ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სწრაფი და ნაადრევი გადაწყვეტილებები ყოველთვის გონივრული როდია!

დედაჩემს 22 წლის ასაკში  უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ,  თუმცა  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინება და ათასგვარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ კავკასიის (და, შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის) მოსახლეობის უნიკალური ხვედრი იყო. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ სხვა, ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც უწევთ ახალგაზრდებს  „სპეციალობის“ ნაადრევად არჩევა.

 

სწავლება ნიდერლანდებში  

ჰოლანდიურ სკოლებში ორი განყოფილებაა: დაწყებითი და მეორე დონის. ნიდერლანდებში ბავშები სკოლას, როგორც წესი, 4 წლის ასაკში იწყებენ. დაწყებით სკოლაში სულ 8 კლასია, ასე რომ, მეორე დონეზე გადასვლისას მოსწავლეების უმეტესობა 12 წლისაა. ჰოლანდიური მეორე დონის სკოლები დამატებით სამ სხვადასხვა დონედ იყოფა და ისინი გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობენ სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების განსაზღვრაში. მათი ოფიციალური დასახელებებია VMBO, HAVO და VWO, რაც გულისხმობს დაბალი, საშუალო და მაღალი, საფეხურის დიპლომებს. ჰოლანდიაში, სკოლაში სწავლის მერვე წელს მოსწავლე გადის CITO  გამოცდას, რომელიც მის ზოგად „ინტელექტს“ აფასებს. საბოლოოდ მაინც მშობლები და ბავშვი წყვეტენ, რომელი დონის პროგრამაა მოსწავლისთვის საუკეთესო. დაწყებითი სკოლები მხოლოდ რჩევას აძლევენ მათ, რა უფრო შეეფერება მოსწავლეს.

 

VMBO ოთხწლიანია. მისი დილომით სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს საშუალო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (MBO) და დაეუფლოს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა ადმინისტრირება, ექთნობა, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება და სხვა მსგავსი დონის ხელობები. მეორე დონე, HAVO ხუთწლიანია და სტუდენტებს ამზადებს უმაღლესი პროფესიული განათლებისთვის (HBO), სადაც ისინი ისწავლიან ფიზიკურ თერაპიას, გამოყენებით მეცნიერებას, პედაგოგიასა თუ ბუღალტრულ აღრიცხვას. უმაღლესი პროფ. პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაზე და სტუდენტებს ამზადებს შრომის ბაზარზე ჩასართავად სწავლის დამთავრებისთანავე.  უმაღლესი საფეხური, VWO 6 წელი გრძელდება. მისი დამთავრების შემდეგ სტუდენტს შეუძლია პირდაპირ უნივერსიტეტში განაგრძოს სწავლა.

31 წლის ფილიპი ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მან თავისი ცხოვრების 15 წელი სხვადასხვა პროფესიულ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს მოახმარა და აღმოაჩინა, რომ ცხვორებაში სულ სხვა, უკეთესი რამის კეთება უნდა...

ფილიპის ამბავი სანკტ-პეტერბუგში გავიგე, სადაც ერთმანეთს საზაფხულო სკოლაში შევხვდით. 12 წლის ასაკში, როგორც ყველა ჰოლანდიელმა ბავშვმა, მანაც ჩააბარა უნარ-ჩვევების ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში შეუძლია ბავშვს მონაწილეობის მიღება. ფილიპს გამორჩეული შესაძლებლობები არ ჰქონდა და ამიტომ არჩევანიც შეზღუდული ჰქონდა: დაბალი ან საშუალო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (VMBO ან HAVO, ჰოლანდიურ ჟარგონზე). ის ორი წლის განმავლობაში გადიოდა HAVO-ს, მაგრამ ჩამოაქვეითეს და VMBO-ზე გადაიყვანეს. 16 წლის ფილიპს, რომელსაც VMBO დიპლომი ჰქონდა, კვლავ მცირე არჩევანი ჰქონდა – HAVO-ს მეოთხე კურსი ან პროფესიული კოლეჯი. მან მეორე აირჩია და აღმოაჩინა, რომ მანქანების გაყიდვა უნდა ესწავლა (პროგრამის ოფიციალური სახელწოდება იყო „გაყიდვების მენეჯერი“). ოთხი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, გადაწყვიტა ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო და ბაკალავრის ხარისხი მიეღო („მცირე და საცალო ბიზნესის მართვაში“) ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში. კიდევ ოთხი წლის და მათემატიკის უნარის გაუმჯობესებაში ჩადებული დამატებითი ინვესტიციის შემდეგ, ფილიპი ჩირიცხა კვლევით უნივერსიტეტში. მან 25 წლის ასაკში დაიწყო ტილბურგის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა. ახლა ის 31 წლისაა და მალე მაგისტრის ხარისხით დაასრულებს უნივერსიტეტს.

შესაძლოა, ჰოლანდიის საგანმანათლებლო სისტემას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა (დახმარებოდა ადამიანებს, ადრეულ ასაკში მიეღოთ საგანმანათლებლო გადაწყვეტილებები), მაგრამ ფილიპმა საგანმანათლებლო ჯოჯოხეთი გამოიარა. შეიძლება მისი ასეთი რთული კარიერული გზა გამონაკლისი შემთხვევა ადამიანის შესაძლებლობასა (ტესტებით გაზომილს) და მოლოდინებს შორის რადიკალური აცდენის შედეგი იყოს. მიუხედავად ამისა, ადრეულ ასაკში ბავშვების საგანმანათლებლო ჩარჩოში მოქცევა უამრავ რისკს შეიცავს.


რა ვიცით ჩვენი „პრეფერენციების“ შესახებ?

ეკონომიკური თეორია ამბობს, რომ ადამიანებმა იციან, რა სურთ, როდესაც არჩევნის წინაშე დგებიან. რეალობაში, ადამიანის პრეფერენციები სულიერი ძიებისა და საკუთრი თავის შეცნობის პროცესში ყალიბდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები საკუთარ პრეფერენციებს მაშინ იგებენ, როდესაც სხვადასხვა რამეს მოსინჯავენ და გამოცდიან, დაუშვებენ და გამოასწორებენ შეცდომებს. ეკონომიკურ თეორიაში ამას პრეფერენციების ჩამოყალიბების თეორია ეწოდება. პრეფერენციები არჩევნის გაკეთების დროს, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყალიბდება.

ეს თეორია ან გამართლდება ან არა, როდესაც მომდევნო მანქანას ან სმარტფონს ვყიდულობთ. რთული საგანმანათლებლო და პროფესიული გადაწყვეტილებების დროს კი უდავოდ მართლდება. 15-16 წლის მოსწავლეების შეხედულება, რა სურთ, მომავალში გამოვიდნენ, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს 25 წლის ასაკში.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სისტემებმა ადამიანები ადრეული ასაკშიდანვე არ უნდა მოაქციონ საგანამანათლებლო კალაპოტში („მანქანების გაყიდვა“), როცა მათი საგანმანათლებლო პრეფერენციები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად, სისტემამ ადამიანებს საშუალება უნდა მისცეს, გამოსცადონ სხვადასხვა საგნები, პროფესიული უნარ-ჩვევები, ისწავლონ ცდისა და შეცდომის დაშვებით, შეიცვალონ ერთი სპეციალიზაცია მეორით.

საბედნიეროდ, მე მოწოდების აღმოსაჩენად 15 წელი არ დამჭირდა. ჩემი თაობის ზოგიერთმა ადამიანმა კი, შესაძლოა, ვერასოდეს მიაგნოს საკუთარ მოწოდებას, ან, ფილიფის მსგავსად, ძალიან გვიან მიხვდეს, რისი კეთება სურს. საქართველოშიც და სომხეთშიც საგანმანათლებლო არჩევანს ვაკეთებთ  ძალიან ადრე, 17 წლის ასაკში, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებთ. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები საკუთარ თავს არ იცნობენ, ბევრ მათგანს მწირი ინფორმაცია აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხსა თუ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. შედეგად, სტუდენტები ხშირად არასწორ საგანმანათლებლო პროგრამებში ხვდებიან და შეუსაბამო პროფესიებს ეუფლებიან, ფლანგავენ ცხოვრების წლებს, საჯარო და კერძო რესურსებს.

 

 

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ისრაელში სტუდენტები 20 წლის შემდეგ (20-24) იწყებენ უნივერსიტეტში სწავლას. ისრაელი გამონაკლისია, რადგან იქ ყველა ბიჭსა და გოგოს 18 წლის ასაკში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოეთხოვება (გოგოებს – 2 წელი, ბიჭებს – 3). ეთგო-ის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ბაკალავრის ხარისხის მიღებისას ისრაელელი სტუდენტების საშუალო ასაკი 27 წელია. მიუხედავად ამისა, ისრაელის მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა განათლების მიხედვით. ისრაელში ზრდასრულების 46% ფლობს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს, ეთგო-ის საშუალო მაჩვენებელი კი 33%-ია.

საქართველოსა და სომხეთში გოგოებს სამხედრო სამსახურში არ იწვევენ. მეტიც, ორივე ქვეყანა ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოქალაქეებს უფლებას აძლევს, გადაავადონ სამხედრო სამსახური, თუ უნივერსიტეტში ან კოლეჯში ჩაირიცხებიან. შესაბამისად, შესაძლოა, უნებლიედ, მაგრამ ორივე ქვეყნის სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა ახალგაზრა მამაკაცებს უბიძგებს, სამხედრო სამსახურის შიშით ადრეულ ასაკშივე გააკეთონ საგანმანათლებლო არჩევანი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება მოკლევადიანი (მაგ. ერთწლიანი) სავალდებულო სამოქალაქო ან სამხედრო სამსახურის დაწესება, როგორც გოგოებისთვის ისე, ბიჭებისთვის. ახალგაზრდებს შეიძლება მიეცეთ არჩევანი, დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მოხუცებს, იმუშაონ სოციალურ საწარმოებში ან გაიარონ სამხედრო სამსახური. საზოგადოებრივ სამსახურში გატარებული ერთი წელი ადამიანებს აძლევს დროს, მეტად ჩამოყალიბდნენ, მიიღონ გამოცდილება და გაიცნონ ერთმანეთი. მეორეს მხრივ, ეს არის საუკეთესო გზა, შეიძინონ არსებითი სამოქალაქო ღირებულებები, რაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული უნარ-ჩვევები, ცოდნა და ინფორმაცია, რასაც ადამიანი უნივერსიტეტში სწავლობს.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners