ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

EXPO AGRO თბილისი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალურ სოფლის მეურნეობაში

თბილისში 2009 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ ყოველწლიურად ვესწრები თბილისის საერთაშორისო ბაზრობას. აქ ყველა მსურველს აქვს საშუალება გაეცნოს ფერმერებისა და კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ როგორც მრავალფეროვან აგრარულ პროდუქციას, საკვებსა თუ სასმელს, ასევე შეფუთვა-გადამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიასაც. მიუხედავად მცირე ზომისა (დაახლოებით 60 საგამოფენო სტენდი), ეს ბაზრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გამოფენაა საქართველოში და ერთადერთი — ქვეყნის აგრარული და კვების მრეწველობის სექტორში.

გასულ წლებში მეჩვენებოდა, რომ ეს ბაზრობა ოდნავ „ყალბი“ იყო, მოჩვენებითი სტენდებითა და ცოტა დამთვალიერებლით. რეალური ვაჭრობაც იშვიათად ხდებოდა. ამ ტენდენციამ შარშან დაიწყო ცვლილება, წელს კი გამოფენა უკვე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა წლებისგან და შემიძლია ვთქვა, რომ იყო აშკარად უკეთესი. წელს პირველად შევნიშნე უამრავი ფერმერი რეგიონებიდან (ავტოსადგომზე საკმაოდ მოძველებული ავტობუსების, ფურგონებისა და ლადას მარკის ავტომობილების სიჭარბე შეიმჩნეოდა), რომლებიც ათვალიერებდნენ სტენდებს, ინტერესით ესაუბრებოდნენ გამოფენილი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მეპატრონეებს და დებდნენ გარიგებებს. მართალია, წინა წლებთან შედარებით, გამოფენილი ნივთები (სასათბურე ტექნიკა, საირიგაციო სისტემები, სათესლე მასალა, შეფუთვა, მანქანა-დანდგარები, იარაღები და სხვა) ნაკლებად ინოვაციური იყო, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აშკარად უკეთ ერგებოდა მცირე ფერმერების რეალურ საჭიროებებს. გამოფენაში უმეტესად მონაწილეობდნენ უკრაინული, თურქული, ებრაული და აღმოსავლეთ ევროპული (პოლონური, ბალტიისპირული, ჩეხური და ა. შ.) კომპანიები. ამ ქვეყნებში მცირე ფერმერებს აქვთ საკმაოდ ეფექტური ტექნოლოგიები, რომლთა დანერგვაც საქართველოში შეიძლება. ასევე პირველად შევნიშნე ფერმერთა გაერთიანებების საგამოფენო სტენდები. მათ შორის, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახლახანს დაარსებული საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (როგორც სტენდთან მდგომმა ქალბატონებმა მითხრეს, ისინი ყოველდღიურად წევრობის მსურველთა 40-მდე განცხადებას იღებენ) და თაფლის მწარმოებელთა გაერთიანება.

ამჯერად, საგამოფენო ბაზრობაზე სტუმრობა ნამდვილად იყო იმედისმომცემი, როგორც იქნა!

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners