ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ლარის გაუფასურება: მოსალოდნელია თუ არა ფინანსური კრიზისი?

 

ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაუარესებამ ქართველი საზოგადოება ძალიან შეაშფოთა. ამან ხელი შეუწყო, ერთის მხრივ, ინფლაციასთან, სესხის დეფოლტსა და საბანკო ჩავარდნასთან დაკავშირებით შიშის გაღვივებას, მეორეს მხრივ კი, ქართველ პოლიტიკოსთა ჩვეულ პოლიტიკურ  სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ „ვინაა დამნაშავე“.

ლარის ზომიერი გაუფასურება, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ ის მაინცდამაინც ცუდი მოვლენაა ქართული ეკონომიკისათვის. ვალუტის გაუფასურებით საქართველო ხდება უფრო იაფი და კონკურენტული ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსათვის, მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სამომავლოდ ეკონომიკას ჰპირდება გაზრდილ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს.

თუმცაღა, ძლიერ და დროში გაწელილ გაუფასურებას შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური კრიზისი. ეს, ცხადია, ყველაზე უარესი შესაძლო ვარიანტია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ანალიტიკურად, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ფინანსური კრიზისის სამი ძირითადი ტიპი: სავალუტო კრიზისი, საბანკო კრიზისი და „ტყუპი კრიზისი“, იგივე სავალუტო კრიზისის მიერ გამოწვეული საბანკო კრიზისი.

 

    • სავალუტო კრიზისი შეიძლება დაიწყოს პანიკით ან ვალუტაზე სპეკულაციური თავდასხმებით, რაც იწვევს ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას, მიუხედავად ქვეყნის ეროვნული ბანკის (უშედეგო) მცდელობისა, საერთაშორისო რეზერვების გაყიდვით დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი. მსგავსი კრიზისი უფრო სავარაუდოა იმ ქვეყნებში, რომლებიც საგადამხდელო ბანალნსის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიან.
    • საბანკო კრიზისი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ საბანკო სისტემისადმი ნდობა იკლებს, რაც იწვევს ბანკების გაკოტრებას. თუ ადამიანთა საკმარისად დიდი რაოდენობა დაკარგავს ნდობას ბანკებისადმი და ამის გამო შეეცდება თავისი ანაბრის გატანას, საბანკო სისტემა მართლაც ჩამოიშლება.
    • დაბოლოს, ტყუპი კრიზისი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების (რაც აისახება საბანკო სექტორის საქმიანობაზე) გაუარესება იწვევს კაპიტალის გადინებასა და ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას. ამას, აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, შეიძლება მოჰყვეს შიდა დებიტორების (კომპანიებისა და საოჯახო მეურნეობების) დეფოლტი, რომლებიც შემოსავალს ადგილობრივ ვალუტაში იღებენ, მაგრამ ვალი დენომინირებული აქვთ უცხოურ ვალუტაში.


მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის სამივე ტიპი ზიანს აყენებს ეკონომიკას, განსაკუთრებით მწვავედ ტყუპი კრიზისი ითვლება. კრიზისის ეს ტიპი, როგორც წესი, ასოცირდება ძლიერ და გაჭიანურებულ რეცესიასთან. ის დაახლოებით 4 წელი გრძელდება და იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას დაახლოებით 20%-ით (cf. Bordo et al., “Is the Crisis Problem Growing More Severe?”, Economic Policy 16, 2001).

რამდენად მოსალოდნელია მსგავსი სიტუაცია საქართველოში? კერძოდ კი, რამდენად არის დაცული საქართველოს ფინანსური სისტემა ვალუტაზე სპეკულაციური შეტევებისა და/ან საბანკო კრახისაგან? ქვეყნის საბანკო სისტემის სიჯანსაღის სწრაფი შემოწმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების (Financial Soundness Indicators – FSI) შემოწმება. FSI-ები შედგენილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund – IMF) რეკომენდაციების მიხედვით. ის საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემები შევადაროთ ერთმანეთს. მოდით, შევხედოთ რამდენიმე მათგანს.


რამდენად დაუცველია ქართული ბანკები?

საბანკო სექტორის უნარი, გაუმკლავდეს ფინანსური კლიმატის გაუარესებას, იზომება საზედამხედველო კაპიტალის რისკით შეწონილ აქტივებთან შეფარდებით (Regulatory Capital to Risk-Weighted Asset Ratio – CRAR) მიღებული სიდიდით. ქვემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია CRAR ინდიკატორი სხვადასხვა ქვეყნებისათვის. საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტის, ბაზელი III-ის მიხედვით (რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ), საბანკო კაპიტალი უნდა შეადგენდეს რისკით შეწონილი საბანკო აქტივების სულ მცირე 8%-ს. როგორც ვხედავთ, საქართველოში ეს სიდიდე მნიშვნელოვნად აღემატება 8%-ს და უტოლდება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა დანია და გერმანია.

 

Mar-04_2015_490_1_geo

საზედამხედველო კაპიტალის რისკით შეწონილ აქტივებთან შეფარდება (CRAR) გვეუბნება, რამდენი კაპიტალი აქვთ ბანკებს რისკიან აქტივებთან მიმართებაში, რომლებიც შეწონილია თავიანთი რისკიანობის მაჩვენებლით. სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო რისკიანია აქტივი, მით უფრო მაღალია მისი წონა და მით უფრო დაბალია CRAR. მაღალი რისკები ბანკისაგან მოითხოვს მეტი კაპიტალის შენარჩუნებას, რათა მან შეძლოს პოტენციური დანაკარგების ანაზღაურება. ამიტომ, CRAR გვიჩვენებს, რამდენად მზად არის საბანკო სექტორი, გაუმკლავდეს ფინანსურ სიძნელეებს.

 

კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც გვამცნობს რისკების და, შესაბამისად, საბანკო სექტორის მდგრადობის შესახებ, არის უმოქმედო სესხების წილი მთლიანი სესხების მოცულობაში. როგორც ვხედავთ, ამ მაჩვენებლის მიხედვითაც, ქართული შემთხვევა ფრიად უპრობლემოა (იხ. გრაფიკი 2). საქართველოში უმოქმედო სესხების წილი დაბალია, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე წინა პერიოდთან შედარებითაც (მაგალითად, 2013 წელთან შედარებით). ეს მონაცემები სწორია, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან მკაცრი სტანდარტით (რომლის კლასიფიკაციის თანახმადაც, სესხი უმოქმედოა, თუ გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღით), ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შედარებით რბილი კრიტერიუმების მიხედვითაც (90 დღე).

 

Mar-04_2015_490_2_geo

უმოქმედო სესხების წილი მთლიანი სესხების მოცულბაში მნიშვნელოვანი ინდიკატორია ზოგადი საბაკო კლიმატის გასაზომად. თუ, უმოქმედო სესხების წილი იზრდება, ბანკები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც სხვა ფრონტზე უკვე დაზარალდნენ, შეიძლება სერიოზული გასაჭირის წინაშე აღმოჩდნენ. იმ ქვეყნებში, რომელთა ფინანსურ სისტემასაც „წყალი უკვე შეუდგა“ (საბერძნეთი, კვიპროსი), უმოქმედო სესხების წილი, შესაბამისად, 35% და 40%-ია.

 

დაბოლოს, შესაძლოა, ეკონომიკური აგენტების ნდობის ხარისხი საბანკო სექტორისადმი მართლაც იყოს აღელვების მიზეზი. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენადაც ყველა ფინანსური სისტემა, მათ შორის, ყველაზე მყარიც კი, შეიძლება დაინგრეს, თუკი ის აღმოჩნდება ნდობის კრიზისში. ფინანსურ სამყაროში პესიმიზმი შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად, რადგან ხალხი თავისი ანაბრის უსაფრთხოებზე ღელავს.

შედეგად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამჟამად საქართველოში შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს. ქვემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია, რომ ISET-ის ბიზნესის ნდობის ინდექსი (Business Confidence Index – BCI) ფინანსური სექტორისათვის არც ისე ცუდია (იხ. გრაფიკი 3). მართლაც, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფინანსური სექტორის BCI უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად ბიზნესის ნდობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, მონაცემების უფრო დაწვრილებითი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენელ კომაპნიებს, ასევე,  მომავლის უაღრესად პოზიტიური მოლოდინი აქვთ (სქემაზე არ არის ნაჩვენები) და ეს მოლოდინი კიდევ  უფრო გაიზარდა 2015 წლის პირველი კვარტალისათვის.

Mar-04_2015_490_3_geo
ფინანსური სექტორის ბიზნესის ნდობის ინდექსი გვიჩვენებს, თუ როგორ აფასებენ ფინანსურ სექტორში მოღვაწე პროფესიონალები მიმდინარე მდგომარეობას

როგორ ავიცილოთ თავიდან ფინანსური კრიზისი?

არსებული მონაცემების მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა საკმაოდ ძლიერია. თუმცა ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ (რომლის დიდი ნაწილი უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოხდა და ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ფინანსურ სექტორზე) შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტების ტალღა მომავალში.

საქართველოს მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გამოიჩინოს დამატებითი სიფრთხილე, რადგან უმოქმედო სესხების წილი ლარის გაუფასურების მიმართ წრფივი ფუნქცია არ არის. პირიქით, ის შეიძლება აფეთქდეს, თუკი გაცვლითი კურსი გარკვეულ ბარიერს გასცდება. თითქმის ყველა სესხი უსაფრთხოა მანამ, სანამ გაცვლითი კურსი საშიშ მაჩვენებელს არ მიაღწევს. თუმცა ყველა კატეგორიის სესხი შეიძლება უმოქმედო გახდეს, თუკი ლარის კურსი დასაშვებზე დაბლა დაიწევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში სესხების ნახევარზე მეტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებით გამოწვეული რისკი საკმაოდ მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ქართული საბანკო სექტორისათვის.

ერთი შესაძლო გამოსავალი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოვლენათა მსგავსი განვითარება, არის დოლარში გაცემული სესხებისათვის გადახდის ვადის გაზრდა. ეს ნამდვილად იქნებოდა მომგებიანი გადაწყვეტილება როგორც მსესხებლისათვის, ისე ბანკებისათვის. ვადის გაზრდა ბანკებისათვის არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, მსესხებლებს კი ყოველთვიურ ტვირთს შეუმსუბუქებს და, შესაბამისად, შემცირდება დეფოლტების რისკიც.

საბანკო სექტორის მიმართ მიმდინარე უცხოურ ვალუტაში ჯამური დავალიანების (დაახლოებით, 4,123 მილიარდი აშშ დოლარის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები), სესხის გადახდის საშუალო ვადისა (16,7 თვე) და საშუალო სარგებლის განაკვეთის (12,3%) მიხედვით, ჩვენ შევაფასეთ, რომ ყველა მსესხებლის ჯამური ყოველთვიური გადასახადი საბანკო სექტორისადმი შეადგენს 270 მილიონ აშშ დოლარს (იხ. წითელი სვეტი გრაფიკ 4-ზე). გრაფიკი 4, ასევე, გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედებს სესხის ვადის გაზრდა დოლარში დენომინირებული სესხების ყოველთვიურ გადასახადზე.

Mar-04_2015_490_4_geo

თუკი, სესხის გადახდის არსებული საშუალო ვადა (16,7 თვე) გაიზრდება 24 თვემდე, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე ყოველთვიური მთლიანი ეკონომიკის გადასახადი შემცირდება 270 მილიონიდან 195 მილიონ აშშ დოლარამდე. თუკი, სესხის გადახდის ვადა გაიზრდება 3 წლამდე, ყოველთვიური გადასახადის ჯამური ოდენობა შემცირდება 138 მილიონ აშშ დოლარამდე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სესხების გადახდის ვადის გაზრდა იქნება უფრო დიდი შეღავათი მსესხებლებისათვის, ვიდრე სესხების სარგებლის სუბსიდირება. უპირველეს ყოვლისა, სუბსიდირება არის ძვირი და ის ფინანსდება სახელმწიფოს ან ბანკების მიერ, რომელთაგან ორივეს შეიძლება დასჭირდეს ფული, რათა თავიდან აიცილონ ნეგატიური ეკონომიკური პროცესების შედეგები მომავალში. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი სუბსიდიებიც კი დიდად არ ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს. სარგებლის სამჯერ შემცირება, 12%-დან 4%-მდე, მსესხებელთა ყოველთვიურ გადასახადს შეამცირებს მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად, 270 მილიონის ნაცვლად გვექნება 250 მილიონი აშშ დოლარი.


მოქმედებისთვის უფრო მეტი საფუძველი არსებობს, ვიდრე პანიკისათვის

ლარის გაუფასურება დამაბნეველია ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველო არის ფინანსური კრიზისის ზღვარზე. საქართველოს ფინანსური სისტემის საფუძვლიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ არავითარი ეჭვი მოახლოებული კრიზისის შესახებ არ არსებობს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა საბანკო სექტორის მოშლისა და პანიკის რაიმე მიზეზს. ამასთან, მარეგულირებელი ორგანოს (ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი) ინიციატივა და კომერციული ბანკები მზაობა, მსესხებლებს შეუმსუბუქონ ფინანსური ტვირთი, კარგი გზაა უმოქმედო სესხების მიმდინარე მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. ეს იქნება ეფექტური გზა კრიზისთან დაკავშირებული თუნდაც მცირე შიშის აღმოსაფხვრელად.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners