გასულ შაბათ-კვირას, მიწვეული ვიყავი საერთაშორისო განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპზე, რომელიც ჩატარდა სასტუმრო ედემში, ყვერელში. ვორქშოპის თემა იყო „საქართველოს ეკონომიკური მომავალი“.
განხილვა დავიწყეთ განვითარების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპით: „გაატარე სწორი პოლიტიკა და ყველაფერი რიგზე იქნება“. ისეთი ეკონომისტები, როგორიცაა თორვალდურ გილფასონი (Thorvaldur Gylfason), ხშირად განიხილავენ მსგავსი მახასიათებლების მქონე წყვილი ქვეყნების განვითარების ისტორიას: მავრიკი და მადაგასკარი, სინგაპური და მალაიზია, ბოცვანა და ნიგერია, ირლანდია და საბერძნეთი და სხვ.
გილფასონის აზრით, ამ წყვილებში, ერთ-ერთმა ქვეყანამ გამოიყენა წიგნის მიდგომები, მაშინ როდესაც მეორე ქვეყანა, ძირითადად სოციალიზმისა თუ პროტექციონიზმის იდეების გავლენით ვითარდებოდა. ამ შედარებაში, პირველი ტიპის ქვეყნები, როგორც წესი, განვითარების მაღალ დონეს აჩვენებდნენ, ხოლო დანარჩენების ეკონომიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, სტაგნაციას განიცდიდა. 2008 წელს, გილფასონმა ჩაატარა იგივე ანალიზი ესტონეთისა და საქართველოს მაგალითზე, ვარდების რევოლუციამდე პერიოდისათვის და, როგორც მოსალოდნელი იყო, ესტონეთი აღმოჩნდა პირველი ქვეყნების რიცხვში სწრაფი ეკონომიკური პროგრესით, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდისათვის სრულ კრახს განიცდიდა.
ჩემი აზრით, კიდევ უფრო გასაოცარია პოლონეთისა და საქართველოს შედარება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1991 წელს, ეს ორი ქვეყანა ხასიათდებოდა თითქმის იდენტური შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე, $1,693 პოლონეთი და $1,611 საქართველო (დღევანდელ დოლარებში). 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, პოლონეთში შემოსავალი $5,674-მდე გაიზარდა, ხოლო საქართველოში იგივე მაჩვენებელი $922-მდე შემცირდა (ამხელა განსხვავება კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ჩემთვის ქართველი ხალხის გაცილებით უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, შევარდნაძის რეჟიმთან შედარებით).
გილფასონის ანალიზი, 2003 წლის შემდეგ, სრულიად საპირისპირო შედეგებს აჩვენებს. მაგალითად, 2003 წელს, გვატემალას შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $1,817-ს შეადგენდა (საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ $922-ს). 2013 წელს, ეს მაჩვენებელი გვატემალასათვის გაიზარდა $3,478-მდე, ხოლო საქართველოსათვის კი $3,602-მდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შემოსავალი თითქმის ორჯერ ჩამორჩებოდა იგივე მაჩვენებელს გვატემალაში, 10 წელიწადში, მან შეძლო გადაესწრო ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნისათვის, რომელმაც თავის მხრივ, ამ პერიოდისათვის, თითქმის გააორმაგა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე.
არის თუ არა ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ სწორ პოლიტიკაზე?
გილფასონი ამ მონაცემებს იყენებს, რათა დაადასტუროს თავისი მოსაზრება იმის შესახებ რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი „სწორი პოლიტიკაა“. ამ მონაცემებს, შესაძლოა სხვა ინტერპრეტაციაც გავუკეთოთ. ალტერნატიული ახსნის ილუსტრაციისათვის, ჯერ განვიხილოთ, რატომ არ არსებობდა „სასტუმრო ედემი“ - ახლადაშენებული სასტუმრო, ძვირადღირებული სპათი, ბოულინგით და სხვა გასართობი საშუალებებით - შევარდნაძის დროს. ამის მარტივი პასუხი არსებობს: შევარდნაძის რეჟიმის დროს, ინვესტორები ვერ შეძლებდნენ შემოსავლის კუთვნილი ნაწილის მიღებას. თუ სასტუმრო გაამართლებდა და წარმატებული გახდებოდა, მთავრობა იპოვიდა გზას, ამოეღო მისი მოგება, რომელიც სხვადასხვა ოფიცრებისა და პოლიტიკოსების ჯიბეებში წავიდოდა. და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ვერ შეძლებდა ამას, კრიმინალისა და უკანონობის მაღალი დონის გათვალისწინებით, მაფია ადვილად გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას, მიეღო დამატებითი შემოსავალი ახალი, წარმატებული ბიზნესის ხარჯზე. ამის გათვალისწინებით, ინვესტორების სურვილი, დაებანდებინათ საქართველოში, შეზღუდული იყო. და ზოგადად, არავის ჰქონდა სურვილი ჩართულიყო ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელიც მოგებას მოიტანდა. ეს მიდგომა ვრცელდებოდა არა მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროს მაგალითზე, არამედ ეკონომიკის ყველა სფეროს საქმიანობაზე. რატომ უნდა დაეწყო ვინმეს ბიზნესი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომგებიანი აღმოჩნდებოდა - რომელის მოგებასაც, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა ან განგსტერები მიისაკუთრებდნენ?!
2003 წლის შემდეგ კი, მთავრობა გათავისუფლდა კორუფციისაგან, პოლიცია საქმეს შეუდგა, ბიუროკრატია შემცირდა და კანონმა მოქმედება დაიწყო. რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს?
რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა ეკონომიკურ ზრდას, იმ უბრალო მიზეზის გამოც კი, რომ ახალი წამოწყებული ბიზნესი უკვე აძლევდა შემოსავალს მის მფლობელს, იქნებოდა ეს რესტორნები, სურსათის მაღაზია, თუ ძვირადღირებული სასტუმროები. ცხადია, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად, აუცილებელი იყო სწორად გატარებული პოლიტიკა. მაგრამ, რაღაც მომენტში, ყველა ბიზნესი, რომელიც აქამდე აკლდა ეკონომიკას, დაარსდება. რა მოხდება შემდგომში? საკმარისი იქნება თუ არა, კარგი პოლიტიკა ამ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად?
თუ იმ ქვეყნების ისტორიას განვიხილავთ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ვითარდება, მაგალითად კორეა ან პოლონეთი, შევამჩნევთ. რომ თითოეული მათგანი, რაღაც მომენტში აუცილებლად გახდა ექსპორტიორი. როგორც ჩანს, სწრაფი ზრდა დიდი პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოახდენს მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირებას და მისთვის რაღაც სასურველის შეთავაზებას.
მაშინ, როდესაც შედარებით ადვილია იმის განსაზღვრა, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის პირველი ეტაპის დასაწყებად, გაცილებით რთულია რეკომენდაციების გაცემა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის თაობაზე. ექსპორტის წამოსაწყებად, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უპირატესობა რომელიმე საქონლის წარმოებაში. კორეამ, და მოგვიანებით ჩინეთმა, მსოფლიოს ბეჯითი, მორიდებული, გულმოდგინე მუშახელი ზუსტად მაშინ შესთავაზა, როდესაც ახლადაღმოცენებული ელექტრონიკის ინდუსტრია, ზუსტად მსგავსი ტიპის სამუშაო ძალას ეძებდა. ანალოგიურად, 90იან წლებში, პოლონეთმა კომპანიებს ნება დართო, მის ტერიტორიაზე ეწარმოებინათ იმაზე გაცილებით მცირე დანახარჯებით, ვიდრე ამას საფრანგეთსა და გერმანიაში შეძლებდნენ. ამასთან, ამ ორ ქვეყანას არანაირი გეოგრაფიული უპირატესობა არ გააჩნდა პოლონეთთან მიმართებაში.
გატარებული პოლიტიკა მართლაც მნიშვნელოვანია, ოღონდ გარკვვეულ მომენტამდე. შემდეგ, ქვეყანამ უნდა იპოვოს საკუთარი ნიშა მსოფლიო ბაზარზე, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს და ნაკლებად ექვემდებარება მთავრობის კონტროლს. სანამ საქართველო ექსპორტს დაიწყებს, მან უნდა განავითაროს საქონელი, ან მომსახურება, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს სჭირდება.
ვორქშოპის ამ მომენტში, ხალხმა დაიწყო ფანჯრიდან ცქერა და შემოდგომის კახეთის ტყის ულამაზესმა ფერებმა ყველა ადამიანის არსებობის ამაოებაზე ჩააფიქრა. ამ დროს გამოცხადდა მოკლე შესვენებაც, რომლის შემდეგაც უნდა გვემსჯელა საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე
ყველა, ვისაც ამ თემაზე უფიქრია, დამეთანხმება, რომ არც ისე ადვილია იმის თქმა, თუ რომელი საქონელი ან მომსახურება შეძლებდა საქართველოს მომავალი განვითარების უზრუნველყოფას.
მარტივი საქონლის, მაგალითად ქსოვილის წარმოება გამოსავალი არ არის, ვინაიდან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ანალოგიური პროდუქტის ბაზრისთვის შეთავაზება გაცილებით ნაკლები დანახარჯებით შეუძლია. სხვა, უფრო რთულად საწარმოებელი პროდუქციისათვის კი, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან შედარებით „ცოდნის მრუდზე“ (learning curve) გაცილებით წინ არიან.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ეს სექტორი საქართველოში ძალიან დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მის განვითარებას შეძლებს, ამ სექტორში დასაქმებულთა ნაწილი მნიშვნელოვნად შემცირდება. განვითარებულ ქვეყნებში, სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული სამუშაო ძალის წილი მხოლოდ 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს. ამჟამად კი, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-ს შეადგენს. მაშინ, რა მოუვა იმ 47-49%-ს, რომელიც მომავალში ამ სექტორში სამუშაო ადგილს დაკარგავს? თუ არ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მათ მოუწევთ მიგრირება ქალაქებში, კონკრეტულად კი - თბილისში, სადაც ასევე არ დახვდებათ საკმარისი რაოდენობის ვაკანსია. დედაქალაქში უძრავი ქონების განვითარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სასოფლო-სამეურნეო სექტორს თან უნდა ახლდეს სხვა სექტორების განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ზემოთხსენებულ პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
შეიძლება თუ არა საქართველოს მომავალი წარმატების მიზეზი ვაჭრობის განვითარება იყოს? შეუძლია თუ არა, ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე ჩაერთოს როგორც სავაჭრო ცენტრი, ანუ იყიდოს დაბალ და გაყიდოს შედარებით მაღალ ფასად? რადგანაც განვითარების ბანკი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ევროკავშირის ქვეყნებთან 2014 წელს დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციური შედეგების ღრმა ანალიზით, ჩვენ ეს შესაძლებლობა უფრო დეტალურად განვიხილეთ.
თეორიულად, ყველა ქვეყანას აქვს შეფარდებითი უპირატესობა რაღაც პროდუქციის წარმოებაში (ეს თავად შეფარდებითი უპირატესობის ცნების განმარტებიდან გამომდინარეობს). თუმცა, როგორც ნობელის პრემიის მფლობელი პოლ სამუელსონი აღნიშნავდა თავის 2004 წლის სტატიაში, ყველა შეფარდებითი უპირატესობა ერთნაირად მომგებიანი არ არის ქვეყნისათვის, მნიშვნელოვანია, რა დარგში აქვს მას ეს უპირატესობა. შესაბამისად, გასარკვევია, საქართველოს შეფარდებითი უპირატესობა მომგებიანია თუ უსარგებლო.
შედარებისათვის, ჩვენ განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 2008 წელს გააფორმა თურქეთმა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ეკონომიკას საკუთარი პროდუქციის საქართველოში გაყიდვაში. თურქეთიდან მილიარდ დოლარზე ნაკლები იმპორტი 2008 წელს, 2012 წლისათვის 1,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ექსპორტი თურქეთში - ცოტათი შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ის მაინც გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს შეფარდებითი უპირატესობა დაბალი ღირებულების მქონე საქონელში, მაშინ როდესაც თურქეთს წილად უფრო სასურველი შეფარდებითი უპირატესობა ხვდა.
მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა არ არის საკმარისი. საქართველომ უნდა შეძლოს იპოვოს პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი იქნება. ქვეყნის წარმატება ამის გარეშე, მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხარჯზე, შეუძლებელია.
იმედები მომავლისათვის
ეს შედარებით პესიმისტური ვორქშოპი დასრულდა იმის განხილვით, თუ რა შეიძლება მიაწოდოს საქართველომ მსოფლიო ბაზარს, სად უნდა იპოვოს საკუთარი ნიშა, და რომელი მომგებიანი შეფარდებითი უპირატესობა უნდა განავითაროს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამოცვენილი ფოთლები და მელანქოლიური ნოემბრის მზე ყველას ქართული ეკონომიკის დეპრესიულ მდგომარეობას გვახსენებდა, პრაქტიკული განვითარების ფინანსური ექსპერტებისა და თეორისტების ერთობლივი მუშაობით, მაინც მივედით რამდენიმე პოზიტიურ იდეამდე. ეს იდეები დაკავშირებული იყო ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ჩვენი ვიზიტისა და ახლად გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის შესახებ საუბრებთან. ისტორიის მანძილზე საქართველო იყო დიდი ადამიანების სამშობლო, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ამ დასკვნამ საქართველოს განვითარების არა-ორთოდოქსული იდეა გააჩინა, რომელსაც, აქვე, ერთ ან ორ კვირაში გაგიზიარებთ...
Comments