ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თანამედროვე გაურკვევლობა და საქართველოს გამჭრელი კარტი?

„საქართველოს უსაფრთხოების ძირეული პრობლემა ის არის, რომ ყველა მთავარი კარტი რუსეთს უჭირავს და არც ახალ ხელს არიგებს ვინმე საქართველოს სასარგებლოდ“, – ამბობს ნილ მაკფარლეინი 2016 წელს საქართველოს უსაფრთხოებაზე დაწერილ სტატიაში. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეზობელი, რომელიც არ არის დემოკრატი, არ სცემს პატივს ერების თვითგამორკვევის უფლებას და, რაც მთავარია, რეალურად იყენებს სამხედრო ძალას ნებისმიერ დროს, როდესაც მისი ინტერესები (ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური) ჯეროვნად არ ფასდება. მეტიც, რუსეთის სამხედრო ძლიერებას კავკასიაში კონკურენტი არ ჰყავს, რადგან რუსეთი არის ერთადერთი წამყვანი ძალა, რომლისთვისაც მსოფლიოს ეს რეგიონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არის, საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე გაწიროს.

რუსეთი არ მალავს თავის გეოპოლიტიკურ შეხედულებებს: მას არ სურს, მეზობლები დასავლეთის მოკავშირეები გახდნენ, ნატოში გაწევრიანებაზე კი ფიქრიც ზედმეტია. და ის  სულაც არ ხუმრობს – ურჩ ქვეყნებს მალევე ახსნებს თავს იარაღის ჟღარუნით. 2008 წელს საქართველოში შემოჭრის ნამდვილი მიზეზი უფრო ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტი იყო, ვიდრე ყალბი სოლიდარობა სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა მიმართ. ამ სამიტზე ნატო საქართველოსა და უკრაინის წევრობას განიხილავდა, „ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება კი მიუღებელი იყოს რუსეთისთვის“ (ნ. მაკფარლეინი). კიდევ უფრო ნათელი მაგალითია უკრაინა: რუსეთის სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში სწორედ ნატოში გაწევრიანების სურვილით იყო გამოწვეული.


არის თუ არა ნეიტრალიტეტი ალტერნატივა?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრიის მდგომარეობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დღევანდელი საქართველოსას. ქვეყანა დაპყრობილი იყო საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. თავად ავსტრიელებს, დღევანდელი ქართველების მსგავსად, ძალზე ცხადი პრეფერენციები ჰქონდათ და თავს დასავლეთის ოჯახის წევრად მოიაზრებდნენ. თუმცა სტალინმა მათ მკაცრი მოთხოვნა წაუყენა: ავსტრია (სადაც სტალინი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა – კიდევ ერთი მსგავსება საქართველოსთან) არ უნდა გამხდარიყო დასავლეთის ბლოკის ნაწილი. თუ ეს მოთხოვნა შესრულდებოდა, მოსკოვი ნებას დართავდა ავსტრიას, თავად წარემართა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ეკონომიკა და შიდა პოლიტიკა. ავსტრიის პარლამენტი მიხვდა, რომ სრული სუვერენიტეტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა ღირებული, თუ ქვეყანას მისი რეალიზების ძალაც ექნებოდა. სწორედ ამიტომ 1955 წლის 26 ოქტომბერს ავსტრიის პარლამენტმა დაამტკიცა ცნობილი ნეიტრალიტეტის დეკლარაცია, რომელიც დღემდე კონსტიტუციურად განსაზღვრავს ავსტრიის (გეო)პოლიტიკურ იდენტობას.

წლებთან ერთად ნეიტრალიტეტმა მრავალი უპირატესობა მოუტანა ავსტრიას. პირველ რიგში, ავსტრიამ უმდაბლეს ნიშნულამდე დაიყვანა სამხედრო დანახარჯები. 2015 წელს ავტრიის სამხედრო დანახარჯები მშპ-ის მხოლოდ 0.7% იყო, რაც გაცილებით ნაკლებია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯებზე (მთლიანი მშპ-ის 2.4%). ეს მაჩვენებელი საქართველოს სამხედრო დანახარჯებზე ნაკლებიცაა (საქართველოს სამხედრო ხარჯი 2007 წლის 9%-დან 2.3%-მდე შემცირდა). ავსტრიაზე თავდასხმის შემთხვევაში, არავინ იყო ვალდებული, მას გადარჩენაში დახმარებოდა, ქვეყანას მეტიც რომ დაეხარჯა თავდაცვაზე, მარტო მაინც ვერ გაუმკლავდებოდა წითელ არმიას. სწორედ ამიტომ ავსტრიამ გაუმართლებლად მიიჩნია ძვირადღირებული ჯარის შენახვა.

მეორე, ავსტრიას ამ წლების განმავლობაში არავინ დასხმია თავს. ნეიტრალურ ქვეყანაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონის დარღვევაა. ამ კანონმა ვერ დაიცვა ბელგია,  რომლის ნეიტრალიტეტიც ორჯერ დაარღვია გერმანიამ XX საუკუნეში; შვეიცარიის შემთხვევა კი საპირისპირო მაგალითია, რომელმაც აჩვენა, რომ დიქტატორებიც კი იკავებენ თავს ნეიტრალურ ქვეყანაში შეჭრისგან. ნეიტრალიტეტში ბელგიის სამწუხარო გამოცდილება მისმა უიღბლო გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა: ის გერმანიასა და საფრანგეთს შორის მდებარეობს. შვეიცარიას კი, რომელიც ერთმანეთში მეომარ ქვეყნებს შორის არ იყო მოქცეული, ჰიტლერიც კი არ მიჰკარებია.

მესამე, ნეიტრალურ ქვეყანას უფრო ადვილად შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციების მოზიდვა. ეს კი ანგარიშგასაწევი ეკონომიკური ფაქტორია, საქართველოსთვის ეს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვეიცარიისა თუ ავსტრიისთვის. ჟენევა მრავალ სარგებელს იღებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, არც ვენა დარჩენილა სარგებლის გარეშე. რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა თბილისმა?


საქართველოს დასავლური კურსი

უდავოდ, საქართველომ ყველა გზას უნდა მიმართოს, რათა ნამდვილად დასავლური ქვეყანა გახდეს, როგორც ეკონომიკის, ისე საზოგადოების თვალსაზრისით. ავსტრიული და შვეიცარიული მაგალითები იმის დასტურია, რომ ამ მიზნის მიღწევა დასავლეთთან სამხედრო კავშირების ჩამოყალიბების გარეშეც შეიძლება. მეტიც, შვეიცარიელები და ავსტრიელები გამორჩეულად გამდიდრდნენ. მათ, ვისაც ეშინია, რომ ნეიტრალური საქართველო სომხეთს დაემსგავსება, სადაც რუსული ეკონომიკურ-კულტურული გავლენა საზოგადოებაზე ძლიერია, ავიწყდებათ, რომ სომხეთი არსებითად დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე მტრულ გარემოში გადასარჩენად. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია მეტი გავლენა ჰქონდეს სომხეთზე. ნეიტრალურ საქართველოსთან კი მას ეს უპირატესობა ვერ ექნება.

წარსულში საქართველო და უკრაინა ცდილობდნენ ნატოს ქოლგისთვის შეეფარებინათ თავი, რათა რუსეთის აგრესია აერიდებინათ თავიდან, რეალურად კი სწორედ ამ ქმედებით იწვევდნენ რუსეთის აგრესიას. თუ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ განაცხადებს, რომ არ სურს ნატოში გაწევრიანება და, მეტიც, რეალურად ექნება სამხედრო ნეიტრალიტეტი, არ გახდება დასავლეთის ბლოკის დე ფაქტო წევრი, რუსეთს გაუქარწყლდება „ალყაში მოქცევის“ შიში. რუსეთს ხელიდან გამოეცლება საქართველოზე კონტროლის მოპოვების მიზეზი. იქნება თუ არა ეს ჭკვიანური არჩევანი? საქართველოს დასავლეთ მეზობლებს არ სურთ, საქართველო იარაღით მოამარაგონ და რუსეთთან გასამკლავებლად საჭირო სამხედრო დახმარება გაუწიონ, აღარაფერს ვამბობთ მათი სამხედრო ძალების საქართველოს დასაცავად გამოყენებაზე, ამიტომ, იქნებ, სჯობს, თვალი გავუსწოროთ რეალობას. და მაინც, როგორია რეალობა დონალდ. ჯ. ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ?

თუ ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით და წევრებით ვიმსჯელებთ, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გადაჰყავს ახალ, რეალპოლიტიკის მოდელზე, რომელსაც შეგვიძლია ტრანზაქციული დიპლომატია ვუწოდოთ. ეს კურსი ცდება ძველ ბიპოლარულ ან მულტიპოლარულ მიდგომას, თუმცა გამორიცხავს ხარჯების შემცირებას. იზოლაციონიზმის ან შერჩევითი ინტერვენციის საპირისპიროდ, შეერთებული შტატები, ტრამპის მმართველობის ქვეშ, უფრო დიდი ალბათობით, სახელმწიფოზე მორგებულ კორპორატიულ მოდელს გამოიყენებს და სხვა სახელმწიფოებთან უფრო პირდაპირი გარიგებები ექნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ადმინისტრაციის ტაქტიკური გადაწყვეტილებები და განხორციელების პროცესები თანმიმდევრულ სტრატეგიას იქნება მოკლებული:  კონკრეტული შემთხვევის გარემოებები განყენებულად შეფასდება და არა გლობალური გამოწვევებთან კონტექსტში,  იქნება კომპრომისებიც და მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსები (დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო ან ყველა ერთად) საჭიროებისამებრ გამოიყოფა. არსებობს აშკარა ნიშნები, რომ საერთაშორისო კონვენციებსა და წესებს კორპორატიული ინტერესები ჩაანაცვლებს; აშშ-ის საგარეო პოლიტიკაც შეიძლება ამ ინტერესებმა წარმართოს.

ამ რეალობაში საქართველო ორი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას: მან უნდა განაგრძოს ნატოსკენ სწრაფვა და, ამავდროულად, შეიმუშაოს სრულიად უნიკალური მიდგომა ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ახალი ქარების მიმართ,  რომლებიც, როგორც ჩანს, იმ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ქრიან, რაც 1990-იანებში ნატოს გაფართოებისას ვიხილეთ. დღეს, როდესაც განსაკუთრებით რთულდება საქართველოს ინტერესების თანხვედრა აშშ-ის ახალი ლიდერების – გავლენიანი კორპორატიული ჯგუფების – ინტერესებთან, დღის წესრიგში შემოდის საგარეო პოლიტიკაში კომპრომისებზე წასვლა. მომდევნო წლებში არასახელისუფლებლო პირებს –  პრივილეგირებულ მსხვილ ბიზნესებს – დიდი გავლენა ექნებათ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე. საქართველო, რომელიც კავკასიაში დასავლური ცივილიზაციის საყრდენია, მზად უნდა იყოს, ფორმა შეუცვალოს საკუთარი პროფილს ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში და თავად გამოძერწოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული სუბსიდიები.

დროა, დავემშვიდობოთ დიპლომატიის დრომოჭმულ მეთოდებს, რომელთაც ვერ მოიტანეს ხელშესახები შედეგები. ისინი არ შეესაბამებიან ახალ რეალობას, სადაც უნივერსალურ თავისუფლებაზე ორიენტირებული უილსონის ერა შეცვალა ვიწრო ფოკუსის მქონე, ახალი სტილის პრაგმატიზმმა. ამ პოლიტიკისთვის სულერთია მორალი და მიზნად მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ისახავს. ამ ყველაფრის ფონზე, იქნებ, საქართველომაც უნდა შეწყვიტოს მორალზე ჩივილი – აშკარაა, რომ ხვალინდელი მსოფლიო ტაშით შეეგებება raison d'etat პოლიტიკას, ნაცვლად გულისამაჩუყებელი თავისუფლება-ერთობა-ძმობისა.

დრო ყველაფერს ნათელს მოჰფენს და საკმაოდ სწრაფადაც. სამწუხაროდ, ჩვენი დროებაც, ალბათ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ისტორიის ფავორიტი ძალაუფლებაა და არა მორალი. მეტიც, საგარეო საქმეების ტრანზაქციულობისა და ტაქტიკურობის გათვალისწინებით, ქვეყანა დინებას გაჰყვება და ამ ისტორიულ  პერიოდში, უსაფრთხო ნაპირთან მისასვლელად, აუცილებელი იქნება კურსის მარჯვედ შეცვლის უნარი.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners