გამოცანები სახალისოა და ხანდახან მათგან იმაზე მეტს ვსწავლობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, ეს გამოცანა ავიღოთ: ბიჭი და მისი მამა საშინელ ავარიაში მოყვნენ. მამა ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი გადაუდებელი ოპერაციისთვის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საოპერაციო განყოფილებაში შეყვანიდან ერთ წუთში, ოთახიდან სახელგანთქმული ქირურგი გამოვიდა და თქვა: „ამ ბიჭს ოპერაციას ვერ გავუკეთებ, ის ჩემი შვილია“. გამოიცანით, ვინ არის ქირურგი?
იმედია, ბევრმა თქვენგანმა გამოიცნო ეს საკმაოდ აშკარა პასუხი: ქირურგი ბიჭის დედაა. ამ გამოცანამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადამიანების მიერ შემოთავაზებული პასუხების ნაწილი იმდენად აბსურდული იყო, რომ ნებისმიერი მათგანი საქართველოში პოპულარული საპნის ოპერის სიუჟეტად გამოდგებოდა. ეს ფარული განწყობებისა და მიკერძოებული მოსაზრებების ძალიან კარგი მაგალითია, რომელთა წინააღმდეგაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს (ანუ ქალებს) უწევს ბრძოლა და რითაც გლობალურ ბაზრებზე ქალების დაბალი აქტივობა შეიძლება აიხსნას.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ქალთა წვლილი ეკონომიკურ აქტივობაში მის რეალურ პოტენციალთან შედარებით გაცილებით დაბალია; ამ პრობლემის სოციალური და ეკონომიკური ზარალის დამამტკიცებელი მონაცემები კი – განმაცვიფრებელი. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ბარიერები, რომლებსაც ქალები შრომის ბაზარზე შესვლისას აწყდებიან (კულტურული და სოციალური ნორმები, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები და ა.შ.), იმაზე უფრო ძვირად უჯდება საზოგადოებას, ვიდრე ამას დღემდე ჩატარებული კვლევები აჩვენებდა; ხოლო გენდერული განსხვავებების აღმოფხვრას უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე წარმოვიდგენდით. მაკინზის გლობალური ინსტიტუტის 2015 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ქალთა თანასწორობის ხელშეწყობას 2025 წლამდე 12 ტრილიონი დოლარის მოტანა შეუძლია გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტისთვის რაც დაახლოებით აშშ-ისა და ჩინეთის ერთად აღებული ეკონომიკების ტოლია.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს განვითარების ინდიკატორების მიხედვით, 2017 წელს 15 წელს გადაცილებულ, ეკონომიკურად აქტიურ (დასაქმებულ, თვით-დასაქმებულ ან სამსახურის აქტიური ძებნის პროცესში მყოფ) ქალთა საშუალო მონაწილეობა შრომის ბაზარზე (FLFP) 52%-ს აღწევს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მაშინ, როდესაც კაცთა მონაწილეობა ბაზარზე (MLFP) 67%-ს უტოლდება. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გამოკვეთილია. პირველი გრაფიკი ამ განსხვავებებს წარმოაჩენს; მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური რეფორმების კუთხით შრომის ბაზარზე გენდერული მონაწილეობისა და აქტივობის წასახალისებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ეს ტენდენცია არ აისახა ქალთა შრომის ბაზარზე აქტივობის მაჩვენებელზე. საქართველოში FLFP დაახლოებით 17%-ით ჩამორჩება MLFP-ს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2018 წლის კვლევა კიდევ უფრო უკეთ ხსნის, თუ რა გავლენას ახდენს დაბალი FLFP ქვეყნების მაკროეკონომიკურ განვითარებაზე კარგად დასაბუთებული მაკროეკონომიკური მტკიცებულებების დახმარებით, რომ ქალებსა და მამაკაცებს შრომის ბაზარზე განსხვავებული უნარები და მიდგომები აქვთ. თუმცა ქალებსა და მამაკაცებს შორის ეს განსხვავებები გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლისას უმეტესწილად უგულვებელყოფილი იყო. როგორც წესი, მაკროეკონომიკურ მოდელებში ქალები და მამაკაცები სრულყოფილ შემცვლელებად განიხილებიან, მაგრამ IMF-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც მონაცემთა რამდენიმე ალტერნატიულ წყაროს (OECD-ის სამუშაო ძალის მონაცემები, ჩინეთის ყოველწლიური გამოკითხვის მონაცემები ფირმების დონეზე) ეყრდნობა, გვიჩვენებს, რომ ქალები და მამაკაცები წარმოების პროცესში ერთმანეთს ავსებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალთა სამუშაო ძალის გაზრდას მაშინ, როდესაც მისი ნაკლებობა არსებობს, უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე იმავე რაოდენების მამაკაცების დასაქმებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ქალთა პროდუქტიულობა გაცილებით დაბალია. მოდელები, რომლებშიც ეს ფაქტორი გათვალისწინებული არ არის, სათანადოდ ვერ აფასებს ზრდაზე გენდერული მრავალფეროვნების გავლენას და არასწორად მიაწერს მას სხვადასხვა ტექნოლოგიურ ცვლილებებს.
ამ კვლევების განზოგადებით შეიძლება ითქვას, რომ გენდერული განსხვავებების აღმოფხვრას ქვეყნის მშპ-ის გაზრდა 10-80%-ით შეუძლია იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბალი იყო თავდაპირველად FLFP. ამ გავლენის ერთ-ერთი მიზეზი შრომის გაზრდილი მიწოდებაა: ხანგრძლივ პერიოდში, მეტი მუშახელი უკეთეს შედეგს ნიშნავს. მეორე, რითიც ეს გავლენა აიხსნება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენაა პროდუქტიულობაზე. ქალთა მონაწილეობის ზრდა შრომის მთლიანი პროდუქტიულობის ზრდასაც იწვევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენდერული მრავალფეროვნებისგან მამაკაცებიც იღებენ სარგებელს. ქალთა მონაწილეობის ბარიერების ხარჯები კიდევ უფრო მაღალია მომსახურებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების გზის შემთხვევაში, რომელიც გენდერულად უფრო თანაბარია. ქალების მონაწილეობის ბარიერებმა შესაძლოა ეს პროცესი შეანელოს და შედეგებისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო დიდი დანაკარგები გამოიწვიოს.
კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას შრომის ბაზარზე და ახალ მტკიცებულებებს გვთავაზობს იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია შრომის მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, ქალებისა და მამაკაცების ურთიერთშემავსებელ თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, მეტი მრავალფეროვნება არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც მომგებიანია. თუმცა ამ სარგებლის გაცნობიერება ვერ იქნება ჯადოსნური რეცეპტი იმ დაბრკოლებების გადასალახად, რომლებიც ქალებს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაში უშლის ხელს. პრობლემის გადაწყვეტა გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაში, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებსა და ისეთი კანონმდებლობის ქონაშია, რომლებიც ქონების ფლობის, სესხების ხელმისაწვდომობის, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებისა და კარგად შემუშავებული ოჯახური შეღავათების გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული. მაგალითად, შვედეთის წარმატება ქალთა მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის კუთხით უმეტესწილად განპირობებული უნდა იყოს ბავშვებზე ზრუნვასა და ადრეულ განათლებაში ჩადებული ინვესტიციებით, ქალებისთვის მოქნილი გრაფიკის და მშობელთა დეკრეტული შვებულების პოლიტიკით.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალთა დაბალი მონაწილეობა შრომის ბაზარზე და მათი დასაქმება მაღალ პოზიციებზე ხშირად თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალია, რომელიც მათ აფერხებს. მაგალითად, ბასერისა და იუანის უახლესი (2019 წ.) კვლევის მიხედვით, ერთი და იმავე ქულების მიღების მიუხედავად, ნიდერლანდებში მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურში წაგების შემდეგ უფრო მეტი გოგონა წყვეტს შეჯიბრს, ვიდრე ბიჭი. ესტესი და ფელკერი (2012 წ.) კონტროლირებადი ლაბორატორიის დახმარებით გვაჩვენებენ, რომ თავდაჯერებულობის დონის მცირე მანიპულაციის ხარჯზე ერთსა და იმავე დავალებებზე ქალებისა და მამაკაცების წარმატების დონე თანაბარია; ხოლო, ამ მანიპულაციის გარეშე ქალები ხშირად ისე ნებდებიან, რომ არც ცდილობენ, რაც მათ მოსწრებას მამაკაცებთან შედარებით აუარესებს. კლინიკური ფსიქოლოგი, ლიზა დამური „ნიუ იორკ თაიმსში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში საინტერესო ვარაუდს გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ქალთა და მამაკაცთა განსხვავებული მიდგომები შეიძლება იმით აიხსნას, თუ რამდენად აქეზებს და ხელს უწყობს სასწავლო სისტემა „არაეფექტიან ზედმეტ შრომას“ გოგონებში, რადგან ისინი მეტი თვითდისციპლინით გამოირჩევიან. ეს, თავის მხრივ, მათ კომპეტენციას ზრდის და ხშირად, ისინი განათლების მიღების ყველა ეტაპზე ბიჭებზე უკეთესი მოსწრებით გამოირჩევიან; მეორე მხრივ, ეს ხელს უწყობს მათ პერფექციონიზმს, რასაც ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე თავდაჯერებულობის ნაკლებობამდე მივყავართ.
ეს უახლესი მიგნებები და დღემდე დაგროვებული ცოდნა შრომის ბაზარზე ქალთა და მამაკაცთა არათანაბარი მონაწილეობის ხარჯებთან დაკავშირებით, მოგვიწოდებს, სასწრაფოდ მივიღოთ ზომები, რომ არცერთ მიზანსწრაფულ ქალ ქირურგს არ შეეშალოს ხელი შრომის ბაზარზე შესვლასა და კონკურენციის გაწევაში.
Comments