ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი და მისი გამოყენებანი

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი (Consumer Confidence Index, CCI) ცდილობს, ასახოს ის მოლოდინები, რომლებიც მომხმარებლებს გააჩნიათ ეკონომიკის შესახებ. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ოპტიმისტურად განწყობილნი მზად არიან, დახარჯონ მეტი და დაზოგონ ნაკლები, პესიმისტები კი - პირიქით. ეს მიგნება ემთხვევა ინტუიციას იმის შესახებ, რომ მოხმარებისა და დაზოგვის სტრატეგია მომავლის შესახებ მოლოდინით განისაზღვრება. ამას გარდა, CCI ეკონომიკის სიჯანსაღის საკმაოდ მძლავრ ინდიკატორადაც გამოდგება.


რატომ?

თუკი მოხმარება მართლაც მოლოდინით განისაზღვრება, მაშინ მოლოდინი თვით-შესრულებადი წინასწარმეტყველება ხდება. მართლაც, ოპტიმისტურად განწყობილი მომხმარებელი მეტ ფულს ხარჯავს, ასტიმულირებს ეკონომიკას და შედეგად წარმოება იზრდება. მოლოდინი კარგი მომავლის შესახებ მართლდება! მეორე მხრივ, პესიმისტი მომხმარებელი ხარჯვას ამცირებს, მოთხოვნის დავარდნა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე და წარმოება მცირდება. აქაც, მოლოდინი ცუდი მომავლის შესახებ მართლდება! ეს ფენომენი ყველაზე უკეთ საფონდო ბირჟაზე ფასების ცვლის მაგალითზე შეიძლება იქნას დანახული.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსს კიდევ ერთი ისეთი თვისება აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რაღაც ახალი თქვას ეკონომიკის შესახებ. ამ თვისებას ხშირად „მასების სიბრძნეს“ უწოდებენ.ცალკე აღებული მომხმარებელი, როგორც წესი, ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს. მაღაზიის გამყიდველმა იცის, რა ღირებულების საქონელი გაიყიდა წინა თვეში, რესტორანის მეპატრონემ იცის, რამდენ ადამიანს მოემსახურა, კომპანიის თანამშრომელი ხედავს, მოიმატა თუ არა მისმა ხელფასმა ან იყო თუ არა შემცირებები. ინფორმაცია დაფანტულია და ერთიან სურათს ვერავინ ხედავს, მაგრამ თუკი ყველას ცოდნას შევაჯამებთ, სწორედ ამ ერთიან სურათს მივიღებთ.

CCI ზუსტად ამის გაკეთებას ცდილობს; მაგრამ როგორ უკეთებს ის აგრეგირებას ცალკეული მომხმარებლებიდან მიღებულ ინფორმაციას? ერთმა კარგად ცნობილმა ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ თუ ქუჩაში გამვლელებს ლობიოს მარცვლებით სავსე ტომარას ვაჩვენებთ და ვკითხავთ, რამდენი მარცვალია ტომარაში, სწორ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ თუ მათ პასუხებს გავასაშუალოებთ, ნამდვილი ოდენობის თითქმის ზუსტ შეფასებას მივიღებთ. იგივე იქნება შედეგი, თუ გამვლელებს რაიმე საგნის წონის ან სიგრძის შეფასებას ვთხოვთ. ხალხის შეფასება საშუალოდძალიან ახლოსაა სინამდვილესთან.

ზემოთ მოყვანილი ექსპერიმენტების მსგავსად, CCI ასაშუალოებს ეკონომიკის ამჟამინდელი და მომავალი მდგომარეობების ინდივიდუალურ შეფასებებს. ამ შეფასებებიდან არცერთი ცალკე აღებული ზუსტი არაა, მაგრამ საშუალოდ მათ ეკონომიკური მდგომარეობის კარგი შეფასება შეუძლიათ.

ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს მომხმარებელთა ნდობის ინდექსს საქართველოსთვის. რაც უფრო დიდია ინდექსის მნიშვნელობა, მით უფრო პოზიტიურია მომხმარებელთა მოლოდინი პერსონალური ფინანსების მხრივ, უფრო დიდია მათი მზაობა, დახარჯონ ფული, და ზოგადად, უფრო ოპტიმისტურია განწყობა ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის შესახებ. ინდექსის დაბალი მნიშვნელობა კი პირიქით, უჩვენებს რომ მომხმარებლები პესიმისტურად არიან განწყობილნი, ნაკლების დახარჯვას გეგმავენ, მაღალი ინფლაციისა და დაუსაქმებლობის დონის მოლოდინი გააჩნიათ და ა.შ. ამგვარად, თუკი მონაცემებს გარკვეული წესის მიხედვით გავფილტრავთ, შესაძლებელია ამოვიღოთ ინფორმაცია ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობისა (ქვედა გრაფიკი) და ხალხში არსებული მოლოდინების (ზედა გრაფიკი) შესახებ. შუა გრაფიკი ორივე მდგომარეობის შეჯამებას წარმოადგენს. როგორც დიაგრამაზე ჩანს, წინა 9 თვის მონაცემები გრძელვადიან პოზიტიურ ტენდენციას ავლენს, ნოემბრის თვეში კი შესამჩნევი პიკი აღინიშნება.


ხომ არაა პიკი არჩევნებთან დაკავშირებული?

მომხმარებელთა ნდობის კვლევები 1970 წლებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში ტარდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს ჩათვლით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, CCI ძირითადად იმის საზომად გამოიყენება, თუ საით მიემართება ეკონომიკა, მაგრამ ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, მისი პოლიტიკური ცვლილებების განსასაზღვრავად გამოყენება უფრო კარგ შედეგებს იძლევა. იდეა აქაც მარტივია: რაც უფრო დიდია მომხმარებლის ნდობის ინდექსი, მით უფრო მეტი შანსი აქვს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას გამარჯვებისა და პირიქით.

ეკონომისტი ლორენს იუნი CCI-ს არჩევნების შედეგების თითქმის სულყოფილად პროგნოზირების უნარს მიაწერს. მისი დაკვირვებით, ამერიკის შეერთებული შტატების წინა თერთმეტისაპრეზიდენტო არჩევნებიდან ათის შედეგები CCI-მ სწორად განსაზღვრა.

გიკას ა. ჰარდუველისის (Gikas A. Hardouvelis) პუბლიკაცია „Consumer Confidence and Elections” აანალიზებს მომხმარებლის ნდობის ინდექსს ევროკავშირის 15 ქვეყანაში 1985-2007 წლებში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ CCI-ს „შეუძლია შეაფასოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის სიძლიერე და მისი ხელახლა არჩევის ალბათობა“.

საქართველოს შემთხვევაში, CCI არჩევნების წინ დიდად არ შეცვლილა და ნულს საკმაოდ იყო ჩაცილებული. ქვეყანა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ იდგა და იგრძნობოდა გაურკვევლობა იმის შესახებ, ჩააბარებდა თუ არა ის დემოკრატიის მნიშვნელოვან ტესტს. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების შედეგებმა (მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ შემთხვევაში ცხადია) გამოიწვია მომხმარებელთა მოლოდინების გაუმჯობესება ოქტომბერში, სრული ეფექტი კი ნოემბერში იქნა მიღწეული.

საინტერესოა, რომ დეკემბრის თვეში მოლოდინები მკვეთრად დაეცა. სავარაუდოა, რომ ასეთი ეფექტი რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედებითაა გამოწვეული. პირველი რიგში, მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი ვერ შესრულდებოდა ან უბრალოდ მოთმინება არ ეყო, „ქართული ოცნების“ ახდენისთვის ცოტაც დაეცადა. შესაძლებელია, უარყოფითი სეზონური ეფექტიც მოქმედებდეს, მაგრამ რადგანაც ინდექსი მხოლოდ ბოლო 9 თვისთვის არსებობს, იგივე თვის წინა წლების მონაცემებთან შედარება ვერ ხერხდება. თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ახალი წელი გაუმჯობესებული CCI-თი დაიწყო: მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა მკვეთრი ვარდნა დეკემბერში, ინდექსის 2013 წლის იანვრის მნიშვნელობა არჩევნებისწინა თვეებში დაფიქსირებულ მნიშვნელობებს აღემატება.

იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკური ლიდერები გააცნობიერებენ, რომ მათი არჩევნებში გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული ხმის უფლების მქონეთა კეთილდღეობასა და კარგი მომავლის მოლოდინზე. ეს მარტივი ინტუიციური მიგნება ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ნდობის ინდექსი - რომელიც მჭიდროდაა კორელირებული ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო წარმატებასთან - შესაძლებელია ერთგვარ პოლიტიკურ ბარომეტრად იქნეს გამოყენებული.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners