2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვიზის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ცოტა ხანში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მომიწია ჩასვლა. უკანა გზაზე, სეულის აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ახალგაზრდა ბორტ-გამცილებელმა შეამოწმა ჩემი (ისრაელის) პასპორტი და განმიცხადა, რომ, არსებული სისტემის მიხედვით, სტამბოლის რეისზე დავიშვებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოვადგენდი საქართველოს ბინადრობის მოწმობას ან შევიძენდი კორეაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს.
– მაგრამ მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და უკან დაბრუნება აქამდე არასდროს ყოფილა პრობლემა, – შევეპასუხე მე.
ბორტ-გამცილებელმა ბოდიში მომიხადა შექმნილი დისკომფორტისათვის და ავტომოპასუხის ხმით გამიმეორა: „სისტემის მიხედვით, მგზავრს უნდა ჰქონდეს კორეაში დასაბრუნებელი ბილეთი ან საქართველოს ბინადრობის მოწმობა.“
სახლში დაბრუნების გაათკეცებული სურვილით შეპყრობილმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წამოწყება გადავწყვიტე.
– კი მაგრამ, არ შეიძლება ეგ სისტემა ცდებოდეს? – გავიბრძოლე მე.
– ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას! – ისეთი მტკიცე, ავტომოპასუხის ხმით მითხრა, მივხვდი, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
ჩემდა საბედნიეროდ, საფულეში აღმომაჩნდა ბინადრობის (სრულიად ახალი) მოწმობა და შევძელი გამოფრენა, მაგრამ მისი ნათქვამი „ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას!“ გონებაში ჩამრჩა. ჩამრჩა, რადგან აღნიშნული ფრაზა ჭეშმარიტებას ღაღადებს კორეელი (როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ) ხალხის წესრიგისა და მორჩილებისადმი მიდრეკილების ღრმად ფესვგადგმული ტრადიციის შესახებ. იგივე ლოგიკით, ფრაზა – „ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას!“ – თავის თავში გულისხმობს ყველაფერს, რაც საქართველოში პირიქითაა.
სისტემისადმი მორჩილება: უპირატესობები
მორჩილებასა და წესრიგს უდავოდ აქვს თავისი უპირატესობები. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია შევხედოთ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დინამიკას სამხრეთ კორეასა და საქართველოში.
წყარო: მსოფლიო ბანკი, მსოფლიოს განვითარების ინდიკატორები
1965 წელს, საქართველო და კორეა ერთნაირად ღარიბი ქვეყნები იყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 1,266, ხოლო კორეაში 1,285 აშშ დოლარი იყო (დათვლილია 2005 წლის აშშ დოლარში). ფორბსის მიხედვით, „2004 წელს სამხრეთ კორეა შეუერთდა ტრილიონიანი მსოფლიო ეკონომიკების კლუბს და დღესდღეობით მე-12 ადგილს იკავებს უდიდეს ეკონომიკებს შორის“. ამჟამად, სამხრეთ კორეის რეალური მშპ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, შეადგენს 24,000 აშშ დოლარს (2005 წლის აშშ დოლარში), რაც, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.
სამხრეთ კორეის „სასწაულებრივ“ მოდერნიზაციას, ინდუსტრიალიზაციასა და ექსპორტზე ორიენტირებულ ზრდას ხშირად ადარებენ დასავლეთ გერმანიის ეკონომიკურ „სასწაულს“ (Wirtschaftswunder), თუმცა პრეზიდენტ პაკ ჩონ ხის (1961-1979) ავტორიტარული რეჟიმი და ინდუსტრიული პოლიტიკა, ალბათ, ფაშისტური გერმანიის რეჟიმს უფრო მოგვაგონებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის ამბიციურ დაგეგმვაში, თანამშრომლობდა ძლიერ ბიზნეს-ელიტებთან (ოჯახების მიერ კონტროლირებულ ინდუსტრიულ კონგლომერატებთან, კორეის შემთხვევაში, ე.წ. „ჩებოლებთან“), ავიწროვებდა და ანადგურებდა პროფკავშირებს[1], ახორციელებდა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველჰყოფდა საკრედიტო გარანტიებს, სანაცვლოდ კი მკაცრად მოითხოვდა, რომ ყველა ეკონომიკური აქტივობა შესაბამისობაში ყოფილიყო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან.
როგორც ვიკიპედიაშია აღწერილი:
„მთავრობისა და ჩებოლების თანამშრომლობა იყო 1960-იან წლებში დაწყებული ზრდისა და შთამბეჭდავი წარმატების საფუძველი. იმისათვის, რომ ქვეყნის ორიენტაცია სამომხმარებლო საქონელი და მსუბუქი მრეწველობა მძიმე, ქიმიური და იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოებით შეეცვალათ, პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩებოლების ლიდერებთან. მთავრობა სთავაზობდა ინდუსტრიული გაფართოების გეგმებს, ჩებოლები კი ახორცილებდა მათ... ჩებოლებით მართულმა ინდუსტრიალიზაციამ დააჩქარა კაპიტალისა და ეკონომიკურად მომგებიანი აქტივობების შეზღუდული რაოდენობის კონგლომერატების ხელში თავმოყრის პროცესი“.
ამ რაკურსიდან კარგად ჩანს, რომ სამხრეთ კორეის სასწაული სხვა არაფერია, თუ არა „სისტემისადმი მორჩილება“ – პარტიის ინდუსტრიული პრიორიტეტებისათვის ფეხის აწყობა, უცხოური ტექნოლოგიის უწყვეტი დანერგვა, უზარმაზარი ზეწოლის პირობებში ფუნქციონირებისათვის მზაობა, და ბოლო (მაგრამ არა უკანასკნელი) დღევანდელი მოხმარებისა და „კარგი ცხოვრების“ მსხვერპლად გაღება დაპირებული უკეთესი მომავლისათვის.
სისტემისადმი მორჩილება: უარყოფითი მხარეები
დარონ აჯემოღლუ, ფილიპ აგიონი და ფაბრიციო ზილიბოტი თავიანთ შრომებში ყურადღებას ამახვილებენ იმ (აუცილებელ) ცვლილებებზე, რაც კომპანიებმა (შესაბამისად, ქვეყნებმაც) უნდა განიცადონ გლობალური ტექნოლოგიების ლიმიტთან მიახლოებისას. ძირითადი მახასიათებელი, რაც მათ მოდელებს აერთიანებს, არის ის, რომ კომპანიები საბოლოოდ იმიტაციიდან (ინვესტიციისა და უკვე არსებული ტექნოლოგიების დანერგვიდან) უნდა გადავიდნენ ინოვაციაზე.
იმიტაცია ყველაზე ეფექტურია (სამხრეთ კორეის მსგავსად) დიდ, ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიებში, ხისტი იერარქიული სტრუქტურითა და დისციპლინირებული მუშახელით. ინოვაცია კი კომპანიებისგან მოითხოვს მცირე მასშტაბებს, ჰორიზონტალურ იერარქიასა და მეტ აქცენტს აუთსორსინგზე. ინოვაციის აუცილებელი წინაპირობაა წახალისების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ექსპერიმენტებს და პატიობს შეცდომებს. თუკი ჩავთვლით, რომ „საჭიროება“ არის გამოგონების დედა, მაშინ „დისციპლინის“ ნაკლებობა და ახალი იდეების გენერირებისა და მეთოდების მოსინჯვის თავისუფლება არის მისი „მამა“.
დან სენორისა და საულ ზინგერის ბესტსელერი “The Start-Up Nation” მოგვითხრობს მეწარმეებისა და ინჟინრების სითამამეზე, როგორც ძირითად ფაქტორზე, რომელმაც 1990-იან წლებში ისრაელი ტექნოლოგიური ინოვაციების კერად აქცია. ამ წიგნში აღწერილი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინტელის ისრაელის წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი ავტონომიურობა კომპანიის გლობალური იერარქიისგან და მისი გამბედაობა, კომპანიის მთავარი ოფისები დაერწმუნებინა, უარი ეთქვათ „საათივით აწყობილ სისტემაზე“ მეხსიერების ბარათის არქიტექტურის სასარგებლოდ, რომელიც აქცენტს პორტაბელურობასა და ენერგო-ეფექტურობაზე აკეთებდა.
„უთანხმოებისა და დებატების კულტურის განვითარება“ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო დოვ ფრომანისათვის, ისრაელში ინტელის წარმომადგენლობის დამფუძნებლისათვის:
„ლიდერის მიზანი უნდა იყოს წინააღმდეგობის გაწევის უნარის მაქსიმიზაცია, რათა წაახალისოს განსხვავებული აზრის არსებობა. როცა ორგანიზაცია კრიზისშია, შეიძლება თავად წინააღმდეგობის გაწევის უნარის ნაკლებობა იქცეს პრობლემად. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ცდილობ, არ არის საკმარისად რადიკალური... ან ოპოზიციამ იატაკქვეშ გადაინაცვლა,“ – ციტირებენ ფრომანს სენორი და ზინგერი.
მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ „დისციპლინის“ ნაკლებობა ორლესული მახვილივითაა. ცხადია, ისრაელის მეამბოხე სული, ავტორიტეტებისადმი დაუმორჩილებლობა და „სისტემის“ გაცურების უნარი ცა და დედამიწასავით განსხვავდება კორეის კონფუციანური შემართებისგან. ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა, ერთის მხრივ, ისრაელის, როგორც ე.წ. „დამწყები ქვეყნის“ აღმასვლა, მეორეს მხრივ კი, მისი მარცხი, დამწყები კომპანიები (ე.წ. სტარტაპები) ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებად გარდაექმნა, როგორებიცაა კორეული სამსუნგი, ელ-ჯი და ჰიუნდაი.
ქართული წინააღმდეგობები
რამდენიმე წლის წინ შემთხვევით ვნახე ძალიან საინტერესო ქართული სოციალური რეკლამა, რომელშიც ერთმანეთთან კონტრასტულად იყო ნაჩვენები ქართული ხალხური ცეკვის (შენელებული კადრები) გასაოცარი ჰარმონიულობა და ქაოსი თბილისის ქუჩებში (ზემოდან გადაღებული დაჩქარებული კადრები).
მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მიხედვით, ქართველები საკუთარ თავს უფრო ტრადიციულებად და რელიგიურებად (შესაბამისად, 92% და 95%) თვლიან, ვიდრე სამხრეთ კორეელები (შესაბამისად, 22% და 30%). ქართველები აფასებენ თავიანთ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და რელიგიურ მოძღვრებებს, მაგრამ „სისტემის მორჩილება“ მათთვის უცხოა.
როგორც წესი, ქართველებს სძულთ მკაცრი კანონები (მაგალითად, სამსახურში დროზე მისვლა) და არ ენდობიან არცერთ „სისტემას“. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ უთმობენ ნაკლებ ყურადღებას “სისტემის“ არქიტექტორები – ქართველი კანონმდებლები – ახალი კანონებისა და რეგულაციების სრულყოფას. მართლაც, რატომ უნდა შეიწუხო თავი, თუ ეს ყველაფერი (მაგალითად, ევროკავშირის ბიუროკრატიის საამებლად მიღებული კანონები), დიდი ალბათობით, მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.
რა გასაკვირია, რომ ქართველთა თავისუფლებისადმი სიყვარული გამოიხატება მათ შეუდარებელ შემოქმედებითობაში. ქართული მხატვრობა და ქანდაკება, საშემსრულებლო ხელოვნება, კინო და მწერლობა ნამდვილად მსოფლიო დონისაა. თუმცაღა, ცუდი მენეჯმენტის გამო, ქართველები, იტალიელების მსგავსად, ვერ ახერხებენ, კომერციულ წარმატებად აქციონ ეს ყველაფერი.
დაბოლოს, ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია, რაც კარგად ჩანს საბჭოთა პერიოდში მათი სამეცნიერო მიღწევებით. ქართველი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მიკრობიოლოგები და ქირურგები საბჭოთა ელიტის აღიარებული ლიდერები იყვნენ. თუმცა, დღეს საქართველოს სამეცნიერო მიღწევები მოკრძალებულია და გაუმჯობესების ნიშნებიც არ შეიმჩნევა. მეტიც, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება და ბევრი ქართველი მამაკაცის "საპრეზიდენტო" მისწრაფებები, სუსტ განათლების სისტემასთან ერთად უმუშევრობის მაღალ და სამუშაო ეთიკის დაბალ დონეს განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი არსებობს, ამგვარი წინააღმდეგობების არსებობის პირობებში, საქართველოში იმიტაციით გამოწვეულ სწრაფ ზრდას (სამხრეთ კორეის მაგალითზე) ან ინოვაციურ ბუმს (ისრაელის მაგალითზე) არ უნდა ველოდოთ.
- ↑ პრეზიდენტ პაკის მიერ სამხრეთ კორეაში პროფკავშირების მოსპობას გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდა. The Wall Street Journal-ის მიხედვით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სამხრეთ კორეა ჩამორჩება 139 ქვეყანას მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით. ქვეყანამ მიიღო ყველაზე დაბალი რეიტინგი (5), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მშრომელთა უფლებების არავითარი გარანტია არ არსებობს.
Comments
rai???? ))