ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოს კომპაქტური მთავრობა სჭირდება!

ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხელისუფლების კონსოლიდაციის ტენდენცია. კონკურენციის სააგენტოები მომხმარებელთა დაცვის სააგენტოებს და/ან რეგულატორებს ერწყმიან, რათა საჯარო სისტემა უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი გახდეს. 2003 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (Organization for Economic Cooperation and Development – OECD) მრგვალი მაგიდა გამართა კონკურენციის სააგენტოს ოპტიმალურ მოწყობაზე. მას შემდეგ, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, ორგანიზაციამ ამ თემას კიდევ ორი მრგვალი მაგიდა დაუთმო: 2014 წლის დეკემბერში და 2015 წლის ივნისში მრგვალი მაგიდის სხდომები შეეხო კონკურენციის სააგენტოების ინსტიტუციურ მოწყობაში ცვლილებების შეტანას.

ამ შეხვედრებზე ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა ნიდერლანდებში სააგენტოების შერწყმის შემთხვევამ.  2013 წლის აპრილში შეიქმნა ნიდერლანდების მომხმარებლებისა და ბაზრების სამმართველო: ეს იყო მსხვილი მერჯერი, სადაც გაერთიანდა სამი სამმართველო: ნიდერლანდების კონკურენციის სააგენტო, ჰოლანდიელ მომხმარებელთა სამმართველო და ნიდერლანდების დამოუკიდებელი ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების სამმართველო. OECD-ის მრგვალ მაგიდაზე, ნიდერლანდების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომხმარებლების და ბაზრების სააგენტოს შექმნა „კომპაქტური მთავრობის“ პროგრამის ნაწილი იყო; ამ მერჯერს თავისი წვლილი უნდა შეეტანა ჰოლანდიის საჯარო მომსახურების სისტემის უფრო ეფექტურ და ნაკლებხარჯიან სისტემად გარდაქმნაში. ასევე, კაბინეტმა ჩათვალა, რომ ამ სამმართველოების გაერთიანებით  მომხმარებლების და ბაზრების დაცვის გაცილებით ძლიერ და ეფექტურ სამმართველოს მიიღებდა.

მართალია, ასეთი შერწყმა ჯერ გავრცელებული პრაქტიკა არ არის, მაგრამ საქართველოს კონტექსტში მისი განხილვა საღ აზრს მოკლებული სულაც არ არის. არ არსებობს ერთი კონკრეტული მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანას მოერგება, თუმცა, ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით, ნამდვილად შეიძლება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ცხარე დისკუსიის თემა იყო სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაცია და შემცირება. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დღეს განიხილავს საქართველოს საჯარო სექტორში სტრუქტურული ცვლილებების გატარების შესაძლებლობას. სამინისტროებისა და სააგენტოების ფუნქციებისა და მიზნების ყურადღებით გაანალიზების შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, გააუქმოს ან გააერთიანოს ზოგიერთი მათგანი და ამგვარად შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ კონკურენციის სააგენტოზე, თუმცა ნიდერლანდების შემთხვევა, შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს საქართველოსთვის.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონკურენციის სააგენტოში გადატანის პოტენციალი

2014 წლის აპრილში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას. დღემდე სააგენტომ რამდენიმე გამოძიება ჩაატარა და კონკურენციის წესების დარღვევის მხოლოდ ოთხი შემთხვევა გამოავლინა. ამ შემთხვევათაგან სამი ეხებოდა სახელმწიფოს მიერ კონკურენციის შეზღუდვას, ერთი კი – კონკურენციის შემზღუდავ გარიგებას საავტომობილო საწვავის ბაზარზე.

ეს უკანასკნელი თემა წლებია დიდი განხილვის საგანია (საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში). სააგენტოს ზომასა და ფუნქციას თუ შევხედავთ, მას აქვს პოტენციალი, გახდეს მულტიფუნქციური ორგანიზაცია.

მულტიფუნქციურ სამმართველოებს, OECD-ის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით, შეუძლიათ დაზოგონ ხარჯები, შერწყმულ სააგენტოებს შეუძლიათ, გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში ან გამოიყენონ ერთმანეთის პროფესიული ცოდნა. კონკურენციის რეგულაციების ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მერჯერები მეტ მოტივაციას გაუჩენს ინსტიტუტებს, გააუმჯობესონ შედეგები (ჯეიკობ ე. გერსენი, თანამკვეთი და ქვემდებარე იურისდიქცია ადმინისტრაციულ კანონში“, 2006 წ.).

დღეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ამიტომ საქართველოს მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევის (ჩატარებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ 2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში) შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ანგარიშში ასახული მოხმარებელთა უფლების დარღვევის ფაქტები, საქართველოში მომსახურების დონით უკმაყოფილება მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები.

კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2013 წლის ბოლოს მომზადდა და პარლამენტმა მისი განხილვა 2015 წლის ივლისში დაიწყო. კანონპროექტი ითვალისწინებს არამხოლოდ მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების რეგულირებას, არამედ მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასაც. ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას დამატებითი სახსრები სჭირდება, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანონი ჯერჯერობით არ დამტკიცებულა. ამასობაში, ვიდრე პარლამენტში კანონპროექტზე ბჭობენ, ქართველი მომხმარებლები სრულიად დაუცველები არიან.

რადგან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა ფინანსური დაბრკოლებების გამო ფერხდება, ურიგო არ იქნება, ეს ფუნქცია კონკურენციის სააგენტოს ჭერქვეშ გადაგვეტანა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტო და მომხმარებელთა უფლებების დაცვა სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ, მომხმარებლის კეთილდღეობა ორივეს საერთო ამოცანაა. ამგვარი მერჯერის მომხრეები ამტკიცებენ, რომ „ინტეგრირებული სამმართველო გახდება უფრო ძლიერი, ერთიანი და გაცილებით უკეთ წარმოჩენილი საზოგადოებაში“ (OECD-ის მრგვალი მაგიდა კონკურენციის სამმართველოების ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებაზე, 2015 წ.). კონკურენციის სააგენტოსთან შერწყმა უფრო ჯანსაღი კონკურენციის საწინდარი შეიძლება გახდეს, რაც ქართველი მომხმარებლისთვისაც სასიკეთო იქნება.

უნდა გაერთიანდნენ თუ არა სხვა რეგულატორები კონკურენციის სააგენტოსთან? ორივე რეგულატორს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) მონოპოლიური ძალაუფლების რეგულირების და მომხმარებლის დაცვის  15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ მასშტაბის ეკონომიას მივიღებთ. დასაწყისისთვის, ალბათ, უმჯობესია, ხელისუფლებამ მომხმარებელთა უფლებების დაცვა კონკურენციის სააგენტოს დაუქვემდებაროს, რადგან საქართველოში აშკარად საჭიროა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერება. დამატებით, საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სხვა მარეგულირებლების გაერთიანებაც სარგებლის მომტანი იქნებოდა.


მასალის გამოყენების წესები

 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners