ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მარჯვნივ თუ მარცხნივ: როგორია პარტიების ეკონომიკური ხედვა?

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური ხედვაა. პარტიების ეკონომიკური პოლიტიკით მსგავსი დაინტერესება არსებითად ზრდის ქართული ელექტორატის ამ მიმართულებით ინფორმირების მნიშვნელობას.

მოცემულ სტატიაში, "საარჩევნო კომპასი საქართველოზე" დაყრდნობით, სწორედ ქართული პარტიების ეკონომიკურ პლატფორმებს მიმოვიხილავთ და წარმოგიდგენთ, რამდენად მემარჯვენე თუ მემარცხენე ხედვებს გვთავაზობენ ისინი.

საარჩევნო კომპასი პარტიების დამოკიდებულებებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხების სამი თემატური ჯგუფის მიხედვით განსაზღვრავს. ეს ჯგუფებია:

  1. ჯანდაცვა და განათლება – აერთიანებს პარტიების მოსაზრებებს ჯანდაცვისა და განათლების მიწოდებაზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პრივატიზაციის საკითხებზე.
  2. შრომის ბაზარი – მოიცავს სახელმწიფოს როლს მოქალაქეთა დასაქმების უზრუნველყოფაში, მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესების მიზანშეწონილობისა და დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკითხებს.
  3. გადასახადები – ფარავს საგადასახადო სისტემის სტრუქტურას.

საარჩევნო კომპასის ფარგლებში შერჩეულმა საარჩევნო სუბიექტებმა ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ ხსენებულ მიმართულებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეკითხვაზე თავიანთი პოზიცია პასუხის ხუთი შესაძლო ვერსიის1 მიხედვით დააფიქსირეს. მათი პასუხების თანახმად, ქართული პოლიტიკური პარტიების ხუთი იდეოლოგიური კატეგორია გამოიკვეთა:

  • მემარჯვენე პარტიები, რომლებიც ბაზრის თავისუფლებას ემხრობიან და, მაგალითად, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის (საავადმყოფოები, ამბულატორიები) პრივატიზებას უჭერენ მხარს (#2 ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის; #36 პოლიტიკური გაერთიანება გირჩი);
  • მემარჯვენე ცენტრისტი პარტიები, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას დიდწილად ასევე არ იზიარებენ, თუმცა, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, დადგინდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი ან სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღოს ყოველი მოქალაქის დასაქმებაში (#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია; #24 მოქალაქეები);
  • ცენტრისტი პარტიები დაბალანსებულად იზიარებენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს (#3 ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; #21 თავისუფალი საქართველო; #27 სტრატეგია აღმაშენებელი; #47 საქართველოს კონსერვატიული პარტია; #56 ლელო);
  • მემარცხენე ცენტრისტი პარტიები, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას მეტწილად მხარს უჭერენ, თუმცა, მაგალითად, არ ემხრობიან სიმდიდრის (პროგრესული) გადასახადის შემოღებას საქართველოში ან ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პრივატიზებას (#10 საქართველოს ლეიბორისტული პარტია; #25 თავისუფალი დემოკრატები; #41 ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო);
  • მემარცხენე პარტიები, რომლებიც, ბაზრის თავისუფლების იდეას არ იზიარებენ და, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ იმპორტულ პროდუქციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს (#8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; #26 პარტია სამართლიანობისთვის; #19 ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი; #46 სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის).

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს, თუ რომელ იდეოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება კონკრეტული პარტია ეკონომიკის კონკრეტულ მიმართულებებზე მათი პოზიციებისა და საერთო ეკონომიკური პლატფორმის მიხედვით.

ცხრილი 1. პარტიების იდეოლოგიური ჯგუფები ეკონომიკური თემატიკის შესაბამისად

შენიშვნა: ცხრილში მოცემულია საარჩევნო სუბიექტები მათთვის მინიჭებული საარჩევნო ნომრების მიხედვით (პარტიებისა და მათი საარჩევნო ნომრების მიმართებას სტატიის ზემოთა ბლოკი ასახავს, სრული სია მოცემულია ცესკო-ს ვებგვერდზეც.

მოცემული იდეოლოგიური განაწილება გვიჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე უხვად ცენტრისტი, ხოლო ყველაზე იშვიათად გამოკვეთილი მემარჯვენე ეკონომიკური ხედვის მქონე პარტიები გვხვდება.

მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიები ეკონომიკური საკითხებიდან ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკასთან მიმართებით ყველაზე მეტად აფიქსირებენ მემარცხენე ხედვებს, ნაკლებად მემარცხენე დამოკიდებულება აქვთ გადასახადებთან დაკავშირებით, შრომის ბაზრის მოწყობაზე საერთო განწყობა კი მეტწილად ცენტრისტულია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განაწილება მხოლოდ პარტიების საშუალო იდეოლოგიურ პოზიციას გვიჩვენებს საარჩევნო კომპასში მოცემულ ეკონომიკურ თემებზე. დამატებით, საინტერესოა, თუ რამდენად მაღალია სხვადასხვა საკითხებზე პარტიების მიერ არჩეულ პოზიციებს შორის იდეოლოგიური ვარიაცია. შესაბამისად, მე-2 ცხრილში მოცემულია როგორც პარტიების საშუალო იდეოლოგიური ქულა (-2 შეესაბამება მკაფიოდ მემარცხენე მიდგომას, ხოლო 2 – მკვეთრად მემარჯვენე პოზიციას), ისე მათ მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს შორის ვარიაცია (წარმოდგენილი სტანდარტული გადახრის სახით).

ცხრილი 2. პარტიების საშუალო იდეოლოგიური კოეფიციენტი და სტანდარტული გადახრა

 საარჩევნო სუბიექტი საშუალო იდეოლოგიური ქულა სტანდარტული გადახრა
#2-ევროპული საქართველო 1,8 0,4
#3-ერთიანი საქართველო -0,4 1,7
#5-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია 0,9 1,3
#8-პატრიოტთა ალიანსი -1,3 1,2
#10-ლეიბორისტული პარტია -1,0 1,1
#19-სოლიდარობის ალიანსი -1,5 0,7
#21-თავისუფალი საქართველო 0,1 2
#24-მოქალაქეები 0,8 1,1
#25-თავისუფალი დემოკრატები -1,0 1,5
#26-პარტია სამართლიანობისთვის -1,6 0,5
#27-სტრატეგია აღმაშენებელი 0,2 1,7
#36-გირჩი 2 0
#41-ქართული ოცნება -0,7 1,3
#46-სოციალ-დემოკრატები -1,8 0,4
#47-კონსერვატიული პარტია -0,2 1,3
#56-ლელო 0,3 1,5

წყარო: ავტორების გამოთვლა ("საარჩევნო კომპასი საქართველო")

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკვეთილად მემარჯვენე და მემარცხენე საარჩევნო სუბიექტების სტანდარტული გადახრა დაბალია, ცენტრთან ახლოს მდებარე პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ვარიაცია კი იზრდება, რადგან ისინი რიგ საკითხებზე მემარჯვენე, ხოლო სხვა საკითხებზე მემარცხენე პოზიციებს წარმოგვიდენენ.

დაბოლოს, 31 ოქტომბერს ელექტორატის გათვიცნობიერებულმა არჩევანმა ქართული დემოკრატიის ხარისხი და ქვეყნის მომავალი ხელისუფლების ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრული პლატფორმა დაგეხმარებათ, რომელშიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქართული პარტიების ეკონომიკური ხედვების შესახებ  დეტალური ინფორმაციაა მოცემული.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners