აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ საქართველოს ამ კუთხით ისევ კლებადი ტრენდი ჰქონდა; აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 2018 წლის სექტემბერში 14%-ით შემცირდა. ქართულმა ელექტროსადგურებმა 849 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 955 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოსთან შედარებით, მოხმარებამ 9%-ით იკლო. მიუხედავად სექტემბერში მოხმარების ამ მნიშვნელოვანი კლებისა, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტირება უცხოეთის ბაზრებიდან მოუწია.
უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, საქართველოს ელექტროენერგიის ვაჭრობაში ოთხი პარტნიორი ჰყავდა. კერძოდ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. თუმცა მათგან მსხვილ იმპორტიორს მხოლოდ ორი მათგანი წარმოადგენს. წლების განმავლობაში, რუსეთი ქვეყანაში ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი გახლდათ, მაგრამ სიტუაცია 2017 წელს შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის იმპორტმა რუსეთისას გადააჭარბა (იხ. გრაფიკი #1). ჩრდილოელ მეზობელთან არახელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობების გამო საქართველოსთვის ეს დადებითი სიახლე იყო; ისევე, როგორც 2007 წელს, როდესაც საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია მოახერხა და რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულების რისკები შეამცირა.
გრაფიკი 1. საქართველოს იმპორტი (მლნ. კვტ.სთ.)
ეს ტენდენცია 2018 წლის უმეტეს ნაწილშიც გაგრძელდა,აპრილისა და სექტემბრის თვეების გარდა, როდესაც აზერბაიჯანი იმპორტის უდიდეს წილს ინარჩუნებდა. აპრილში, იმპორტირებული ელექტროენერგიის 91% (11 მლნ. კვტ.სთ.) რუსეთზე მოდიოდა. ხოლო სექტემბერში, რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილმა 97%-ს მიაღწია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბსოლუტური მაჩვენებელიც გაიზარდა (139.46 მლნ. კვტ.სთ. – აპრილის მაჩვენებლებზე 13.5-ჯერ მეტი). აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მთლიანად რუსეთის იმპორტის ზრდამ გამოიწვია (297%-იანი ზრდა აგვისტოსთან შედარებით), მაშინ როდესაც აზერბაიჯანულმა იმპორტმა 93%-ით იკლო (იხ. გრაფიკი #2).
წლიურ შედარებებს თუ გავაკეთებთ, 2018 წლის სექტემბერში იმპორტი იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს რუსეთიდან, ის 258%-ითაა გაზრდილი, ხოლო აზერბაიჯანულმა იმპორტმა 94%-ით იკლო (იხ. გრაფიკი #3). გადამწყვეტი კითხვები ასე ჟღერს: ეს მხოლოდ ერთჯერადი მოვლენაა თუ რუსეთი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის დეფიციტის პერიოდებში ,მომავალი ზამთრის პერიოდიდან,მთავარი მიმწოდებლის სტატუს იბრუნებს? საქართველოსთვის ეს უარყოფითი მოვლენაა?
გრაფიკი 2. საქართველოს იმპორტი 2018 წელს (მლნ. კვტ.სთ.)
გრაფიკი 3. საქართველოს იმპორტი სექტემბერში (მლნ. კვტ.სთ.)
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რუსეთის იმპორტის ამ უეცარი ზრდის მიზეზები უნდა შევისწავლოთ. ESCO-ს მონაცემებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საბალანსო ბაზარზეა შეძენილი. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვისგან უნდა მოხდეს ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე შეძენა, მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ ფასებზეა დამოკიდებული ანუ ქვეყანას საბალანსო ელექტროენერგიით სწორედ დაბალი ფასის მიმწოდებელი ამარაგებს. თუ ამ თვეში მოვლენები იმავე წესით განვითარდა (და მიგვაჩნია, რომ ასეც მოხდა), ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფასები აზერბაიჯანის ფასებზე დაბალი იყო. თუ აზერბაიჯანის საექსპორტო ფასების მეტნაკლებ სტაბილურობას დავუშვებთ, ეს საქართველოს იმპორტის ფასების საერთო შემცირებას უნდა ნიშნავდეს. მართლაც, 2018 წლის სექტემბერში ფასები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი #4), ხოლო 2018 წლის აგვისტოში ფასები 6%-ით დაეცა (იხ. გრაფიკი #5).
გრაფიკი 4. იმპორტის ფასი 2018 წელს (თეთრი/კვტ.). გრაფიკი 5. იმპორტის ფასი სექტემბერში (თეთრი/კვტ.)
რა გახდა რუსეთის ფასების შემცირების მიზეზი?
რუსეთის ელექტროენერგიის ოპერატორის ოფიციალური ვებ-გვერდის შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება 2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ორივე თვის გამომუშავებამ მოხმარების დონეს საგრძნობლად გადააჭარბა (64423.29 მგვტ.სთ-ითა და 69192.67 მგვტ.სთ-ით). ასე რომ, ექსპორტისთვის განკუთვნილი ელექტროენერგია 7%-ით გაიზარდა, რითაც შესაძლოა ფასების შემცირებაც აიხსნას.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია იმპორტის ფასებზე მოახდინოს გავლენა, გარიგებაში გამოყენებული ვალუტაა. ამჟამად, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დოლარში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის1 მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბერში რუსული რუბლი აშშ დოლართან შედარებით 2%-ით გაუფასურდა. ხოლო ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში იმავე პერიოდში 3%-ით2 გაუფასურდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების შემცირება სავარაუდოდ რუსეთში ელექტროენერგიის ჭარბმა გამომუშავებამ გამოიწვია.
ეს დასკვნა კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. გაზრდის თუ არა რუსეთი მომავალში გამომუშავებას და გააგრძელებს თუ არა ის აზერბაიჯანთან შედარებით დაბალი ფასის შემოთავაზებას? ეს დადებითი მოვლენა იქნება საქართველოსთვის თუ უარყოფითი? მოკლევადიან პერიოდში ქართველი მომხმარებლები და კომპანიები დაბალი ფასებით სარგებელს ნახავენ, თუმცა, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ამან შესაძლოა ქართულ ბაზარზე ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების ჩადების სტიმულები შეამციროს და შედეგად უცხოურ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების ხარისხი გაზარდოს (რაც პოტენციურად ენერგო-უსაფრთხოების რისკებს შეიცავს). რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხი? ეს საინტერესო კითხვები დროულ პასუხს საჭიროებს. ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო თვეებში ელექტროენერგიის იმპორტის საგულდაგულო მონიტორინგია საჭირო.
1 ყოველთვიური გაცვლითი კურსი გამოვითვალეთ, როგორც დღიური კურსის საშუალო არითმეტიკული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით.
2 ყოველთვიური გაცვლითი კურსები საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით შევადარეთ.
Comments