მომდევნო შაბათ-კვირას ბაქო მის ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლებს ფორმულა 1-ის გრან პრის. ავტორბოლებზე შეყვარებულმა და იმ ფაქტით აღტაცებულმა, რომ ცხოვრებაში პირველად დავესწრები რბოლას (და ვესტუმრები ბაქოს), გადავწყვიტე, შემესწავლა ასეთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ეფექტი მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე.
2017 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 20 ქვეყანაში ჩატარდება. მათგან 19 ქვეყანა მსოფლიოს 15 წამყვან ქვეყანას შორის არის მშპ-ის მიხედვით ან ნავთობის/გაზის მომპოვებლები არიან. ერთადერთი გამონაკლისია უნგრეთი (რომელიც არც ნავთობის მომპოვებელია და მშპ-ის მიხედვითაც მსოფლიოში საკმაოდ დაბალი, 54-ე ადგილი უჭირავს). ცხადია, გრან პრის მასპინძლობა ძვირი სიამოვნებაა.
გვაჩვენეთ ნაღდი ფული
რატომ არის ფორმულა 1-ის რბოლა ძვირადღირებული?
პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ტრასა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ინფრასტრუქტურულ და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას. ტიპური მუდმივად მოქმედი ტრეკის აშენების ხარჯი დაახლოებით 270 მლნ. აშშ დოლარია. ალტერნატივაც არსებობს – გრან პრის ჩატარება ქალაქის ტრასაზე (როგორც ბაქოში), რისი მოწყობაც უფრო იაფი ჯდება და უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე მუდმივი ტრასის. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ქალაქში რამდენიმე დღით მოძრაობის მიმართულებების შეცვლა, ქუჩების გადაკეტვა, ბარიერების აშენება, ტრიბუნების და სხვა საშუალებების მოწყობა. ასეთი წრის მოწყობის წლიური ხარჯი დაახლოებით 60 მლნ. აშშ დოლარია. გამომდინარე აქედან, 6 წელზე ხანგრძლივი პერიოდისთვის, მუდმივი ტრეკის (რომელის მოვლა-შენახვის წლიური ხარჯი 20 მლნ. დოლარამდეა) აშენება უფრო ხარჯეფექტიანია, ვიდრე რბოლების გამართვა ქალაქის ქუჩებში. მუდმივი ტრეკების მოწყობის დამატებითი სარგებელია ის, რომ შესაძლებელი ხდება სხვა სახის რბოლების, სპორტული შეჯიბრებებისა და მუსიკალური ფესტივალების მოწყობაც.
მეორე, მონაკოს გარდა, ყველა ქვეყანა ფორმულა 1-ის მფლობელებს უხდის მასპინძლობის საფასურს, დაახლოებით 30-40 მლნ. აშშ დოლარს. ეს გადასახადი ყოველი ქვეყნისთვის ინდივიდუალურად არის განსაზღვრული ხელშეკრულების მიხედვით, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია.
ყველა ხარჯის შეჯამებით, მასპინძელ ქვეყანას 10-წლიანი ხელშეკრულება დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება. უზარმაზარი თანხაა, უდავოდ. და მაინც, საკმარისი სახსრების ქონა არ არის გარანტია, რომ ქვეყანა მიიღებს გრან პრის ჩატარების უფლებას. ფორმულა 1-ის მფლობელებს არამხოლოდ ფულის სწრაფად მიღება უნდათ, არამედ რეგიონში ბიზნესისა და ბრენდის გრძელვადიანი განვითარებაც.
“ჩვენ ვიღებთ იმას, რომ რბოლები ტარდება ისეთ ადგილებში, როგორიც არის ბაქო, აზერბაიჯანი, რომელიც... ბრენდის გრძელვადიანი განვითარებისა და ბიზნესის სიჯანსაღისთვის არაფერს არ აკეთებს,“ – განაცხადა გრეგ მაფეიმ, ფორმულა 1-ის ახალი მფლობელის – „ლიბერთი მედიას“ – გენერალურმა დირექტორმა. ასე რომ, მიუხედავად 10-წლიანი კონტრაქტისა, ბაქოში ფორმულა 1-ის მომავალი სულაც არი არის ნათელი.
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეფასებით, 2016 წელს გრან პრის ღირებულებამ, ყველა გადასახადის და ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სარგებელი
როდესაც სარგებელზე მიდგება საქმე, გამოთვლები ცოტა არ იყოს რთულდება. რბოლის ორგანიზატორები პირდაპირ შემოსავლებს მხოლოდ ბილეთების გაყიდვიდან იღებენ, რბოლის ტრანსლაციიდან, სარეკლამო პროდუქციის გაყიდვიდან, კორპორატიული კლიენტების მომსახურებისა და პრომობანერებიდან მიღებული შემოსავლები კი ფორმულა 1-ის მფლობელების ჯიბეში მიდის. შარშან ბაქოში 25 ათასი ბილეთის გაყიდვიდან მიღებულმა პირდაპირმა შემოსავალმა მხოლოდ 2.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა – ხარჯებთან შედარებით ეს არაფერია.
ამის გათვალისწინებით, რატომ სურს ამდენ ქვეყანას ფორმულა 1-ის გრან პრის მასპინძლობა? პასუხი ის არის, რომ ამ ღონისძიების ჩატარებით ქვეყნები სპორტის გლობალურ რუკაზე ჩნდებიან და 500-მილიონიანი მაყურებლის მქონე ფორმულა 1 ქვეყნის რეკლამირებისა და ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. ფორმულა 1-ის რბოლის სამდღიანი ტრანსლაცია საერთაშორისო ტელეარხებზე გადაიცემა, ასევე, უამრავ გაზეთსა და პუბლიკაციაში შუქდება რბოლის მოსამზადებელი პერიოდი. მიუხედავად ამისა, ძნელია, შეფასდეს მისი გრძელვადიანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. გაცილებით ადვილია, გამოვთვალოთ გრან პრის მყისიერი ეფექტი ტურიზმზე რბოლის მიმდინარეობის დღეებში.
მაგალითად, „Major Event Trust Fund Gain from the 2013 Formula One United States Grand Prix“კვლევის მიხედვით, ტეხასის შტატის მიერ 2013 წელს ჩატარებული რბოლიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი დაახლოებით 355 მლნ. აშშ დოლარი იყო. ამ თანხაში შედის სასტუმროს, მანქანის დაქირავების, საკვების, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების, მოგზაურობის, ღონისძიების მომზადების ხარჯები; კორპორატიული, სპონსორებისა და გუნდის დანახარჯები და ბილეთების გაყიდვიდან მიღებული საგადასახდო შემოსავალი.
გასული წლის ბაქოს გრან პრისთვის მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბაქოს რბოლის ორგანიზატორებმა მხოლოდ 25 000 ბილეთის გაიყიდვა მოახერხეს და ბილეთების ნახევარზე მეტი აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა იყიდეს (ტეხასში რბოლას დაესწრო 114 512 ადამიანი, მათგან 67% შტატის გარედან იყო ჩამოსული), ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
წელსაც ბილეთების გაყიდვის კუთხით იგივე ვითარებაა მოსალოდნელი. მაგრამ საქმე არც თუ ისე ცუდაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ბაქოში სასტუმროების (ჰოსტელების, გესთჰაუსების, კერძო ბინების) დატვირთვა, რაც Booking.com-ზე მარტივად მოვიძიეთ, გაცილებით მაღალია (72% გრან პრის დროს) ვიდრე მის წინა (40%) ან მომდევნო შაბათ-კვირას (48%). ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაზრდილია სასტუმროს ფასები, რიგ შემთხვევებში – ხუთჯერაც კი.
ეკონომიკაზე დამატებითი მოკლევადიანი გავლენაა სამუშაო ადგილების გაჩენა გრან პრისთვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. ჯეროვანი ანალიზის გარეშე რთულია, დავადგინოთ ამ ღონისძიების მომგებიანობა ბაქოში. კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ რა შესაძლო გრძელვადიანი გავლენა ექნება ფორმულა 1-ის გრან პრის ქვეყნის ტურიზმსა და ეკონომიკურ ზრდაზე.
რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანმა დაიწყო ქვეყნის აქტიური რეკლამირება საერთაშორისო დონეზე:
• ორწლიანი სასპონსორო კონტრაქტი მადრიდის ატლეტიკოსთან, 2013-2015 წელი;
• პირველი ევროპული თამაშები, 2015 წელს;
• მეოთხე ისლამური სოლიდარობის თამაშები, 2017 წელს;
• ბაქომ უკვე მოიპოვა უფლება, უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2019 წელს;
• ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის 4 მატჩი, 2020 წელს.
გონივრულია ამ ღონისძიებების სახელმწიფო რესურსებით დაფინანსება? არ ვიცი. საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვას ამბობს. ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება – მიზანშეწონილია, ქვეყანამ ზომიერება გამოიჩინოს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე წლის წინ ნავთობზე ფასები ასე მკვეთრად დაეცა.
საქართველო
ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოც ცდილობს, იმავე მიზანს მიაღწიოს, რასაც აზერბაიჯანი, მაგრამ უფრო მოკრძალებული დანახარჯებით. სულ ახლახანს პატივი გვქონდა, გვემასპინძლა TRC-ის საერთაშორისო სერიის რბოლისთვის რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე (1-2 აპრილი, 2017 წელი), სადაც ქართველმა მრბოლელმა დავით ქაჯაიამ მოიგო კვალიფიკაცია და პირველი რბოლა (ამ სერიის ყოველ ეტაპზე ორი რბოლა ტარდება).
საქართველო ორიენტირებულია უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიებებზე (რობი უილიამსის, სკორპიონსის, აეროსმიტის, ელტონ ჯონის კონცერტები, მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი 20 წლამდე ახალგაზრდებში და ა.შ.). მსგავსი ღონისძიებები უფრო იაფია, მაგრამ მათი მენეჯმენტი მაინც დიდი გამოწვევაა – გახსოვთ, რამხელა პრობლემა შეიქმნა უეფას სუპერთასის თამაშზე ბარსელონა-სევიალიას შორის ბილეთების გაყიდვისას (11 აგვისტო, 2015 წელი), ან როგორ ვერ შესრულდა რაგბის სტადიონის აშენების პირობა 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის? ამ ღონისძიებების უმეტესეობა დაფინანსებული და ორგანიზებულია სახელმწიფო პროგრამა „Check in Georgia-ს“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 2016 წელს 28 მლნ. ლარი იყო, 2017 წელს ეს რიცხვი ოდნავ ნაკლებია.
ალბათ, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ ჩაატაროს ხარჯისა და სარგებლის ანალიზი, რათა ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს პროგრამის ეფექტიანობასა და მის ეკონომიკურ ეფექტზე. დაბოლოს, ჩვენ, მოქალაქეებმაც უნდა გადავწყვიტოთ, ძვირადღირებული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე თანხების ხარჯვა გვირჩევნია თუ ბლექ სი არენაზე შიგადაშიგ გამართული ცნობილი მომღერლების კონცერტებიც გვაკმაყოფილებს?
Comments