ბადენ-ბადენიდან
„რულეტი საღამოს ექვს საათამდე. ყველაფერი წაგებულია, — აღნიშნავდა ლევ ტოლსტოი 1857 წლის 14 ივლისს. ეს სიტყვები არც მოსკოვში დაწერილა და არც პეტერბურგში“, წერს ელიზაბეტ ნოი. „ეს იყო ბადენ-ბადენში. ტოლსტოიმ იმ ღამეს ოხვრით დახურა თავისი დღიური“.
„ტოლსტოი არ იყო ერთადერთი გენიალური მწერალი, რომელიც რუსეთიდან ათასობით მილის მოშორებით გაემგზავრა წყლებზე სამკურნალოდ და რულეტის მაგიდასთან თამაშის მღელვარების განსაცდელად... უკან კი ცარიელი ჯიბეებით დაბრუნდა.
ყველა აქეთ მოემართებოდა: დიდი რეალისტი ივანე გონჩაროვიც და ახალგაზრდა ენთუზიასტი და ბალადების რითმის ოსტატი ვასილი ჟუკოვსკიც. ნიკოლაი გოგოლმა, ბადენ-ბადენის სტუმრობისას, დაასკვნა, რომ „აქ სერიოზულად ავად არავინაა. დამსვენებლები მხოლოდ გასართობად ჩამოდიან.“
რუსების ბადენ-ბადენით გატაცებამ ორ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა. ცხადია, ეს ყველაფერი 1793 წელს, ბადენის პრინცესა ლუიზას ალექსანდრე პირველზე ქორწინებით დაიწყო. ტენდენციას ხელი შეუწყვეს რუსმა ლიტერატურულმა გიგანტებმაც, რომლებიც აქტიურად ისვენებდნენ სამკურნალო წყლებით განთქმულ ქალაქში. მათ ნაწარმოებებშიც მოვლენები ხშირად ბადენ-ბადენში ვითარდებოდა. სწორედ ამ ქალაქის ცხელი წყაროები, მდიდრული სასტუმროები, დოღები და რა თქმა უნდა, კაზინოები ქმნიან კონტექსტს ტოლსტოის „ანა კარენინაში“, ტურგენევის „კვამლში“ და დოსტოევსკის „მოთამაშეში“. რაკი მე-19 საუკუნის კლასიკოსებს რუსეთში დღემდე აქტიურად კითხულობენ, ბადენ-ბადენი კვლავაც რჩება რუსი ტურისტებისათვის სასურველ დასასვენებელ ადგილად.
იმავე ალექსანდრეს 1803 წლის ბრძანებით დაიწყო მინერალური წყლების რესურსების განვითარება და კურორტების დაარსება უფრო ახლოს, ახლადმოპოვებულ ჩრდილოეთ კავკასიაში. კიდევ 20 წელი და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში მოზრდილი ინვესტიცია დასჭირდა მეფეს კავკასიაში მინერალური წყლების ზონის აყვავებისთვის. ამ წლების განმავლობაში შენდებოდა გზები, პარკები და ბულვარები, აბაზანები და სასტუმროები.
ეს განვითარება ასახულია მე-19 საუკუნის კიდევ ერთი გამოჩენილი კლასიკოსის, ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირში“ (1840). ნაწარმოებში მოქმედება პიატიგორსკში ვითარდება. სხვათა შორის, ლერმონტოვი სწორედ აქ მოკლეს დუელში, ერთი წლის შემდეგ. ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტაში“ ნახსენებია ნარზანი, უმაღლესი ხარისხის მინერალური წყალი, რომელიც კისლოვოდსკში 1894 წლიდან ისხმება. სწორედ ეს წყალი გახლავთ ქართული ბორჯომის მთავარი კონკურენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
თვით საქართველო, რუსეთის სპა ტურიზმისა და მინერალური წყლების რუკაზე მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ჩნდება. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ბორჯომის წყაროები მიმდებარე ველზე დისლოცირებულმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა. ბრენდის შემდგომი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის მეფის ოჯახს, რომელმაც 1850 წელს მინერალური წყლის პარკისა და ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა დააფინანსა. რაკი ბორჯომი თანდათან იხვეჭდა სახელს, მთავრობამ სასახლეების, პარკებისა და სასტუმროების მშენებლობა დაიწყო, ისეთი სტუმრების განსათავსებლად, როგორიც იყო სამეფო ოჯახი და რუსული კულტურის გიგანტები: ანტონ ჩეხოვი და პეტრე ჩაიკოვსკი. ხაშური-ბორჯომის რკინიგზის გახნამ (1894 წელს) დამატებითი ბიძგი მისცა კურორტის განვითარებას, შეამოკლა რა სამგზავრო დრო თბილისამდე. იმავე წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ რომანოვმა ჩამომსხმელი ქარხანაც გახსნა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი დაქორწინებული ყოფილა პრინცესა სესილი აუგუსტეზე ... ბადენიდან.
მოსკოვიდან
ქუთაისიდან 7 კილომეტრით მოშორებული წყალტუბო, დღემდე, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი სპა კურორტია. მისი განვითარება 1925 წელს დაიწყო. თუმცა წყალტუბოს არსებობას რუს მონარქებს კი არა, საბჭოთა ცენტრალურ მგეგმავებს უნდა ვუმადლოდეთ. 1931 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, წყალტუბო უმაღლესი კლასის სპა კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. ქალაქის დაგეგმარება იცვლებოდა და იხვეწებოდა შენების პროცესში, 1933 წლიდან 1983 წლამდე. დაახლოებით 1955 წელს წყალტუბო საკავშირო მნიშვნელობის სპა კურორტად გადაიქცა. 80-იანი წლების ბოლოს კი ეს გახლდათ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელს საბჭოთა კავშირში. ქალაქისთვის დამახასიათებელია სტალინის პერიოდის ურბანული დაგეგმარების ნეოკლასიცისტური არქიტექტურული დიზაინი. წყალტუბოს 22 სანატორიუმი (სულ 5,800 საწოლი) ერთ დროს მშვენიერ პარკსა და ამ პარკში არსებულ რეკრეაციისა და ბალნეოლოგიურ დაწესებულებებს წრიულად ერტყმის გარს. საბჭოთა პერიოდში, პირდაპირ მატარებელს მოსკოვი-წყალტუბო ათასობით ტურისტი ჩამოჰყავდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, საკმაოდ შეღავათიან ფასად.
და თბილისიდან!
საქართველოს ტურისტული დანიშნულების ქვეყნად გადაქცევის მცდელობები ბოლო თვეებში შეფერხდა. საერთაშორისო შემოსვლების რიცხვი, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ორმაგდებოდა (გასაოცარი ტემპით!) 2003-2012 წლებში, 2014 წელს არ გაზრდილა. 2015 წლის ორი თვის მონაცემებით კი, მაჩვენებელმა კლებაც კი დაიწყო. თუმცა, საერთაშორისო შემოსვლების რიცხვში სატვირთოს მძღოლები და ტრანზიტული მოგზაურებიც შედიან და როგორც ჩანს, კლება ძირითადად მათზე აისახა, რადგან გასულ წელს ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. მიუხედავად ზრდისა, აშკარაა, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ დაკარგა ის ტემპი, რომლითაც 2014 წლამდე ვითარდებოდა.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო კორიდორისა და ტურისტული მიმართულების მიმზიდველობაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა უარყოფითად. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორს, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტი. ასევე იმოქმედა აზერბაიჯანში მეორადი ავტომობილების რეექსპორტის ძალიან შემცირებამაც. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ბოლოდროინდელი ცვლილებები სავიზო და იმიგრაციის პოლიტიკაში, რაც, ცხადია, ხელს ნამდვილად არ შეუწყობს საქართველოს ტურიზმის ცენტრად გადაქცევას. ქვეყნის პირველი ეროვნული კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2013 წელს სიამაყით ამახვილებდა მკითხველის ყურადღებას სახელმწიფოს ვარსკვლავურ მიღწევებზე, მოეხსნა ყოველგვარი შეზღუდვა როგორც ქვეყანაში, ისე მისი გავლით მოგზაურობაზე. კერძოდ, როგორც ანგარიშში ეწერა, საქართველოს „არ აქვს სავიზო რეჟიმი 90-მდე ქვეყანასთან; დანარჩენების უმრავლესობის მოქალაქეებისათვის კი შესაძლებელია ვიზისა (და ბოლო დრომდე, ბოთლი ღვინისაც!) მიღება საზღვარზევე.“ ამ მხრივ, მდგომარეობა, ცოტა არ იყოს, გართულდა 2014 წლის სექტემბრიდან.
მაგრამ, მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის შემდეგი: რამდენად უნდა გვაღელვებდეს საერთაშორისო შემოსვლებისა და ტურისტების რაოდენობის ამგვარი ცვლილება?
ერთი რამ, რომლის შენიშვნაც საკმაოდ მარტივია, არის ის, რომ უცხოელთა შემოსვლები უკიდურესად კონცენტრირებულია მოკლე პერიოდის, ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში.
ტურიზმი ქმნის სეზონურ სამუშაო ადგილებსა და არის უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო. თუმცა მასიური შემოსვლების ასეთი მკვეთრი სეზონური პიკები უარყოფით გარეგან ეფექტს უქმნის გარემოს და იწვევს კურორტების გადატვირთულობას. აღნიშნული ტენდენცია ასევე ცუდად მოქმედებს მასპინძლობის ინდუსტრიაზე, ამცირებს რა ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში (რომელიც 12-დან 10 თვის მანძილზე უმოქმედო ან უკეთეს შემთხვევაში, არასათანადოდ დატვირთულია) ინვესტირების სტიმულებს.
ასე რომ, საქართველოს მთავრობას უნდა აღელვებდეს საერთაშორისო შემოსვლების არა წლიური რიცხვები, არამედ ტურისტების რაოდენობა არასეზონურ პერიოდებში. სწორედ ამ ასპექტში წყალტუბოს, ისევე როგორც საირმესა და სხვა სპა კურორტებს, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
მოდით, შევეშვათ ილუზიებს. საქართველოს სპა მომსახურებების ბუნებრივი ბაზრები სულაც არაა დასავლეთ ევროპა ან ჩრდილოეთ ამერიკა. მდიდარი ტურისტები ამ რეგიონებიდან საერთაშორისო შემოსვლების მიზერულ 3%-ს შეადგენს. თანაც, ცოტა მათგანმა თუ იცის საქართველოს ბალნეოლოგიური პოტენციალისა და ბორჯომისა და სხვა ქართული „უცნაური გემოს მქონე მარილიანი“ წყლების გასაოცარი სამკურნალო თვისებების შესახებ.
რეალური ბაზარი პოსტსაბჭოთა სივრცეა: ცენტრალური აზია, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი. ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველო ყოველთვის დარჩება მისტიურ ადგილად. ამას საირმეს გამოცდილება ადასტურებს. კურორტს სიცოცხლე კერძო ქართული ბიზნესისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის წყალობით დაუბრუნდა 2012-2013 წლებში. მას შემდეგ საირმეში აქტიურად ისვენებს ყაზახი ტურისტების უწყვეტი ნაკადი. რაკი კურორტს მასიური მარკეტინგის საშუალება არ აქვს, სტუმრები ძირითადად კვლავაც დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოდიან.
წყალტუბოს, ბორჯომს/ბაკურიანს, ახტალას და სხვა წყლისა და ტალახის აბაზანებით განთქმულ კურორტებს ახლა თბილისში განიხილავენ, როგორც საქართველოში წელიწადის ყველა დროის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისაკენ გადასადგმელ შემდეგ დიდ ნაბიჯს. განვითარების გეგმებსა და მარკეტინგულ გათვლებზე ფიქრი უკვე დაწყებულია, ახლა კი მთავრობა საკითხით დაინტერესებული უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოძიებას ცდილობს.
აუცილებლად უნდა ნახოთ, ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილთან MIPIM-ის 2015 წლის გამოფენაზე. მისი გამოსვლა კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის მიდგომასა და მთავარ გზავნილებს ამ მიმართულებით.
მთავარ გამოწვევად კოორდინაციის პრობლემის მოგვარება რჩება
ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მრავალი ასპექტი მასშტაბის ეფექტსა და მინიმალურ ზღვარს უკავშირდება. მაგალითად, თანამედროვე სათხილამურო საბაგიროში ინვესტირებისათვის საჭიროა ყოველდღიური მომხმარებლების გარანტირებული მინიმალური რაოდენობა;კურორტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 800 ადამიანის განთავსების საშუალება იმისათვის, რომ საქმეში ტურისტული სააგენტო ჩაებას; რეგულარული მგზავრების გარანტირებული მინიმალური რაოდენობაა საჭირო კომერციული ავიახაზისთვის ახალი რეისის დასამატებლად. კერძო ინვესტიციები სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ დაწესებულებებში უნდა ერწყმოდეს საჯარო ინვესტიციებს საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში; კომუნიკაციის, წყლისა და საკანალიზაციო სისტემებში.
წყალტუბო ამ ყოველივეს კლასიკური მაგალითია. ერთი მხრივ, კურორტი სარგებლობს ეროვნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად. ქუთაისის აეროპორტი, რკინიგზის დაგეგმილი მოდერნიზება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი წყალტუბოზე უკვე დადებითად აისახება. მეორე მხრივ, მთავარი ძალისხმევა ინდივიდუალური ინვესტორების ქმედებების შეხმატკბილებისკენ უნდა მიიმართოს. ერთდროულად სანატორიუმების განახლება (უმრავლესობა ფაქტიურად განადგურებულია), ახალი გასართობი პარკების, სავაჭრო ცენტრების, სამორინეებისა და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი სხვა დაწესებულებების აშენება სასარგებლო იქნებოდა ყველა მხარისთვის. რაკი ყველაფერი ასე დაკავშირებულია ერთმანეთთან, მთავრობაც და პოტენციური ინვესტორებიც მიიღებენ ან ყველაფერს, ან არაფერს. ასე რომ, წყალტუბო არის როგორც გამოწვევა, ასევე დიდი პოტენციალის მქონე ტურისტული მიმართულება.
Comments