ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საზღვრებს მიღმა: საპენსიო რეფორმა სომხეთში

2014 წლის პირველი იანვრიდან სომხეთი სრულიად ახალ საპენსიო სისტემაზე გადადის. ეს რადიკალური რეფორმა ემსახურება ორი პრობლემის მოგვარებას: ასაკოვან მოქალაქეთა შორის გავრცელებულ სიღარიბესა და ეკონომიკაში კაპიტალის ნაკლებობას. ანალოგიური პრობლემები არსებობს საქართველოშიც, სადაც სტანდარტული სახელმწიფო პენსია 150 ლარს შეადგენს, დაზოგვის დაბალი დონის გამო კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კაპიტალის მაღალი დანახარჯები აბრკოლებს. ასე რომ, ღირს თვალი გადავავლოთ ჩვენს მეზობელ სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. იქნებ ქართველი პოლიტიკოსებისათვის სასარგებლოც კი გამოდგეს მეზობლების გამოცდილების გათვალისწინება.


მოკლედ რეფორმის შესახებ

2014 წლის იანვრიდან სომხეთის საპენსიო სისტემას სავალდებულო დაფინანსების კომპონენტი დაემატება. 1974 წლის შემდეგ დაბადებული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მისი დაუბეგრავი ხელფასის 10% საპენსიო ფონდში გადარიცხოს, ხოლო 1974 წლამდე დაბადებულთათვის ახალ სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სრულად არ იხდის მისი შემოსავლის 10%–ს საპენსიო ფონდში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი შემოსავლის მხოლოდ 5%–ს გადაიხდის, ხოლო დანარჩენი 5% სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. თავის მხრივ, სახელმწიფოს შენატანის ზედა ზღვარი თვეში 25 000 დრამს (62 აშშ დოლარი) შეადგენს, რაც 500 000 დრამის 5%–ს უდრის. მაშასადამე, მოქალაქე, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც 500 000 დრამს აჭარბებს, სახელმწიფოსგან 5%–ზე ნაკლებ სუბსიდიას იღებს. მაგალითად, თუ მოქალაქის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600 000 დრამს (1 480 აშშ დოლარი), სახელმწიფო მხოლოდ 25000 დრამს (62 აშშ დოლარი) დაფარავს, დანარჩენი 35 000 დრამის (86 აშშ დოლარი) გადახდა კი თავად ბენეფიციარს მოუწევს.

მთავრობა არ იღლება რიგითი სომხებისათვის ახალი სისტემის უპირატესობების აღნიშვნით. წარსულისა და საქართველოსაგან განსხვავებით, ამიერიდან სომხეთში პირდაპირი კავშირი იარსებებს პიროვნების მიერ ეკონომიკურად აქტიური ცხოვრების მანძილზე გამომუშავებულ ხელფასსა და პენსიას შორის. რამდენად სამართლიანია ამგვარი სისტემა, ეს სადავო საკითხია; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უზრუნველყოფს სამუშაოდან საპენსიო ასაკში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გარეშე გადასვლას. მეტიც, იმედოვნებენ, რომ ახალი საპენსიო სისტემა არამარტო საგრძნობლად გააუმჯობესებს ასაკოვანი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, არამედ მოხუცებს შვილებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებასაც მისცემს. ამჟამად სომხეთში უმეტესად (ზრდასრული) შვილები უზრუნველყოფენ ხანდაზმული მშობლების ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკის მოსახლეობის ტრანსფერები პირიქით აფინანსებს ახალგაზრდა თაობას.

სახელმწიფო ასევე ხაზს უსვამს დაგროვებული კაპიტალის უსაფრთხოებას: მთავრობა იძლევა სპეციალურ გარანტიას, რომ მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხა, ინფლაციით კორექტირებული, სრულად დაუბრუნდება ბენეფიციარს საპენსიო ასაკში. ამავდროულად, სისტემა მოქალაქეებს სხვადასხვა რისკიანობის მქონე (0%, 25% ან 50%–იანი) ინვესტიციების საკუთარი მოსაზრებისამებრ განხორციელების საშუალებას აძლევს. სახელმწიფო გარანტიით დაწესებულია პოტენციური დანაკარგის ზედა ზღვარი; მაშასადამე, მოცემული სქემით ნორმალურ პირობებთან შედარებით უფრო რისკიანი ინვესტიციების წახალისება ხდება.


მედგარი წინააღმდეგობა

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი რეფორმის მიმართ. მოწინააღმდეგეები ყოველდღე იკრიბებიან ერევანში და აპროტესტებენ ახალი საპენსიო სისტემის მოსალოდნელ ნაკლოვანებებს.

ერთ–ერთი არგუმენტი რეფორმის წინააღმდეგ არის ის, რომ განვითარებადი ქვეყნისათვის მთლიანი შემოსავლის 10%-იანი შენატანი საპენსიო ფონდში მეტისმეტია. სომხეთში საშუალო დაუბეგრავი ხელფასი 150 000 დრამს (370 აშშ დოლარი) შეადგენს, საშემოსავლო გადასახადი კი ახლახან გაიზარდა 24.4%–მდე 120 000 დრამამდე (296 აშშ დოლარი) დაბალი შემოსავლის მქონეთათვის და 26%–მდე – უფრო მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. გამოდის, რომ საპენსიო რეფორმის შემდეგ მთლიანი ხელფასის დაახლოებით 70% იქნება განკარგვადი. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთან შედარებით. გადასახადებისა და საპენსიო გადასახდელების გამოქვითვის შემდეგ, საშუალო ხელფასის მიმღებთ დარჩებათ მხოლოდ 105 000 დრამი (259 აშშ დოლარი) განსაკარგად. ამ თანხით კი ოჯახის რჩენა ძალიან ძნელია. ამიტომაც რეფორმის მოწინააღმდეგენი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ არამხოლოდ სუბსიდირება გაუწიოს საპენსიო ფინანსების დაგროვებას, არამედ სრულად დააფინანსოს იგი ბიუჯეტიდან.

უფრო ფუნდამენტური პრობლემა კი არის ის, რომ მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ მთავრობას ნამდვილად სურს და შეუძლია პირობის შესრულება. დაახლოებით 23 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლამ მარტო პოლიტიკური კრიზისი კი არ გამოიწვია, არამედ მოსახლეობა უფულოდაც დატოვა, რადგან საჭოთა ბანკებში არსებული რუბლის ანგარიშების კონფისკაცია მოხდა. 90–იანი წლების დასაწყისიდან, სომხეთის მთავრობა დაზარალებულთათვის დანაკარგების ანაზღაურების პირობას იძლევა, მაგრამ ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა. ამგვარი გამოცდილება, თავის მხრივ, ერთგვარ ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის სომხეთში გრძელვადიანი პროექტების მიმართ.

თუმცა, უმთავრეს პრობლემას დოლარის მიმართ სომხური დრამის კურსის ძლიერი მერყეობა წარმოადგენს. თუ მოცემულ გრაფიკს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ძნელია დრამს სტაბილური ვალუტა ვუწოდოთ.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2000–დან 2013 წლამდე პერიოდში ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობდა 300.73-დან 591-მდე. რადგან სომხეთის მაცხოვრებელთა სამომხმარებლო კალათა უმეტესად იმპორტირებული პროდუქტებისაგან შედგება, მოსახლეობა ამჯობინებს ნაღდი ფულისა და დეპოზიტების აშშ დოლარში ფლობას, მიუხედავად საპროცენტო განაკვეთებში დიდი განსხვავებისა (ამჟამად, საპროცენტო განაკვეთი არის 7% დოლარში და 14.5% – დრამში გახსნილი დეპოზიტებისათვის). ამიერიდან მოსახლეობა იძულებული იქნება, რომ პენსიისათვის დრამებში დააგროვოს. სახელმწიფო იძლევა პენსიონერისათვის შემოსავლის სულ მცირე 10%–ის (ინფლაციის გათვალისწინებით) დაბრუნების გარანტიას, მაგრამ გაცვლითი კურსის რისკი ისევ პენსიონერებს დააწვებათ.

დებატებში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა აზრი, რომ ახალი სისტემის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესებს ნაკლები საშუალება ექნებათ გადაიხადონ კონკურენტული ხელფასები. საპენსიო ფონდში დაზოგილი თანხა სრულად უბრუნდება გადამხდელს პენსიაზე გასვლისას, მაგრამ მოსახლეობამ ან არ იცის ამის შესახებ, ან არ ენდობა მთავრობის მიერ მიცემულ პირობას. რადგან დასაქმებულებს განკარგვადი შემოსავალი აინტერესებთ, გამოდის, რომ სწორედ კომპანიებს მოუწევთ დასაქამებულთათვის დანაკარგების ანაზღაურება. თუმცა, ეს არ არის სარწმუნო არგუმენტი, რადგან ცვლილება ეხება სომხეთში მოღვაწე ყველა კომპანიას და უმუშევრობით გაჯერებულ ბაზარზე, შრომის მიწოდების დაბალი ელასტიურობის გათვალისწინებით, დამსაქმებლები შეძლებენ საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაქმებულებზე გადაკისრებას.

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის მთავრობა ახორციელებს რეფორმას, რომელიც მოითხოვს დანახარჯებს ახლა და სარგებელის მოტანა მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში შეუძლია. მსგავსი რეფორმები, როგორც წესი, არაპოპულარულია ამომრჩეველთა შორის და ძლიერ პოლიტიკურ ნებასა და სიმტკიცეს საჭიროებს საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუ რეფორმა წარმატებული აღმოჩნდება, ასაკოვან მოქალაქეთა შორის სიღარიბე შემცირდება. გარდა ამისა, დაგროვებული კაპიტალის დიდი ნაწილის ინვესტირება სომხეთის ეკონომიკაში (დაახლოებით 80%) მოხდება, რაც კაპიტალს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ეს კაპიტალი კი ნამდვილად აუცილებელია სომხეთის ეკონომიკური წინსვლისათვის.


 

ავტორების შესახებ: არამ დერძიანსა და ასტღიკ მხიტარიანს მინიჭებული აქვთ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). ამავდროულად, ორივე ავტორი გახლავთ CERGE-EI ფონდის ახალგაზრდა ლექტორი. არამ დერძიანი გახლავთ თავმჯდომარე სომხეთში ახალგაზრდა მკვლევართა ორგანიზაციისა (www.researchers.am), რომელიც ეხმარება კურსდამთავრებულებს აკადემიური კარიერის დაწყებაში. ასტღიკ მხიტარიანი კი  ასევე ფლობს ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners