მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. გრანტები, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიები და სააქციო კაპიტალში მონაწილეობა ის ინსტრუმენტებია, რომლებიც კომპანიების ხელშეწყობისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება (დუპონი და მარტინი, 2006 წ.). თითოეულ ასეთ პროგრამას თავისი მიზანი აქვს. მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები და ფულადი სუბსიდიები ახალი და მცირე კომპანიებისათვის ფინანსური შეზღუდვების მოხსნას ემსახურება (ჰაბარდი, 1998 წ.). შესაძლოა, ეს პროგრამები მიზნად ისახავდეს კომპანიების დახმარებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხითაც (ბრონზინი და პისელი, 2016 წ.; დიმოსი და ფუგი, 2016 წ.). ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობები სახელმწიფო სუბსიდიებს ნაკლებად აქტიური რეგიონების ხელშესაწყობად იყენებენ; ამის მაგალითია რეგიონული შერჩევითი დახმარება (RSA) დიდ ბრიტანეთში, ან რეგიონული სუბსიდიები შვედეთსა და იტალიაში.
ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მაგალითისთვის, „აწარმოე საქართველოში“ არის ის მთავარი განმახორციელებელი სააგენტო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერასა და ექსპორტისა და ინვესტიციის გაზრდას უწყობს ხელს. სააგენტო მეწარმეობითი საქმიანობის სამ ასპექტს მოიცავს: 1) ინდუსტრიული კომპონენტი, რომელიც ბიზნესის განვითარების თითოეულ ეტაპზეა მორგებული. პროგრამა ბენეფიციარებს სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ნაწილობრივი უზრუნველყოფის გარანტიებს, ლიზინგის შესაძლებლობებსა და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. 2) „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას ემსახურება: ტურისტების რაოდენობის გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და საქართველოს რეგიონული განვითარება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების შემოსვლასაც ფრენჩაიზის ან მენეჯმენტის კონტრაქტების მეშვეობით თანადაფინანსების ან როიალტის საკომისიოს საფუძველზე. 3) მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესისათვის ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამგვარი პროგრამების არსებობა ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა, მაგრამ მათი ეფექტიანობის შეფასება უდაოდ მნიშვნელოვანია.
სამი სხვადასხვა პროგრამის ერთი და იგივე მეთოდით შეფასება ისევე რთულია, როგორც ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა. ამიტომ სიმარტივისათვის, გადავწყვიტეთ, ყურადღება მხოლოდ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე გაგვემახვილებინა. პროგრამის ეფექტიანობის შეფასება ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით, თუმცა რამდენიმე საინტერესო მიგნება მაინც აღმოვაჩინეთ, რომელთა გაზიარებაც ნამდვილად ღირს.
უკვე მეოთხე წელია, რაც მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება, თბილისის გარდა. მთლიანობაში ბენეფიციარებზე სულ 6 212 გრანტი გაიცა. ყველაზე მცირე რაოდენობის აქტივობა პირველ წელს დაფიქსირდა, სულ 608 დაფინანსებული პროექტი. ასეთ დაბალ მაჩვენებელს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მათ შორისაა საზოგადოების დაბალი ნდობა და განმახორციელებელი დაწესებულებების სუსტი კომუნიკაცია. თუმცა ამის შემდეგ პროგრამის პოპულარობა გაიზარდა და 2016 წელს ბენეფიციარების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს (2 596 პროექტი) მიაღწია. მთავრობამ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ჯამში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ თანადაფინანსების ჩათვლით, დაახლოებით 61.6 მლნ. ლარი შეადგინა.
ვინაიდან ჩვენი კვლევის მიზანი პროგრამის მოკლევადიანი ეფექტების შესწავლაა, აქცენტი პროგრამის მეორე ეტაპზე გავაკეთეთ, რომელიც 2016 წელს განხორციელდა. ხარისხიანი მონაცემების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, კვლევისათვის სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონები შეირჩა.
სანამ შედეგების მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა ვისაუბროთ იმ მეთოდოლოგიაზე, რომელსაც კონტრაქტორი ორგანიზაციები ბენეფიციარების შესარჩევად იყენებენ. ყველა განაცხადი შერჩევის ორეტაპიან პროცესს გადის. პირველი ეტაპი წინასწარი შერჩევის კომიტეტს გულისხმობს, რომელიც ბიზნეს-იდეებს აფასებს და მათ „გაიარა“ ან „ვერ გაიარა“ სტატუსს ანიჭებს. მეორე ეტაპზე საწარმოს, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, სთხოვენ სრული ბიზნეს-გეგმის წარმოდგენას, რომელსაც კონტრაქტორი ორგანიზაციები აფასებენ და ქულას ანიჭებენ. ის საწარმოები, რომელთა ქულებიც გარკვეულ ზღვარს სცდება (გამსვლელ ქულას კონტრაქტორი ორგანიზაციები ადგენენ აპლიკაციის ხარისხისა და პროგრამის ბიუჯეტის გათვალისწინებით) გრანტს იღებენ, ხოლო ზღვარს ქვემოთ მყოფი აპლიკაციები დაფინანსების გარეშე რჩებიან.
ამ კვლევისათვის ინფორმაციის ორი სხვადასხვა წყარო გამოვიყენეთ. მონაცემთა ერთი ნააწილი პირდაპირ კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან მივიღეთ და ის გვაძლევს ინფორმაციას აპლიკაციის სტატუსის (დაფინანსდა თუ არ დაფინანსდა), გრანტის ოდენობის, კომპანიის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის სფეროს შესახებ. თუმცა, ეს მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას კომპანიების ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად პროგრამის მონაწილეებთან ჩატარდა გამოკითხვა. მონაცემთა ამ ორი წყაროს გაერთიანების შედეგად კვლევისთვის შეირჩა 284 კომპანია, რომელთაგან 122-მა მიიღო დაფინანსება, ხოლო 162-მა კომპანიამ ვერ მიიღო დაფინანსება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა არამხოლოდ მკვლევარებისათვის, არამედ პოლიტიკის განმახორციელებლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ემპირიულ ლიტერატურაში ტერმინს „ეფექტიანობა“ რამდენიმე განმარტება აქვს: ის გაუმჯობესებულ ტექნოლოგიას, მაღალ პროდუქტიულობას, გადარჩენის უფრო მაღალ მაჩვენებელს ან სხვა სახის გაუმჯობესებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ემპირიული კვლევის შედეგები განსხვავებულია და მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინდიკატორით ხდება ეფექტიანობის შეფასება.
სახელმწიფო დახმარების პროგრამის ეფექტის შესაფასებლად ეკონომეტრიკულ მეთოდს ვიყენებთ. ამ მეთოდის მთავარი იდეა პროექტის ბენეფიციარებისა (ექსპერიმენტული ჯგუფი) და არა-ბენეფიციარების (საკონტროლო ჯგუფი) შედეგების შედარებას გულისხმობს. პროგრამის წმინდა გავლენა გამოითვლება ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებს შორის განსხვავების საფუძველზე. გარდა ამისა, პროგრამის გავლენის შესაფასებლად კომპანიისა და ინდივიდების თავისებურებებსაც ვითვალისწინებთ.
პროგრამის ეფექტის შეფასება შემდეგ ინდიკატორებზე დაკვირვებით მოხდა:
• გადარჩენის მაჩვენებელი – ეს ინდიკატორი ზომავს, რამდენად აგრძელებს კომპანია მის თავდაპირველ სფეროში საქმიანობას. ბენეფიციარების გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი (94%) არა-ბენეფიციარებთან შედარებით (48%) ორჯერ მეტია; მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს ინდიკატორი მხოლოდ იმ კომპანიებს მოიცავს, რომლებიც ინტერვიუებში მონაწილეობაზე დათანხმდნენ. ის კომპანიები, რომლებმაც უარი განაცხადეს, მაჩვენებლის გამოთვლაში გათვალისწინებული არ არიან. შესაბამისად, მაჩვენებელი ზედა საზღვართან უფრო მიახლოებულია და, შესაძლოა, რეალური მონაცემები უფრო დაბალი იყოს. დაფინანსებული კომპანიების გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი მოიცავს როგორც არსებულ ბიზნესს, ისე სტარტაპებს. გარდა ამისა, კვლევა გვიჩვენებს, რომ გრანტის გავლენა სტარტაპებზე გაცილებით უფრო მაღალია. კერძოდ, უფრო სავარაუდოა, რომ სტარტაპებმა, რომელთაც გრანტი მიიღეს, საქმიანობა იმავე სფეროში გააგრძელონ, ვიდრე სტარტაპებმა, რომელთაც გრანტი ვერ მიიღეს.
• შრომის პროდუქტიულობა – შრომის პროდუქტიულობა ზომავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება სამუშაო ძალა კომპანიაში და გამოითვლება,გაყიდვების მოცულობის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობაზე. მარტივი შედარებების მეშვეობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, შრომის პროდუქტიულობის მხრივ, ბენეფიციარებსა და არა-ბენეფიციარებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნება. ეკონომეტრიკული ანალიზი ამყარებს არგუმენტს, რომ დაფინანსების მიღებას შრომის პროდუქტიულობაზე შესამჩნევი გავლენა არ მოუხდენია.
• გაყიდვები – შრომის პროდუქტიულობის მსგავსად, პროგრამის არც პირველ და არც მეორე წელს გაყიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. შესაბამისად, კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ პროგრამას გაყიდვების ზრდაზე გავლენა არ აქვს.
• ინვესტიცია ფიქსირებულ აქტივებში – კაპიტალის სუბსიდირების პროგრამების ზეგავლენა კერძო ინვესტიციაზე საკმაოდ დიდ ინტერესს იმსახურებს აკადემიურ ლიტერატურაში. მთავარი შეკითხვაა, კაპიტალის სუბსიდირება ხელს უწყობს თუ გამოდევნის კერძო ინვესტიციას? პროგრამის აღწერილობის მიხედვით, ბენეფიციარებს მოეთხოვებოდათ, გრანტის თანხის და თანადაფინანსების ინვესტირება საქმიანობის დაწყებისთანავე განეხორციელებინათ. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2016 წელს ბენეფიციარ კომპანიებში ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა პროგრამის პირველ და მეორე წლებში ინვესტიციის მოცულობამ იკლო. ამასთან, ბენეფიციარებისა და არა-ბენეფიციარების ინვესტიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ფიქსირდება. შესაბამისად, პროგრამას არ ჰქონია ინვესტიციის ზრდის ეფექტი.
მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროგრამის მხოლოდ მოკლევადიანი შედეგებია, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითი შედეგების არსებობას არ გამორიცხავს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე პროგრამას კომპანიების გადარჩენაზე დადებითი გავლენა აქვს, თუმცა გავლენა შრომის პროდუქტიულობასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არ ფიქსირდება. ეს შედეგები ეხმიანება უახლეს ემპირიულ კვლევებს, რომლებიც ადასტურებ სუბსიდიების დადებით გავლენას დასაქმების, ინვესტიციების და კომპანიის გადარჩენის მაჩვენებელზე. ამავდროულად, გავლენა პროდუქტიულობაზე უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არსებობს (ბერგსტრომი, 2000 წ.; ბერნინი და პელეგრინი, 2011 წ.; ჩერქუა და პელეგრინი, 2013 წ.).
შედეგების ინდიკატორი | პროგრამის გავლენა |
კომპანიაზე | |
კომპანიის გადარჩენის მაჩვენებელი | დადებითი გავლენა |
შრომის პროდუქტიულობა | გავლენა არ აქვს |
გაყიდვები | გავლენა არ აქვს |
ინვესტიცია ფიქსირებულ აქტივებში | გავლენა არ აქვს |
ინდივიდზე | |
ცხოვრების ხარისხი | დადებითი გავლენა |
ყოველთვიური შემოსავალი | გავლენა არ აქვს |
საინტერესოა, შევისწავლოთ პროგრამის გავლენა არამხოლოდ კომპანიის წარმატებაზე, არამედ მხედველობაში მივიღოთ ბენეფიციარების პირადი კეთილდღეობა. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ განსხვავება ბენეფიციარების და არა-ბენეფიციარების ყოველთვიურ ხელფასებს შორის. კვლევამ გვაჩვენა, რომ საშუალოდ, გრანტის მფლობელებს უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც გრანტი არ მიუღია. თუმცა ეს გრანტის მიღებით შეიძლება არ იყოს განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას მონაწილეთა ყოველთვიურ შემოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს, ის გრანტის მფლობელთა ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის შეფასების პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მონაცემების შეზღუდულობიდან და მეთოდოლოგიური გამოწვევებიდან გამომდინარე, მხოლოდ პირველადი წარმოდგენა გვაქვს პროგრამის მოკლევადიან შედეგებზე. „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, წელს გრანტები განსხვავებული მეთოდოლოგიით გაიცემა. ჩვენ, როგორც მკვლევარები, ველით უკეთეს მონაცემებს, რათა მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა მომავალშიც შევაფასოთ.
Comments
ძალიან საინტერესო ანალიზია. მადლობა ირაკლი. როგორც დაანონსდა, სააგენტო გეგმავს გაზარდოს გრანტის მოცულობა და ასევე საინტერესო იქნება ეს ცვლილება როგორ აისახება კვლევაში მითითებულ შედეგების ინდიკატორებზე.