„გასულ წელს კოლეჯებმა სამოცდარვა მილიონი დოლარი მიიღეს. თუ საუნივერსიტეტო განათლების მანია გაგრძელდება, მალე სურათზე ნაჩვენებ რეალობას მივიღებთ“
საქართველოს ამერიკელ და დასავლეთ ევროპელ სტუმრებს ანცვიფრებთ ის, რომ საშუალო ასაკის ქართველი ტაქსის მძღოლები ხშირად ტრაბახობენ რამდენიმე დიპლომით, ხოლო სასტუმროს მისაღებებსა თუ მაღაზიაში ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდები ხშირად სამართლის, ბიზნესისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტდამთავრებულები არიან. თბილისში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ სტუმრებს, შესაძლოა, შეექმნათ წარმოდგენა, რომ საქართველოში იმდენად ჭარბია ადამიანური კაპიტალი, რომ ამ საკმაოდ მარტივ პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა საქართველოში ბიზნესის წამოწყების ერთთვიანი მცდელობის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ ეს დასკვნა ძალზე შორს დგას სინამდვილისგან.
სინამდვილე კი ის არის, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ქართველი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. „შეუსაბამო განათლების მქონე სამუშაო ძალა“ ითვლება საქართველოში ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ ნომერ პირველ ფაქტორად. მაგალითად, ეს არის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მთავარი მიგნება (იხ. ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკი). ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უდიდეს წარმატებას მიაღწია დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა სამუშაო ძალის განათლება კვლავ რჩება ქვეყნის სუსტ წერტილად.
მსოფლიო ბანკის ანგარიში „სამუშაო ძალა დამსაქმებლების შეფასებით“ (2013 წლის ნოემბერი) აღწერს, რა გასაჭირშია ქართული ბიზნესი (კერძოდ, სამშენებლო კომპანიები), კადრების დაქირავების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის კვლევით, პრობლემა არის არა განათლების ნაკლებობა (ქაღალდზე საქართველოს სამუშაო ძალა საკმაოდ განათლებულია), არამედ შეუსაბამო განათლება. განათლება, რომელიც „ვერ აძლევს ახალგაზრდა მომუშავეებს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, ვერც კოგნიტიურ ან აუცილებელ სოციო-ქცევით უნარებს“.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა არის ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი ქართული ბიზნესისთვის.
ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ განათლებულ მომუშავეებს ძალიან უჭირთ სამუშაოს პოვნა. საქართველოში, ოფიციალურად, უმუშევრობა გამორჩეულად მაღალი არ არის (12%-მდე 2015 წელს), მაგრამ ბევრ უმუშევარს – თითქმის ყოველ მეორეს ურბანულ დასახლებებში – უმაღლესი განათლება აქვს მიღებული! გარდა ამისა, ბევრი განათლებული ქართველი იძულებულია, იმუშაოს მის (ფორმალურ) კვალიფიკაციაზე გაცილებით დაბალ სამუშაოზე – ტაქსის მძღოლებად, მიმღებებში, მაღაზიაში ასისტენტებად და სხვ.
ერთი მხრივ, ჭარბად განათლებული საზოგადოების ეს ფენომენი, შესაძლოა, ასახავს საქართველოს ეკონომიკის ტრადიციულ სტრუქტურას. მსოფლიო ბანკის იმავე კვლევის თანახმად, საქართველოში ძალიან დაბალია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრებზე, როდესაც კომპანია ახალ თანამშრომლებს ქირაობს. 2012 წელს (ბოლო წელი, რომელზეც არსებობს მონაცემები), ახლად დასაქმებულთა უმეტესობა იყო მუშა (კვალიფიციური და არაკვალიფიციური), მხოლოდ 12% იყო პროფესიონალი ან ტექნიკოსი.
მეორე მხრივ, საქართველოში, ბევრ უმაღლესი განათლების მქონეს არ აქვს შემეცნებითი უნარი და პიროვნული თვისებები, რომ კონკურენტული იყოს თანამედროვე ეკონომიკის იმ მცირე სეგმენტში, სადაც თავმოყრილი მოწინავე ტექნოლოგიების, საერთაშორისო კავშირების მქონე ფირმები. როგორც მსოფლიო ბანკის კვლევაშია აღნიშნული, ეს მოითხოვს „უმაღლეს შემეცნებით უნარს (პრობლემების გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობას)“, რაც აკლია (საკმაოდ) ბევრ ქართველ უმაღლესდამთავრებულს.
ეკონომიკის ტრადიციულ სტრუქტურას ბევრს ვერაფერს მოვუხერხებთ (ახლო მომავალში მაინც), მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას იმაზე, თუ როგორ არჩევანს აკეთებს ქართველი ახალგაზრდობა განათლებაზე. რატომ სურს ადამიანს, რომელსაც არ აქვს „პრობლემების გადაჭრის უნარი, კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი უნარი“, მიიღოს უმაღლესი განათლება? რატომ არ სურთ ასეთ ადამიანებს იმ საქმის შესწავლა, სადაც ნამდვილად იქნებიან წარმატებულნი?
რაში გვჭირდება უნივერსიტეტის (ამდენი) დიპლომი და ხარისხი?
უნივერსიტეტები არამხოლოდ განათლებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ ფილტრავენ კანდიდატებს, ამოწმებენ მათ შესაძლებლობებს და ადასტურებენ მათ პროფესიულ კვალიფიკაციას, რითაც აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შრომის ბაზარს. ჰარვარდის კურსდამთავრებულების რეზიუმეები მუდამ ყურადღების ცენტრშია, რადგან შრომის ბაზარს სჯერა, რომ ჰარვარდი განსაკუთრებით კარგად ართმევს თავს ოთხივე ფუნქციას: გაფილტვრას, სწავლებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. შესაბამისად, ჰარვარდის დიპლომი კარგად გამოდგება სიგნალად: „მე ვარ ჭკვიანი (ჰარვარდმა მიმიღო), შრომისმოყვარე (გადავრჩი) და განათლებული (მე ხომ ჰარვარდი დავამთავრე).
1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ინსტიტუტი იყო, რომელიც ეკონომიკურ განათლებას იძლეოდა. რა თქმა უნდა, „ეკონომიქსის“ საბჭოთა ვერსია მხოლოდ ოდნავ იყო ახლოს იმ ეკონომიქსთან, რომელიც დღეს ისწავლება. მიუხედავად ამისა, თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი ელიტურად ითვლებოდა და მხოლოდ 250-ზე ნაკლები იღბლიანი ახალგაზრდა ქალი და კაცი ირიცხებოდა ამ ფაკულტეტის სამ მიმართულებაზე ყოველწლიურად. საბჭოთა ეკონომიკური განათლება შესანიშნავი არ იყო, მაგრამ თსუ-ის სტუდენტები კურსდამთავრებულეთა ნაღები იყვნენ და თსუ-ის დიპლომი გამორჩეულობის – აკადემიური, ლიდერობის უნარის და სოციალური კაპიტალის – ძლიერი ნიშანი.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 1990-იან წლებში. სულით ხორცამდე კორუმპირებული საგანმანათლებლო სისტემა ვეღარ ასრულებდა რაიმე სოციალურად სასარგებლო ფუნქციას. მასწავლებლები არ ასწავლიდნენ. უნივერსიტეტები არ ფილტრავდნენ კანდიდატებს, არ ამოწმებდნენ მათ შესაძლებლობებს და მათ მიერ გაცემული უნარისა და ცოდნის დამადასტურებელი მოწმობებიც არ იყო სანდო. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფულს იღებდნენ ქაღალდის უმნიშვნელო ნაგლეჯში.
პარადოქსულია, მაგრამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მაჩვენებელი რეკორდულად იზრდებოდა, რადგან მოკრძალებული ფასის მქონე ქაღალდის ქონა უკეთესი იყო, ვიდრე საერთოდ უმისობა. 2005 წელს, საქართველოს განათლების ისტორიისთვის გარდამტეხ წელს, საქართველოს 18-21 წლის ახალგაზრდების 47% „სწავლობდა“ კერძო ან საჯარო „უნივერსიტეტში“, საკუთარ თავებს ამზადებდნენ საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის ან ხანგრძლივი უმუშევრობისა თუ მაღაზიის ასისტენტობისთვის.
კიდევ უფრო პარადოქსულია, რომ 2005 წლის რეფორმების შემდეგ სიტუაცია დიდად არ გამოსწორებულა ხარისხის თვალსაზრისით. ამ წელს საქართველომ ათეულობით „უნივერსიტეტს“, მათ შორის სოფლის დაწესებულებებს (ე.წ. „ორღობის უნივერსიტეტებს“) გაუუქმა ლიცენზია და დანერგა ეროვნული გამოცდები, რომლითაც დააწესა კოგნიტური უნარ-ჩვევების (ძალიან დაბალი) ზღვარი უნივერსიტეტში ჩასარიცხად. ასე აიღო საკუთარ თავზე შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (პირველადი) გაფილტვრის ფუნქცია. ეს კი არსებითი იყო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ეტაპზე კორუფციის აღმოსაფხვრელად. თუმცა თვითმმართველ უნივერსიტეტებს მიეცათ უფლება, დაეწესებინათ უფრო მაღალი ზღვრები და ჩამოეყალიბებინათ შემოწმებისა და სერტიფიცირების მკაცრი სისტემა. თუმცა ასე არ მომხდარა. სისტემა იძლევა დაფინანსების მოკლევადიან სტიმულებს, ამიტომ ქართული უნივერსიტეტები მხოლოდ სწავლების საფასურის გადამხდელი სტუდენტების რაოდენობის ზრდით არიან დაინტერესებული და არა ბრენდით ან რეპუტაციით და, რა თქმა უნდა, არც იმით, თუ რა ხარისხის სიგნალებს აწვდიან შრომის ბაზარს.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა. თუ 2004-2005 წლებში ჩარიცხულთა რაოდენობამ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 170 ათასი შეადგინა, 2008-2009 წლებში ეს მაჩვენებელი 95 000-მდე შემცირდა. თუმცა მას მერე ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და 2016-2017 წლებში 140 000 მიაღწია. დღეს პრაქტიკულად ყველა აბიტურიენტი, რომელიც ეროვნული გამოცდების ძალიან დაბალ ზღვარს ლახავს, ირჩევს იმ უნივერსიტეტის დიპლომს, რომელიც მისგან არც ბევრ ფინანსებს ითხოვს და არც შრომას.
კაზინოდ ქცეული ქართული უმაღლესი განათლების ბაზარი
ქართველი ახალგაზრდების დაბალი ხარისხის უმაღლესი განათლების პროგრამებში თავმოყრა ახსნას საჭიროებს. მთავარი, რაც გვინდა, აღვნიშნოთ, არის ის, რომ ასეთი ქცევა ინდივიდუალურად რაციონალურია არსებულ გარემოებებში და, თუ გარემოებები არ შეიცვლება, ადამიანები კვლავ ცუდ არჩევანს გააკეთებენ.
პირველ რიგში, დღეს დიპლომებს დიდი ეჭვის თვალით უყურებენ: ძალზე ცოტა იღებს თანამშრომლის დაქირავებაზე გადაწყვეტილებას პროფ-სასწავლებლის ან უნივერსიტეტის ოფიციალური დიპლომის საფუძველზე. ასევე, ძალიან დაბალია განათლების მიღების ხარჯი, რაც დაბალი შესაძლებლობების მქონე კანდიდატებს აძლევს სტიმულს, მიიღონ ქაღალდი, რომელიც „ადასტურებს“ მათ განსაკუთრებულ მიღწევებს:
• დასაწყისისთვის, ერთი აკადემიური წლის სწავლის საფასური დღეს – პოპულისტური მიზეზებით – ფიქსირებულად 2250 ლარია (1000 აშშ დოლარზე ნაკლები) ყველა საჯარო უნივერსიტეტში. ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულების მქონე სტუდენტები ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან საფასურისგან, თუმცა (რეგულირებული) საფასურის ეს ნიშნული ნებისმიერ შემთხვევაში ძალზე დაბალია საიმისოდ, რომ სუსტი შესაძლებლობების მქონე კანდიდატებს არ გაუჩნდეთ დიპლომს ყიდვის სურვილი.
• შემდეგ, მესამე დონის განათლების მიღების ალტერნატიული დანახარჯი – დაკარგული შემოსავლისა და სამუშაო გამოცდილების სახით – ასევე ძალიან დაბალია საქართველოში. სტუდენტების უმრავლესობა მუშაობს სრულ განაკვეთზე მეორე ან მესამე კურსიდან. ზოგიერთი უნივერსიტეტი კიდევ უფრო ამცირებს დიპლომის შეძენის ალტერნატიულ დანახარჯს იმით, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სტუდენტებს ლექციების გაცდენის და გამოცდების ხელახლა ჩაბარების უფლებას აძლევს.
• დაბოლოს, დიპლომის ყიდვა ძალიან ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, სუსტი შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისგანაც კი. გამოცდები და საშინაო დავალებები ცუდად კონტროლდება, შედეგად, ძალიან გავრცელებულია თაღლითობა.
მეორე, უმაღლესი განათლების დიპლომი საკმარისი არ არის კარგი სამსახურის მისაღებად, თუმცა ძალიან ხშირად ის არსებითია (აუცილებელია), რომ კანდიდატი გასაუბრებაზე მოიწვიონ. დიპლომის ფლობა არავის აკვირვებს იმ საზოგადოებაში, სადაც დიპლომი (თანაც ორი) ყოველ მეორე ადამიანს აქვს. თუმცა დიპლომის არქონა ძლიერი სტიგმაა, ის სიგნალია, რომ ადამიანი განეკუთვნება შესაძლებლობების განაწილების ქვედა ნახევარს, შესაბამისად, მას სამუშაოს პოვნის ნაკლები შანსი აქვს და ხელფასიც ნაკლები ექნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რომ თქვენ მომავალ დამსაქმებელს უთხრათ: სკოლაში ზარმაცი მოსწავლე ვიყავი და ეროვნულ გამოცდებში ვერ გადავლახე (ისედაც ძალიან დაბალი) ბარიერი.
მესამე, საქართველოს განათლების სისტემას აკლია სანდო პროფესიული განათლების კომპონენტი. არსებული კოლეჯების უმრავლესობა იზიდავს ძალიან დაბალი დონის კანდიდატებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ცუდ რეპუტაციას პოტენციურ მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებში. პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებს, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორთან კავშირი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა, პროფსასწავლებლებს იშვიათად აქვთ ძლიერი ურთიერთობები კერძო სექტორთან. შედეგად, პროფსასწავლებლების პროგრამები და პედაგოგია უაღრესად მოძველებულია და არ ქმნის ასევე სუსტი საუნივერსიტეტო განათლების რეალურ ალტერნატივას.
საქართველოს განათლების ბაზარზე წარმართული სიგნალების თამაში ძალიან ცუდ „დაჯგუფების წონასწორობას“ (ე.წ. pooling equilibrium) ქმნის.
უმაღლეს განათლებასთან ასოცირებულია შემოსავლების პრემიუმი, ასევე, დაბალია უმაღლესი განათლების მიღების ხარჯი, ამიტომ ქართველი ახალგაზრდობა აწყდება უნივერსიტეტებს და ცდილობს, შრომის ბაზარს მიაწოდოს „სიგნალი“ მაღალი ხარისხის შესახებ. ნაკლებგანვითარებული უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატების უმრავლესობისთვის, რომლებიც წარმატებულნი იქნებოდნენ იმ საქმიანობაში, რაც არ მოითხოვს უმაღლეს შემეცნებით უნარს, უმაღლეს განათლებაზე დადებული ფსონი წაგებით სრულდება. ისინი ვერ იღებენ კვალიფიკაციას, მხოლოდ ცოტაოდენ დროსა და ფულს ხარჯავენ.
აღსანიშნავია ის, რომ „ხარისხის ინფლაციით“ – სიტუაცია, როდესაც დიპლომი ფასს კარგავს – გამოწვეული ზიანი გაცილებით აღემატება ამ კერძო დანახარჯებს. საქართველოს განათლების კაზინო ამცირებს დამსაქმებლებისთვის ხელმისაწვდომ ხარისხიან ინფორმაციას, აქრობს დაქირავების სურვილს. ბიზნესები იძულებულები არიან, შეამცირონ ხელფასები პოტენციურად კვალიფიციური კადრებისთვის, რადგან დიდია შეცდომის რისკი. ამიტომ იყენებენ კანდიდატების გამოცდის ხარჯიან მექანიზმებს, მაგალითად, ხანგრძლივ უფასო სტაჟირებას და ნეპოტისტურ კავშირებს (ამასთან დაკავშრიებით, იხ. ჰა-იონგ ჩანის მე-17 პუნქტი ნაშრომში „23 რამ, რასაც გიმალავენ კაპიტალიზმის შესახებ“).
სისტემური პრობლემები სისტემურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს
ცუდი „დაჯგუფების წონასწორობის“ – როდესაც ზედმეტად ბევრი ადამიანი აპირებს უნივერსიტეტის დიპლომის მიღებას – ალტერნატივაა „განმაცალკევებელი წონასწორობა“ (separating equilibrium). ეს უკანასკნელი არის სიტუაცია, როდესაც უნივერსიტეტში ჩარიცხვა მხოლოდ განვითარებული უნარის მქონე ადამიანისთვის არის მომგებიანი, სხვები კი ირჩევენ ისეთ ალტერნატივებს, როგორებიცაა ტექნიკური და პროფესიული სწავლება და ტრენინგები. სულ ცოტა, შესაძლებელია სახელმწიფო რეგულაციები ისე შეიცვალოს, რომ ადამიანებს სწორი საგანმანათლებლო და კარიერული არჩევანისკენ უბიძგოს. გამოწვევაა ამ პრობლემების გადაჭრა სისტემური ხედვით. თავსატეხის მხოლოდ ერთი ელემენტის გადაჭრა (მაგალითად, კორუფციის აღმოფხვრა ან პროფსასწავლებლების უკეთესი სტანდარტების შემოღება) საკმარისი არ არის. საჭიროა სისტემური მიდგომა, რომელიც ემყარება ჯანსაღ ეკონომიკურ მოსაზრებებს.
• საჯარო უნივერსიტეტის დიპლომების შეძენა უფრო რთული და ხარჯიანი უნდა გახდეს ნაკლებგანვითარებული უნარის მქონე კანდიდატებისთვის. მაგალითად, უნდა გაიზარდოს მინიმალური გამსვლელი ქულა ეროვნულ გამოცდებში და გაიზარდოს რეგულირებული გადასახადი (ეს არ მოახდენს რაიმე გავლენას განვითარებული უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატებზე, რომლებსაც სახელმწიფო გრანტის მიღება შეუძლიათ).
• უნდა აღმოიფხვრას განათლების მიღების არასწორი მიზეზები (მაგალითად, სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება ან გადავადება).
• უფრო მკაცრი ხარისხობრივი მოთხოვნების, უკეთესი მონიტორინგისა და სისტემის გამჭვირვალობის ზრდის (მაგალითად, ონლაინ პლატფორმების – „შეაფასე პროფესორი,“ „შეაფასე პროგრამა“ და „შეაფასე უნივერსიტეტი“ – მეშვეობით უნდა გამოიხშიროს სუსტი უნივერსიტეტები (სჭირდება საქართველოს 20 საჯარო და 54 კერძო უნივერსიტეტი?).
• უნდა შეიცვალოს საჯარო უნივერსიტეტების დაფინანსების მექანიზმი და მათ მეტი სტიმული უნდა მიეცეთ, ინვესტიცია ჩადონ პროფესორებისა და პროგრამების ხარისხის ზრდაში, ერთი მხრივ, და ერთმანეთს შეეჯიბრონ საუკეთესო (ნაცვლად ნებისმიერი) სტუდენტების მოზიდვაში, მეორე მხრივ.
• კერძო ბიზნესს უნდა მიეცეს ძლიერი სტიმული, შევიდეს პროფესიული სწავლების ბაზარზე, დააარსოს ახალი კერძო პროფ. კოლეჯები და რებრენდინგი გაუკეთონ არსებულებს. ეს ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს სექტორული კოორდინაციის, თანადაფინანსების (საჯარო-კერძო პარტნიორობის) მეშვეობით. შესაძლებელია მათთვის დახმარების გაწევა ლიცენზირების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მხრივ.
* * *
2013 წელს, ქართველი ახალგაზრდების დაახლოებით 35% (15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი) არც მუშაობდა და არც რაიმე საგანმანათლებლო ან სატრენინგო პროცესში იყო ჩართული. საქართველოს შვილების ამგვარი ჩამორჩენა სრულიად არ შეესაბამება ქვეყნის განვითარების მიზნებს. და მაინც, ვიდრე განათლების რეფორმა ყოვნდება ძლიერი ლობისა და ბიუროკრატიული ინერტულობის მიზეზით, საქართველოს განათლების სისტემა ამ დაბალი ხარისხის „ჭარბი განათლების“ მანკიერ წრეში იქნება მოქცეული. კორუფციისგან თავისუფალი, მაგრამ უუნარო, უპასუხოს შრომის ბაზრის მწვავე საჭიროებებს.
Comments