ვარდების რევოლუციის შემდგომი ათი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა წელიწადში. ეს უდავოდ შთამბეჭდავი წარმატებაა ეკონომიკისთვის. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ოლოდროინდელი კვლევის (Babych and Fuenfzig (2012)) მიხედვით, ზრდის ამგვარი ტემპი „გამორჩეულია არა მხოლოდ 1995-2002 წლების საშუალო წლიურ 5.3%-იანი ზრდის გათვალისწინებით, არამედ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების 2003-2010 წლების საშუალო წლიურ 5.1%-იან ზრდასთან შედარებითაც.“
თუმცა, ზრდის სტატისტიკის ამ თვალისმომჭრელი ფასადის უკან სიღარიბითა და უთანაბრობით გამოწვეული არასტაბილური პოლიტიკური და სოციალური ფონი იმალება. სოციალური ასპექტის უგულებელყოფამ კი შესაძლოა 2003 წლის შემდგომი რეფორმებით მიღწეულ წარმატებასაც კი შეუქმნას საფრთხე.
ეკონომიკური ზრდის აღრიცხვის ტრადიციული მეთოდის საშუალებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა შეიძლება გამოისახოს, როგორც შრომის, კაპიტალისა და საწარმოო ფაქტორთა მთლიანი პროდუქტულობის ზრდის ტემპთა შეწონილი ჯამი. სოციალური ფონის გათვალისწინებით, მუშახელის წვლილი ეკონომიკურ განვითარებაში ალბათ ყველაზე საყურადღებოა. უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა (იხილეთ გრაფიკი) არც ძალიან საიმედოა და არც ძალიან საგანგაშო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვები რეალობას სრულად არ ასახავს.
მეორე გრაფიკი საქართველოში არსებული სიტუაციის ბევრად უკეთეს სურათს იძლევა. 2011 წელს დასაქმებულთა 48% თვითდასაქმებულთა კატეგორიაში მოხვდა. დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ამ კატეგორიის დიდ ნაწილს საარსებო სოფლის მეურნეობით დაკავებული გლეხობა წარმოადგენს. სხვა ქვეყნებში თვითდასაქმებულთა კატეგორია ძირითადად არქიტექტორების, დიზაინერების, ადვოკატების, კერძო პრაქტიკოსი ექიმებისა და კომპიუტერული სისტემების ექსპერტებისგან შედგება. მრავალ მათგანს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს. ამ სტანდარტით ინდივიდი, რომელსაც ბოსტნეული მოჰყავს, კერძო რეპეტიტორად მუშაობს ან ხანდახან ტაქსისტობს, თვითდასაქმებულად არ ჩაითვლებოდა. საქართველოს შემთხვევაში კი თვითდასაქმებულთა უმეტესობა საუკეთესო შემთხვევაში არასრულად დასაქმებულია.
სურათი, რომელიც ამ ანალიზით იხატება, საგანგაშოა. როგორც ჩანს, საქართველო სამუშაო ძალაში მყოფი მოსახლეობის უმეტესობას ჯერჯერობით ვერ უძებნის სამუშაოს ეკონომიკის ფორმალურ სექტორში. ამას კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მთლიან პროდუქტიულობაზე, სიღარიბესა და უთანაბრობაზე.
მაღალი უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში საქართველოს შრომითი ბაზრის კიდევ ერთი უბედურებაა. ეს განსაკუთრებით შემაწუხებელია იმიტომ, რომ დღევანდელი უმუშევარი ახალგაზრდობა სამომავლოდ არაპროდუქტიულ მუშახელად ჩამოყალიბდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მათ შემოსავალსა და ზოგადად ეკონომიკის პროდუქტიულობაზეც.
როგორ დავასაქმოთ ხალხი მასიურად?
საქართველოს ხელისუფლება აღიარებს დასაქმების პრობლემის არსებობას და უკანასკნელი წლების განმავლობაში პრობლემის მოგვარების მრავალი ისეთი მცდელობაც ვნახეთ, რომელიც უფრო შემოქმედებითი და უკეთ დაფინანსებულიც იყო, ვიდრე სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ქვეყნების მიერ შემუშავებული პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კოლოსალური ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, დასაქმების პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა შეუძლებელია.
მაღალი უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ მუშახელის კვალიფიკაცია ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცემული ადამიანური განვითარების ანგარიშის (2010) თანახმად, საქართველო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა უმუშევართა ფორმალური განათლების დონის მიხედვით: 2008 წელს ქართველ უმუშევართა დაახლოებით 81%-ს მინიმუმ საშუალო განათლება ჰქონდა. ერთი შეხედვით, ეს ფაქტი დიდი მიღწევაა, მაგრამ სინამდვილეში აჩვენებს, რომ ფორმალური განათლების სისტემა ხალხის დამსაქმებლისთვის მიმზიდველ უნარებით აღჭურვას ვერ უზრუნველყოფს. თუ საქართველო მოახდენს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმასა და დანერგავს კერძო სექტორთან შეთანხმებულ გადამზადების პროგრამებს, ეს ხელს შეუწყობს როგორც შრომის ბაზარზე შეუსაბამობის, ასევე ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემის მოაგვარებასაც.
სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის გაზრდა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის კიდევ ერთი პოპულარული რეცეპტია. ტურიზმის მსგავსად, სოფლის მეურნეობასაც შეუძლია დაასაქმოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ფორმალური განათლება არ აქვს. უფრო კონკრეტულად, სასარგებლო იქნებოდა მცირე ფერმათა თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემდა, პროდუქტები უფრო მარტივად გაეყიდათ. ეს მცირე ფერმების საწარმოო ჯაჭვში ჩართვასაც შეუწყობდა ხელს. ასევე კარგი იქნებოდა სესხების ღირებულების შემცირებაც, რაც ფერმერებსა თუ მათ გაერთიანებებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების საშუალებას მისცემდა. პროცესს ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპორტის გაადვილებაც წაადგებოდა.
ასეთი ზომების მიღება საკმაო ფინანსურ სახსრებსა და დროს მოითხოვს და მათი წარმატებაც სათუოა. თუმცა საქართველოს ამ გრძელსა და ქვა-ღორღიან გზაზე გავლის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს.
Comments