ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები კონკურენტუნარიანობისთვის იბრძვიან

ნაბეღლავსა და ბახმაროს შორის, ულამაზეს ხეობაში მდებარე სოფელი ჩხაკაურა, ძლიერი გურული მეთევზეების ადგილსამყოფელია. სოფელში მისვლა საკმაოდ რთულია მძლავრი 4x4 ავტომობილისთვისაც, მაგრამ ეს ადგილობრივებს ხელს ვერ უშლის, კალმახის მოსაშენებლად გამოიყენონ დანგრევის პირას მისული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და უნიკალური ბუნებრივი პირობები.

აქ დასაქმებულია 5 მამაკაცი, ასაკით 20-დან 45 წლამდე, რომლებიც უკვე 4 წელზე მეტია, ერთობლივად აწარმოებენ კალმახის ბიზნესს და ყიდიან როგორც კალმახს, ასევე ქვირითსა და ლიფსიტს ახლომდებარე სოფლებში - ნაბეღლავსა და ბახმაროში. ნაბეღლავი და ბახმარო ქართული მინერალური წყლების ბრენდებია, რომელიც  „წყალი მარგებელს“ ეკუთვნის და ეს უხვი „ჯანსაღი წყალი“ ალბათ ერთადერთი ადგილობრივი უპირატესობაა ჩხაკაურას მეთევზეებისთვის. გზის ბოლო მონაკვეთი ნაბეღლავიდან ჩხაკაურამდე ოღროჩოღროა, ასფალტის გარეშე, რაც ზამთარში აიძულებს მეთევზეებს, გასაყიდი თევზი ციგით ჩამოიტანონ მთავარ გზამდე.

უამრავი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რომ ქართველ ფერმერებს კოოპერაცია არ შეუძლიათ, ის რაც ჩხაკაურელმა მეთევზეებმა შექმნეს ნამდვილი ფერმერთა კოოპერატივია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ისინი არათუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, არამედ ვერც გადარჩებოდნენ, ცალ-ცალკე რომ ეშრომათ და ერთმანეთს არ დახმარებოდნენ ყველა იმ ასპექტში, რაც მათ რთულ ბიზნესს ახლავს თან - მოეშენებინათ კალმახი სადღაც გადაკარგულში და ბაზრისთვის მიეწოდებინათ გასაყიდად. მათთვის კოოპერაცია ცხოვრების გზაა.


ევროპელი მეგობრების მცირედი დახმარებით

უნიკალური შესაძლებლობის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო დროინდელმა ცვლილებებმა გამოიწვია, ჯგუფმა გადაწყვიტა, ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო, როგორც ფერმერული კოოპერატივი „სამეგობრო 2014“. მეტიც, მათ განაცხადი შეიტანეს - და გაიმარჯვეს კიდეც! - ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სოფლის მეურნეობის კოოპერატივებისთვის. დაბრუნებადი გრანტი (არსებითად, ეს არის ნულ-პროცენტიანი სესხი, რომელიც საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციიას, რათა მან მომავალში კვლავ გასცეს მსგავსი კრედიტები), დაახლოებით 70,000 ლარის ოდენობით, დაეხმარება ჯგუფს, თავისი მეურნეობის  შეკეთებასა და გაფართოვებაში, ასევე კალმახის დისტრიბუციისა და ფერმისათვის მასალების მომარაგებისათვის საჭირო პიკაპის ტიპის ავტომობილის შესყიდვაში. მათი ბიზნეს გეგმა (რომელიც დაფინანსების მოსაპოვებლად მოამზადეს), ასევე მიზნად ისახავს აგროტურიზმის განვითარებას - მცირე ტიპის კოტეჯების აგებას სტუმრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიირთვან „ჯანსაღი წყალი“, ითევზაონ კალმახზე  და დატკბნენ მთის შესანიშნავი ხედებით.

„სამეგობრო 2014“-ის ისტორია ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული ჯგუფების გაერთიანებას ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 250-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარების სააგენტოში (ACDA). მათგან ბევრი (ისევე, როგორც სხვა ფერმერული ჯგუფები) ჩართული იქნება „ენპარდის“ 40 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამაში, რომელიც ფერმერებს ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ მასშტაბის ეკონომიით, იქნება ეს ფერმისათვის საჭირო მასალებისა და მომსახურების შესყიდვა, თუ სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გასაღება/მარკეტინგი.

თუმცა, გზა წარმატებული ფერმერული კოოპერატივისაკენ საქართველოში ადვილი არ არის. დავიწყოთ იმით, რომ ახლად ფრთაშესხმულმა ფერმერულმა ჯგუფებმა უნდა ისწავლონ კოოპერატივის მართვის საფუძვლები - როგორ მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება, როგორ წაახალისონ სამუშაოს კარგი შემსრულებლები და დასაჯონ უსაქმურები. ძლიერი ლიდერის თვისებები და გუნდში მუშაობის შესაძლებლობა  - სტანდარტული სამუშაო ინტერვიუს საკითხები - შეიძლება  ხელისშემშლელი ფაქტორები იყოს გუნდისათვის, რომელსაც გამოცდილება აკლია.

რამდენადაც კოოპერატივის მართვა შეიძლება ნაკლებად პრობლემატური იყოს მეტ-ნაკლებად გამოცდილი ჯგუფისათვის, როგორც ჩვენი მეთევზეები არიან გურიიდან, ფერმერთა კოოპერატივები, ყველა ბიზნესის მსგავსად, შეიძლება გაკოტრდნენ, ბაზარზე კონკურენციის გამო. მარცხი შეიძლება გამოიწვიოს ნედლეულის მიწოდების უკმარისობამ, ანდა მისმა ცუდმა მენეჯმენტმა (კრიტიკულია გადამამუშავებელი კოოპერატივებისათვის), ან მსხვილ და უფრო მეტად ეფექტიან მწარმოებელთან (ჩხაკაურას შემთხევაში, კალმახის დიდი ფერმა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე) კონკურენციამ. დაზღვევისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არქონის პირობებში, პოტენციურად წარმატებული ფერმერთა კოოპერატივი შეიძლება დაიშალოს, თუნდაც მოსავლის ერთჯერადად ჩავარდნის გამო.


მასშტაბის ეკონომიისა და კონკურენტუნარიანობის მიღწევა, როგორც გამოწვევა

თუ ზედაპირულად გადავხედავთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში (ACDA) დარეგისტრირებულ კოოპერატივებს, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ ENPARD-ის მხარდაჭერის მისაღებად - შესაძლოა,  ზოგიერთი ექსპერტის შეფასების საწინააღმდეგოდ - ვნახავთ, რომ ძირითადი ნაწილი ქართული ფერმერული ჯგუფებისა მცირე საწარმოო კოოპერატივებია. ისინი ცდილობენ, გაზარდონ თავიანთი წარმოება აქტივების გაერთიანებისა და საჭირო აღჭურვილობისა და მანქანა-დანადგარების ერთობლივად შეძენის ხარჯზე.

როგორც ადრე განხილულ იქნა ISET Economist Blog-ზე, განსხვავება საწარმოო და მომსახურების მიმწოდებელ კოოპერატივებს შორის გადამწყვეტია.

„მცირე მეწარმეები ხშირ შემთხვევაში  ძალიან მცირეები არიან იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეაღწიონ ბაზარზე და ადვილი შესაძლებელია შუამავლებისა და ადგილობრივი მონოპოლისტების მიერ იქნან ექსპლოატირებულნი. მომსახურების მიმწოდებელ კოოპერატივებს, შეუძლიათ გაზარდონ მცირე მეწარმეების სავაჭრო ძალაუფლება ბანკებთან, მომსახურების მომწოდებლებთან, მომმარაგებლებთან, გადამმუშავებლებთან და ... მთავრობასთან მოლაპარაკებისას. კოოპერაციის ეს მარტივი ფორმა საკმაოდ ეფექტური და შედარებით ადვილი სამართავი და შესანარჩუნებელია, რაც ხსნის მის პოპულარობას ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.

კოოპერაციის უფრო ამბიციური (და უფრო მეტად მოთხოვნადი) ფორმა  დანაწევრებული მცირე მეწარმეების უფრო დიდ ფერმებად გაერთიანებაა. ასეთი საწარმოო კოოპერატივების მაგალითებია ისრაელის კიბუცის და საბჭოთა კოლექტივის ფერმები, რომელთა მიზანიც იყო ესარგებლათ მასშტაბის ეკონოომიით მთავარ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.“

საწარმოო კოოპერატივად არსებობის მთავარი მიზეზი, რომლის კარგი მაგალითია „სამეგობრო 2014“, არის რეალური შესაძლებლობა ხარჯების შემცირებისა და შესაბამისი ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მოთამაშეებთან, მსხვილ გადამმუშავებლებთან, საცალო და სასტუმრო ქსელებთან მომგებიანი კონტრაქტების დადება. სამწუხაროდ, უმეტესობა ახალდარეგისტრირებული ფერმერული ჯგუფებიდან ძალიან პატარაა, შედგება 3-5 წევრისაგან (უმეტესად ახლო მეგობრები ან ნათესავები), რაც ამცირებს მასშტაბის ეკონომიის მიღწევის შესაძლებლობას წარმოებაში, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში.

გადამამუშავებელი კოოპერატივებისათვის, კოოპერაცია გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების აღებას ფართო აღჭურვილობისათვის, რაც არაა ხელმისაწვდომი ცალკეული ფერმერისათვის ინდივიდუალურად. მიუხედავად ACDA-ში დარეგისტრირებული გადამამუშავებელი კოოპერატივების მოცულობის სიმცირისა, მთავარი გამოწვევა მაინც  ნედლეულის (იქნება ეს ჩაის ფოთოლი, თხილი თუ რძე) სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა იქნება, რამაც უნდა გაამართლოს უკვე ჩადებული ინვესტიცია გადამამუშავებელ აღჭურვილობაში, შესანახ საშუალებებში, და ა.შ.

 (როგორც ბევრი გადამამუშავებელი საწარმოს გამოცდილება აჩვენებს, საქართველოში, მცირე მეწარმეების მოკლევადიანი ხედვისა  და მოწინავე ბაზრის ნაკლებობის პირობებში, ნედლეულის მიწოდება არასდროს არის ადვილი. ტიმ სტიუარტის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს რეალური საფრთხე რომ დონორების დაფინანსებულ აღჭურვილობას „ჟანგი შეჭამს“).

საბოლოოდ, ყველა ტიპის დამწყები საწარმოო კოოპერატივისთვის, რეალური გამოწვევა საქონლის ბაზარზე არსებული კონკურენციაა. საჭირო მასალისა და მომსახურების შესასყიდად,  ან მარკეტინგის გასამართად თანამშრომლობის ნაცვლად, ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს, მცირე ფერმერებს (რომლებსაც ბაზარზე თავიანთი საქონელი დაბალ ფასად გააქვთ) და დიდ კომერციულ მოთამაშეებს (დიდი საოჯახო ფერმები ან შპს-ები), რომლებიც ახერხებენ მასშტაბის ეკონომიის მიღწევას  წარმოებაში და/ან მარკეტინგში, რაც არ არის ხელმისაწვდომი დამწყები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის.

შესაძლო გამოსავალი მცირე მეწარმეებისათვის (მაგ. ღვინის კოოპერატივები) იქნება პროდუქციის მრავალფეროვნებაზე (ყურძნის კონკრეტული ჯიშები, ქვევრის ღვინო, ადგილობრივად ბრენდირებული ჩურჩხელა, და ა.შ.) მუშაობა და ბრენდინგსა და მარკეტინგში ინვესტირება.

ამ გამოწვევების წინაშე, ეჭვგარეშეა, რომ ბევრი დამწყები ფერმერთა კოოპერატივი დამარცხდება. მიუხედავად ამისა, გურული მეთევზეების მაგალითი გვიჩვენებს, რომ საქართველოში ფერმერთა კოოპერაციას უნდა მიეცეს შანსი. ევროპელი მეზობლების მცირედი დახმარებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კოოპერაციას ბევრი ქართველი ფერმერისათვის შეუძლია იმედის მიცემა, რომლებსაც სურთ საკუთარ თავს დაეხმარონ.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners