ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

განათლება ღარიბებისათვის

ფულადი დახმარება სიღარიბესთან ბრძოლის გავრცელებული საშუალებაა მთელს მსოფლიოში. განვითარებადი ქვეყნები, როგორც წესი, მშპ-ის 1%-2%-ს ხარჯავენ ამგვარ ტრანსფერებზე (“Cash Transfers: a Literature Review”, DFID Policy Division, 2011). მსგავს პროგრამებს უცხოელი დონორებიც აქტიურად აფინანსებენ.

თუმცა ფულადი ტრანსფერების მიზანი მხოლოდ მოკლევადიანი სიღარიბის შემცირება არაა. როგორც განვითარების ეკონომიკის გამოჩენილი სპეციალისტები აბიჯიტ ბენერჯი და ესტერ დუფლო თავიანთ 2011 წლის ნაშრომში ,,ღარიბი ეკონომიკები: გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის გზების რადიკალური გააზრება,“ ხსნიან, ადამიანების სიღარიბე ბევრი ფაქტორის მავნე ზეგავლენითაა გამოწვეული.

ეს შეიძლება იყოს არახელსაყრელი ოჯახური მდგომარეობის, გეოგრაფიული მდებარეობის ან თუნდაც უიღბლობის ბრალი. სიღარიბე კი ხაფანგია და მისთვის თავის დაღწევა, როგორც წესი, ძალიან ძნელია. არსებობისთვის ბრძოლისას მარტივი არაა შრომის ნაყოფიერების ზრდაზე ზრუნვა, ვინაიდან მწირი რესურსების უდიდესი ნაწილი კვების დანახარჯების დაფარვაზე იხარჯება. განათლებასა და უნარებში ინვესტირების საშუალების არქონის გამო კი, რაც პროფესიული კვალიფიკაციების ნაკლებობას იწვევს, ღარიბი ღარიბად რჩება. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, სიღარიბეში რჩებიან მათი შვილებიც.

იმათთვის, ვინც ზემოაღნიშნულ მსჯელობას ეთანხმება, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადამიანების მანკიერი წრიდან ამოყვანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა. თუმცა ამ ხედვის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ ფულადი ტრანსფერები ადამიანებს საკუთარი პრობლემების თავად გადაჭრის სტიმულებს უმახინჯებს და ძირითადად დემონსტრაციულ მოხმარებაზე (მაგ. ცერემონიებზე, ფილმებსა და ციფრულ ტექნიკაზე) იხარჯება განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა გრძელვადიან აქტივებში ინვესტირების ნაცვლად.

ასეთი ტრანსფერების ეფექტურობა, საბოლოო ჯამში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რაში ხარჯავენ ბენეფიციარები ამ თანხას: უსარგებლო თვალისმომჭრელ ნივთებში თუ განათლებასა და უნარების განვითარებაზე.


ფულადი დახმარების ეფექტურობა: მსოფლიო და საქართველო

აკადემიურ ლიტერატურაში ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, შეაქვს თუ არა წვლილი უპირობო ფულად ტრანსფერებს მიმღებთა განათლებაში (რომელსაც, როგორც წესი, ზომავენ სკოლაში მიღწევებით, შეძენილი უნარებითა და აკადემიური მოსწრებით).

როგორც ეკვადორისა და ნიკარაგუას (პაქსონი და შადი: ,,აქვს თუ არა ფულს მნიშვნელობა? ფულადი ტრანსფერების გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ეკვადორის სოფლებში,“ მსოფლიო ბანკის პოლიტიკის კვლევის სამუშაო დოკუმენტი 4226, 2007) გამოცდილება აჩვენებს, ფულად დახმარებას დადებითი გავლენა აქვს ადრეულ ასაკში ბავშვთა გონებრივი უნარების განვითარებაზე. მართალია, ანალიზი მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარებას შეეხება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მშობლები მზად არიან საკუთარი შვილების მომავალში მეტი ინვესტიცია ჩადონ, როცა საქმე ბავშვის ჯანმრთელობასა და კვებას ეხება.

სხვა კვლევები არცთუ იმედისმომცემია. დე ბრაუმ და ჰოდინოტმა (“აუცილებელია თუ არა ფულად ტრანსფერებზე პირობების დაწესება მისი ეფექტურობისათვის? პირობითი ტრანსფერების როლი ჩართულობაზე მექსიკის სკოლებში,“ განვითრების ეკონომიკის ჟურნალი, 96(2), 2011) შეისწავლეს პირობითი ფულადი ტრანსფერები მექსიკაში და აჩვენეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართულობა საგრძნობლად დაბალი იყო იმ საოჯახო მეურნეობების შემთხვევაში, რომლებსაც ფულადი დახმარება შეცდომით უპირობო ეგონათ. მსგავსად ამისა, ბურგუნიონი, ფერეირა და ლეიტე (,,პირობითი ფულადი ტრანსფერები, ზოგადი განათლება და ბავშვთა შრომა: ბრაზილიის ბოლსაესკოლა პროგრამის მიკროსიმულაცია,“ მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, 17(2), 2013) ასაბუთებენ, რომ უპირობო ტრანსფერებს სკოლაში ჩართულობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

იმისათვის, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოში მიმდინარე დებატებში სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ შევისწავლით საქართველოს სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის გავლენას უმაღლეს განათლებაში ჩართულობაზე. პროგრამა 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი არსი კი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთათვის უპირობო ფულად დახმარებაში მდგომარეობს. ბენეფიციარები სპეციალური მეთოდოლოგიით გამოთვლილი ქულების საფუძველზე შეირჩევიან. არსებობს ზღვარი, რომლის ქვემოთაც ადამიანები იღებენ დახმარებას. სწორედ ამ ზღვარის არსებობა გვეხმარება გამოვიყენოთ ეკონომეტრიკული მეთოდოლოგია, რომელსაც რეგრესიის წყვეტილობის ანალიზს უწოდებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ ზღვარზე ოდნავ ზემოთ და ოდნავ ქვემოთ მყოფ აპლიკანტებს. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს ძალიან ჰგავს შემოსავლითა და სხვა სოციო-ეკონომიკური პარამეტრებით და მათ, ძირითადად, მხოლოდ დახმარების ქონა-არქონა განასხვავებთ.

გარდა ფულადი დახმარების ღარიბ ოჯახებზე გავლენის შესწავლისა, ჩვენი ანალიზი განვითარების ეკონომიკის კიდევ ერთ საკამათო საკითხსაც ეხება. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამისაგან განსხვავებით, მთავრობამ შეიძლება განიხილოს პირობითი ტრანსფერების საკითხიც, რომლებიც უნდა დაიხარჯოს განათლებაზე ან ჯანდაცვაზე. მართალია, ამ შემთხვევაში დემონსტრაციულ მოხმარებაზე ფლანგვის ალბათობა მცირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი უფრო მეტ ბიუროკრატიასა და ადმინისტრაციულ დანახარჯებს უკავშირდება (ბაირდი, მაკინტოში, ოზლერი: „ფული თუ პირობა? მტკიცებულებები ფულადი ტრანსფერების ექსპერიმენტიდან,“ ეკონომიკის კვარტალური ჟურნალი, 126(4), 2011). ასე რომ, პირობითობის უპირატესობა ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დამტკიცებული.

ანალიზში ჩვენ ვიყენებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზას სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის აპლიკანტების შესახებ 2005-2010 წლებისთვის. ჯამში ჩვენ გვაქვს 1.8 მილიონი დაკვირვება, დაახლოებით ნახევარი მილიონი ოჯახის (საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი!) შესახებ. ეს ბაზა გავაერთიანეთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მისაღები გამოცდების შედეგებისა და გრანტების განაწილების შესახებ 2007-2013 წლების მონაცემებთან.

როგორც ზემოთ აღვწერეთ, ჩვენი ანალიტიკური მიდგომა ემყარება დაშვებას, რომ სიღარიბის ზღვარს ოდნავ ზემოთ და ოდნავ ქვემოთ მყოფი ადამიანები სოციო-ეკონომიკური მახასიათებლებით ძალიან მსგავსნი არიან და მხოლოდ იმით განსხვავდებიან, იღებენ თუ არა დახმარებას. ასე რომ, ზღვარს ქვემოთ მყოფნი (ვინც იღებს დახმარებას) ხვდებიან ექსპერიმენტულ ჯგუფში, ზღვარს ზემოთ მყოფნი კი (ვინც დახმარებას ვერ იღებს) — საკონტროლო ჯგუფში. ასე, ჩვენ შეგვიძლია დახმარების გავლენის გამოცალკევება განათლების სხვა პოტენციური დეტერმინანტების გავლენისაგან.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სიღარიბის ზღვართან (57 000 ქულა) ახლოს, ისეთი საშუალო სოციო-ეკონომიკური პარამეტრები როგორიცაა სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, დედმამიშვილებისა და ოჯახის წევრების რაოდენობა, ორ ჯგუფს შორის ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ასე რომ, საკონტროლო და ექსპერიმეტული ჯგუფი მართლაც ძალიან მსგავსია სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.

საერთო ჯამში, ჩვენ მივიღეთ, რომ ფულადი ტრანსფერები უნივერსიტეტში ჩაბარების შანსს 0.8 პროცენტით ზრდის (მაშინ როდესაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილთა წილი 12.7%-ის ტოლია). გავლენა უფრო ძლიერია მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის და 1,7%-ს უტოლდება, რაც დიდი ალბათობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვაჟების ყოლის მიმართ მიკერძოებულ გემოვნებას უნდა ასახავდეს. ეფექტი ასევე უფრო მაღალია ქალაქელებისათვის (სოფლის მაცხოვრებლებთან შედარებით) და 1.1%-ს უტოლდება. ასე რომ, ფულად დახმარებას უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ყველაზე ძლიერი გავლენა ქალაქელ ბიჭებზე (2.4%) აქვს.


როგორ უნდა მოვიქცეთ?

ჩვენი კვლევის მიხედვით, სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ეფექტურია სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, რადგან ამ უპირობო ფულად დახმარებას მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა აქვს უნივერსიტეტში ჩაბარებაზე. შესაძლოა, 0.8 პროცენტული პუნქტი არც ისე შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ღარიბი ოჯახების შვილების მხოლოდ 12.7% აბარებს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, ეს არც ისე უმნიშვნელო შედეგია. ამასთან, პროგრამის გავლენა მერყეობს 5%-დან (სოფელში მცხოვრები გოგონებისათვის) 20%-მდე (ქალაქელი ბიჭებისათვის).

თუკი უპირობო ფულად ტრანსფერებს ასეთი ძლიერი გავლენა აქვს ღარიბი მოსახლეობის უნივერსიტეტში ჩართულობაზე, მაშინ მთავრობას შეუძლია დამატებითი ზომების შემოღებაც განიხილოს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს უნარებსა და განათლებაში ინვესტირებისაკენ უბიძგოს. კერძოდ, შეიძლება განხილულ იქნას პირობითი ტრანსფერის პროგრამებიც. მაგალითად, საჭიროებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის საფასურის დაფარვა ღარიბი სტუდენტებისათვის წაახალისებდა ღარიბი ოჯახის შვილებს, გაეგრძელებინათ განათლება უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ზომები ასევე შეამცირებდა განათლების სისტემის დატოვებისა და მუშაობის ნაადრევად, ნაკლები პროდუქტულობით, დაბალშემოსავლიან სამსახურში დაწყების სტიმულს.

სოფელ ძევრში განხორციელებული ბოლოდროინდელი ექსპერიმენტი (იხილეთ ერიკ ლივნისა და მაკა ჭითანავას ბლოგი ,,განათლების ლამპარი საქართველოსთვის“ ISET Economist-ზე) აჩვენებს, რომ საუნივერსიტეტო სტიპენდიების დაპირებას (ამ შემთხვევაში უცხოელი დონორების მიერ) უზარმაზარი გავლენა აქვს მოსწავლეების მოტივაციაზე დაესწრონ გაკვეთილებს, ისწავლონ ბეჯითად, დაამთავრონ სკოლა და წარმატებით გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. სტიპენდიების არარსებობისას კი, ძევრის ბავშვები (ძირითადად კი, გოგონები), როგორც წესი, სკოლას არ ამთავრებდნენ, ადრე ქორწინდებოდნენ და მთელს ცხოვრებას სოფლად ატარებდნენ. კერძო დონორის ჩარევამ კი სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების მაჩვენებლები 0-დან 100%-მდე აიყვანა მხოლოდ 3 წელიწადში.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners