ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქორწინება: სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს(?)

წანამძღვარი: დასაწყისშივე უნდა ვაღიარო, რომ არ ვარ დაქორწინებული, შესაბამისად, ქვემოთ დაწერილი არის ქორწინების ფენომენის ახსნა გარედან, დამკვირვებლის მიერ.

ქორწინების ფენომენი ჩვენი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში ქორწინება „აუცილებელი“ რამაა. ქორწინების რიტუალს აღასრულებს რელიგიური ან სახელმწიფო დაწესებულება, ან ორივე ერთად. ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული ქართველი ახალგაზრდების კვლევა ავლენს 14-29 წლის ახალგაზრდების აღქმას, ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. კვლევის სახელია „თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016, საქართველო“. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია პასუხების გადანაწილება შეკითხვაზე: რა უპირატესობა აქვს ქორწინებას თანაცხოვრებათან შედარებით?

ქართველი ახალგაზრდები თვლიან, რომ ქორწინება თანაცხოვრებაზე უკეთესია ორი მთავარი მიზეზით: პირველი, ქორწინება მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პარტნიორებს (43%); მეორე, ქართული საზოგადოება მეტ პატივს სცემს ქორწინებას (25%). ამ მიზეზებს მესამე ახსნაც მოსდევს – ქორწინება  ბავშვების მიმართ მეტ პასუხისმგებლობას აჩენს (12%).  როგორც ჩანს, ახალგაზრდების აღქმაში ქორწინება თანაცხოვრებაზე უკეთესი მექანიზმია, როდესაც საქმე პარტნიორების პასუხისმგებლობას და ბავშვების აღზრდას ეხება. საზოგადოების ზეწოლა ნაკლებია, თუ დაქორწინებული ხართ (და თუ თქვენი მთავარი მოვალეობა – ბავშვების ყოლა – მოხდილი გაქვთ).

რატომ გახდა ქორწინება ჩვენი არსებობის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი? 

1. პირველ რიგში, ქორწინება ინსტიტუტია, თანაც ძალიან ძველი. ინსტიტუტები, დუგლას ნორტის განმარტებით, არის „ადამიანების მიერ შექმნილი შეზღუდვები, რომლებზეც იგება  პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები“. შეზღუდვებს, ნორტის აზრით, ფორმალური წესების (კონსტიტუციები, კანონები, საკუთრების უფლებები) და/ან არაფორმალური აკრძალვების (სანქციები, ტაბუ, ტრადიციები, ქცევის წესები) სახე აქვს. ეს შეზღუდვები, როგორც წესი, ემსახურება ბაზარზე ან საზოგადოებაში გარკვეული წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ქორწინება კი ფორმალური და არაფორმალური წესების – რელიგიური ქორწინების ფიციდან დაწყებული სამოქალაქო ქორწინების მარეგულირებელი კანონებით დამთავრებული –  მრავალი რთული შრისგან შედგება. მეტიც, ქორწინებამდე და ქორწინებაში მყოფი ადამიანების ქცევაზე ძლიერ გავლენას ახდენს კულტურული ნორმები (მაგ.: ზოგიერთ კულტურაში კვლავ შემორჩენილია პატარძლისთვის გარკვეული საფასურის გაღება, მზითევი, პოლიგამია). თუმცა, მიუხედავად მისი ყველა შესაძლო სახესხვაობისა, ქორწინების ინსტიტუტმა მრავალ საუკუნეს გაუძლო და დღემდე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

2. ის ფაქტი, რომ ქორწინების ინსტიტუტი დღემდე შემორჩენილია, მიუთითებს, რომ ის ძალიან ეფექტურია. ეს ნიშნავს, რომ ქორწინებას/ოჯახს, როგორც ინსტიტუტს, გადარჩენის უფრო ძლიერი უნარი აქვს, ვიდრე ორგანიზების სხვა მეთოდებს, რომლებიც იმავე მიზანს ემსახურებიან. ამასთან, გადარჩენის ეს უნარი ეფექტურია დროში, გეოგრაფიულ სივრცესა და კულტურებში! ეკონომიკურ ლიტერატურაში გადარჩენის უნარად მიჩნეულია მასშტაბის ეკონომიისა და სპეციალიზაციის მეშვეობით შედარებითი უპირატესობის გამოყენების უნარი (ბეკერი, 1985 წ.), რისკების გაზიარება (კოტლიკოვი და სპივაკი, 1981 წ.; ჰესი, 2004 წ.), საოჯახო მეურნეობების საზოგადოებრივი საქონლის შექმნა და მოხმარება, შვილების ჩათვლით (ბეკერი, 1965 წ.), და კრედიტით უზრუნველყოფა (კოქსი, 1987 წ., 1990 წ.). ამ უნართაგან არცერთია ექსკლუზიურად დამახასიათებელი მხოლოდ ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის, შესაბამისად, ისინი არ გამოდგება ქორწინების არსებობის ასახსნელად.

ოჯახის ძირითადი სტრუქტურა ერთ ქალსა და ერთ მამაკაცზეა აგებული. ოჯახები ბავშვების აღზრდისა და ადამიანური კაპიტალის ერთი თაობიდან მეორეზე გადაცემის ძალიან ეფექტური მექანიზმი გამოდგა. ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული, არაერთი მცდელობა ყოფილა, ბავშვები ოჯახებს გარეთ აღზრდილიყვნენ, თუმცა ორგანიზაციის მსგავსმა ფორმებმა ვერ მოაღწია ჩვენამდე. ევოლუციური ბიოლოგიის თვალსაზრისით, ქორწინებას გადარჩენის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის ქალებს (რომლებიც კისრულობენ ორსულობასა და ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტეს ნაწილს) „აზღვევს“ მამაკაცების მიტოვებისაგან. ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი მაგალითი ამ თვალსაზრისს შეესაბამება. ზოგიერთ სახეობაში, მდედრი არ თანხმდება შეწყვილებას, ვიდრე მამრი ბუდეს/ბუნაგს არ ააშენებს მათთვის, და ამგვარად აიძულებს მას, შეწყვილებამდე გაიღოს საჭირო ინვესტიცია. სხვა სახეობებში, მდედრები გამრავლებას არ ჩქარობენ, გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებიან მამრებს, რათა წინასწარ დარწმუნდნენ მათ ერთგულებასა და ოჯახურობაში. მდედრების თვალთმაქცური სიმორცხვე და ხანგრძლივი არშიყობა ძალიან გავრცელებულია ცხოველებში. ქორწინება ადამიანების სამყაროშიც მსგავს  მიზანს ემსახურება.

თუმცა ქორწინებიდან სარგებელს იღებენ არამხოლოდ ქალები. ბეთმენი და კვასნიკა (2011 წ.) წარმოგვიდგენენ ქორწინების ძალიან საინტერესო ასპექტს მამაკაცის თვალსაზრისით. ისინი ამტკიცებენ, რომ ქორწინების უმთავრესი მიზანია, თავიდან აგვარიდოს შეწყვილების ბაზრის ჩავარდნა, რაც განპირობებულია მამობაზე არასრული ინფორმაციის არსებობით. ყოველთვის ცნობილია, ვინ არის ბავშის დედა, თუმცა, მამობა ასე ადვილად დასადგენი არ არის. თუ ცხოველთა სამყაროს დავუბრუნდებით, ბევრ სახეობაში მამრებიც მიმართავენ არშიყობის ხანგრძლივ პერიოდს, ვიდრე შეწყვილდებიან მდედრთან, ამგვარად მდედრისგან განდევნიან ყველა სხვა მამრს და მდედრსაც არ აძლევენ თავის დახსნის საშუალებას.  ეს სტრატეგია მისთვის იმის გარანტია, რომ ბავშვი მისი იქნება და არ მოუწევს სხვა მამრის შვილის უზრუნველყოფა.

მაშასადამე, ადამიანებში ქორწინება ორმაგ რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს: ის, ერთი მხრივ, ქალებისთვის დაზღვევაა, მეორე მხრივ, კი კაცებისთვის – მამობაზე ინფორმაციის ასიმეტრიულობასთან გამკლავების მექანიზმი. მამობაში დარწმუნებულობა მეტ მოტივაციას აძლევს მამრს, იზრუნოს შვილებზე. ქორწინების სხვადასხვა ტიპი სხვადასხვა ხარისხის ინვესტიციას განაპირობებს ბავშვების გაზრდაში. ამ თვალსაზრისით მონოგამია ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა (პერი, 2016 წ.).

3. ქორწინებაში ყოველთვის ჩართულია მესამე მხარე, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ეკლესია ან სახელმწიფო, რომელიც გასცემს ოჯახის შექმნის „ლიცენზიას“ – უფლებას. ეს „ლიცენზია“, როგორც წესი, ცხოვრების ბოლომდე მოქმედებს. გაიხსენეთ ქორწინების ფიცი „ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს!“ სახელმწიფოს მიერ გაცემული „ლიცენზიები“ ძალიან კონკრეტულ სარგებელს იძლევა. ესენია: მემკვიდრეობა, საკუთრებაზე უფლება, მეუღლის იურიდიული უფლებები, უფლება სხვადასხვა პროგრამაზე, გადაწყვეტილება სუროგაციაზე, შვილის აყვანის უფლება და ა.შ.

ამ სარგებლის გარდა, მესამე მხარის მიერ ქორწინების ლიცენზირება ქორწინების ინსტიტუტს სტაბილურობას მატებს, რადგან იზრდება განქორწინების ხარჯი. როგორც წესი, ხარჯი მაღალია რელიგიურ ქორწინებაში (მორწმუნეებისთვის) და ზომიერი – სამოქალაქო ქორწინებისას.

ნებისმიერი ინსტიტუტისთვის ძალიან მნიშნველოვანია გადარჩენის უნარი. თუ ევოლუციური ბიოლოგიისა და ინსტიტუციური ეკონომიკის წარმომადგენლები არ ცდებიან და გამრავლება, შვილის გაზრდა, მამობაში დარწმუნება და მდედრის დაზღვევა ქორწინების გადარჩენის განმაპირობებელი ფაქტორებია, თანამედროვე ცვლილებებმა ტექნოლოგიებსა და სოციალურ გარემოში, შესაძლოა, ამ ინსტიტუტების გადარჩენა და ეფექტურობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. საოჯახო მეურნეობების ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და გაზრდილმა სახელმწიფო დახმარებებმა შეამცირა ბავშვის გაზრდის ხარჯები. გარდა ამისა, ქალები სულ უფრო მეტად მოწილეობენ სამუშაო ძალაში და იზრდება მათი დასაქმების მაჩვენებელიც, ამასთან, ისინი სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებიან. ასევე, ხელმისაწვდომია მამობის დასადგენი ტესტები, რაც აგვარებს ზემოთ ნახსენებ მამობაზე ინფორმაციის ასიმეტრიულობის პრობლემას.  გასაკვირი არ არის, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იზრდება განქორწინების და თანაცხოვრების რიცხვი, ასევე, მარტოხელა მშობლების რაოდენობაც.

ყველა ეს ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ დაწყვილების ბაზრის ქორწინებით რეგულირების მექანიზმი სუსტდება. ზემოთ მოყვანილ გამოკითხვაში ამ ცვლილებების პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება საქართველოში. როდესაც რესპონდენტები საუბრობენ ქორწინების უპირატესობაზე თანაცხოვრებასთან შედარებით, ისინი ბავშვებზე პასუხისმგებლობას მესამე ადგილზე აყენებენ, იმაზე დაბლა, ვიდრე ფაქტორს, რომ ქორწინებას ქართული საზოგადოება მეტ პატივს სცემს.

შესაძლოა, ბრალი დამდოთ იმაში, რომ რომანტიკული ურთიერთობების მთავარ ასპექტებად სიყვარულსა და ნდობას არ ვასახელებ. მე ისინი მსჯელობიდან გამოვტოვე, რადგან ეს ფაქტორები არამხოლოდ ქორწინების, არამედ თანაცხოვრებისთვის აუცილებელი წინაპირობებია და შესაბამისად, ქორწინებას რაიმე უპირატესობას არ აძლევს ამ თვალსაზრისით.

ბლოგი მინდა ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო შეკითხვით დავასრულო: შეძლებს თუ არა ქორწინება, ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი ინსტიტუტი, გადაურჩეს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და გაუმკლავდეს იმ ძირეულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ამჟამად დგას?


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners