მიმდინარე სასწავლო წელს, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო ცხრა სტუდენტი სომხეთიდან და ერთი აზერბაიჯანიდან. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ აგვისტოს დასაწყისში და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი შეიტანეს 1 სექტემბრამდე. ყველა აპლიკაცია იდენტური იყო. ამ ათი სტუდნეტიდან, შვიდმა მიიღო ბინადრობის ნებართვა, ორს უარი განუცხადეს და ერთის საქმე ჯერ კიდევ პროცესშია. უარის გაცემის საფუძვლად დასახელდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის შემდეგი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
„არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ“.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ამ ორ სტუდენტს უწევს საქართველოს დატოვება და ISET-ში სწავლის შეწყვეტა. მათ მიეცათ ნება, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სასამართლოში, რაც თვეებს გასტანს. ასე რომ, ამ ორი სტუდენტის კარიერული გეგმები, რომლებიც ISET-ში სწავლის გაგრძელებას გულისხმობდა და რომელთა განსახორციელებლადაც მათ საკმაოდ რთული და შრომატევადი შერჩევითი პროცესი გაიარეს, ჩაიშალა. ეს არის ტრაგედია, არა მარტო ამ სტუდენტებისათვისა და ISET-ისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის.
ხარვეზებით სავსე კანონი
იმიგრაციის შესახებ კანონი და მისი აღსრულების ფორმა, უკვე დიდ აჟიოტაჟს იწვევს ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებში. უპირველეს ყოვლისა, კანონი იწვევს ზედმეტ დანახარჯებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მსურველებისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანა არ შეიძლება, თუ პირი უკვე საქართველოშია და არ აქვს სპეციალური ვიზა, რომლის მიღება მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი. გარდა ამისა საზოგადოებას კანონის ეს ნაწილი სათანადოდ არ განემარტა და საერთოდ, მსგავსი შეზღუდვა კარგი იდეა არ არის. მაგალითად, ისრაელის კანონმდებლობით, ყველა უცხოელს, რომელსაც აქვს ქვეყანაში სამი თვის განმავლობაში ცხოვრების უფლება, შეუძლია ბინადრობის ნებართვაზე შეიტანოს განაცხადი. საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ბევრი ჩვენი ნაცნობი უცხოელი, იძულებულია დაბრუნდეს თავის სამშობლოში და მიმართოს საქართველოს საკონსულოს ვიზის მისაღებად. გარდა ამისა, იმას, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები გაართვან თავი ვიზის გაცემას, დრო გვიჩვენებს.
ISET არ არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც უკვე იწვნია კანონის სიმკაცრე. ამ კანონმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტებსაც, რომელთა ბიზნეს მოდელი ეფუძნება საგანმანათლებლო მომსახურების უცხოელებზე „გაყიდვას“. საერთაშორისო სტუდენტები, როგორ წესი, არ არიან გარკვეულები ქართული სავიზო რეჟიმის ჩახლათულ დეტალებში. ზოგიერთი მათგანი, რომელიც ახალი სემესტრისათვის ჩამოვიდა, იძულებული გახდა, ერთი თვით დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში, საიმიგრაციო ვიზის ასაღებად. ეს ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ მიმდინარე სემესტრი მათთვის დაკარგულია. საკითხავია, დაბრუნდებიან კი ასეთი სტუდენტები საერთოდ?
კანონის მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზი მუდმივი სამსახურის არმქონე ადამიანებთან მოპყრობის წესია. ამ კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ მაღალი დონის სპეციალისტები (როგორიცაა არქიტექტორი და ინჟინერი), ასევე მხატვრები, და ზოგადად ხელოვნების, ე.წ. ბოჰემის წამომადგენლები.
ამ არარეგულარულად დასაქმებული ადამიანების დამსახურებით, საქართველო ბოლო დროს, „მაგარ" (“cool”) ადგილად გადაქცევის გზას დაადგა. ეს მარტივად შესამჩნევია ინტერნეტ სივრცეში, ამ კატეგორიის ხალხის მიერ დაწერილი ტექსტების კითხვისას, საიდანაც საქართველოსადმი სიყვარული და მისით აღტაცება გამოსჭვივის. გარკვეულწილად, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ საქართველო წარმატებით იზიდავდა მხატვრებს, მოგზაურებს და ზოგადად, საინტერესო ხალხს (ეკონომიკაში მათ მიაკუთვნებენ „კულტურულ კაპიტალს“).
„მაგარი” ადგილი, არ ნიშნავს ადგილს, სადაც ხალხი მხოლოდ 9-დან 5 საათამდე მუშაობს, როგორც ეს ქართველ კანონმდებლებს შეიძლება მიაჩნდეთ. ეს ნიშნავს, ხელოვნების ისეთი წარმომადგენლების და კულტურული მეწარმეების ყოლას, რომლებიც არაპროგნოზირებადი და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და არ ექცევიან ჩარჩოებში. ამ ხალხს დადებითი გავლენა აქვს ქალაქის ცხოვრებაზე, მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ მოსაწყენი, პროვინციული ადგილების კოსმოპოლიტურ ცენტრებად გადაქცევაში. ამასთანავე, ამ პროცესებს თან ახლავს ეკონომიკური სარგებელიც - ბევრად უფრო მარტივია შეძლებული ადამიანების მოზიდვა კოსმოპოლიტურ, კულტურულად საინტერესო ატმოსფეროში, როგორიცაა, მაგალითად, ამსტერდამი ან ლონდონი. ახლა კი, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ის უპირატესობა, რაც ჰქონდა მდიდარ ადგილებთან შედარებით, როგორიცაა ალმა-ათა, ბაქო ან ტაშკენტი.
კარგი კანონები კარგად არ „მოგზაურობენ“
ფართოდ გავრცელებულია არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ იმიგრაციის პოლიტიკის ცვლილებები ნაკარნახევი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმების ტექსტი მოიცავს მხოლოდ ზოგად დებულებებს იმიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისი არცერთი ნაწილი არ აიძულებს საქართველოს (მყისიერად) გადმოიტანოს ევროკავშირის კანონები იმიგრაციის შესახებ.
„საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა“, რაც ასე ხშირად სახელდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საიმიგრაციო კანონების დაცვისას, სრულიად არასაჭიროდაა მოყვანილი. დიახ, ევროკავშირის ქვეყნები არეგულირებენ მიგრაციას, მაგრამ საქართველო (ჯერ) არ არის ევროკავშირის ტიპური წევრი ქვეყანა და სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე დგას.
მაშინ, როცა ევროპა ცდილობს, დაიცვას საკუთარი მაცხოვრებლები დაბალკვალიფიციური იმიგრანტების „შემოტევისაგან“ და დაიცვას საკუთარი „ცხოვრების წესი“, საქართველოს შრომის ბაზარს ძალიან სჭირდება ევროპელი ინჟინერის, ადვოკატის, სოფლის მეურნეობის ექსპერტისა თუ მასწავლებელის მოზიდვა. საუბედუროდ, ამჟამად, საქართველოში მუდმივად მხოლოდ 250-300 გერმანელი ცხოვრობს (გერმანიის საელჩოს მონაცემების მიხედვით), გერმანიაში ოფიციალურად დარეგისტირებული 15,079 ქართველთან შედარებით. ამ სტატიის თანაავტორი ფლორიან ბირმანი, ერთ-ერთია გერმანიის ამ მოქალაქეთაგან. ის თანამედროვე ეკონომიკას ასწავლის თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, იტალიის, ისრაელის, აშშ-სა და კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქე პროფესორებთან ერთად. საქართველოს იმიგრაციის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს მსგავსი ექსპერტებისათვის ქვეყანაში ცხოვრების გაიოლება და არა ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერების შექმნა.
მაშინ, როცა მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკის გამო, ბევრად უფრო რთულია საქართველოს მოქალაქისათვის გერმანიაში (ან ევროკავშირის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში) ცხოვრების ნებართვის აღება, გერმანიაში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები მაინც იზიდავს ხალხს საზღვარგარეთიდან. საქართველო კი (ჯერ) არ არის საერთაშორისო მიგრაციის ძირითადი სამიზნე და შესაბამისად, (ჯერ) არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავს იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების უფლება მისცეს.
სრულიად მართალია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, როცა აცხადებს, რომ ახალი კანონი „ზომაზე მეტად“ ცვლის წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ მიგრაციის „ლიბერალურ“ პოლიტიკას. თუმცა მიგრაციის ეს „ლიბერალური“ პოლიტიკა იყო ერთ-ერთი იმ მცირე უპრატესობათაგან, რომელთაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ბიზნესის, ინვესიტიციებისა და ადამიანური კაპიტალის მოზიდვისას ფლობდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ ეს „ლიბერალური“ პოლიტიკა იყო აბსოლუტურად სწორი არჩევანი საქართველოსთვის! ის ქმნიდა ძალიან ბევრ ეკონომიკურ სარგებელს და არ იწვევდა დანახარჯებს (თუ არ ჩავთვლით ღვინით სავსე ბოთლების ხარჯებს, რომლითაც 2012 წელს თბილისის აეროპოტში უცხოელებს ხვდებოდნენ).
რადგანაც საქართველოში არ არსებობს სოციალური კეთილდღეობის დანახარჯები უცხოელებისათვის (რაც „სოციალისტური“ ევროპისათვის დიდ თანხებთანაა დაკავშირებული), ქვეყანას შეუძლია თავს საზღვრის გახსნის ნება მისცეს - მიიღოს ყველანაირი სარგებელი ამ პოლიტიკიდან, ნაკლოვანებების გარეშე. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულმა ადამიანებმა, თუ მუდმივი სამსახურის არმქონე ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა, ვინც საქართველოში ცხოვრება აირჩია (სრულიად უფასოდ), აამაღლეს საქართველოს, როგორც ქვეყნის და როგორც ძალიან სტუმართმოყვარე კულტურის ცნობადობა (ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან ერთად). ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო უარი ბინადრობის ნებართვაზე, მუდმივი სამუშაოს არქონის გამო, რაც საქართველოს ეკონომიკის ფეხში დაჭრის ტოლფასია.
საინტერესოა, აცნობიერებს თუ არა ვინმე მთავრობაში, რა გავლენას ახდენს ეს ახალი პოლიტიკა (და მისი განხორციელების ფორმა) საქართველოს იმიჯზე, მის ეკონომიკაზე, განათლებასა და ტურიზმზე. ამ პოლიტიკის გრძელვადიანი ეფექტი სავალალო იქნება. გამამხნევებელი იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ვინმე თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და გამოსავლის პოვნასაც ცდილობს. ჯერჯერობით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა წინსვლის ნაცვლად, უკან მიდის.
Comments
ტრაგედია ნამდვილად არაა ვიზაზე უარის თქმა. ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც - არიან სტუდენტები, ტრენინგებზე მიმავალი და გაცვლითი პროგრამის და ა.შ. სხვა დროებითი პროგრამების ან თუნდა ოლიმპიადების მონაწილე ხალხი, რომელთაც არანაირი საფუძველი/მიზეზი/სურვილი არ აქვთ საზღვარგარეთ დარჩენის, მაგრამ უარს ეუბნებიან. იმის თქმა, რომ საქართველო მაღალ განვითარებული არაა და ყველა უნდა შემოუშვას დაცინვაა მგონია ქართველების.
ნუ გვტენით ამ "გვიჭირს და ყველაფერ მოვითმინოთ"-ს
მოგესალმებით Levi,
არ გეთანხმებით ფრაზაში, "გვიჭირს და ყველაფერი მოვითმინოთ". ასე მგონია ავტორების მთავარი იდეა სხვა რამ იყო: 1. მათი აზრით, საქართველომ, რომელსაც უწევს ძალიან კონკურნეტულ გარემოში ყოფნა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრები, ასევე ტურისტები და სოციალური მეწარმეები; 2. არაა საუბარი იმაზე რომ "ყველა" შემოვუშვათ. კრიმინალებს და ძებნილებს არც მანამდე ვუშვებდით; 3. სტუდენტისათვის არგაცემული ვიზით პირდაპირ შემოსავალათან ერთად (რასაც აქ ყოფნის დროს დახარჯავდა), ვკარგავთ სამომავლო კავშირებს, კეთილგანწყობას და ვამცირებთ ჩვენი ქვეყნის დადებით იმიჯს, რომლის შექმნასაც წლები სჭირდება; 4.შეიძლება სიტყვა "ტრაგედია" უტრირებულია ბლოგში, მაგრამ მისი გამოყენების მთავარი იდეა იყო ამ კანონის სამოვავლო შედეგებზე უფრო მეტად დაფიქრება, ვიდრე ეს მისი მიღებისას მოხდა.
უფრო ზოგადად რომ შევაჯამო ჩემი აზრი საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემაა "One stage thinking"-ი, როცა ვიღებთ კანონებს და მის გრძელვადიან შედეგებზე არ ვფიქრობთ.