ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

შევინარჩუნოთ ქართული ბაზრობები!

ბევრი ქართველი ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზრებს, ე.წ. ბაზრობებს, წარსულის გადმონაშთად მიიჩნევს. შეძლებული ადამიანები, როგორც წესი, საყიდლებისათვის სუპერმარკეტში სიარულს ამჯობინებენ, სადაც კომფორტისათვის ყველა პირობაა შექმნილი: სუფთა გარემო, პრიალა იატაკი, სასიამოვნო ტემპერატურა, სახელდახელოდ და გემოვნებით დახარისხებული პროდუქტები. როცა სუპერმარკეტი არსებობს, ბაზრობებზე მხოლოდ გაჭირვებული ადამიანები დადიან.

მყიდველების გემოვნების ეს ცვლილება აჩვენა საბაზრო სტრუქტურაში მომხდარმა ცვლილებებმა. ხუთი წლის წინ თბილისში ერთადერთი დიდი სუპერმარკეტი იყო გუდვილი. მაგრამ მას შემდეგ სუპერმარკეტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ახლა მათ დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ნახავთ. დღეისათვის, თბილისში დიდი სუპერმარკეტების შვიდი ქსელია: გუდვილი, სმარტი, კარფური, სპარი, ფუდმარტი, ფურშეტი და ფრესკო. ზოგიერთი მათგანი, მაგ. კარფური და გუდვილი, ჰიპერმარკეტების სახით ფუნქციონირებს; დანარჩენები კი სხვადასხვა ზომის სტანდარტული სუპერმარკეტებია.

ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, ნათლად დავინახოთ, თუ როგორ იცვლება ქართველთა მოხმარების ყაიდა აქაურ ბაზარზე დასავლური კომპანიების შემოსვლის შემდეგ. ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები თავიანთ კარტოფილის ფრისა და ბურგერებს საკმაოდ მაღალ ფასად ყიდიან საქართველოში, ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაზე ძვირადაც კი, მაგრამ მსგავს ადგილებში დასაჯდომ ადგილს ძნელად თუ იპოვით. ეს მაშინ, როცა ქუჩის გადაღმა ტრადიციული ქართული რესტორანი უფრო მაღალი ხარისხის საჭმელს  უფრო შეღავათიან ფასად სთავაზობს მომხმარებელს. საქმე იმაშია, რომ ბევრი ქართველი მზადაა, უფრო ძვირი გადაიხადოს, რათა იგრძნოს, რომ „ამერიკელივით იკვებება“. ანალოგიურად, როგორც ჩანს, ბევრ ქართველს მოსწონს შეგრძნება „იშოპინგოს ფრანგივით“ (კარფურში) ან „იაროს საყიდლებზე გერმანელივით“ (ზოგიერთი სუპერმარკეტი იმდენი სახის გერმანულ პროდუქტს ყიდის, რომ თავი მართლა გერმანიაში გეგონება. თუმცა ფასები, გერმანიისგან განსხვავებით, აქ გაცილებით მაღალია).


გონივრული შესყიდვები

თუ ადამიანი თავს ძლივს ირჩენს, როგორც ეს ხდება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემთხვევაში, მაშინ გამოდის, რომ მან ფული მოდურ შოპინგში არ უნდა დახარჯოს. უმრავლესობის შემთხვევაში, უფრო გონივრული იქნებოდა, ფული ბაზრობების იაფ პროდუქტებში დაეხარჯათ. ცხადია, თუკი ადამიანი დღეში 8 საათი მუშაობს, სუპერმარკეტში შოპინგი მას ძვირფასი დროის დაზოგვაში ეხმარება. თუმცა ბევრი ქართველისათვის, რომელთათვისაც დროის სიმწირე პრობლემა არ არის, რადგან მათ ბედმა მუდმივი, სრულგანაკვეთიანი სამუშაო არ არგუნა, უკეთესი იქნებოდა ოპტიმალური დაბალი ფასის ძიება.

როგორც ირკვევა, სუპერმარკეტებსა და ბაზრობებს შორის ფასების შედარება არც იმდენად დამაჯერებელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ მიერ იანვარში ჩატარებულმა ტესტმა, როდესაც ვაგროვებდით ფასების მონაცემებს ჩვენი ცნობილი ხაჭაპურის ინდექსისათვის, დაგვანახა, რომ ბაზრობების ფასი მართლაც ბევრად დაბალი იყო. მაგ.: კვერცხი და რძე 10%-ით იაფი იყო, კარაქი – 13%-ით, ფქვილი – 23%-ით, ყველი კი – მთელი 34%-ით! მეორეს მხრივ, საფუარი, რომელიც ხაჭაპურის საფასურის არცთუ მნიშვნელოვანი ნაწილია, 10%-ით უფრო ძვირი აღმოჩნდა ბაზრობებზე.

მარტში ეს ექსპერიმენტი გავიმეორეთ მხოლოდ ორ ადგილას: კარფურში, რომელიც ხელსაყრელი ფასებითაა ცნობილი, და ე.წ. „დეზერტირების“ ბაზარზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჯერად, შევეცადეთ, გვეპოვა ყველაზე დაბალი ფასები ბაზრობაზე, მაგრამ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აღმოვაჩინეთ, რომ სუპერმარკეტი (ამ შემთხვევაში, კარფური) უფრო იაფი იყო, ვიდრე ბაზრობა. აქ კვერცხი და რძე 2%-ით იაფი ღირდა, რძე კი – 8%-ით. თუმცა ბაზრობამ შეინარჩუნა უფრო კონკურენტული ფასი ყველსა (36%) და კარაქზე (9%).

მარტში სხვა ძირითადი პროდუქტების უფრო ფართო სპექტრს დავაკვირდით. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ბაზრობაზე უფრო იაფი იყო, ვიდრე სუპერმარკეტში. კერძოდ კი, ქათამი (1%), კაკალი (7%), მწვანილი (20%-ით), კარტოფილი (20%-ით), ღორის ხორცი (58%-ით) და ვაშლი (60%-ით).

მართალია, ერთმნიშვნელოვნად არა, მაგრამ ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ ყველა ქართველი ოჯახისთვის საჭირო ძირითადი კვების პროდუქტები სუპერმარკეტებში უფრო ძვირია, ვიდრე ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზრობებზე (სუპერმარკეტი მხოლოდ 4 პროდუქტისათვის აღმოჩნდა უფრო ხელსაყრელი).


ეკონომიკური უპირატესობები

გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ქართველ სურსათის გამყიდველებს შორის კონკურენციას და ამგვარად უზრუნველჰყოფს დაბალ ფასებს, ბაზრობები, ასევე, დადებით გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებსა და ქართული აგრარული სექტორის სტრუქტურაზე.

ბაზრობების სისტემა არის აგრარული პროდუქტების საბოლოო მომხმარებლებამდე მიტანის სრულიად არაბიუროკრატიული გზა. გლეხებს მოჰყავთ ვაშლი, პომიდორი, კარტოფილი და უამრავი სხვა პროდუქტი, რომელთაც შემდეგ, დილაობით ბაზრობებზე ყიდიან (ზოგჯერ პროცესში ერთვებიან შუამავალი ვაჭრებიც, რომლებიც სოფლებში პროდუქტს აგროვებენ და გასაყიდად ბაზრობებზე ჩამოაქვთ. ეს კიდევ უფრო ზრდის სისტემის ეფექტურობას). ასე რომ, ბაზრობები გლეხებისათვის საკუთარი პროდუქტის ფულად შემოსავლად გადაქცევის იოლად ხელმისაწვდომი საშუალებაა.

ეს ძალიან ჰგავს ტაქსის მომსახურების ორგანიზების ქართულ, უკიდურესად არაბიუროკრატიულ გზას. ავტომობილის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ტაქსის ნიშანი დაადგას საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას და ასე იშოვოს ფული. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ტაქსის მძღოლებს სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ (მაგალითად, პარიზში ასეთი ნებართვის ფასი 200,000-დან 250,000 ევროს შორის მერყეობს). ქართული მიდგომა კი, მგზავრობის დაბალ ფასებთან ერთად, ბევრ უმუშევარს შემოსავლის (მცირე) წყაროს უჩენს. ბაზრობები სურსათის ბაზრის ორგანიზების ასეთივე ლიბერტარიანული, მაგრამ ძალიან წარმატებული „ქართული“ გზაა.

ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, სოფლის მეურნეობაში ნაყოფიერების ზრდისკენ მიმართული ნებისმიერი ინიციატივის სტრატეგიული მიზანი საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნად ქცევაა. თუმცა, თუკი ქვეყნის პროდუქტიულობა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე საექსპორტო ბაზრებზე წვდომა, მაშინ დღესდღეობით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების, ანუ მთლიანი მოსახლეობის 50-55%-ის საარსებო შემოსავალს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. საფრანგეთში, რომელიც მსოფლიოში აგრარული სექტორის ყველაზე მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევა, ერთი სასოფლო-სამეურნეო მუშაკი დაახლოებით იმდენივე პროდუქტს აწარმოებს (ფულად ერთეულებში), რამდენსაც 60 ქართველი გლეხი, ერთად აღებული.

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, უაღრესად დელიკატური საკითხია. მაღალტექნოლოგიური მწარმოებლების ბაზარზე ერთბაშად შემოსვლა ბიძგს მისცემს მასობრივ მიგრაციას სოფლიდან ქალაქში, სადაც უმუშევრობის დონე უკვე საკმაოდ მაღალია და, დიდი ალბათობით, ახლად ჩამოსულებისათვის ადექვატური სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეთავაზებაც გაჭირდება. საქართველოს სჭირდება გარდაქმნის თანმიმდევრული პროცესი, რომელშიც გლეხებს განვითარებისა და უკვე არსებულ და ახლადშექმნილ საწარმოო ჯაჭვებში ჩაბმის შესაძლებლობა მიეცემათ. სწორედ ეს არის დონორ ორგანიზაციათა ისეთი ინიციატივების მთავარი მიზანი, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), რომელიც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას.

ამ „გრადუალისტური“ მიდგომის თანახმად, მთავარი მიზანი უნდა იყოს იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების თანდათანობით ადგილობრივი ნაწარნით ჩანაცვლება. ამ კუთხით, ბაზრობებს საკვანძო როლის თამაში შეუძლიათ. სწორედ მათი წყალობით, ბიუროკრატიის, წარმოებული რაოდენობის მინიმალური ბარიერების და გრძელვადიანი შეთანხმებების არარსებობის პირობებში, პროდუქტიულობის ნებისმიერი მცირე გაუმჯობესებაც კი პირდაპირ აისახება გლეხის დამატებით შემოსავალზე. ბაზრების არსებობის პირობებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და „ინოვაციები პროცესში“, როგორიცაა, მაგალითად, ENPARD-ის მიერ დაარსებული ფერმერული ორგანიზაციები, მაშინვე გამოიღებს შედეგებს, ყოველგვარი კაპიტალდაბანდებებისა და რთული დაგეგმვითი სამუშაოების გარეშე.


შევინარჩუნოთ ბაზრობები

ბაზრობების არსებობას შეიძლება დაემუქროს სამი შესაძლო საფრთხე: მომხმარებელთა გემოვნება (როგორც ზემოთ აღვწერეთ), ზედმეტი რეგულაციები და მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომხმარებელთა გემოვნება შესაბამისობაში იქნება მათსავე მცირე ბიუჯეტთან. ყველაზე დიდი საფრთხე მაინც სამთავრობო პოლიტიკაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ დიდი შესაძლებლობის პარალელურად, რაც საქართველოს მიეცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ არ შემოიღოს ისეთი სანიტარული რეგულაციები და ბიუროკრატიული მოთხოვნები, რომელთაც ადვილად დააკმაყოფილებენ ევროპული კომპანიები (ან მაღალი დონის ქართველი მწარმოებლები), მაგრამ მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ გლეხებსა და ბაზრობებს. ევროკავშირის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ასოცირების შეთანხმება გამონაკლისების დაშვებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამონაკლისები მართლაც დაიშვას. ზედმეტი რეგულაციები განვითარებადი ქვეყნის სუსტი ეკონომიკისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მონტესკიეს ნააზრევი, რომ „უსარგებლო კანონები ასუსტებს სასარგებლო კანონებს“.

გარდა ამისა, ბაზრობებმა, ისევე, როგორც სხვა ბიზნესებმა საცალო ვაჭრობის  სფეროში, უნდა მიიღოს სუბსიდიები და ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ზესტაფონში ცოტა ხნის წინ გარემონტდა ბაზრობა, მაშინ, როცა თბილისის ბაზრობები ჯერ კიდევ არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. მანქანის დასაყენებელი ადგილების სიმცირე ბევრი ბაზრობისათვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ბაზრობებს, სუპერმარკეტებთან შედარებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინიც იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რითიც სუპერმარკეტები (და მათი ინვესტორები).

მოკლედ, საქართველომ უნდა განავითაროს თავისი ეკონომიკა, არცთუ ისე სახარბიელო საწყისი წერტილის გათვალისწინებით. პოლიტიკურ დებატებში იშვიათად ჟღერს გულწრფელი აღიარება, რომ საქართველო კიდევ ათწლეულების განმავლობაში დარჩება შედარებით ღარიბ ქვეყნად. ეს სიმართლეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეკონომიკური ზრდის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზები (მაგ. 6% 2020-მდე) გამართლდება.

ამ სიტუაციაშიც და, სავარაუდოდ, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ბაზრობების განადგურება დიდი უბედურება იქნებოდა ქართული ეკონომიკისათვის.


 

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

 

 

 

 

 

 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners