ნინო კვირკველია და მისი მეუღლე, ირაკლი თოდუა ტიპიური წვრილი მესაკუთრეები არ გეგონოთ. ორივე განათლებულია (აქვთ ხარისხი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით). მათი საკუთრება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონტექსტში კიდევ უფრო შთამბეჭდავია: წყვილი ფლობს 28(!) ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას მებაღეობის სამოთხეში, თხილით განთქმულ სამეგრელოში. ეს შესანიშნავი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ზომა 1 ჰექტარს ოდნავ თუ აჭარბებს.
ბუნებით მეწარმე ნინო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სესხით ისარგებლა 2013 წელს და წამოიწყო დაფნის ფოთლების ბიზნესი, რომელიც სიახლე იყო იმ დროისთვის. ეს ამბავი – საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტზე გასვლა – კონკიას ზღაპარს ჰგავს. სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ირაკლისა და ნინოს დიდხანს არ უფიქრიათ, როდესაც შესაძლებლობა კარს მოადგათ გურიფულის (ხობის მუნიციპალიტეტი) სოფელში ENPARD-ის კონსორციუმის წარმომადგენლის სახით.
ENPARD – „ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრებისთვის“ – მიზნად ისახავს, წაახალისოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა, რითაც საქართველოს საშინლად დანაწევრებული მიწის ნაკვეთებით შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეკონომიის მიღწევა და მათი პროდუქტიულობაც გაუმჯობესდება. და მართლაც, ENPARD-ის გრანტისა და სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (ACDA) მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ახალი ბიზნესის წამოწყება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სახით.
შესაძლებლობა ხელიდან არ გაიშვებოდა, თუმცა კარგად დაფიქრების დროც არ იყო; ENPARD-ის პირველი წარმომადგენელი ხობში 2014 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც ENPARD-ის ბიზნეს-იდეების კონკურსის ბოლო ვადამდე სულ რამდენიმე კვირაღა იყო დარჩენილი. წყვილი სწრაფად შეთანხმდა, რომ ახალი ბიზნესის განვითარებასა და მართვას ნინო ჩაიბარებდა. აფხაზეთიდან დევნილმა ნინომ (ნინო 9 წლის იყო, როდესაც ომს გამოქცეული ოჯახი სამეგრელოში დასახლდა) გაიხსენა, როგორ უყვარდა მარწყვის მოყვანა (და შესანსვლაც). ასე დაიბადა მისი ბიზნეს-იდეაც: მარწყვის თანამედროვე სათბური, რომელიც კონკურენციას გაუწევდა არასეზნორ პერიოდში ტალღასავით მოვარდნილ დაბალი ხარისხის იმპორტს.
ენპარდის გრანტის პირობების დასაკმაყოფილებლად ნინომ ოთხი ადგილობრივი მოიწვია კოოპერატივში. 2014 წლის ზაფხულში ACDA-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა კოოპერატივი „შამათია“, მას შემდეგ, რაც ნინოს ბიზნეს-იდეამ ENPARD-ის კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა. აშკარა იყო ნინოს ლიდერული როლი კოოპერატივში. კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივიც (მიწის ჩათვლით) ნინოს და ირაკლის საკუთრება იყო, რის გამოც წყვილმა კოოპერატივში საკონტროლო წილი (2/3-ზე მეტი) მიიღო, ხოლო დანარჩენი გადანაწილდა სხვა ოთხ წევრზე.
წარმატებას მრავალი შემოქმედი ჰყავს...
„შამათია“ იმ პირველ ათ კოოპერატივს შორის იყო, რომელიც ენპარდმა შეარჩია დასაფინანსებლად და ტექნიკური დახმარების გასაწევად. უკანასკნელი მოიცავდა ბიზნეს-ტრენინგებსა და სპეციალისტების კონსულტაციებს. თუმცა ნინოსთვის, ირაკლისა და მათი პარტნიორებისთვის, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ENPARD-ის ფინანსური წვლილი, ეგრეთ წოდებული „დაბრუნებადი გრანტი“ (46 ათასი ლარი). „დაბრუნებადი“ ნიშნავდა, რომ გრანტის სრული თანხა მომავალში უკან დასაბრუნებელი იქნებოდა, თუმცა, რადგან პროექტს აკლდა იურიდიული და პროცედურული სიცხადე (როდის უნდა დაებრუნებინათ თანხა, რამდენი, ვისთვის, რა სანქციები იქნებოდა გადაუხდელობის შემთხვევაში?), გუნდმა იფიქრა, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი გრანტია და მეტი არაფერი.
ENPARD-ის დაფინანსებითა და „შამათიას“ მიერ დამატებული 17 ათასი ლარით საწყისმა საინვესტიციო თანხამ 63 ათასი ლარი შეადგინა, ეს საკმარისი იყო ორი მაღალი დონის, თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემით, ვენტილაციით და თხილის ნაჭუჭზე (სამეგრელოს შესაფერისად) მომუშავე გამათბობელი ღუმელებით აღჭურვილი სათბურის ასაშენებლად (თითოეული 540 მ²). 2015 წლის აპრილისთვის სათავსოთი, დრენაჟით, უსაფრთოების ჯიხურითა და მინი-ტრაქტორით (რომელიც ACDA-გან 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს) აღჭურვილი სათბური მზად იყო, მიეღო მარწყვის „სან ანდრეასის“ ჯიშის პირველი ნერგები, 4000 ცალი.
და სიძნელეებმაც არ დააყოვნა...
ადგილობრივად შეძენილი ნერგები თავიდან შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა 10 დღის შემდეგ ჭკნობა დაიწყო. ბევრმა ადგილობრივმა „ექსპერტმა“ სცადა გამოსავლის პოვნა და ნერგების მკურნალობა, თუმცა ამაოდ – სან ანდრეასის ჯიშის ნერგებმა ერთი დღეც კი ვერ იხარეს. მკვდარი ნერგების, ადგილობრივი ნიადაგისა და წყლის ნიმუშების ევროპულ ლაბორატორიაში შესწავლამ აჩვენა, რომ ნერგებს სასიკვდილო დაავადება სჭირდა. მთლიანმა ზარალმა, ლაბორატორიულ კვლევებზე გაწეული ხარჯებისა (€400) და დაკარგული ექვსი თვის შემოსავლის ჩათვლით, 15 000 ლარს გადააჭარბა.
საკუთარ შეცდომებზე სწავლა
ეს შესაძლოა „შამათიას“ დასასრული ყოფილიყო. თუმცა ნინომ და ირაკლიმ ფინანსურად მოახერხეს ყველაფრის თავიდან დაწყება. ამჯერად მხოლოდ ბავშვობის ტკბილ მოგონებებს არ დასჯერდნენ და რჩევები მიიღეს კვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტისგან, რომლებთანაც ისინი საქართველოს ხილ-კენკროვანთა განვითარების ასოციაციამ დააკავშირა. დეზინფექცია ჩაუტარდა სათბურის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთს. ესპანეთიდან, გაცილებით მიმზიდველ ფასად (1.2 ₾/ნერგი) შეუკვეთეს მარწვის 3000 ახალი ნერგი, რაც „შამათიას“ წარმადობის 50%-ს შეადგენდა (ამით სერიოზული მარცხის რისკი შემცირდა). ნერგები 2015 წლის ოქტომბერში დარგეს, ნიადაგის ჯეროვნად მომზადების (ნამჯით განოყიერების) შემდეგ.
დღეს „შამათიას“ სანაქებო მომავალი აქვს. სან ანდრეასის ჯიშის მარწყვის პროდუქტიულობა ორ წლის შემდეგ აღწევს პიკს, თუმცა მცენარე 4-5 წელი ცოცხლობს, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, ახალი ნერგების დათესვისა და დამატებითი ინვესტიციისთვის საჭირო ფინანსური რესურსი დააგროვოს. 2016 წლის თებერვალ-მარტში აღებული პირველი მოსავალი შედარებით მოკრძალებული მოცულობის იყო, თუმცა 2017 წლის მარტ-ივლისში ასაღებმა მეორე მოსავალმა, შესაძლოა, 2 ტონას მიაღწიოს – ნერგზე 0.5 კგ-ს (სან ანდრეასის ჯიშის მაქსიმალური მოსავლიანობა 1.2 კგ-ია ნერგზე). მომდევნო მოსავალს ნოემბერსა და ადრეულ დეკემბერში ელიან. მეტი პროდუქტიულობისთვის საჭიროა, 10 თვის განმავლობაში, გათბობის გამოყენებით, მოსავლის მუდმივად მიღება. ამას კი (ჯერ-ჯერობით) აზრი არ აქვს მარწყვის ქართული ბაზრის თავისებურების გამო.
კოოპერაცია მარკეტინგში?
„შამათიას“ წინაშე არსებული ყველაზე რთული დილემა მოსავლის აღების პერიოდის შერჩევაა. მარწყვზე ფასი ყველაზე მაღალი ზამთარშია (10 ლარამდე), მაგრამ ზამთარში მარწვის მოყვანას ძვირადღირებული გათბობის გამოყენება სჭირდება. სამწუხაროდ, „შამათიას“ არ აქვს საშუალება, პროდუქცია თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელში გაყიდოს, რადგან მისი წარმოება ჯერ კიდევ მოკრძალებული მოცულობისაა, ხოლო დიდი სავაჭრო ქსელების უმეტესობა მხოლოდ იმ მიმწოდებლებთან მუშაობს, რომელთაც შეუძლიათ ყოვედღიურად 80-200 კგ. სტანდარტიზებული მარწყვის მოწოდება. ასე რომ, „შამათიას“ ისღა დარჩენია, პროდუქცია ადგილობრივ ბაზრებზე (ხობი, სენაკი, ზუგდიდი) გაყიდოს, თანაც, გაცილებით დაბალ ფასად (3-3.5 ₾ ზაფხულის სეზონზე). ამ პირობების გათვალისწინებით, „შამათიას“ არ უღირს ძვირადღირებული გათბობის გამოყენება და მოსავლის აღების პერიოდის გახანგძლივება.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ამგვარი მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმო ადვილად შეიძლება, მოექცეს ასეთ „ცუდ წონასწორობაში“; თუ მცირე ფერმები (და მცირე საწარმოო კოოპერატივები) ვერ მოიძიებენ რესურსებს, რომ გაზარდონ წარმოების მოცულობა და დააკმაყოფილონ თანამედროვე საცალო ვაჭრობის მოთხოვნები (რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპორტზე), შესაძლოა, სამუდამოდ განწირული იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მომარაგებისთვის და იმპორტიორების ნაცვლად, ერთმანეთთან კონკურენციისთვის.
ირაკლიმ და ნინომ, შესაძლოა, გაარღვიონ ეს მოჯადოებული წრე, რადგან ისინი მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო აქტივებს ფლობენ. ისინი გეგმავენ ორი სათბურის დამატებას (ერთ-ერთში პიდროპონიკის გამოყენებასაც კი გეგმავენ!), ასევე, მარწყვის ღია ცის ქვეშ დათესვას, რათა თბილ სეზონზეც არ მოაკლდეთ საფუსფუსო. რაც შეეხება მათ მცირე კონკურენტებს, ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა რეგიონული მარკეტინგული კოოპერატივის შექმნას. დღეს ENPARD-ის CARE-ის კონსორციუმი ოთხ მარწვის საწარმოო კოოპერატივს ეხმარება სამეგრელოსა და გურიაში, ეს სულ 9 სათბურია „შამათიას“ სათბურების ჩათვლით. თუ/როდესაც ისინი სრული წარმადობით ამუშავდებიან, შეეძლებათ 15-25 ტონა მარწყვის მოყვანა, რაც საკმარისია ქართულ სუპერმარკეტებთან, სასტუმროებთან თუ რესტორნების ქსელებთან ესოდენ მიმზიდველი გრძელვადიანი მომარაგების შეთანხმებების გაფორმებისთვის. ამ ოცნების ქართულ რეალობად გადაქცევას კარგი დაგეგმვა და კოორდინაცია სჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ ნამდვილ აგრონომიურ ცოდნასა და ბიზნეს-გათვლებზე.
Comments