ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

შენი სტუმარი ჩემი სტუმარია ანუ რატომ არ არის ტურიზმი ნულოვანი ჯამის თამაში

სამხრეთ კავკასიას მაღალი მთები ჰყოფს, რომლებიც ხშირად ხდება გადაულახავი პოლიტიკური საზღვრები და ეთნიკური კონფლიქტების ზონა. რეგიონში სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ერთად სამი არაღიარებული ტერიტორიაცაა. ნახიჭევანს აზერბაიჯანისგან სომხეთის სიუნიკის რეგიონი ჰყოფს. სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანსა და თურქეთთან კი პოლიტიკური მიზეზების გამო დაკეტილია.

მართალია, პოლიტიკურად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონული გაერთიანების ეკონომიკური არგუმენტები მართლაც რომ ძლიერია. ერთი რამ ცხადია, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის უმთავრესი გზების გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რეგიონს შეუძლია სატრანზიტო ტვირთებისა და ელექტროენერგიის რესურსების უფრო მსხვილ ნაკადებს მოემსახუროს. სარკინიგზო და სახმელეთო გზებისა და მილსადენის მსგავსად, რეგიონთაშორის და საერთაშორისო ტურიზმსაც აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონის გაერთიანების სტიმული, რაც შეამსუბუქებს წლობით გაწელილი კონფლიქტებისა და იზოლაციის ეკონომიკურ ტვირთს, ხელს შეუწყობს ნდობის გაჩენასა და ჭარბი ფრაგმენტაციის პრობლემის მოგვარებას.

ხელუხლებელი და მრავალფეროვანი ლანდშაფტისა და უნიკალური, საუკუნოვანი კულტურის წყალობით, სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანას მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა ტურიზმი ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს, ინვესტიციები ჩადეს ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო მარკეტინგში, გაამარტივეს სავიზო რეგულაციები და გააუმჯობესეს საზღვრის გადაკვეთის პროცედურები. ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება შეიძლება კარგი სტრატეგია იყოს მოკლევადიან პერიოდში, თუმცა კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით აღნიშნული პროცედურების ერთობლივად განხორციელების შედეგად წარმოქმნილი სინერგიის ეფექტზე და პოტენციურად, სხვა მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, ირანისა და რუსეთის – ჩართვაზეც. მართლაც, საზღვრის მართვის პროცედურების სრული ჰარმონიზებით, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებითა და რეგიონის, როგორც მსოფლიო კლასის ტურისტული ადგილის, ერთობლივი რეკლამირებით, სამხრეთ კავკასიამ შეიძლება მოახერხოს ახალ, მომგებიან ბაზრებზე შესვლა და სპარსეთის ყურისა და ევრაზიის, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტების მოზიდვა. აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიულმა სიახლოვემ და რეგიონთაშორისი ტრანსპორტირების დაბალმა ხარჯებმა შეიძლება მოიზიდოს ის ტურისტები, რომლებიც არასდროს ჩამოვიდოდნენ რეგიონში მხოლოდ ერთი (თანაც პატარა) ქვეყნის სანახავად. როგორც აფრიკული ანდაზა ამბობს, „თუ გინდა, წახვიდე სწრაფად, მარტო წადი. თუ გინდა, წახვიდე შორს, ერთად წადით“.


ტურიზმის უამრავი სახე

ყველა უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, „ტურისტია“? სულაც არა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) ოფიციალური განმარტების თანახმად, ტურისტი არის პირი, რომელიც 24 საათზე მეტ დროს ატარებს სხვა ქვეყანაში. ამ მნიშვნელობით, ტრაილერის მძღოლი, რომელსაც თურქეთიდან აზერბაიჯანში ტვირთი მიაქვს საქართველოს გავლით, არ არის ტურისტი. არსებობს ტრანზიტული ტურიზმის ცნებაც, რომელიც განმარტავს შემოსული ან საზღვრის გადამკვეთი ნამდვილი, საერთაშორისო ტურისტის აქტივობებს ქვეყანაში, რომელიც არც მისი საცხოვრებელი ქვეყანაა და არც საბოლოო დანიშნულების ადგილი (მაგალითად, ამერიკელი ტურისტი, რომელიც სომხეთში მიდის, მაგრამ რამდენიმე დღეს ატარებს საქართველოში). ტურიზმის ტრადიციული განმარტების მსგავსად, ტრანზიტული ტურიზმი არ გულისხმობს იმ ვიზიტორებს, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე ნაკლები დროით გაჩერდნენ.

ცხრილი 1. ტურიზმის სახეობები

  ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ
დანიშნულების ადგილი ქვეყნის შიგნით 1. შიდა ტურიზმი 2. შემომავალი ტურიზმი
დანიშნულების ადგილი ქვეყნის გარეთ 3. გამავალი ტურიზმი 4. ტრანზიტული ტურიზმი

წყარო: ტურისტული დანიშნულების ადგილების ეკონომიკა, გვიდო კანდელა და პაოლო ფიგინი, 2012 წ.

მიუხედავათ იმისა, რომ ტრანზიტული ტურიზმი მნიშვნელოვანი ფენომენია არაერთი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ცხოვრებაში, საერთაშორისო ეკონომიკური ლიტერატურა ძნელად თუ ეხება ამ საკითხს. დიდი ხანი გავიდა, რაც ტურიზმის ეს სახე პირველად განიხილა მარკოვიკმა იუგოსლავიისა და მოგვიანებით ხორვატიის მაგალითზე, თუმცა მეცნიერები დღემდე იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს ტრანზიტული ტურიზმის განმარტება (ანგელკოვა, პეტკოვა და ცვეტანკა, 2015 წ.).


ტრანზიტული ტურიზმის მარშრუტები და საქართველო

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში. GNTA-ის1 მონაცემებით, 2016 წელს, ტურიზმის დამატებული ღირებულება 11.8%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2.06 მილიარდი ლარი შეადგინა. ტურიზმის სექტორის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს. შედეგად, ტურიზმის წილი მშპ-ში გაიზარდა და 7.05%-საც კი მიაღწია (იხ. გრაფიკი 1). მეტიც, საქართველოს მომსახურების ექსპორტის შემოსავლების დაახლოებით 64.3% სწორედ ტურიზმზე მოდის, რომელმაც 2.17 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების უცხოური ვალუტის შემოსავალი მოიტანა ქვეყანაში, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

აღსანიშნავია, რომ „ტრანზიტული ტურიზმის“ წილი საქართველოს მთლიან დამატებულ ღირებულებაში არ არის ძალიან მაღალი (დაახლოებით 16.9% 2016 წელს და 16.7% 2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში). თუმცა „ტრანზიტული ტურიზმის“ მაჩვენებელი მზარდი ტრენდით ხასიათდება როგორც აბსოლუტური მნიშვნელობით (თითქმის გასამმაგდა 2010 წლიდან დღემდე!), ისე მთლიან ტურიზმში წილის მიხედვით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ქვეყანამ 2.7 მილიონი ტურისტი მიიღო, რომელთაგან სულ მცირე2 450 ათასი (16.5%) ერთზე მეტ ქვეყანას (საქართველოსა და უშუალო მეზობელს) ესტუმრა, რის გამოც შესაძლებელია, მათ „ტრანზიტული ტურისტები“ ვუწოდოთ.

მე-2 ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების გაანალიზების შედეგად, შეიძლება გავაკეთოთ რამდენიმე დასკვნა.

ცხრილი 2. ტრანზიტული ტურიზმი საქართველოს გავლით 2010 და 2017 წლებში

პაკეტი შემოსვლა გასვლა ტრანზიტული ტურისტები მთლიანი ტრანზიტული ტურისტების % მთლიანი ტურისტების % “ნამდვილი” ტრანზიტული ტურისტები
2010 2017 2010 2017 2010 2017 2010 2017
საქართველო-თურქეთი საქართველო თურქეთი  8,994  60,512  6.3  13.4  0.9  2.2  6,769  55,922
თურქეთი საქართველო  9,971  53,410  7.0  11.9  1.0  2.0  7,886  49,294
საქართველო-აზერბაიჯანი საქართველო აზერბაიჯანი  6,160  23,581  4.3  5.2  0.6  0.9  5,031  18,232
აზერბაიჯანი საქართველო  10,508  24,557  7.4  5.5  1.0  0.9  9,159  18,479
საქართველო-სომხეთი საქართველო სომხეთი  10,013  57,942  7.0  12.9  1.0  2.1  8,346  50,472
სომხეთი საქართველო  14,242  64,917  10.0  14.4  1.4  2.4  10,999  55,146
სომხეთ-საქართველო-თურქეთი სომხეთი თურქეთი  10,903  14,102  7.6  3.1  1.1  0.5  6,443  11,541
თურქეთი სომხეთი  9,437  11,287  6.6  2.5  0.9  0.4  4,819  7,588
სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანი სომხეთი აზერბაიჯანი  1,164  3,346  0.8  0.7  0.1  0.1  1,164  3,346
აზერბაიჯანი სომხეთი  1,977  7,545  1.4  1.7  0.2  0.3  1,977  7,545
თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანი თურქეთი აზერბაიჯანი  31,993  52,025  22.4  11.5  3.2  1.9  2,038  5,667
აზერბაიჯანი თურქეთი  25,236  50,548  17.7  11.2  2.5  1.8  3,209  6,464


„საქართველო-სომხეთის“ პაკეტი ყველაზე პოპულარულია, როცა რეგიონულ ტურიზმზე ვსაუბრობთ. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში, მინიმუმ 123 ათასი ტურისტი (მთლიანი ტრანზიტული ტურიზმის 27.3%) ჩამოვიდა საქართველოში სომხეთიდან და პირიქით. 25 ათასი ტურისტი შემოვიდა საქართველოში სომხეთიდან და გზა გააგრძელა თურქეთში ან პირიქით. დაბოლოს, თითქმის 11 ათასმა ტურისტმა გამოიყენა საქართველო, როგორც პლაცდარმი, რათა მოენახულებინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა. ჯამში 160 ათასმა ტურისტმა მოინახულა საქართველო და სომხეთი;

„საქართველო-თურქეთის“ პაკეტი, რომელმაც 2017 წლის პირველ 9 თვეში 114 ათასი ტურისტი მოიზიდა (სატრანზიტო ტურიზმის 25.3%) მეორე ადგილზეა პოპულარობით. აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, საქართველო-თურქეთის პაკეტზე მოდის თითქმის 242 ათასი ტურისტი, რითიც ბევრად უსწრებს სხვა პაკეტებს;

„საქართველო-აზერბაიჯანის“ პაკეტი მესამეა პოპულარობით, რომელმაც 2017 წლის პირველ 9 თვეში 48 ათასი ტურისტი მოიზიდა (ამ პერიოდის მთლიანი ტრანზიტული ტურიზმის 10.7%). თურქეთთან ან სომხეთთან გაერთიანების შემთხვევაში, საქართველო-აზერბაიჯანმა დამატებით 113 ათას ტურისტს უმასპინძლა, რითიც პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობა 161 ათასამდე გაზარდა.

„ტრანზიტულ ტურისტებს“ შორის რამდენია ნამდვილი ტურისტი და რამდენი ტრაილერის მძღოლი, რომელიც საზღვარზე დააყოვნეს ან სხვა მიზეზების გამო ჩერდება ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით? მართალია, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი წილი, თუ ტრანზიტული ტურიზმის „პაკეტიდან“ გამოვრიცხავთ აზერბაიჯანელ, სომეხ და თურქ ტურისტებს მათივე ქვეყნებიდან (მაგ.: თურქ ან აზერბაიჯანელ მძღოლებს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტიდან, ან სომეხ და თურქ მძღოლებს თურქეთ-საქართველო-სომხეთის მარშრუტიდან). პროფესიონალი მძღოლების გამორიცხვით, ორი მოწინავე  პაკეტი (მაღალი მარჟით) არის საქართველო-სომხეთი და საქართველო-თურქეთი.

მოულოდნელი არ არის, რომ ეს ორი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს ტრანზიტული ტურიზმის ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტებს. მაგალითად, საქართველო-თურქეთისა და საქართველო-სომხეთის მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 2017 წლის პირველ 9 თვეში 6-8-ჯერ მაღალი იყო 2010 წლის იმავე მაჩვენებელზე.


როგორ გამოიყურება ტრანზიტული ტურისტების ეროვნული ნაზავი

ორი დომინანტი პაკეტის შეფასებიდან ორი რამ იკვეთება:

1. ტრანზიტული ტურისტების ძალიან დიდი წილი ეროვნებით რუსია: საქართველო-სომხეთის მარშრუტის 106 ათასი (39.8%) ტურისტიდან 42 ათასი, საქართველო-თურქეთის მარშრუტის 105 ათასიდან (40.7%) კი – 43 ათასი.

2. რეგიონული პაკეტები შორეული ქვეყნების ტურისტებსაც იზიდავს:

• ბელარუსიაზე, ირანზე, საუდის არაბეთზე, უკრაინასა და ყაზახეთზე მოდის საქართველო-თურქეთის მარშრუტის ტრანზიტული ტურისტების 44.8%;

• გერმანიაზე, იაპონიაზე, ირანზე, იტალიაზე, უკრაინასა და პოლონეთზე მოდის საქართველო-სომხეთის მარშრუტის ტრანზიტული ტურისტების 27.4%.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-სომხეთის მარშრუტი განსაკუთრებით იმედისმომცემი ჩანს, როდესაც საუბარია მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტებზე აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც წესი, მეტს ხარჯავენ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და შოპინგზე.

დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ტურისტებზეც, რომლებიც ჩამოდიან სამხრეთ კავკასიაში რეგიონის სამივე ქვეყნის სანახავად. ასეთი ტურისტების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, კონკრეტულად 2017 წლის პირველ 9 თვეში მათი რაოდენობა 11 ათასზე ოდნავ ნაკლები იყო. თუმცა ეს ტურისტები მიეკუთვნებიან სწრაფად მზარდ სეგმენტს, რომელიც 2010 წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ასეთი ტურისტების შედარებით დიდი წილი გრძელ დისტანციაზე მოგზაურობს და გერმანიიდან, აშშ-დან თუ დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან თუ რუსეთიდან, ჩინეთიდან თუ სამხრეთ კორეიდან ეწვევიან ხოლმე რეგიონის ქვეყნებს. რეგიონულ ტურიზმს სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ აფერხებს უამრავი ბიუროკრატიული ბარიერი და შეზღუდვა. თუმცა მისი განვითარება აჩვენებს, რომ ტრანზიტული ტურიზმი არ არის „ნულოვანი ჯამის თამაში“ და წარმოადგენს რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის თვალსაჩინო მაგალითს.


ქართული ტურიზმის მაჩვენებლები 2016 წელს, სტრუქტურა და სექტორის მონაცემები, GNTA. სრული ანგარიში იხ. ბმულზე: https://gnta.ge/wp-content/uploads/2016/08/ENG-2016.pdf 

შეზღუდული მონაცემების გათვალისწინებით, „ტრანზიტულ ტურისტს“ ვუწოდებთ მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომელთაც საქართველოში შემოსვლის ან ქვეყნიდან გასვლისას ისარგებლეს სახმელეთო საზღვრით, რის გამოც ქვეყნის ტრანზიტული ტურიზმის რეალური მოცულობის ზუსტად შეფასება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმ ვიზიტორებს, რომლებიც ბაქოდან თბილისში (ან პირიქით) თვითმფრინავით ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვერც იმ ტრაილერის მძღოლებს ვერ გავითვალისწინებთ, რომლებიც საქართველოზე გავლისას ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდნენ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners