით ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ასეც რომ იყოს, თბილისის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ, მიიღონ სრული ინფორმაცია, რა სიღრმისეულ ეკონომიკურ ანალიზს ატარებს მერია ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორიცაა ქალაქის მთავარი სარეკრეაციო ადგილის ბედი. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, ითვალისწინებს თუ არა მერია მათ ჯანდაცვისა და დასვენების საჭიროებებს, როდესაც გასცემს ქალაქის ცენტრში ესოდენ მიმზიდველ სამშენებლო ნებართვებს.
ტემპელჰოფერ ფელდი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს სამოქალაქო აქტივიზმა რეალურ ცხოვრებაში. 2011 წლის ადგილობრივ არჩევნებში ბერლინის ყოფილმა მერმა კლაუს ფოფერაითმა საზოგადოებას შესთავაზა, ამ სივრცეში ახალი კომერციული წერტილები და ოფისები, 4700 სახლი და დიდი საჯარო ბიბლიოთეკა განეთავსებინათ. პროექტის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ პარკის მხოლოდ 25% განაშენიანდებოდა, ხოლო 230 ჰექტარი კვლავ სარეკრეაციო ზონად დარჩებოდა. მისი პროგრამა, ხალხს იმასაც ჰპირდებოდა, რომ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ხელმისაწვდომი ბინები იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, ბერლინელებმა უარი თქვეს კლაუს ფოფერაითის შემოთავაზებაზე, მათ საყვარელ ტემპელჰოფერ ფელდზე დიდი მშენებლობა გაჩაღებულიყო. მწვანე სივრცის შენარჩუნებაზე გამართულ რეფერენდუმში, თითქმის 65%-მა შემოთავაზებული გეგმის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ რეფერენდუმში ბერლინელებმა ხმა მისცეს არამხოლოდ ერთი კონკრეტული მწვანე სივრცის შენარჩუნებას, არამედ ცხადად გამოხატეს თავიანთი ნება: ისინი ქალაქის მწვანე მომავალს ირჩევენ.
აი, ეს გვაკლია თბილისში. თბილისის მაცხოვრებლები არ ვართ მიჩვეულები ჩვენი ნების გამოხატვას და დაცვას; ზედმეტად დიდ ყურადღებას ვუთმობთ არჩევნებს და გვავიწყდება მოქალაქეებივით მოქცევა. თბილისის ყოფილი იპოდრომის სარეკრეაციო ზონად შენარჩუნების პეტიციას მხოლოდ 8,000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, 8000-მა 1.1 მილიონი მაცხოვრებლიდან. როგორც ჩანს, საზიარო რესურსების ტრაგედია აქვეა, ჩვენს გონებაში.
იხილეთ მასალის გამოყენების წესები
Comments