ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საახალწლო მიზნების ქცევითი ეკონომიკა

„ქცევითი ეკონომიკისთვის იანვარი იდეალური თვეა: ცოტა რამეში თუ ვლინდება თვითკონტროლი ისე კარგად, როგორც საახალწლო მიზნებში. თებერვალი კიდევ უკეთესია, რადგან საშუალება გვაქვს, შევისწავლოთ, რატომ არ სრულდება ეს მიზნები,“ – სენდჰილ მულაინათანი, ჰარვარდის უნივერსიტეტი.

ეს წელიწადის ის დროა, როდესაც ჩვენს ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს ვუღრმავდებით და ვეძებთ, რა შეიძლება დადებითად შევცვალოთ ახალი წლიდან. ჩვენს წარმოდგენაში არსებობს ძველი მე, რომელსაც ძველ წელში დავტოვებთ, 2018 წელს კი დაიბადება ახალი მე, რომელიც უფრო ჯანმრთელი, უფრო ჭკვიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო ბედნიერი იქნება. ამისთვის კი საჭიროა, მოვიფიქროთ ჯადოსნური მიზნები, რომლებიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს შეიძლება არც კი გვჭირდებოდეს ახალი საახალწლო მიზნების მოგონება. მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ წინა წლის სია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თაროზე იმტვერებოდა წლის დასაწყისში ნაყიდ უხმარ სპორტულ ტანსაცმელთან ერთად... ფაქტია (ემპირიულ კვლევებს თუ დავუჯერებთ, 81-92% შემთხვევაში), ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი მიზნები, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება! 2018 წლის მეს არ დასჭირდება მაღვიძარის გადავადების ღილაკი, გვიანობამდე არ დარჩება ოფისში და, რა თქმა უნდა, გაღიმებული ირბენს სარბენ ბილიკზე. ასეთი გადაჭარბებული ოპტიმიზმი, მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, შედარებით ხშირად გვხვდება, თუმცა ამის ახსნა სტანდარტული ეკონომიკური მოდელებით რთულია.

ეკონომიკა ცდილობს, გაიგოს ადამიანის ქცევა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ბაზარი, არაერთი დაშვება უნდა გავაკეთოთ, რაც გვეხმარება სასარგებლო და მოქნილი ეკონომიკური მოდელების აგებაში. ამ მოდელებში ეკონომიკურ აგენტებს აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, ადვილად და დეტალურად ითვლიან ვარიანტების ხარჯებსა და სარგებელს, აკეთებენ არჩევანს და მყარად მისდევენ მას, მიუხედავად იმისა, გრძელვადიანია ეს გეგმა თუ მოკლევადიანი. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესების გაგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის ქცევის სწორედ ამ მარტივი მოდელის გამოყენებამ. თუმცა თეორიულ პროგნოზებსა და რეალურ განხორციელებას შორის განსხვავებები ხშირად სისტემატური და სერიოზულია, ახალი წლის მიზნების ვერშესრულების მაჩვენებელი კი მხოლოდ ერთი მაგალითია მრავალთაგან.

ჰომეროსის ეპიკურ პოემაში „ოდისეა“ ოდისევსს აფრთხილებენ სირინოზებზე, რომლებიც ჯადოსნური სიმღერით იტყუებენ მეზღვაურებს. ოდისევსს ძალიან აინტერესებდა, რაზე მღეროდნენ სირინოზები. ამიტომ სირინოზების კუნძულთან გავლისას, კირკეს რჩევით, თავის მეზღვაურებს დაავალა, ცვილით დაეცოთ მისთვის ყურები და ანძაზე მიებათ. თანამგზავრებს ანძაზე დაბმული უნდა დაეტოვებინათ ოდისევსი, რამდენიც არ უნდა ეთხოვა გაშვება. ოდისევსის პრობლემის მოგვარების გზა არის იდეალური მაგალითი იმ დათმობებისა, რომელთა გაკეთებაც გვიხდება ყოველდღიურად მოკლევადიან ცდუნებებსა (მაგ. არაჯანსაღი, მაგრამ საოცრად გემრიელი სასუსნავები, საყიდლები ან ერთი კათხა ლუდი სავარძელში) და გრძელვადიან კეთილდღეობას, ჯანმრთლობასა და ფინანსურ უსაფრთხოებას შორის.

სტანდარტული ეკონომიკური თეორია ვერ ხსნის ამ ფენომენს, რადგან ის უშვებს, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენს მომავალ ქმედებებზე დროში თანმიმდევრულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული, როდის გვიწევს ამ არჩევნის გაკეთება. ამის ახსნა შეიძლება დისკონტირებით, სადაც დაშვება ისაა, რომ სარგებლის ან ხარჯის ღირებულება მცირდება მუდმივი ფაქტორით ყოველ გასულ თვესთან ან წელთან ერთად, ამიტომ არჩევანი ორ მომავალ ალტერნატივას შორის ყოველთვის იგივე დარჩება, მიუხედავად იმისა, როდის გაკეთდა ეს არჩევანი.

ითაკისკენ ხანგრძლივი მოგზაურობის პირველ დღეს ოდისევსი დარწმუნებული იყო, უკან დაბრუნდებოდა და დაიბრუნებდა ითაკის მეფის ტახტს. როცა სირინოზების კუნძულს ჩაუარა, წესით, ითაკაში დაბრუნების გეგმისთვის არ უნდა გადაეხვია. თუმცა, როგორც ოდისევსის მაგალითიდან ვხედავთ, სრულიად შესაძლებელია არჩევნის შეცვლა მოგვიანებით, როდესაც ორ ალტერნატივას შორის ვაკეთებთ არჩევანს. ანალოგიურად, როცა დღეს გვეკითხებიან, გადავწყვიტოთ, სავარჯიშო დარბაზში გავატაროთ მომავალი პარასკევი თუ  სავარძელში, შეიძლება დარბაზში წასვლა ვარჩიოთ, მაგრამ პარასკევი დადგეს და სავარძელში აღმოვჩნდეთ, გერმანული ლუდის კათხით ხელში. ამ ფენომენის ახსნა ისაა, რომ ჩვენ გვაღელვებს დროში ჩვენთან უფრო ახლო მყოფი გამოცდილებები და ამიტომაც ვყრით ადრევე ფარხმალს. მოკლევადიან ცდუნებებზე დანებება არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ ვახერხებთ მომავლისთვის ფულის დაზოგვას და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.

რიჩარდ ტალერმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქცევითი ეკონომიკის პროფესორმა და 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა კოლეგებთან ერთად შექმნა ალტერნატიული მოდელები იმ დილემისთვის, რომელსაც იწვევს შორსმჭვრეტელ (მგეგმავ) და ახლომხედველ (მკეთებელ) მეს შორის შინაგანი ჭიდილი. მგეგმავი მეს მიზანია გრძელვადიანი ბედნიერების გაზრდა, მკეთებელ მეს კი, როგორც წესი, მოკლევადიანი გადაწყვეტილებები აღელვებს. მგეგმავს, იცნობს რა მკეთებლის მიოპიურ ბუნებას, შეუძლია გადაწყვიტოს, ნებისყოფის გამოყენებით შეზღუდოს მოკლევადიანი მომხმარებლობა, რაც ფსიქიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ან, ოდისევსის მსგავსად, მოკლევადიანი არჩევნის შეზღუდვით ხელი შეუწყოს დაგეგმვის პროცესს და ამგვარად გადაჭრას დილემა. მეს ეს ორსახოვანი ბუნება გამოიყენება თანამედროვე ფსიქოლოგიაშიც, რომელსაც ამყარებს უახლესი ნეირომეცნიერული კვლევა: ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნაწილი პასუხისმგებელია მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე.

სად ვეძებოთ ოდისევსის „ანძები“ თანამედროვე ცხოვრებაში?

ტალერის მსგავსად, ქცევითი ეკონომიკის მიმდევართა თეორიული და ემპირიული შრომები გვთავაზობს მთელ რიგ თეორიებს, როგორ გავუმკლავდეთ ახლომხედველ მეს. ეს ვარიანტები თანხმობაშია ზემოთ უკვე განხილულ თეორიულ პროგნოზებთან. წარმატების საწინდარი არის არჩევნის წინასწარი განხორციელება, ანგარიშვალდებულება და გონებრივი სისაღე ისე, რომ ნაკლებად დავუწესოთ საკუთარ თავს შეზღუდვები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაიწყოთ 2018 წლის მიზნების ასრულება:

• არჩევანის წინასწარვე განხორციელება

გაააქტიურეთ საკვების ყოველკვირეული გამოწერის სერვისი inebe.ge-ზე ან სხვა ვებ-გვერდზე, რომლებიც მსგავს შეკვეთებს იღებენ, რათა მომარაგებული გქონდეთ საჭმელი მანამდე, სანამ მოგშივდებათ. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მკვლევარები მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მომხმარებელთა შეკვეთებს საკვების ონლაინ მაღაზიებში. მათ უნდოდათ, გაეგოთ, რა გავლენას ახდენს შეკვეთის მიღებასა და მიტანას შორის შუალედი მომხმარებლის არჩევანზე. მართლაც, მონაცემებმა აჩვენა, რომ მომხმარებელი, რაც უფრო ადრე აკეთებს შეკვეთას, მით უფრო ხშირად უკვეთავს „აუცილებელ“ საკვებს (მაგ. ბოსტნეულს) და შედარებით იშვიათად „სასურველ“ პროდუქტებს (მაგალითად, კანფეტებს).

საბანკო ანგარიშზე გაიაქტიურეთ ყოველთვიური ავტომატური გადარიცხვის მომსახურება და გადარიცხეთ თანხა დანაზოგის ან საპენსიო ანგარიშზე. თანხის გადარიცხვის ეს სწრაფი და ერთჯერადი გადაწყვეტილება დაგეხმარებათ, მომჭირნედ ხარჯოთ და შეინახოთ თანხა მომავალი ფინანსური უსაფრთხოებისთვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯატ ჩეტიმ და მისმა კოლეგებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომ ავტომატურ საპენსიო სქემაში ჩართვის მექანიზმი ზრდის ზოგად დანაზოგებს, რადგან ეს გეგმა საშუალებას გვაძლევს, დავზოგოთ თანხა რეგულარული ნებისყოფის გამოყენების ფსიქიკური ხარჯების გარეშე.

საკუთარ თავს დაუწესეთ ქცევის წესები. საკუთარ თავთან მოლაპარაკებასა და სარგებლის ხარჯების მუდმივად შეფასებას გონებრივი რესურსები და ნებისყოფა სჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხმობაშია ჩვენს გრძელვადიან გეგმებთან. ასეთი მოლაპარაკებებისგან თავის არიდება ძალიან დაგეხმარებათ. ერთი გზა შეიძლება იყოს საკუთარი რაციონიდან ნახშირწყლების ან სიგარეტის სრულად, ყოველგვარი თუებისა და მაგრამების გარეშე ამოღება და არა კალორიების თვლა ან ნორმირებული მოწევა.

• დარჩი ანგარიშვალდებული

დაენაძლევეთ მეგობრებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა არაჯანსაღი საჭმლის ჭამაზე წაგასწრებენ, მათ ფულს გადაუხდით. თუ ხედავთ, რომ ეს ვერ გეხმარებათ, გაზარდეთ თანხა ან ისეთ ადამიანს გაურიგდით, ვინც დიდად არ მოგწონთ (მაგალითად, სიდედრს/დედამთილს).

დღეს ყველაფრისთვის არსებობს მობილური აპლიკაცია. ისეთი აპლიკაციებიც არსებობს, რომლებიც გეხმარებათ, საკუთარ თავთან გააფორმოთ „ანგარიშვალდებულების ხელშეკრულება“. იელის უნივერსიტეტის პროფესორების, დინ კარლანისა და იან აირესის მიერ დაარსებული StickK1 საშუალებას გაძლევთ, დაისახოთ კონკრეტული მიზანი, დააწესოთ კონკრეტული თანხები, რომლის წაგებაც არ გინდათ და ეს თანხა გადაურიცხოთ, მაგალითად, ისეთ ორგანიზაციას, რომლის იდეებსაც სასტიკად ეწინააღმდეგებით. ვებ-გვერდი იძლევა მსაჯების ყოლის საშუალებასაც. თქვენ ირჩევთ ადამიანებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ თქვენი ხელშეკრულების მიმდინარეობას. როდესაც ვებ-გვერდზე ტვირთავთ განვლილი პერიოდის ანგარიშს, მსაჯი ადასტურებს ამ ანგარიშის სიზუსტეს.

• დარჩით საღ გონებაზე

თვითკონტროლი ძვირი ღირს. მუდმივი თვითშეკავება იწვევს ტვინის რესურსების განადგურებას და სულ უფრო ნაკლები ენერგია გვრჩება, გავუმკლავდეთ შემდეგ შეზღუდვას. დასახული მიზნების სხვადასხვა ვარიანტების არჩევისას, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოითხოვს თვითკონტროლს, მაგალითად, ვარჯიში და არა დიეტა. მართალია, რეგულარულ ვარჯიშს ნებისყოფა სჭირდება, მაგრამ, დიეტისგან განსხვავებით, ის არ მოითხოვს მუდმივ თვითკონტროლს. რეგულარული ვარჯიში ჩვევა ხდება, ამიტომ სულ უფრო ნაკლები გონებრივი რესურსი სჭირდება ფორმის შენარჩუნებას.

კიდევ ერთი რჩევაა, ისარგებლოთ ახალი წლის დასაწყისში მოზღვავებული მოტივაციით და იმოქმედოთ დღეს ისე, რომ კარგი გადაწყვეტილებები მიიღოთ მთელი 2018 წლის განმავლობაში. გილოცავთ ახალ წელს!


1 ვებ-გვერდზე წაიკითხავთ ავტორების განცხადებას: „ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, პროფესორ რიჩარდ ტალერს 2017 წლის ნობელის პრიზის მიღებას ეკონომიკაში. ვინც არ იცის, stickK  ნაწილობრივ სწორედ ტალერის ბიძგის თეორიას ეფუძნება და ჩვენც ამაყად ვუწოდებთ მას მეგობარსა და  შთაგონების წყაროს“.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners