ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქართველ აგრომეწარმეთა ახალი თაობა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის „დასაქმების გლობალური ტენდენციები“ მიხედვით, მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობაზე დასაქმების 32% მოდის, აზიასა და წყნარ ოკეანეთში – 39%. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა იშვიათად ხვდება ახალგაზრდების საოცნებო სამსახურების სიაში.

კორეისა და ავსტრალიის მსგავს განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმება სულ უფრო პოპულარული ხდება, განვითარებად ქვეყნებში კი სოფელში დაბრუნება სიღარიბესთან, არაპროდუქტიულობასა და პროგრესის  ნაკლებობასთან ასოცირდება.

საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ამ დარგში დასაქმება მძიმე გარემოებების შედეგია და არა ნებაყოფლობითი კარიერული არჩევანი. სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველებს სოფლის მეურნეობა არ იზიდავს და ამ დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა რიცხვი სხვა სპეციალობებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.

ქართველი სტუდენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესს, იურისპრუდენციას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო დარგებს, სოფლის მეურნეობაში განათლებაზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია. ეს ტენდენცია არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ, სტუდენტების მოსაზიდად, სოფლის მეურნეობის განხრით სწავლება უფასო გახადა.

ამავე დროს, უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ახალგაზრდებს შორის, სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან შედარებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი სტუდენტების მიერ კარიერის თაობაზე გაკეთებული არჩევანი ყოველთვის არ სრულდება მოსალოდნელი შედეგებით – დასაქმებითა და მაღალი შემოსავლით.

მიუხედავად იმისა, რომ  უმუშევრობა ახალგაზრდებში მაღალია, სოფლის მეურნეობა კვლავ არაპოპულარულია დასაქმების თვალსაზრისით.


რა არის ამის მიზეზი?

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად შემდეგ გამოწვევებს აწყდებიან: განათლების  და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობის ნაკლებობა, შეზღუდული წვდომა ფინანსებზე, სოფლის მეურნეობის უარყოფითი იმიჯი და განუვითარებული სოფლები.

განათლების და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობის ნაკლებობა გამოიხატება იმაში, რომ ძალიან ცოტა უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საგნების სწავლებას. ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა რეგიონულ ფილიალებში, თუმცა თბილისის წამყვან უნივერსიტეტებს ან საერთოდ არ აქვთ სწავლება სოფლის მეურნეობის განხრით, ან აქვთ სპეციალობების მცირე არჩევანი.

შეზღუდული წვდომა ფინანსებზე კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელსაც სოფლის მეურნეობაში ჩართვის მოსურნე ახალგაზდები აწყდებიან. მათ უმეტესობას არ გააჩნია დანაზოგი, რადგან ახალგაზრდები არიან და ასევე უჭირთ სესხის მიღება ბანკიდან. შედეგად, სოფლის მეურნეობაში თვითგანვითარების შესაძლებლობებიც მცირე აქვთ.

სოფლის მეურნეობის უარყოფითი იმიჯი კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც ახალგაზრდები თავს იკავებენ სოფლის მეურნეობაში ჩართვისგან. ქართული საზოგადოება ყოველთვის მეტ პატივს სცემდა იურისტებს, ექიმებსა და ეკონომისტებს, ვიდრე ფერმერებს; ფაქტობრივად,  მიიჩნევა, რომ სოფლის მეურნეობას ნებისმიერი სხვა პროფესია სჯობს. ძალიან ცოტა ადამიანი თუ განიხილავს ფერმერობას მომგებიან ბიზნეს-შესაძლებლობად. უმეტესობისთვის ფერმერობა კვლავ საარსებო საკვების მოპოვებასთან ასოცირდება.

განუვითარებელი სოფლები ახშობენ ახალგაზრდებში სურვილს, დარჩნენ სოფლად და თავი ფერმერობას მიუძღვნან. როდესაც ახალგაზრდები ვერ პოულობენ სამსახურს თავიანთ მხარეში, ისინი დიდ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში მიდიან შესაძლებლობების საძიებლად, სადაც მათ ბუნდოვანი მომავალი ელით.

ეს გამოწვევები აბრკოლებს ბევრ ქართველ ახალგაზრდას სოფლის მეურნეობაში ჩართვაში. ბევრი დგება განზე, თუმცა ყველა არა...


აგრომეწარმეები

აგრომეწარმეები არიან მეწარმეები, რომლებმაც თავიანთი ფერმა ბიზნესად აქციეს. მათი უმეტესობა ახალგაზრდა, ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერია, თუმცა მათ შორის არიან საშუალო ასაკის აგრომეწარმეებიც, რომლებიც არიან ჩართულები არა უშუალოდ ფერმერობაში, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაში ან შეფუთვაში.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ქართველი აგრომეწარმე თომა ხალვაში, აგრო საკონსულტაციო ცენტრის 27 წლის დამფუძნებელი. ცენტრი აჭარაში მდებარეობს და წარმოადგენს რვა ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომელთა შორის ყველაზე უფროსი არის 30 წლის. კომპანიას საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელი აქვს და ფერმერებს სთავაზობს ერთწლიან საკონსულტაციო პაკეტს, რაც მოიცავს ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციას, ასევე, ორ ვიზიტს ფერმაში. ცენტრი, ასევე, ფერმერებს სთავაზობს ნიადაგის ლაბორატორიულ ანალიზს, შხამ-ქიმიკატებს, ნერგებს, აგროკალენდრის შედგენას, საინფორმაციო ბროშურებსა და ტრენინგებს. ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დაკონტრაქტებული ფერმერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა და მათი საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანა.

ცენტრს აქვს სანერგე, აგრომაღაზია და ლაბორატორია. ის მუშაობს ონლაინ-კატალოგის შექმნაზე, რათა ფერმერებმა შეძლონ სასოფლო-სამეურნეო მასალის ონლაინ შეძენა. ცენტრი ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს მომხმარებლებს. ასეთი მრავალფეროვანი პორტფელი შექმნილია მთავარი მიზნის – ფერმერების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების – მისაღწევად.

პრინციპი, როგორც ჩანს, პრაქტიკაში კარგად მუშაობს, რადგან დღეს ცენტრს 1150 ბენეფიციარი ფერმერი ჰყავს, მათგან 1000-მდე ფერმერმა კი 350 ლარად შეიძინა ერთწლიანი საკონსულტაციო პაკეტი. იმისათვის, რომ მომხმარებლების ამ რაოდენობისთვის მიეღწიათ, ცენტრი დასაწყისში ფერმერებს სთავაზობდა უფასო კონსულტაციებს, ტრენინგებსა და ლექციებს. მას შემდეგ რაც სანდო საკონსულტაციო ცენტრის იმიჯი დაიმკვიდრეს, ცენტრის წარმომადგენლებმა შექმნეს მომსახურების პაკეტი და შესთავაზეს ფერმერებს; ფერმერთა ინტერესი კომპანიის მიმართ დღითიდღე იზრდება.

თომა ხალვაში წარმატებული, მაგრამ იშვიათი შემთხვევაა.


როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდები ქართულ სოფლის მეურნეობაში?

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამაში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საგნების დამატება. კენია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში ეს რეკომენდაცია. აფრიკაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართვას, აფრიკელ მოწაფეებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ მეტი ინფორმაცია მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებაზე, ასევე, ფასდადებასა და  გლობალურ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაზე. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საგნების სასწავლო პროგრამაში დამატება საქართველოში არა მხოლოდ აამაღლებს ცოდნის დონეს სოფლის მეურნეობის შესახებ, არამედ დადებითად იმოქმედებს ამ დარგის იმიჯზე და ახალგაზრდებიც მეტად დაინტერესდებიან მისით.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია სოფლის განვითარება – ძალიან რთული საკითხი, რომელიც, განმარტების თანახმად, გულისხმობს შედარებით იზოლირებულ და იშვიათად დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობამ წელს მიიღო სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია და რამდენიმე დღის წინ ის საჯაროდ წარადგინა. იმედია, სტრატეგია მიაღწევს დასახულ მიზანს და სოფლები ახალგაზრდებისთვის უკეთესი ადგილი გახდება საცხოვრებლად და სამუშაოდ.

სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვის სხვა გზებია აგრობიზნესისთვის მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნა (მაგ. საგადასახადო შეღავათები), საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემა, ახალგაზრდა ფერმერების დახმარება სტარტ-აპ ფაზაში, ისე, როგორც ეს ხდება ევროპის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკაში და სხვ.

ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველების ენერგიისა და ნიჭის მიმართვას სოფლის მეურნეობისკენ, რაც უზრუნველყოფს დარგის განვითარებას და სასურსათო უსაფრთხოებას.


 

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

 

 

 


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners