პროფესიულ წრეებში ან პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გამართულ დისკუსიას თუ მოვუსმენთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ენერგოუსაფრთხოების თემა ხშირად გამოიყენება გარკვეული გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან სექტორში არსებულ პრობლემებზე ხაზის გასასმელად. ენერგოუსაფრთხოება ხშირად ასოცირდება ენერგეტიკულ „დამოუკიდებლობასთან“ – მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო მიეღწია. ამ დისკუსიის შედეგად საზოგადოებას ძალიან ვიწრო წარმოდგენა ექმნება ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და მას აფასებს ქვეყანაში წარმოებული ენერგიის წილით და მიწოდების დივერსიფიკაციით. რეალობაში, ენერგოუსაფრთხოების იდეა გაცილებით ფართოა და ფარავს არამხოლოდ თვითკმარობის თუ მიწოდების დივერსიფიკაციის საკითხებს, არამედ ენერგეტიკის საფასო პოლიტიკას და ენერგეტიკის მოხმარების გავლენას გარემოზე. საერთაშორისო ორგანიზაციები და ეკონომიკური ლიტერატურა ენერგოუსაფრთხოების სხვადასხვა განმარტებას გვთავაზობენ. ლარი ჰაგმა (2011 წ.)1 შეაჯერა ეს განმარტებები და განსაზღვრა სამი განზომილება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება: (i) ხელმისაწვდომობა (მიწოდება), (ii) ფინანსური ხელმისაწვდომობა (ღირებულება) და (iii) დასაშვებობა (გარემოს თვალსაზრისით). ენერგოუსაფრთხოების იდეაში გათვითცნობიერება აუცილებელია ენერგოპოლიტიკის შესამუშავებლად და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად.
საოჯახო და ინდუსტრიული პროცესებისთვის ენერგიის სხვადასხვა წყარო ურთიერთჩანაცვლებადია. შესაბამისად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია: 1) გავითვალისწინოთ, რა ენერგორესურსებს ფლობს ქვეყანა საკუთარ ენერგეტიკულ პორტფელში; 2) შევაფასოთ ენერგიის თითოეული წყაროს ზეგავლენა ენერგოუსაფთხოების ზემოთ აღნიშნულ თითოეულ განზომილებაზე. შესაბამისად, იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად დაცულია ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით, უნდა შევისწავლოთ ქვეყნის ენერგიის მიწოდების წყაროები:
ხელმისაწვდომობა
ცხადია, საქართველოსთვის ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ბუნებრივი აირია, ის მთელი ენერგიის მიწოდების 40%-ს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ის ყველაზე ნაკლებად დივერსიფიცირებული წყაროცაა. საქართველოში მოხმარებული გაზის დაახლოებით 99% ორი ქვეყნიდან – აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან – შემოდის: მომდევნო წლებში, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება აზერბაიჯანიდან იმპორტებულ გაზე. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა ახლახანს, რუსეთიდან იმპორტებული გაზი უფრო ხარჯიანია, შესაბამისად, მომავალში ქვეყანა შეიძლება 100%-ით აზერბაიჯანზე გადავიდეს. ამგვარი გადაწყვეტილების უპირატესობები და სირთულეები განხილულია ჩვენს წინა ბლოგში.
ბუნებრივი გაზის მსგავსად, 100%-ით იმპორტებულია ნავთობპროდუქტები, ბენზინი და დიზელი. თუმცა ნავთობპროდუქტების მიწოდება მეტად დივერსიფიცებულია. ნავთობპროდუქტები ქვეყნის ენერგიის მიწოდების წყაროების 27%-ს წარმოადგნეს. ისინი იმპორტით შემოდის 6-ზე მეტი ქვეყნიდან (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ყაზახეთი), მიწოდება დივერსიფიცებულია მსოფლიოს რეგიონების თვალსაზრისითაც (ევროპა და ცენტრალური აზია). გარდა ამისა, ნავთობპროდუქტები გლობალურად ივაჭრება და, თუ იმპორტზე ახალი (მოულოდნელი) შეზღუდვები არ დაწესდება, მომწოდებლებზე წვდომა კვლავ საკმაოდ მარტივი იქნება.
ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ენერგიის ყველაზე უსაფრთხო წყაროა ელექტროენერგია, რადგან დაახლოებით 70-80% იწარმოება ადგილობრივ ჰიდროსადგურებში. დღეს საქართველოს ენერგიის მიწოდების წყაროებში ჰიდროენერგიის (შედარებით დაბალი) წილის (მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 15%) შეიძლება გაიზარდოს, თუ უფრო მეტად იქნება გამოყენებული ქვეყნის ჰიდროპოტენციალი (ახლახანს გამოქვეყნებული „საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია 2016-2020“ დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანა იყენებს ჰიდროენერგიის პოტენციალის მხოლოდ 20%-ს. ეს იმედისმომცემია, რადგან ელექტროენერგიამ შეიძლება ჩაანაცვლოს ოჯახებისა და ინდუსტრიის მოთხოვნა ენერგიაზე, რითაც გაიზრდება მიწოდების სანდოობა და უსაფრთხოება.
ფინანსური ხელმისაწვდომობა
ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ენერგიის სხვადასხვა წყაროს. საოჯახო მეურნეობების და ინდუსტრიის გადაწყვეტილება, ენერგიის რომელი წყარო გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით, გათბობიდან დაწყებული ელექტროენერგიის წარმოების ჩათვლით – საბოლოოდ დამოკიდებულია ენერგიის შედარებით ღირებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენერგორესურსია საჭირო სხვადასხვა შემთხვევაში, შესაძლებელია ენერგიის ფასების შედარება, თუ მათ გადავიყვანთ ერთიან საზომში – ტონა ნავთობის ექვივალენტი. სხვადასხვა რესურსის ყველაზე მაღალი საცალო ფასების ამ ერთეულში გადაყვანა გვაჩვენებს, რომ ელექტროენერგია ღირს 2,498 ლარი ნავთობის ექვივალენტ ტონაში, ბუნებრივი გაზი – 537 ლარი, ბენზინი – 2,546 ლარი. შესაბამისად, ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო ენერგია არის ბუნებრივი გაზი, მას მოსდევს ელექტროენერგია და ნავთობპროდუქტები.
თუმცა ამ ანალიზმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. პირველ რიგში, შედარებითი ღირებულება, ასევე, დამოკიდებულია ენერგიის წყაროს გამოყენების ეფექტურობაზე. მაგალითად, ერთი ტონა ნავთობის ექვივალენტი ელექტროენერგიის წარმოება გაზის გამოყენებით დაბალი ეფექტურობის მქონე თბოელექტროსადგურში (35%-იანი ეფექტურობით) ეღირება არა 537 ლარი, არამედ – 1,534 ლარი, რითაც მცირდება ბუნებრივი გაზის შედარებითი უპირატეობა ჰიდროსადგურიდან მიღებული ელექტროენერგიასთან შედარებით. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკავშირებულია ბაზრის სტრუქტურასთან. სუბსიდიები, გადასახადები და რეგულაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, საჭიროა ენერგობაზრებზე ხარჯის და ფასის წარმოქმნის პროცესის სირღმისეული ანალიზი, რათა შედარებითი ფასები შევადაროთ და ცხადი წარმოდგენა შევიქმნათ ენერგოუსაფრთხოებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
დასაშვებობა
ენერგორესურსების მოხმარების ზემოქმედება გარემოზე შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს საზოგადოებას. შედარებით ადვილად გადასაჭრელი პრობლემებია ენერგორესურსების გამოყენებით გამოწვეული არაშეუქცევადი ადგილობრივი დაბინძურება და გარემოს დეგრადაცია, რადგან შეიძლება კომპენსაცია გადაეცეთ მათ, ვისზეც პირდაპირი გავლენა იქონია ენერგორესურსების მოხმარებამ ან მობილიზდეს ზიანის თავიდან აცილებისთვის საჭირო სახსრები. თუმცა, თუ ზეგავლენა უფრო გლობალური ან შეუქცევადია, სიტუაცია გაცილებით რთულდება, როგორც ზიანის დათვლის, ისე მსხვეპლთა იდენტიფიკაციისა და კომპენსაციის თვალსაზრისით. თუ დამბინძურებლებს ვერ ვაიძულებთ, კომპენსაცია გადაუხადონ მსხვეპლებს, აღმოჩნდება, რომ ვეწევით ყველაზე დამაბინძურებელი რესურსების სუბსიდიას. ამ მოსაზრებებიდან ნათლად ჩანს, რომ გარემოზე ზემოქმედების (და გარემოს თვალსაზრისით ენერგიის ალტერტნატიული წყაროების დასაშვებობის) ზუსტად გაზომვა – დაბინძურების შეფასება და მონეტიზაცია – მოითხოვს დიდ ძალისხმევას.
საქართველოში ენერგიის მიწოდებას რომ დავაკვირდეთ, გარემოს თვალსაზრისით ყველაზე მავნეა ნახშირი, რადგან გამოიყოფა ყველაზე მეტი ნახშირორჟანგი, გოგირდის ზეჟანგი და აზოტის ჟანგი. ბიომასა არის სუფთა ენერგიის განახლებადი წყარო, რომელიც ჯეროვნად არ არის შეფასებული ენერგობალანსში. თუმცა სოფლად შეშის მოხმარება დიდ საფრთხეს უქმნის გარემოს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტყის გამეჩხერება. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ბიომასა ვერ ჩაითვლება ენერგიის უსაფრთხო წყაროდ. საწვავი, რომელიც ძირითადად სატრანსპორტო სექტორში გამოიყენება, სულ უფრო მწვავე საკითხია საქართველოს ურბანულ დასახლებებში ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზი შედარებით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს გამოჰყოფს, ვიდრე წიაღისეული საწვავი, ის მაინც დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამის მიზეზია ქვეყნის ენერგომიწოდებაში ბუნებრივი გაზის დიდი წილია. დასაშვებობის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო წყარო, ცალსახად ჰიდროენერგიაა, მისი გავლენა გარემოზე უფრო ლოკალურია და შესაძლებელია ზიანის გამოსწორება დროთა განმავლობაში.
სასარგებლო დასკვნები
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ენერგოუსაფრთხოების საკითხების სათანადოდ გაანალიზება მოითხოვს გაცილებით ღრმა და კომპლექსურ შესწავლას, შეგვიძლია, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანოთ ჩვენი შედარებით მარტივი ანალიზიდან. ჰიდროსადგურების პოტენციალის განვითარება ცალსახად ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთოხებას, ყველა ინდიკატორის მიხედვით. მოკლევადიან პერიოდში, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ჰიდროსადგურებიდან მიღებული ენერგია ჩაანაცვლებს ბუნებრივ გაზსა და ნავთობპროდუქტებს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები – მაგალითად, ელექტრო მანქანების კონკურენტულობის ზრდა და შენახვის ხარჯების შემცირება – იმაზე მიანიშნებს, რომ მალე კიდევ უფრო რეალური იქნება ნაკლებად უსაფრთხო ენერგოწყაროების ჰიდროენერგიით ჩანაცვლება. გაზთან შედარებით ელექტროენერგიის მაღალი ფასის პრობლება (რომელიც ნაკლებად მწვავეა, თუ გავითვალისწინებთ გაზის ქსელების ამჟამინდელ გაფართოებას და მის გავლენას მომხმარებლების ტარიფებზე) შეიძლება აღმოიფხვრას ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრის გაზრდით და სხვა წყაროებიდან (მაგალითად, გაზზე მომუშავე თბოსადგურები) მიღებული ელექტროენერგიის შემცირებით. დაბოლოს, ენერგიის ნაკლებად უსაფრთხო წყაროების ნელ-ნელა მოხმარებიდან ამოღებას შეიძლება ხელი, ასევე, შეუწყოს ენერგიის სხვა (განახლებადი) წყაროების გამოყენებამ. საერთო ჯამში, საქართველოს შედარებით ნათელი ენერგომომავალი აქვს.
1 ჰაგი, ლარი. 2011 წ.. „ენერგოსისტემაში ენერგოუსაფრთოების აღწერის და ანალიზის ზოგადი ჩარჩო“. ენერგეტიკული პოლიტიკა 221-221.
Comments