ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

არის თუ არა კაპიტალიზმი ისტორიის ბოლო საფეხური

ამ ორნაწილიან სტატიაში, მე შევეცდები ვაჩვენო ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც შესაძლოა კაპიტალიზმი აღმოჩნდეს მომავალში და რომლებიც, მისთვის შეიძლება გადაულახავიც კი გახდეს. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ 30 წლის შემდეგ, საბაზრო სისტემის გლობალური ბატონობას ვეღარ ვიხილავთ.


ფუკუიამა VS. მარქსი 

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია ჩაატარა ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოაზროვნემ - ფრანცის ფუკუიამამ.

ფუკუიამა ცნობილი გახდა თავისი წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992) სადაც ის გვთავაზობს ისტორიის ევოლუციაზე ჰეგელის იდეის საკუთარ ინტერპრეტაციას. ჰეგელის აზრით, ისტორია არის Weltgeist-ის („მსოფლიოს სულის“) აქტუალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება ისტორიული წინააღმდეგობების აღმოცენების საფუძველზე. მოგვიანებით კი ხდება ამ უკანასკნელთა გადაჭრა და გარდაქმნა ეგრეთ წოდებულ სინთეზებად, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი წინააღმდეგობების წარმოქმნის ბაზისს ქმნის. ეს წინააღმდეგობების წარმოქმნისა და მათი გადაჭრის პროცესი სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც Weltgeist „შეიცნობს საკუთარ თავს“ და აღარ ხდება ახალი წინააღმდეგობების აღმოცენება.

თავის წიგნში, ფუკუიამა წარმოადგენს მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დასრულდა ისტორიული წინააღმდეგობების წარმოქმნისა და მათი გადაჭრის სერია და მისი დატოვებული საბოლოო შედეგი არის - კაპიტალიზმი ლიბერალურ დემოკრატიასთან სინთეზში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ფუკუიამას ეს მოსაზრება არასწორი აღმოჩნდა. ისტორიული წინააღმდეგობების წარმოქმნის პროცესი რომ 1991 წელს დამთავრებულიყო, დღევანდელი მსოფლიოს სურათი მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა: მშვიდობა, უწყვეტი განვითარების პროცესი და ყველა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, მისი ჰიპოთეზის პოლიტიკური ნაწილის უარყოფა შეიძლება იმ ფაქტით, რომ რიგი ქვეყნები სულაც არ მიისწრაფვიან დემოკრატიისაკენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ჩინეთი, სადაც კაპიტალიზმი ბატონობს, თუმცა დემოკრატია ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა (და არავინ იცის, მოხდება თუ არა ეს ოდესმე). ე.წ არაბულმა გაზაფხულმა კი ერთი სახის ავტოკრატია ჩაანაცვლა მეორეთი და შედარებით სტაბილური დესპოტიზმი გარდაიქმნა უიმედო ქაოსში, რელიგიური ფანატიზმის აღზევებასთან ერთად. 9/11-მა კიდევ ერთხელ მკვეთრად დაანახა მსოფლიოს, დასავლურ ლიბერალიზმსა და ისლამურ სამყაროს შორის არსებული უდიდესი წინააღმდეგობები. ხოლო ის რაც ამ მომენტისათვის სირიასა და ერაყში ხდება, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ წინააღმდეგობების გადაჭრას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.

თუმცა, რაც შეეხება ფუკუიამას ეკონომიკურ წინასწარმეტყველებას, მან შედარებით გაამართლა და მართლაც, ალბათ თითქმის არ არსებობს ქვეყანა, რომლის ეკონომიკა საბაზრო სისტემაზე არ მუშაობს. არსებობს მხოლოდ სამი გამონაკლისი, მაგრამ ისინი ძლიერ მაგალითს არ წარმოადგენენ. ჩრდილოეთ კორეა სრულ კრახად შეიძლება ჩაითვალოს. ჩინეთი - მართალია ფორმალურად ჯერ კიდევ სოციალურ სისტემაზეა, მაგრამ ბოლო 25 წლის მანძილზე საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიისწრაფის კაპიტალიზმისაკენ. რაც შეეხება კუბას, მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ ისიც ჩინეთის გზას გადის. გამოდის თუ არა, რომ ფუკუიამა ნახევრად მაინც იყო მართალი? კონკრეტულად კი, აღმოჩნდა თუ არა მისი მომავლის ეკონომიკური ხედვა სიმართლე?

სანამ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, მინდა შეგახსენოთ, რომ ფუკუიამა არ იყო ერთადერთი, ვინც ინტერპრეტაცია გაუკეთა ჰეგელის იდეებს და ეკონომიკურ საკითხებს მოარგო ისინი. კარლ მარქსმაც ზუსტად იგივე გააკეთა, კერძოდ კი, მისი ნაშრომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი- ისტორიის თეორია, სწორედ ჰეგელის მოსაზრების ადაპტაციას წარმოადგენს. წინააღმდეგობები, რომლებზეც ჰეგელი თავის ნაშრომში საუბრობდა, მარქსის თეორიაში საზოგადოების კლასთა ბრძოლას შეესაბამება. რაც შეეხება Weltgeist-ის მიერ საკუთარი თავის შეცნობას, რომელსაც ჰეგელი ისტორიის დასასრულ წეტილად მიიჩნევდა, მარქსის თეორიაში, კომუნიზმში (საზოგადოებაში კლასების გარეშე) აისახა. თუ კარგად დავაკვირდებით, ფუკუიამასა და მარქსის თეორიებს შორის საკმაოდ დიდ მსგავსებას აღმოვაჩენთ, ერთი ძირითადი განსხვავებით, რომ ფუკუიამა ისტორიის განვითარების საბოლოო ეტაპად კაპიტალიზმს მიიჩნევდა, ხოლო მარქსი კი - კომუნიზმს.


დემოკრატია კაპიტალიზმის გარეშე?

ახლახანს, მე განვიხილე ჩემი მოსაზრებები ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტთან საუბრის დროს. ის ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ არ დამეწერა ეს სტატია, რადგანაც, როგორც მომდევნო კვირაში, სტატიის მეორე ნაწილში ნახავთ, ჩემი ანალიზის საბოლოო დასკვნა არის შემდეგი: სოციალისტური იდეები, კერძოდ კი, ეკონომიკის ცენტრალური მგეგმავის კონცეფცია - შეიძლება არც ისე უსარგებლო იყოს. ამ ჩემი მეგობრისა და მისი ოჯახის გამოცდილება საბჭოთა კავშირის დროს იმდენად უარყოფითი იყო, რომ მან შეურაცხყოფადაც კი მიიჩნია, რომ შესაძლოა, გეგმიურ ეკონომიკას რაიმე დადებითი ასპექტებიც ჰქონოდა. მისი აზრით, ეს იგივე იქნებოდა, რაც, ვთქვათ, ჰიტლერის ეროვნული სოციალიზმის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი. ეს კი ყველა იმ საშინელი მოვლენის გათვალისწინებით, რაც ეროვნული სოციალიზმის ქვეშ ხდებოდა, უდაოდ შეურაცხმყოფელი იქნებოდა, თავად სტატიის დასკვნის მიუხედავად.

ჩემი აზრით კი, სუფთა ეკონომიკურ ასპექტში გეგმიური ეკონომიკის შესაძლო უპირატესობების განხილვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ძირითადი მტკივნეული მომენტები, არა ეკონომიკური წყობის, არამედ მისი პოლიტიკური სისტემის შედეგია. სინამდვილეში, ეს პოლიტიკური სისტემა არ არის მარქსის თავდაპირველი იდეების ნაწილი. მან ძალიან ზედაპირულად განიხილა უკლასო საზოგადოების პოლიტიკური წყობა და არ გამოურიცხავს, რომ კომუნისტურ საზოგადოებაში გადაწყვეტილებები შესაძლოა დემოკრატიული გზითაც ყოფილიყო მიღებული. როგორც პიტერ სინგერი წერს: „მარქსი ადამიანური თავისუფლების იდეის ერთგული იყო. ვიქტორიანული სალონური თამაშის დროს, როდესაც ეკითხებოდნენ, რომელი მანკი სძულდა ყველაზე მეტად, ის პასუხობდა: „მონობა“; და თავის საყვარელ სლოგანად არჩეული ჰქონდა ფრაზა: ‘De omnibus dubitandum’ – „ყველაფერი უნდა იეჭვო“. მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულწილად მხარს უჭერდა ავტორიტარულ იდეებს საკუთარი მოსაზრებებით, სავარაუდოა, რომ მაინც შეშფოთდებოდა იმ ავტორიტეტით, რომელიც ლენინმა და სტალინმა მისი სახელით მოიპოვეს (უფრო მეტიც, დიდად სავარაუდოა რომ მარქსი წმენდის ადრეულ ეტაპებსაც კი შესწირვოდა)“ (Marx – A Very Short Introduction, Oxford University Press 2001, p. 93).

და მაინც, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ტერორის განცალკევება მისი ეკონომიკური წყობისგან, შეუძლებელი იქნებოდა. ძირითადი არგუმენტი კი, მდგომარეობს შემდეგში: საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში, ძალაუფლება პოლიტიკური მმართველებიდან გადავიდოდა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მონაწილეების ხელში, რომლებიც საბოლოოდ, საკუთარ წილ ეკონომიკურ ძალასაც მოითხოვდნენ. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, როგორებიცაა კაპიტალისტები და მუშაკები, სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები და ა.შ საჭიროებენ კონფლიქტების გადაჭრის ინსტიტუციონალიზებულ გზას, რომელსაც დემოკრატია გვთავაზობს. ადამიანები, რომლებიც ამ მოსაზრებებს იზიარებენ, ფიქრობენ, რომ ჩინეთი საბოლოოდ გახდება პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა, თუ კომუნისტური პარტია არ მოახდენს საკუთარი ძალაუფლების გადანაწილებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე. თუ საპირისპირო მიმართულებას განვიხილავთ, ნამდვილი თავისუფლება გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებასაც და გადაწყვეტილებების მიღებას სახელმწიფოს, ან მესამე პირის ზეწოლის გარეშე. შესაბამისად დემოკრატია ავტომატურად გულისხმობს პირადი საკუთრების არსებობას.

მოცემული არგუმენტის პირველი ნაწილი თეორიულად მართლაც მყარია - რთულია წარმოიდგინო, როგორ შეძლებენ პოლიტიკური ლიდერები შეინარჩუნონ ძალაუფლება გრძლევადიან პერიოდში, ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. ევროპაში ფეოდალიზმის დასრულება ხშირად განიხილება ამ თვალსაზრის ემპირიულ მაგალითად, როდესაც არისტოკრატია ეკონომიკურად მოძველებული გახდა, მისი ჩანაცვლება მოხდა ინდუსტრიალისტებისა და ვაჭრების მიერ. თუმცა, თანამედროვე ისტორია აღარ იძლევა ამ მოსაზრების დამადასტურებელ ფაქტებს. თუ განვიხილავთ ჩინეთის მაგალითს, მისი კაპიტალიზმისკენ სვლის მიუხედავად, დიქტატურა ქვეყანაში საკმაოდ სტაბილურია. და ზოგადად, მე-20 საუკუნეში არც ისე რთულია, მოვიყვანოთ დიქტატორების მაგალითები, რომელთაც თავისუფლება მიანიჭეს მეწარმეებსა და კომპანიებს. ევროპის ფაშისტური რეჟიმი, ისევე როგორც მრავალი აფრიკელი დიქტატორისა, საბაზრო ეკონომიკით შეიძლება დახასიათდეს, და ამის კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება პუტინის რუსეთიც ჩაითვალოს.

არგუმენტის მეორე ნაწილი კი პირიქით, საკმაოდ გამყარებულია ემპირიული მდაკვირვებებით. არ არსებობს დემოკრატიული სისტემა, ეკონომიკის საბაზრო სისტემის წყობის გარეშე. თუმცა, თეორიული კავშირი ამ შემთხვევაში საკმაოდ სუსტია. ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, კერძოდ კი, ინვესტიციებთან დაკავშირებით, არ ხდება დემოკრატიული გზით, დემოკრატიის არსებობის შემთხვევაშიც კი (ამ გადაწყვეტილებებს იღებენ კაპიტალის მფლობელები). ამის გარდა, მოხმარების საქონელზე პირადი საკუთრების უზრუნველყოფა შესაძლებელია წმინდა საბაზრო ეკონომიკის არარსებობის შემთხვევაშიც. ასე რომ, ფუნდამენტური პრობლემები შესაძლოა, სრულიადაც არ შეიქმნას. თუ კაპიტალიზმი კარგად ვერ ფუნქციონირებს, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამომრჩეველმა აირჩიოს სხვა ეკონომიკური წყობა დემოკრატიის სრული გაუქმების გარეშე. ხოლო ის ფაქტი, რომ ეს აქამდე უბრალოდ არ მომხდარა, შესაძლოა აიხსნას საჭიროების არარსებობით, ანუ იმით, რომ ბაზრები საკმაოდ კარგად ფუნქციონირებდნენ და ეკონომიკა საუკეთესო შედეგს აღწევდა, საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის.

სტატიის მეორე ნაწილში შევეცდები ვაჩვენო, რომ წარსულში, ბაზრის ფუნქციონირების შედეგები სრულიად შეთავსებადი იყო სამართლიანობის ცნებასთან. მაგრამ უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია წარმოიშვას პრობლემა მორალურად სასურველ და ბაზრის მიერ მოცემულ შედეგებს შორის. ეს პრობლემა შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რომ უარი გვათქმევინოს საბაზრო სისტემაზე. ბოლოს კი, განვიხილავ იდეას, თუ როგორი შეიძლება იყოს სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებს საბაზრო სისტემას საშუალოვადიან პერიოდში.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners