დღენი ბედნიერნი და დღენი უბედურნი,
ჟამი სიბრძნის და ჟამი სიბრიყვისა,
ეპოქა რწმენის და ეპოქა ეჭვების,
დრო სინათლის და დრო წყვდიადისა
- ჩარლზ დიკენსი, ორი ქალაქის ამბავი
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?
ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში, არაოფიციალური შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-იდან ჯერ 13%-მდე, შემდეგ კი 15%-მდე გაიზარდა. 15% გახდა საბერძნეთის „ახალი ნორმა“. ქვეყნის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ცხადი გახდა, რომ პრობლემა იყო არა ლიკვიდურობა, არამედ ქვეყნის გადახდისუნარიანობა და კონკურენტულობა.
საბერძნეთის დეფოლტს მოჰყვა მოვლენათა ავბედითი განვითარება ევროზონის წევრ არაერთ ქვეყანაში. რყევები დაიწყო იტალიის საბანკო სექტორში, რის შედეგადაც, ვადაგადაცილებული სესხების წილის 17%-მდე გაიზარდა. ევროკავშირის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს და ბერძნების გადასარჩენად 500-მილიარდიანი საგანგებო ფონდი შექმნეს, თუმცა ახლა იტალიასაც, საბერძნეთის მსგავსად, სჭირდება შველა, რადგან მათი საბანკო კრიზისი მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ არის.
ევროპის სავალუტო კავშირის საყრდენი ყოველთვის იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც სახელმწიფოებს შორის კავშირის ჩამოყალიბების იდეის ერთგულნი არიან. გერმანელებისთვის კავშირი მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობისთვის არ იყო საჭირო, მათთვის ის ფინანსების მართვის კულტურის ჩამოყალიბების მექანიზმიც იყო. თუმცა დღეს გერმანიას საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის სავაჭრო ნამატი (მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, გერმანიის ექპორტის წილი მშპ-ში დაახლოებით 47%-ია), რომელიც იმდენად გერმანიის სიძლიერის დამსახურება არ არის, რამდენადაც იმპორტიორი ეკონომიკების სისუსტის. შექმნილი ვითარება მდგრადი არ არის და საშუალოვადიან პერიოდში გერმანიის ექსპორტი შეიძლება შემცირდეს, რაც დაასუსტებს მის ეკონომიკას (რაც, თავის მხრივ, შექმნის პოლიტიკურ დაძაბულობას გერმანიასა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც, ტრადიციულად, გერმანიაში დამზადებული საქონლის იმპორტს ეწევიან). რაც შეეხება საფრანგეთს, გაძლიერებულმა ევრომ კიდევ უფრო გაამწვავა ეკონომიკის ისედაც მძიმე მდგომარეობა, რამაც გამოიწვია კონკურენტუნარიანობის ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და ბიზნეს-საქმიანობის სტაგნაცია.
მართალია გაერთიანებული სამეფო სავალუტო კავშირის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა ბრექსიტის რეფერენდუმმა, რომელიც „ბრწყინვალე იზოლაციის“ პერიოდს მოგვაგონებს, კიდევ ერთი საყრდენი გამოაცალა საერთო ბაზრის იდეას და კიდევ უფრო საეჭვო გახადა ფინანსური და ეკონომიკური ერთობის შენარჩუნების იდეა.
შედეგად, ევროპის სავალუტო კავშირი იმ გემს დაემსგავსა, რომელიც ცდილობს, გადალახოს თითქმის დასუსტებულ ეკონომიკურ და შერყეულ პოლიტიკურ კავშირებს შორის წარმოქმნილი გაუვალი სრუტე. ამ პრობლემის ძირეული მიზეზი ბრიუსელის არაეფექტურობაში უნდა ვეძებოთ. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ევროპაში ბოლო დროს მოჭარბებული რადიკალური და პოპულისტური მოძრაობები. მართლაც, ევროპის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ევროპაში ნაციონალიზმის გაღვივებისთვის. ეს უკანასკნელი კი პირდაპირი პასუხია ევროპის ინსტიტუტების უუნარობაზე, იყვნენ ორიენტირებულნი კონკრეტული შედეგების მიღებაზე.
ევროკავშირში არსებული წინააღმდეგობრივი ინტერესები და მისწრაფებები მოქმედებს უსაფრთხოების საკითხებზეც და ცხადად იკვეთება, რომ „მთავარ“ წევრ ქვეყნებსა და „გაფართოებაზე ორიენტირებულ“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ. აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიცია ევროკავშირისთვის ნატოს ქოლგის არსებობაზე ბუნდოვანია (შეიძლება ითქვას, რომ ახალი მთავრობის განწყობა კოლექტიური თავდაცვის მიმართ ღიად სკეპტიკურიც კია). ამ ფონზე, ბრიუსელს უჭირს, შეიმუშაოს პანევროპული უსაფრთხოების ფორმატი. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ბედ-იღბალზე საბოლოოდ პასუხისმგებლები ევროპელები არიან და ევროკავშირის არაწევრ სუბიექტს არ შეუძლია, არსებითი ზეგავლენა მოახდინოს ევროკავშირის პრინციპებზე.
ევროპელების სატკივარს ემატება ლტოლვილთა კრიზისი და ტერორიზმი, რაც კიდევ ერთ საყრდენს აცლის წევრი ქვეყნების ერთობას. ახალი ანტიესტაბლიშმენტური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ევროკავშირი არ იცავს წევრი ქვეყნების ინტერესებს; რომ ახლა ყველაზე საჭირო პროტექციონისტული სტრატეგიები და ანტიიმიგრაციული ზომებია. ამგვარი რიტორიკა ტრადიციული ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბს არის ამოფარებული და თვითმმართველი სახელმწიფოების დომინირებას უჭერს მხარს. მეტიც, ეს იდეა თითქოს გაეროს სულისკვეთებას ჰგავს, რომლის დამფუძნებლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან და სადაც ერების თვითგამორკვევის უფლება ყველა სხვა უფლებაზე მაღლა დგას.
ფართოდ გაღებული კარი?
ევროკავშირის ბუნდოვანი პოლიტიკის ფონზე, საქართველო ურყევი ნაბიჯებით მიიწევს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ატარებს თამამ რეფორმებს, რომელთაც, მართლაც რომ, პარალელი არ მოეპოვება ახლომდებარე ქვეყნებში.
საქართველო 2012 წელს დაადგა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზას და მას შემდეგ არაერთი რადიკალური რეფორმა გაატარა პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამოქალაქო სექტორის არაერთ სფეროში; ამ პროცესში მიღებულ იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, შემუშავდა 8 ეროვნული სტრატეგია, დამტკიცდა 7 საერთაშორისო ჩარჩო ხელშეკრულება და კონვენცია, შეიქმნა ხარისხობრივად ახალი სტრუქტურები და სერვისები. ამ რეფორმებს მკაცრად აკონტროლებდა საქართველოში მომუშავე 22 ევროპული მისია და 4 მსხვილტანიანი ანგარიში.
როგორც ჩანს, საქართველოს ღრმად სწამს ევროპელი ერების ერთიანობის იდეის და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გახდეს საერთო ღირებულებების მქონე ევროპული ოჯახის წევრი, რაც აშკარად განსხვავდება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ჩამქვრალი სულისკვეთებისგან.
გადაკვეთის წერტილის გამონახვის აუცილებლობა
ერთი შეხედვით, საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმ პირობებშიც, როდესაც ურთირთგამომრიცხავ დღის სხვადასხვა წესრიგზე ვსაუბრობთ, მთავარია, გვახსოვდეს, რომ არსებული უთანხმოება უკავშირდება არა წარმომადგენლობითი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებისადმი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს ერთგულებას, არამედ მეტწილად ევროპული ოჯახის გადაწყობისა და ხელახლა მოწყობისადმი მიდგომებს.
ევროპის ბირთვს, შესაძლოა, გარკვეული დროს დასჭირდეს საკუთარი შიდა გამოწვევების გადასალახად და აღმოსავლეთით გაფართოებისთვის ახალი მიდგომის შესამუშავებლად. ქართველებმა უნდა გაიგონ ეს „უთქმელი თხოვნა“ და ევროპელი ერისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესმა აქტუალობა უნდა დაკარგოს, პირიქით, იგი უფრო გონივრული ტემპითა და სიფრთხილით უნდა წარიმართოს. ევროპულ ინსტიტუტებს განახლება სჭირდება, ევროპული ცენტრისტული ძალები კი სცენას ახალი შემართებითა და ძალებით უნდა დაუბრუნდნენ. ეს შესვენება და ძალების მოკრება საქართველოსაც წაადგება, რადგან საშუალებას მისცემს, გააღრმავოს ინსტიტუციური და სამოქალაქო რეფორმები, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის იურიდიულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დააგროვოს სიმდიდრე და ევროპაში მიღებულ სტანდარტს მიუახლოვოს ცხოვრების დონე.
ამ ორი დაბოლოების ერთ კვანძში მოქცევის აუცილებლობა განაპირობებს თვისობრივად ახალი, მეტად თამამი, საინტეგრაციო სქემების მონიშვნას. შესაძლო გადამწყვეტი ინსტიტუციური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გაფართოებულ ევროპად გარდაქმნა, სადაც ევროკავშირი დარჩება მთავარ, შიდა ევროპად, გაწევრიანების მსურველი ქვეყნები (მათ შორის საქართველოც) კი წარმოადგენენ გარე ევროპას. შეიძლება ითქვას, რომ გაფართოებული ევროპა უკვე რეალობაა, რადგან ევროკავშირსა და მის პერიფერიაზე მდებარე ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირი უკვე საკმაოდ ინტენსიურია. ორიარუსიანი სისტემის ინსტიტუციონალიზაციით ქართველები (და რამდენიმე სხვა მსგავსი ქვეყანა) უფრო მეტად იგრძნობენ თავს ევროპელებად, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად. ამგვარი მოწყობა შეიძლება უფრო მისაღები იყოს ევროკავშირისთვის, რათა თავიდან აიცილოს ევროკავშირის აპლიკანტი ქვეყნების გაუცხოება და, თან დაიცვას ისინი ავტორიტარული მეზობლების გავლენისგან. ამ სისტემის წევრებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ფისკალურ-მონეტარული საკითხების მთავარ ასპექტებზე, სადაც ვერ ჩაერევიან მეორე დონის წევრები, რომლებიც მიისწრაფიან, მომავალში გახდენ კავშირის სრულუფლებიანი წევრები. სანაცვლოდ, ამ ჯგუფს უფლება ექნება, საკუთარი სიტყვა თქვას ევროპის რეკონსტიტუციასა და ექსკლუზიური (იზოლირებული) კლუბიდან ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფოების კავშირის შექმნის პროცესში, რომლებიც არამხოლოდ ღირებულებებსა და ცოდნას იზიარებენ, არამედ რისკებსაც, როგორც ნამდვილ პარტნიორულ ურთიერთობაში.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფართო ევროპა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპული ღირებულებების განმტკიცება, სიბრძნის გამარჯვება უმეცრებაზე, რწმენის – უნდობლობაზე, სინათლის – წყვდიადზე.
ყველა კრიზისის მსგავსად, ახლა, ალბათ, საუკეთესო დროა ჭეშმარიტი, ჯანსაღი ევროპული სულისკვეთების ხელახლა გასაღვივებლად.
Comments