მჯერა, ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ტექნოლოგია კარგია. შეიძლება ისიც გვჯეროდეს, რომ ეს პროგრესის ნიშანია. როგორც იქნა, ძალიან ჭკვიანმა ინჟინრებმა იხსნეს კაცობრიობა, რადგან მათ არა მხოლოდ წარმოიდგინეს, არამედ შექმნეს კიდეც ისეთი მოწყობილობები, რომლებიც მასებს წუთებისა და წამების დაზოგვაში ეხმარება. რა თქმა უნდა, უამრავი მიზეზი არსებობს, ვამტკიცოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური მიღწევები. ეს მიღწევები შეიძლება გამოვიყენოთ ახალგაზრდების დასაქმების წასახალისებლად ან ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანისთვის ავტომატური მტვერსასრუტის შესაქმნელად. ან რატომ არ უნდა გავუშვათ რაკეტა კოსმოსში, რომელიც მზის სისტემაში იფრენს? და მაინც, მჯერა, რომ ისეთი მოწყობილობებიც არსებობს, რომელთა გარეშე ცხოვრებაც თავისუფლად შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა, რომელზეც ამ ბოლო დროს ვფიქრობ, თბილისის ქუჩებში ხეტიალის დროს აღმოვაჩინე.
თბილისისნაირი ქალაქის გაცნობის ხიბლი ისაა, რომ ადვილად შეიძლება დაიკარგო ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას. რას აღარ ნახავთ ამ ქუჩებში: თავისებურ სახლებს, ეზოებსა და ათასი ჯურის კატებით სავსე ბაღებს. ყურადღებას იქცევს ახალგარეცხილი და მავთულებზე გაკიდული სარეცხიც, რომელიც ქარზე გასაშრობად გამოუფენიათ. არ ვაპირებ ჭრელა-ჭრულა თეთრეულზე ან ტანსაცმელზე ბევრი ვილაპარო, უფრო იმას მინდა გავუსვა ხაზი, თუ რამდენად ხშირად იყენებენ აქ ეზოს სარეცხის გასაშრობად, რასაც შვედურ ქალაქებში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ.
სწორედ იმ დროს, როცა გავაცნობიერე, რომ ქუჩაში გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი თბილისში ჩვეული მოვლენაა (თუნდაც დეკემბრის ცივ დღეებში), შვედეთის ენერგეტიკის სააგენტომ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც ისინი ტანსაცმლის გაშრობის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს ადარებენ. მაინც რას ამბობს კვლევა მოწყობილობების გამოყენებაზე?
შვედური კვლევის დასკვნები
1-ელ ცხრილში სხვადასხვა საშრობი მოწყობილობები შედარებულია ყველაზე ენერგოეფექტურ დანადგართან ტევადობის, ენერგიის მოხმარების, დროის ხანგრძლივობისა და ბოლოს, სხვადასხვა მოწყობილობის მიერ ენერგიის პროცენტული მოხმარების მიხედვით
მოწყობილობები | ტევადობა (კგ.) | ენერგიის მოხმარება (კვტ.სთ./კგ.) | გაშრობისთვის საჭირო დრო (საათი, წუთი) | ენერგიის მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი სხვა მოწყობილობებსა და თბო საქაჩის მქონე მბრუნავ საშრობს შორის |
თბო საქაჩის მქონე მბრუნავი საშრობი | 7,0 | 0,23 | 2,33 | |
კონდენსატორი მბრუნავი საშრობი | 8,0 | 0,27 | 3,22 | 17 |
საშრობი | 7,0 | 0,32 | 8,34 | 39 |
თბო საქაჩის მქონე საშრობი კაბინეტი | 4,0 | 0,43 | 2,02 | 87 |
საშრობი კაბინეტი საშრობით | 3,5 | 0,46 | 4,02 | 100 |
საშრობი კაბინეტი (ორთქლის) გამოსაშვები არხით | 4,0 | 0,82 | 2,10 | 257 |
ცხრილი 1. განახლებულ ცხრილში წარმოდგენილია ენერგოეფექტური ტანსაცმლის საშრობი მოწყობილობების შედეგები. წყარო: შვედეთის ენერგეტიკის სააგენტო, 2017 წელი.
როგორც ვხედავთ, ყველაზე ენერგოეფექტური საშრობი მოწყობილობა არის თბო საქაჩის მქონე მბრუნავი საშრობი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. საშრობები კლასიფიცირდება A+ ან A++ ტიპებად, რაც ეუბნება მომხმარებელს, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის მოწყობილობა (ამჟამად ახალი საშრობების კლასიფიცირება იწყება A+++-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა ყველაზე ეფექტურია, და გრძელდება C და D კატეგორიებით შედარებით ძველი მოდელებისთვის). მოწყობილობაში უნდა დამონტაჟდეს თბო საქაჩიც, რომელიც ხელმეორედ იყენებს სითბოს, რაც იწვევს მოწყობილობაში მბრუნავი სითბოს უფრო ეფექტურ გამოყენებას. და რა საერთო აქვს ამ ყველაფერს საქართველოსთან?
ენერგოეფექტურობა საქართველოში
სანამ პასუხს გავცემდე, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ტანსაცმლის გაშრობის ქართულ ტრადიციასთან, მინდა USAID-ისა და AYPEG-ის მიერ 2014 წელს ჩატარებულ კვლევას შევეხო. ანგარიში ქართული შინამეურნეობების მიერ ენერგიის მოხმარებას ეხებოდა. მონაწილე 1081 შინამეურნეობის გამოკითხვით, რომელთა შორის ქალაქად და სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების განაწილება მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, საკმაოდ საინტერესო თემები გამოიკვეთა, რამაც გამოავლინა სახლში ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენებისადმი დამოკიდებულება. ენერგოეფექტურობაზე კითხვების დასმისას გაირკვა, რომ გამოკითხული სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების 72 და ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების 64%-მა არც კი იცოდა ამ ტერმინის მნიშვნელობა, რაც შეიძლება ბევრისთვის არ არის მოულოდნელი (იხ. გრაფიკი 2).
ქვეყნის დონეზე გამოკითხულთა 25%-მა იცოდა ტერმინის მნიშვნელობა და დაახლოებით იგივე რაოდენობის შინამეურნეობები იყენებდა ენერგოეფექტურ ნათურებს შიდა მოხმარებისთვის (იხ. გრაფიკი 3).
ენერგოეფექტური ნათურების გამოყენებაზე საუბრობს საქსტატის მიერ (2017 წ.) ჩატარებული გამოკითხვაც, სადაც აბსოლუტური გაგებით LED ნათურების გამოყენება აჭარბებს როგორც ჰალოგენური, ისე ფლოურესცენტული ნათურების გამოყენებას. USAID-ის კვლევაში გამოკითხულებს, რომელთაც არ იცოდნენ, მკვლევარებმა განუმარტეს ტერმინის მნიშვნელობა. მათ აუხსნეს, სად შეიძლებოდა ენერგიის დაზოგვა (მაგალითად, ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება).
განმარტების შემდეგ, რესპონდენტებს ჰკითხეს, რა ტიპის ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს ხედავდნენ სამომავლოდ. როგორც მე-4 გრაფიკზეა ახსნილი, ცენტრალური გათბობის სისტემას მცირედით უფრო მაღალი პასუხი ჰქონდა, ვიდრე მის კონკურენტს, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამოკითხულთა 13.7%-ს სურდა ენერგოეფექტურ მოწყობილობებზე გადასვლა (USAID, 2014 წ.). ცხადია, ანგარიშში კითხვაზე ადრე გაცემული პასუხის გათვალისწინებით, შეუძლებელია დავასკვნათ, რომ ამას რამე კავშირი აქვს საშრობთან. თუმცა ნამდვილად გვაძლევს წარმოდგენას, რომ უკვე არსებობს არამხოლოდ ცნობადობა (გამოკითხულთა 27% იყენებს ენერგოეფექტურ ნათურებს), არამედ გარკვეული ღიაობაც ახალი ტექნოლოგიებისადმი. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა სარეცხი მანქანა, 48% კი რეალურად განიხილავდა სარეცხი მანქანის ყიდვას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. სწორი მოტივაციითა და ინფორმაციით ამ მომავალმა მყიდველებმა შეიძლება ენერგოეფექტური სარეცხი მანქანა შეიძინონ, რასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტი მსგავს ან სხვა საოჯახო აქტივობებზე, მათ შორის ტანსაცმლის საშრობზე.
საშრობი თუ ტრადიციული მეთოდები
მოდი, დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, რა დაასკვნა შვედურმა ანგარიშმა. მართალია, A++ კლასის მბრუნავი საშრობი დამონტაჟებული თბო საქაჩით ეფექტურია ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით, თუმცა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ენერგიის დაზოგვის საუკეთესო მეთოდი მაინც ის არის, რომელსაც დედამიწა გვთავაზობს – მზე და ქარი. ბაზარზე არსებული განვითარებული მეთოდების მიუხედავად, რომლებიც თითქოს გვეხმარება დროის დაზოგვაში და თან მინიმალური რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, მაინც არაფერი შეედრება ამინდის გამოყენების ძველ მეთოდს. არსებობს უამრავი პუბლიკაცია, რომელიც აღრიცხავს საოჯახო საქმიანობების მიერ გამოყენებული ენერგიისა და დახარჯული დროის რაოდენობას. ზოგიერთი კონკრეტულად განიხილავს, რა სტიმულია საჭირო მოხმარების შესამცირებლად (მაგ. პალმი და სხვები, 2018 წ., ანდერსონი, 2016 წ., ისაკსონი და ელეგარდი, 2015 წ., ელეგარდი და პალმი, 2015 წ.).
ჩემი გამოცდილებით, საშრობის მთელი ხიბლი ის არის, რომ ის გვეხმარება სივრცის დაზოგვაში, რადგან ბევრი ადამიანი ცხოვრობს პატარა ბინაში, სადაც ასეთი მოწყობილობებისთვის სივრცე მინიმალურია. ამიტომ დიდი ბაღი ან ვერანდა საშუალებას აძლევს ოჯახებს, ტანსაცმელი ეზოში, სუფთა ჰაერზე გააშრონ. ზოგიერთი შვედიც იყენებს ამ მეთოდს, თუმცა თბილ სეზონებზე. სხვები კი სითბოსა და ვენტილაციის სისტემის მქონე სამრეცხაოებს ან საშრობებს (ან სხვა მოწყობილობებს, როგორიცაა, მაგალითად საშრობი კაბინეტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, იხ. ცხრილი 1) იყენებენ. ეს მოსაზრება ეთანხმება შმიტისა და სტამინგერის (2014 წ.) მოსაზრებას, რომლებმაც 10 ევროპულ ქვეყანაში შეისწავლეს ტანსაცმლის გაშრობის მეთოდები (იხ. გრაფიკი 5). შვედეთი და დიდი ბრიტანეთი წამყვან პოზიციებს იკავებენ საშრობის ქონის მაჩვენებლით (52% თითოეულ ქვეყანაში, მესამე ადგილზეა გერმანია 47%-ით). ფინეთი, სადაც ისეთივე სუბარქტიკული კლიმატია, როგორიც შვედეთში, მეხუთე ადგილზეა, თუმცა, როგორც მე-5 გრაფიკზე ვხედავთ, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე ნაკლებად იყენებენ საშრობებს. თუმცა, თუ ტანსაცმლის გასაშრობად ენერგიის წლიური მოხმარების საშუალო მაჩვენებელს შევხედავთ (როგორც საშრობების, ისე შიდა საშრობი სივრცეების გათვალისწინებით), შვედეთი აღარ არის მოწინავე პოზიციაზე. ამჯერად, მას უსწრებს ფინეთი და პოლონეთი, მხოლოდ იმიტომ, რომ აქტიურად იყენებენ საშრობ ოთახებს (ოთახი, სადაც ტემპერატურა არის შედარებით მაღალი სავინტილაციო, გამათმბობელი ან სხვა მოწყობილობების გამოყენებით).
საქართველოს გამოცდილება
ქართველებმა უკვე იციან, რომ ტანსაცმლის გაშრობა მხოლოდ მზიან ან ქარიან დღეებში კი არა, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება.
მაშ, რა ხდება საქართველოსა და შვედეთთან მიმართებაში? ამ ბლოგის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ქართველები უკვე იყენებენ ტანსაცმლის გაშრობის ყველაზე ენერგოეფექტურ მეთოდს, თანაც ყველა სეზონზე. ამიტომ ამ მიმართულებით ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის ყველაზე ეფექტური გზა მარტივად შეიძლება იყოს გარეთ გაშრობის სარგებლის პოპულარიზება, სანამ მომხმარებელთა უპრიტესობები შეიცვლება და ადამიანები საშრობების მოხმარებაზე გადავლენ. ბოლოს და ბოლოს, „ერთი უნცია პრევენცია ერთი ფუნტი მკურნალობის ტოლფასია“.
და შვედეთი? იქნებ, უფრო ეფექტური (ხშირად მაღალტექნოლოგიური) საშრობების პოპულარიზების ნაცვლად „ქართული მოდელის“ პოპულარიზება დავიწყოთ.
გამოყენებული ლიტერატურა
Anderson, B. 2016. Laundry, energy and time: Insight from 20 years of time-use diary data in United Kingdom. Energy Research & Social Science 22, 125-136. Link to article: http://dx.doi.org/10.1016/j.erss.2016.09.004
GEOSTAT. 2017. Energy consumption in Households. National Statistics Office of Georgia, Tbilisi. Link to report: file:///C:/Users/selam.petersson/Desktop/Blog%20post/Energy%20consumption%20in%20Households%202017.pdf
Ellegård, K., Palm J. 2015. Who is Behaving? Consequences for Energy Policy of Concept Confusion. Energies, 8:8, 7618-7637. Link to article: http://dx.doi.org/10.3390/en8087618
Isaksson, C., Ellegård, K. 2015. Anchoring energy efficiency information in households’ everyday projects: Peoples’ understanding of renewable heating systems. Energy Efficiency, 8:2, 353-364. Link to article: http://dx.doi.org/10.1007/s12053-014-9299-x
Palm J., Ellegård, K., Hellgren, M. 2018. A cluster analysis of energy-consuming activities in everyday life. Building Research & Information, 46:1, 99-113, DOI:10/1080/09613218.2017.1302225. Link to article: http://.doi.org/10.1080/09613218.2017.1302225
USAID. 2014. Household Energy end-use survey. Hydro Power and energy planning project (HPEP). Link to report: http://pdf.usaid.gov/pdf_docs/PA00JZWB.pdf
Schmitz, A., Stamminger, R. 2014. Usage behavior and related energy consumption of European Consumers for washing and drying. Energy Efficiency, (7), 937-954. Link to article: http://doi.org/10.1007/s12053-014-9268-4
Comments