ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოში განათლება ფასობს (მაგრამ არ ამდიდრებს)

„განათლებაა ის, რაც რჩება მას შემდეგ, რაც სკოლაში ნასწავლი გვავიწყდება, – ალბერტ აინშტაინი

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განათლებაშია ნათელი მომავლის გასაღები. ზოგადად, განათლებულ ადამიანებს უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ, მათში დაბალია უმუშევრობის დონე. განათლების მაღალი დონის მქონე ქვეყნები უფრო სწრაფად იზდებიან და მათთან ინოვაციაც მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში განათლება ინვესტიციად მიიჩნევა და, მსგავსად სხვა ინვესტიციებისა, განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასაც თან სდევს ხარჯები და სარგებელი. განათლებასთან დაკავშირებული ხარჯია ის დრო (ალტერნატიული დანახარჯი) და ფული (სწავლის საფასური და სხვა გადასახადები), რასაც ადამიანები ხარჯავენ საშუალო სკოლის ატესტატის, პროფესიული განათლების სერტიფიკატისა თუ უნივერსიტეტის დიპლომის მოსაპოვებლად. განათლებით მოტანილი  სარგებელი კი მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა (განათლებას სხვა სარგებელიც მოაქვს. მაგალითად, უკეთესი სამუშაო პირობები, აღიარება და მიღწევები სამსახურში). ემპირიული ლიტერატურა გვეუბნება, რომ განათლება ორგვარად ახდენს გავლენას შემოსავლებზე. პირველი, განათლება აუმჯობესებს ჩვენს უნარებს, რის შედეგადაც იზრდება შრომის ნაყოფიერება. ამას კი ხელფასების ზრდამდე მივყავართ. მეორე, უმაღლესი განათლება იძლევა დიპლომებს, რაც დამსაქმებლისთვის ნიშანია, რომ კანდიდატს ამა თუ იმ სამუშაოსთვის შესაფერისი უნარ-ჩვევები გააჩნია.

ადამიანური კაპიტალის მიდგომა ემყარება იმ იდეას, რომ საჭიროა, ხარჯები და სარგებელი ერთმანეთს შევადაროთ და ისე გადავწყვიტოთ, რა ეტაპზე შევწყვიტოთ განათლება. თუ სარგებელი იმდენად დიდი არ არის, რომ ხარჯები დააკომპენსიროს, ადამიანი ჩათვლის, რომ არ ღირს დამატებითი ხარისხის მოპოვება. ამიტომ, როდესაც ვაანალიზებთ ჩვეულებრივი ადამიანების გადაწყვეტილებას, რა მოცულობის ინვესტიცია გაიღონ განათლებისთვის, მნიშნელოვანია, განვსაზღვროთ, რა დამატებით შემოსავალს მოუტანს ადამიანს დამატებითი ხარისხი. თუმცა სამყარო ასეთი მარტივი როდია, სწავლის გაგრძელება-შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე კიდევ სხვა უამრავი სოციალურ-ეკომიკური ფაქტორი ახდენს გავლენას (ლამიე, 2001 წ.). ამ ბლოგში შევეცდებით, გავზომოთ განათლების გავლენა შემოსავლებზე საქართველოში და ამისათვის დავაკვირდებით მთავარ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მოქმედებს ხელფასების გადანაწილებაზე.

საქართველო გარდამავალი ეკონომიკაა, სადაც მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები მოხდა გარდამავალი პერიოდის პირველ დეკადაში და ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ომების, წარუმატებელი ინსტიტუციური რეფორმების, ჰიპერინფლაციის, არაეფექტიანი საგადასახადო სისტემის და ბიუჯეტის მუდმივი სეკვესტრის შემდეგ, ჯანსაღი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა ნაკლებად პრიორიტეტული გახდა საქართველოს მთავრობებისთვის. ვარდების რევოლუციამდე საგანმანათლებლო სისტემაში სამი მთავარი პრობლემა იყო: კორუფცია, განათლებაზე წვდომა და დაბალი ხარისხის განათლება. საგანმანათლებლო სისტემის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, უმაღლეს განათლებაზე დიდი მოთხოვნა იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ წარმატებით გადაიჭრა კორუფციის და ხელმისაწვდომობის პრობლემა, თუმცა განათლების ხარისხი დღემდე მწვავე გამოწვევად რჩება.

შემოსავლებზე განათლების გავლენის შემსწავლელი ეკონომიკური ლიტერატურის უდიდესი ნაწილის ინსპირაცია იყო მინცერის (1974 წ.) და ბეკერის (1975 წ.) პირველი ნაშრომები ადამიანურ კაპიტალზე. მინცერმა (1975 წ.) სწავლის გაგრძელების გავლენა გაზომა მარტივი უმცირეს კვადრატთა მეთოდით, სადაც ცვლილება შემოსავლებში მიიჩნია დამოკიდებულ ცვლადად, რომელიც სწავლის წლების, პოტენციური გამოცდილებისა და პოტენციური გამოცდილების კვადრატით აიხსნებოდა. ამ ბლოგში განხილულია მინცერის კლასიკური განტოლების სახეცვლილი ვარიანტი, სადაც ვაკვირდებით დიდი რაოდენობით სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც, ასევე, გავლენას ახდენს ადამიანის შემოსავლებზე. დამოკიდებულ ცვლადად შემოსავალი ავიღეთ, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: ხელფასი, რომელსაც დაქირავებული მშრომელი იღებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საკუთარ საწარმოებზე მომუშავე მეწარმეების შემოსავლები და ფერმერების შემოსავლები, არასასოფლო-სამეურნეო სექტორში (წარმოება, ვაჭრობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, რეწვა, შეკეთება ან პროფესიული საქმიანობა – რეპორტიორი, სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია) დაქირავების გარეშე მომუშავე ადამიანების შემოსავალი. მეტიც, ამ კვლევის მთავარი ინტერესის საგანია ორი ბინარული ცვლადი – პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება (განათლების სხვა უფრო დაბალი დონეები მიჩნეულია ბაზისად). ჩვენ დავაკვირდით ადამიანების გამოცდილებას ასაკის, სქესის, ეთნიკურობის, ადამიანების ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილების, ქორწინების სტატუსის და დასაქმების სფეროების მიხედვით. ეს მარტივი უმცირეს კვადრატთა ანალიზი ემყარება 2008-2014 წლებში ჩატარებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევების ყოველწლიურ მონაცემებს და მოგვაწოდა საქსტატმა.


განათლების პრემიუმი

პირველ რიგში, შერჩევითი ერთობლიობის ყველა წევრის 20%-დან 24%-ს მიღებული აქვს რაიმე სახის უმაღლესი დონის განათლება, შემოსავლების მქონე დაქირავებულ ადამიანებში ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია – 42%. გარდა ამისა, მთლიან შერჩევით ერთობლიობაში იმ ადამიანების წილი, რომელთაც რაიმე სახის პროფესიული განათლება აქვთ, 20-22%-ია, ხოლო დასაქმებულ ადამიანებში – დაახლოებით 25%. საქართველოში გამორჩეულად დაბალია წერა-კითხვის არცოდნის დონე, მხოლოდ 0.5%-1.15%-მა არ იცის წერა-კითხვა. შესაბამისი სტატისტიკა კვლავ იმაზე მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ძალიან პოპულარულია ქართველებში. თუმცა მთავარია, როგორ ეხმარება პროფესიული და უმაღლესი განათლება ადამიანებს მეტი შემოსავლის მიღებაში. რეგრესული ანალიზის მთავარი მიგნებები მოცემულია ცხრილში 1 (ზოგიერთი გაკონტროლებული ცვლადი ცხრილში არ არის წარმოდგენილი, რომ ცხრილი ძალზე არ გადაგვეტვირთა).

ცხრილი 1: მოდიფიცირებული მინცერის მოდელის შედეგები

ცვლადები 2010 2011 2012 2013 2014
პროფესიული განათლება 6.2%*** 3.7% 3.7% 4.3%* 5.0%**
უმაღლესი განათლება 46.7%*** 43.2%*** 47.0%*** 46.9%*** 44.9%***
ასაკი 3.6%*** 3.6%*** 4.3%*** 4.2%*** 2.7%***
ასაკის კვადრატი -0.04%*** -0.04%*** -0.06%*** -0.05%*** -0.03%***
მამაკაცი 35.6%*** 35.8%*** 34.6%*** 30.9%*** 26.4%***
სოფელი -11.2%*** -5.9%*** -9.7%*** -15%*** -6.2%***
თბილისი 34.9%*** 34.2%*** 31.1%*** 32.6%*** 32.1%***
არარეგისტრირებული ქორწინება -8.9% -11.6% 3.7% -15.8%** -19.3%***
დასაოჯახებელი -8.7%*** -3.0% -7.1%** -9.4%*** -5.9%**
განქორწინებული -1.2% -12.9%* -8.2% -5.3% 1.6%***
სამთო მრეწველობა 86.4%*** 213%*** 213%*** 91.1%*** 91.0%***
მრეწველობა 53.3%*** 56.8%*** 54.6%*** 50.3%*** 51.8%***
ენერგო-სექტორი 81.3%*** 83.1%*** 57.0%*** 73.4%*** 280%***
ვაჭრობა 49.5%*** 53.4%*** 49.4%*** 49.3%*** 46.9%***
ფინანსები 91.8%*** 88.8%*** 91.3%*** 80.9%*** 84.5%***
განათლება 33.3%*** 40.1%*** 27.9%*** 33.7%*** 27.9%***
კონსტანტა 3.82*** 3.84%*** 3.92%*** 4.06%*** 4.46%***
დაკვირვებები 14377 7377 7777 7960 8165
მოსახლეობის რაოდენობა 3,025,452 3,012,067 3,187,662 3,260,734 3,353,555
ასაკის გადაღუნვის წერტილი 41 40 39 41 39
R2 0.30 0.28 0.31 0.32 0.29

წყარო: შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის საფუძველზე ავტორის მიერ გაკეთებული გამოთვლები

უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების შემოსავლები 40-51%-ით მეტია, ვიდრე ზოგადი განათლების მქონე ადამიანებისა. თუმცა, დროთა განმავლობაში, განათლებით მიღებული  პრემიუმი იცვლება და არ ჩანს ზრდის ან შემცირების ცხადი ტენდენცია. უმაღლესი განათლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მაღალ შემოსავლებს, ხოლო პროფესიულ განათლებას, როგორც ანალიზმა უჩვენა, შედარებით მცირე წვლილი შეაქვს – 4-6%. ასევე, აქაც არ გამოვლენილა ცხადი ტენდენცია დროში.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი დონის განათლებისთვის დამახასიათებელია შემოსავლების მნიშვნელოვანი ცვლილება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაინც დაბალია ამონაგები სწავლაზე დახარჯულ ყოველ დამატებით წელზე (ჯუღელი, 2012 წ.). თუ შემოსავლებს ოთხ ჯგუფად დავყოფთ განათლების სხვადასხვა დონისთვის (0-150 ლარი – დაბალი შემოსავალი, 150-435 ლარი – საშუალოზე დაბალი შემოსავალი, 435-1000 ლარი – საშუალოზე მაღალი შემოსავალი და 1000 და მეტი – მაღალი შემოსავალი), დავინახავთ, რომ განათლების დონის ზრდასთან ერთად, მცირდება დაბალი შემოსავლების ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობაც, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. ეს დაკვირვება კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ განათლება ზრდის შემოსავლებს. მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების წილი მაღალია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე ადამიანების ჯგუფში, თუმცა თავად ინდიკატორი მაინც დაბალია ამ ჯგუფებისთვისაც კი – ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ადამიანების მხოლოდ 5% ან 10% იღებს 1000 ლარზე მეტ შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევაში რესპონდენტები რეალურზე მცირე შემოსავალს აფიქსირებენ ხოლმე, ეს განაწილება მაინც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ხელფასების დონე დაბალია მათთვისაც კი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ უმაღლესი განათლების დიპლომის არმქონე ადამიანებს უჭირთ კონკურენციის გაწევა მესამე დონის განათლების მქონე ადამიანებისთვის, როდესაც საქმე მაღალანაზღაურებად სამსახურს ეხება, თუმცა, თავად დიპლომი მაღალი შემოსავლის გარანტია არაა.

გრაფიკი 1: შემოსავლების განაწილება განათლების სხვადასხვა დონეზე

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს, უმაღლესი განათლებით მიღებული დამატებითი შემოსავალი სხვადასხვა ჯგუფისთვის. სწორედ ამიტომ შერჩევითი ერთობლიობა სამ ჯგუფად გავყავით. პირველი ჯგუფი წარმოადგენს ადამიანებს, რომელთაც საბჭოთა განათლება მიიღეს. მეორე ჯგუფი წარმოადგენს ადამიანებს, რომელთაც განათლება მიიღეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ვარდების რევოლუციამდე. მესამე ჯგუფი – ადამიანებს, რომლებმაც განათლება ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღეს. პირველ ჯგუფში ძალიან ბევრი პენსიაზეა გასული, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქცენტი მეორე და მესამე ჯგუფზე გაგვეკეთებინა. მეორე ჯგუფში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების შემოსავალი 40.6%-ით აღემატება იმავე ჯგუფში მყოფ ზოგადი განათლების მქონე ადამიანების შემოსავალს. მესამე ჯგუფში იგივე მაჩვენებელი ოდნავ მაღალია – 43.3%. როგორც ვხედავთ, თაობებს შორის რაიმე განსაკუთრებული განსხვავება არ არის განათლების პრემიუმში. ეს მიგნება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ აქტუალურია საგანმანათლებლო სისტემის მესამე პრობლემა – განათლების დაბალი ხარისხი.


რა სხვა ფაქტორები მოქმედებს ამ ურთიერთკავშირზე?

საქართველოში დიდია გენდერული დისბალანსი, მამაკაცი 26-45%-ით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალი, რომელსაც მეტი ან მსგავსი მახასიათებლები აქვს. მიუხედავად ამ დიდი განსხვავებისა, გენდერული დისბალანსი დროთა განმავლობაში მცირდება. ხელფასებს შორის დიდ განსხვავებას ორი მთავარი მიზეზი აქვს: ქალებით დომინირებულ სექტორებში – განათლებაში, ჯანდაცვაში, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში – ხელფასები დაბალია (ჰორიზონტული სეგრეგაცია); და მეორე, წამყვან პოზიციებზე ქალების ნაკლებობაა (ვერტიკალური სეგრეგაცია) (სეფაშვილი, 2011 წ.). მეტიც, განათლების წყალობით მიღებული დამატებითი შემოსავალი განსხვავდება სქესის მიხედვით. უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცი იღებს 39%-41%-ით მეტ შემოსავალს, ვიდრე ზოგადი განათლების მქონე მამაკაცი. იგივე მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებში – 49%-52%. ეს ფენომენი აიხსნება იმ ფაქტით, რომ უმაღლესი განათლების არმქონე მამაკაცები უფრო კონცენტრირებული არიან მაღალანაზღაურებად სექტორებში, ვიდრე უმაღლესი განათლების არმქონე ქალები.

გარდა ამისა, სოფლებში შემოსავლები 2.5%-18%-ით ნაკლებია, ვიდრე ურბანულ დასახლებებში ან ქვეყნის დედაქალაქში. თბილისში მცხოვრებთა საშუალო შემოსავალი 25%-34%-ით აღემატება სხვა ურბანულ დასახლებებში მცხოვრებთა საშუალო შემოსავალს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში გაცილებით მაღალია ცხოვრების ხარჯი, ვიდრე სხვა ადგილებში, ასევე, მაღალპროდუქტიული და მაღალანაზღაურებადი სექტორებიც, ძირითადად, დედაქალაქშია თავმოყრილი. ამასთან, განათლების წყალობით მიღებული დამატებითი შემოსავლები ძალზე ახლოს არის ერთმანეთთან თბილისში, სხვა ქალაქებში და სოფლებში,  46.3%, 42.8% და 41.9% შესაბამისად.

ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა გავლენას ახდენს მშრომელების სექტორებში გადანაწილება მათ შემოსავლებზე. ჩვენს მოდელში საბაზისო სექტორია სოფლის მეურნეობა და მას ვადარებთ ყველა სხვა სექტორს (ზოგიერთი სექტორი არ არის წარმოდგენილი ცხრილში, რომ არ გადავტვირთოთ ის). ნათელია, რომ სოფლის მეურნეობასა და განათლებაში ყველაზე დაბალია სახელფასო პრემიუმი. სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდია უმაღლესი განათლების არმქონეთა კონცენტრაცია (65%-ს აქვს მაქსიმუმ საშუალო განათლება), ამით ნაწილობრივ აიხსნება სექტორის დაბალპროდუქტიულობა და დაბალი ხელფასები. თუმცა განათლების სექტორში 75%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება და 14.57% – პროფესიული განათლება, მაგრამ განათლების პრემიუმი მაინც ძალიან დაბალია. ამას გარდა, საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სექტორი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო, სადაც დაქირავებული მშრომელის საშუალო ხელფასი მხოლოდ 589.2 ლარს შეადგენდა, რაც 71 ლარით ნაკლებია სოფლის მეურნეობის სექტორის – მეორე ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორის – საშუალო ხელფასზე, 476.7 ლარით ნაკლები – ქვეყნის საშუალო ხელფასზე და 3.43-ჯერ ნაკლები, ვიდრე ხელფასები ყველაზე მაღალანაზღაურებად ფინანსურ სექტორში. ეს სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია, რადგან დაბალი ანაზღაურების მქონე მასწავლებლებსა და ლექტორებს არ აქვთ მოტივაცია, უკეთ ასწავლონ სტუდენტებს, არც ახალგაზრდა, ნიჭიერ სტუდენტებს აქვთ სურვილი, მასწავლებლები ან ლექტორები გახდნენ. მეტიც, მოტივაციის და კვალიფიკაციის ნაკლებობას დაბალი ხარისხის განათლებამდე მივყავართ. ამას გარდა, სტუდენტების მხოლოდ შედარებით ნაკლებად კვალიფიციური ნაწილი აირჩევს ამ პროფესიას (რა თქმა უნდა, არსებობენ ნიჭიერი ენთუზიასტებიც), ეს კი კიდევ უფრო ამცირებს მომავალი მასწავლებლებისა და ლექტორების მოტივაციასა და კვალიფიკაციას. როგორც ხედავთ, მოჯადოებული წრეა შეკრული და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მას თავი დავაღწიოთ. 


ბლოგი დაიწერა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა გუნდის მიერ აზიის განვითარების ბანკის პროექტისთვის (სამუშაო ადგილები ინკლუზიური ზრდისთვის) ჩატარებული კვლევის საფუძველზე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
2 Comments

Related Posts

Comments

 
Guest - Nene on კვირა, 09 აპრილი 2017 21:40

ძალიან კარგი სტატია იყო. რაც შეეხება მასწავლებლების მოტივაციასა და კვალიფიკაციას, უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ სკოლებში მუშაობის დაწყება კურსდამთავრებულთათვის ფაქტიურად შეუძლებელია ნაცნობი თუ არ გყავს. ეს ხდება იმიტომ რომ პენსიონერი პედაგოგები არ ტოვებენ სკოლას, შესაბამისად არ ჩნდება ადგილი და იშვიათად თუ გამოჩნდა ისიც სკოლაში მომუშავის ნაცნობისთვის... არანაირი კონკურსი არ ტარდება მასწავლებლის მისაღებად, კერძო სკოლებს თუ არ ჩავთვლით, სადაც შედარებით უფრო მარტივია, თუმცა პროფესიული ზრდის საშუალება საჯარო სკოლაში ბევრად დიდია, ვიდრე კერძოში. ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, ტრენინგები, რომლებიც უფასო იყო საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, მე რადგან კერძოში ვასწავლიდი 90 ლარი დამიჯდა, წარმოიდგინეთ ასე რამდენი ტრენინგი დაგჭირდეს ამხელა თანხა დაგიჯდეს... რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, თავადაც ვერ გაუგიათ რისთვის შემოიღეს, გამოცდაზე ჩაჭრილები ისევ სკოლაში აგრძელებენ მუშაობას და ვინც ჩააბარა სკოლის გარეთაა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ სკოლებში არ მოხდება ახალი კადრების მიღება, იქამდე არ შეიცვლება მდგომარეობა, წლების მერე ისეთ შედეგს მივიღებთ ეს პენსიონერები წავლენ და უცებ დიდი ჩავარდნა იქნება, რადგან ვისაც სურვილი აქვს ახალგაზრდას (ესეც მცირე რაოდენობით, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ პროფესიაში) სკოლაში იმუშაოს, ფაქტიურად აღარ მოიძებნება...
პირადად მე დავამთავრე ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა, ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდებიც, შიგადაშიგ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება რომ არ ჩავთვალოთ და საჯარო სკოლაში, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ დამიწყია მუშაობა. იგივე შემიძლია ვთქვა ჯგუფელებზეც, რამდენიმე მაღალმთიან რეგიონებშიც იყო წასული პედაგოგად, მაგრამ რომ ჩამოვიდნენ ვერ შეძლეს მუშაობის დაწყება.

ძალიან კარგი სტატია იყო. რაც შეეხება მასწავლებლების მოტივაციასა და კვალიფიკაციას, უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ სკოლებში მუშაობის დაწყება კურსდამთავრებულთათვის ფაქტიურად შეუძლებელია ნაცნობი თუ არ გყავს. ეს ხდება იმიტომ რომ პენსიონერი პედაგოგები არ ტოვებენ სკოლას, შესაბამისად არ ჩნდება ადგილი და იშვიათად თუ გამოჩნდა ისიც სკოლაში მომუშავის ნაცნობისთვის... არანაირი კონკურსი არ ტარდება მასწავლებლის მისაღებად, კერძო სკოლებს თუ არ ჩავთვლით, სადაც შედარებით უფრო მარტივია, თუმცა პროფესიული ზრდის საშუალება საჯარო სკოლაში ბევრად დიდია, ვიდრე კერძოში. ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, ტრენინგები, რომლებიც უფასო იყო საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, მე რადგან კერძოში ვასწავლიდი 90 ლარი დამიჯდა, წარმოიდგინეთ ასე რამდენი ტრენინგი დაგჭირდეს ამხელა თანხა დაგიჯდეს... რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, თავადაც ვერ გაუგიათ რისთვის შემოიღეს, გამოცდაზე ჩაჭრილები ისევ სკოლაში აგრძელებენ მუშაობას და ვინც ჩააბარა სკოლის გარეთაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ სკოლებში არ მოხდება ახალი კადრების მიღება, იქამდე არ შეიცვლება მდგომარეობა, წლების მერე ისეთ შედეგს მივიღებთ ეს პენსიონერები წავლენ და უცებ დიდი ჩავარდნა იქნება, რადგან ვისაც სურვილი აქვს ახალგაზრდას (ესეც მცირე რაოდენობით, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ პროფესიაში) სკოლაში იმუშაოს, ფაქტიურად აღარ მოიძებნება... პირადად მე დავამთავრე ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა, ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდებიც, შიგადაშიგ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება რომ არ ჩავთვალოთ და საჯარო სკოლაში, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ დამიწყია მუშაობა. იგივე შემიძლია ვთქვა ჯგუფელებზეც, რამდენიმე მაღალმთიან რეგიონებშიც იყო წასული პედაგოგად, მაგრამ რომ ჩამოვიდნენ ვერ შეძლეს მუშაობის დაწყება.
Guest - Ani on ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:17

მე პირადად პრობლემას ისეთ საკითხშიც ვხედავ, როგორიცაა მისაღები გამოცდები. ყოველწლიურად ძალიან ბევრი აბიტურიენტი გვყავს, რომელთა უმრავლესობაც ხდება სტუდენტი. მაგალითად, 2014 წლის მონაცემებით(მე 2014 წელს ჩავაბარე და ამიტომ), სულ რეგისტრირებული აბიტურიენტების(36223) 76%-მა განაგრძო სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში(გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ ერთი წლის მონაცემებია,უნივერსიტეტების კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ეს რაოდენობა მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მზარდი იყოს), ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიცაა საქართველო. ეროვნულ გამოცდებზე ბარიერები არის ძალიან დაბალი(თუ არ ვცდები 2015 წელს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 80-დან 16 ქულითაც კი მოახერხეს სწავლის გაგრძელება აბიტურიენტებმა სკალირებული ქულების გათვალისწინებით, ასევე ზოგად უნარებში(21ქულა) და ა.შ), რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას,გარდა ამისა ხშირია, როცა არ ხდება ჩაბარება შესაბამის ფაკულტეტზე შესაბამისი საგნით(ქვოტები ყველა საგანზე არის თითქმის ერთნაირი),მაგალითად როცა აბარებ ეკონომიკაზე უმჯობესია ჩააბარო მათემატიკა. შეიძლება ეს ქულები სრულად არ ასახავდეს აბიტურიენტის ცოდნის ხარისხს, მაგრამ ეკონომიკიდან ვიცით, რომ ქულები იძლევა სიგნალებს, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ რომ დაბალი ქულების მქონე აბიტურიენტები, რომლებმაც ასეთი დაბალი ბარიერების გამო განაგრძეს სწავლა უმაღლესში და გარდა ამისა არ ჩააბარეს ის საგანები რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტს, ვერ მოახდენენ სრულად ადაპტირებას იმ პირობებთან, რაც საჭიროა უნივერსიტეტში სწავლისთვის(ვგულისხმობ სირთულეს), ეს თავისმხრივ გამოიწვევს იმას, რომ უნივერსიტეტი იძულებული იქნება მოერგოს ასეთ სტუდენტებს(ვერ მოსთხოვ ისეთ ბავშვს მათემატიკის ცოდნას, რომელიც თავის დროზე გეოგრაფიით მიიღე), რაც შეამცირებს სწავლის ხარისხს, შესაბამისად დიპლომი ხდება სიფრიფანა ფურცელი და სხვა არაფერი. გარდა ამისა აბიტურიენტების მზარდი რაოდენობა მოასწავებს იმაზე, რომ მომავალში შრომის ბაზარზე მიწოდება იქნება მოთხოვნაზე მეტი რაც შეამცირებს ანაზღაურებასაც. ამიტომ, მე მგონია, რომ პრობლემა ისეთ საფუძვლებში უნდა ვეძებოთ, როგორიცაა მისაღები გამოცდები.

მე პირადად პრობლემას ისეთ საკითხშიც ვხედავ, როგორიცაა მისაღები გამოცდები. ყოველწლიურად ძალიან ბევრი აბიტურიენტი გვყავს, რომელთა უმრავლესობაც ხდება სტუდენტი. მაგალითად, 2014 წლის მონაცემებით(მე 2014 წელს ჩავაბარე და ამიტომ), სულ რეგისტრირებული აბიტურიენტების(36223) 76%-მა განაგრძო სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში(გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ ერთი წლის მონაცემებია,უნივერსიტეტების კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ეს რაოდენობა მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მზარდი იყოს), ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიცაა საქართველო. ეროვნულ გამოცდებზე ბარიერები არის ძალიან დაბალი(თუ არ ვცდები 2015 წელს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 80-დან 16 ქულითაც კი მოახერხეს სწავლის გაგრძელება აბიტურიენტებმა სკალირებული ქულების გათვალისწინებით, ასევე ზოგად უნარებში(21ქულა) და ა.შ), რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას,გარდა ამისა ხშირია, როცა არ ხდება ჩაბარება შესაბამის ფაკულტეტზე შესაბამისი საგნით(ქვოტები ყველა საგანზე არის თითქმის ერთნაირი),მაგალითად როცა აბარებ ეკონომიკაზე უმჯობესია ჩააბარო მათემატიკა. შეიძლება ეს ქულები სრულად არ ასახავდეს აბიტურიენტის ცოდნის ხარისხს, მაგრამ ეკონომიკიდან ვიცით, რომ ქულები იძლევა სიგნალებს, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ რომ დაბალი ქულების მქონე აბიტურიენტები, რომლებმაც ასეთი დაბალი ბარიერების გამო განაგრძეს სწავლა უმაღლესში და გარდა ამისა არ ჩააბარეს ის საგანები რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტს, ვერ მოახდენენ სრულად ადაპტირებას იმ პირობებთან, რაც საჭიროა უნივერსიტეტში სწავლისთვის(ვგულისხმობ სირთულეს), ეს თავისმხრივ გამოიწვევს იმას, რომ უნივერსიტეტი იძულებული იქნება მოერგოს ასეთ სტუდენტებს(ვერ მოსთხოვ ისეთ ბავშვს მათემატიკის ცოდნას, რომელიც თავის დროზე გეოგრაფიით მიიღე), რაც შეამცირებს სწავლის ხარისხს, შესაბამისად დიპლომი ხდება სიფრიფანა ფურცელი და სხვა არაფერი. გარდა ამისა აბიტურიენტების მზარდი რაოდენობა მოასწავებს იმაზე, რომ მომავალში შრომის ბაზარზე მიწოდება იქნება მოთხოვნაზე მეტი რაც შეამცირებს ანაზღაურებასაც. ამიტომ, მე მგონია, რომ პრობლემა ისეთ საფუძვლებში უნდა ვეძებოთ, როგორიცაა მისაღები გამოცდები.
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners