ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

 

2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა  939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას  შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვაობა მთლიანად არ ასახავს საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულების მასშტაბებს, რადგან გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი იმ თერმული ელექტროსადგურებიდან მოდის, რომლებიც იმპორტულ გაზზე მუშაობენ.

ჩვენს წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი 2017 წლიდან მოყოლებული   დეფიციტის  პრობლემის წინაშე დგას. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 თვეში არ დაფიქსირებულა დეფიციტი (მათ შორის 2018 წლის აგვისტოც) (იხ. 1-ლი გრაფიკი).

გრაფიკი 1. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა 

ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია მიწოდება-მოთხოვნის ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც  შეამსუბუქებს გაზრდილი მოხმარებისა და შემცირებული გამომუშავების შედეგად  შექმნილ პრობლემურ მდგომარეობას. შესაძლოა 2016 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ შემოღებული „ნეტო-აღრიცხვის“ სისტემაც ერთ-ერთ მასტიმულირებელ პოლიტიკად მივიჩნიოთ. „ნეტო-აღრიცხვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის გამომუშავებას მაცხოვრებელთა მფლობელობაში მყოფი, "მწვანე’’ მიკრო-სადგურებიდან და, ამავდროულად, შეამციროს მაცხოვრებელთა მოთხოვნა ელექტროსისტემიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ეს სისტემასმიწოდებისა და მოთხოვნის პოლიტიკის ნაერთი შეგვიძლია ვუწოდოთ. უკანასკნელი მონაცემებით, აღნიშნულ სისტემას მხოლოდ 80 მომხმარებელი იყენებდა. ამიტომ ნეტო-აღრიცხვის სისტემის მომხმარებელთა გასაზრდელად  და განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციისათვის, 2019 წლის მარტში, სემეკმა „ნეტო-აღრიცხვის“ ახალი რეგულაცია შემოიღო. ამ რეგულაციის მიზანია, მომხმარებელთა ჯგუფებმა1 ინვესტიცია განახლებადი ენერგიის ისეთ წყაროებში ჩადონ, როგორებიცაა მზის, ქარისა და წყლის (ჩამდინარე წყლის ჩათვლით) ენერგიის გამოყენება პირადი მოხმარებისათვის, და, შესაბამისად, შეიმცირონ ელექტროენერგიის ხარჯები.

ასეთი ცვლილებები მომხმარებელთა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, უფასოდ მოიხმარონ მიკრო-სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია და ზედმეტი ელექტროენერგია ქსელს მიაწოდონ2. მომხმარებელთა ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ კრედიტი ზედმეტი გამომუშავებული ენერგიისათვის და შემდეგ ან მოიხმარონ ან გაყიდონ დაგროვებული კრედიტები. ცვლილებები განხორციელდა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მხრივაც: ახლა უკვე თუ ქსელთან მიერთება გარკვეული დროის განმავლობაში არ მოხდა, მომხმარებლებს მიერთების გადასახადი გაუნახევრდებათ. მომხმარებელთა ჯგუფებს მიკრო-სადგურები დროებითი ფლობის შესაძლებლობაც მიეცათ, ქირით, იჯარით ან სხვა კონტრაქტით, რაც ინიციატივის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის ზრდას  ემსახურება.

ამ პოლიტიკის მთავარი უპირატესობა საყოფაცხოვრებო სექტორიდან მოთხოვნის სავარაუდო შემცირებაა. ეს საყოფაცხორებო მომხარებლებს ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფის  უფრო მეტ შესაძლებელობას შეუქმნის და,  ამასთან, ელექტროენერგიის ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში, სექტორს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანოს  ქვეყნის ელექტრო-სისტემის მომარაგებაში (და ენერგოუსაფრთხოებაში). ამიტომ, თუ მიკრო-სადგურები მაცხოვრებლებში მასშტაბურად დაინერგება, ქვეყანა შეძლებს თერმულ ელექტროსადგურებსა და უცხოური ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. გარდა ამისა, თუ მიკრო-სადგურები მოხმარების წყაროსთან ახლოს იქნება, გადაცემის და, შესაბამისად, მთლიანად ელექტროენერგიის სისტემის დანაკარგების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი; ეს რეგულაცია დამატებით, გარემოსდაცვით დადებით ეფექტებსაც გამოიწვევს, ვინაიდან ამ სისტემის ფარგლებში ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ „მწვანე“, განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობითაა შესაძლებელი, რაც გარემოსთვის საზიანო თბოელექტროსადგურების ალტერნატივას წარმოადგენს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის ყველა წყაროს  დეფიციტის აღმოფხვრის ერთნაირი პოტენციალი არ გააჩნია. უფრო სავარაუდოა, რომ ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურებმა ჰიდროელექტროსადგურების დეფიციტის შევსება შეძლოს, ვინაიდან ქარისა და ნალექის სიჭარბე ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურებისა და ჰიდროსადგურების გამომუშავება ერთნაირი სეზონურობით ხასიათდება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, წლის განსაკუთრებით მშრალ პერიოდებში, მზე შესაძლოა ჰიდროელექტროსადგურების წარმოების შემავსებლადაც კი იქცეს. მაგალითად  თუ ნალექის სიმცირის გამო (როგორც ეს 2018 წლის აგვისტოში მოხდა) ჰიდროგამომუშავება დაიკლებს, ამ პერიოდში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს ჰესების გამომუშავების შევსება შეეძლებათ. განსაკუთრებულად მზიან წლებში შესაძლებელია ელექტროენერგიის მზის ელექტროსადგურებიდან მიღება, ხოლო ჰესები წვიმიან წლებში შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მიუხედავად ზემოთ ნახსენები შესაძლებლობებისა,  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული ელექტროსისტემის მზაობა განახლებადი ენერგიის მასობრივი ინტეგრაციისთვის. მათი მერყევი და ნაკლებ პროგნოზირებადი გამომუშავების გამო,  ეს ინიციატივა პოტენციურ შეზღუდვას შეიძლება წააწყდეს. მეტიც, განახლებადი ენერგიების ცვალებადი ხასიათის გამო ასეთმა პროექტებმა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობაას შეიძლება საფრთხე შეუქმნას, რისი თავიდან არიდებაც ახლა უკვე შესაძლებელია ჰიბრიდული ტიპის მიკრო-სადგურების დანერგვით (მზისა და წყლის ელექტროსადგურების შერწყმა, ქარისა და მზის და ა.შ.).

შესაძლოა წინასწარ განისაზღვროს ის რეგიონები, რომლებიც განახლებადი ენერგიების წყაროებიდან სარგებელს მიიღებენ, მათი კლიმატური, ჰიდრო-გეოლოგიური და ატმოსფერული თავისებურებებიდან გამომდინარე. მაგალითად, მიკრო ჰიდროელექტროსადგურები შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს დასავლეთ საქართველოს სოფლებში მაცხოვრებელთათვის, სადაც წყლის რესურსები უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.3 კახეთსა და სამცხე-ჯავახეთს მზის ენერგიის განვითარება შეუძლიათ, იმერეთს კი ყველაზე მეტად ქარის ენერგიის  გამოყენების პოტენციალი გააჩნია.4 ქვემო და შიდა ქართლის რაიონები შესაფერისი ადგილია როგორც ქარის, ისე მზის სადგურების დასადგამად. თბილისსა და მჭიდროდ დასახლებულ სხვა ქალაქებში მზის პანელები სხვა ალტერნატიული (ქარისა და წყლის) წყაროებს შორის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა  შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, ამასთან, ქარისა და ჰიდრო სადგურებისგან განსხვავებით, მზის პანელების გამომუშავების პროცესს არ ახლავს თან ხმაური,  რაც ურბანულ დასახლებაში არც ისე სასურველი გარეშე ფაქტორია.

მომხმარებელთათვის პოტენციური სარგებელი გამოიხატება არსებულ სისტემაზე შემცირებული დამოკიდებულებითა და მომავალში ტარიფების ზრდის პოტენციური ხარჯის თავიდან არიდებით. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად სწრაფად გადავა მომხმარებელი ნეტო-აღრიცხვის სისტემაზე. მიუხედავად რეფორმით შემოღებული ახალი შესაძლებლობებისა (იჯარა, ქირა და ა.შ.), ინვესტიციის მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, მომხმარებლებმა შესაძლოა ეს არჩევანი დიდი ხნის განმავლობაში რისკიანად მიიჩნიონ. „ნეტო-აღრიცხვის“ სისტემის წარმატება არსებითად დამოკიდებულია პროექტების რეალურ ხარჯებსა და სარგებელზე, რისი დადგენაც ეკონომიკური ცოდნის გარეშე რთულია. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სექტორი, სავარაუდოდ, არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ცვლილებების გაცნობით და პროექტების სარგებლიანობის შესახებ ვერბალური დასტურით. ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მეტად დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტები წარმოდგენა პოლიტიკის გამტარებელთა მხრიდან.

გარდა ამისა, დასახლებების მიერ მიკრო-სადგურების თანაფლობას შესაძლოა სერიოზული გამოწვევები ახლდეს თან. სემეკი კოლექტიურ ნეტო მომხმარებელს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს, მაგალითად, მაღალსართულიან კორპუსებში საზიარო მიკრო-სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას ტექნიკური სამუშაოებისათვის, როგორიცაა ლიფტების ტექნიკური უზრუნველყოფა და შენობების განათება. ზედმეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სემეკი თანამესაკუთრეებს სთავაზობს, იგი კერძო მოლაპარაკების საფუძველზე გადაინაწილონ. თუ შინამეურნეობებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, ზედმეტი ელექტროენერგია მათ თანაბრად გაუნაწილდებათ. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს სახლების მფლობელთა ასოციაციების (HOA) პასუხისმგებლობის ზრდას, რომლებმაც მიკრო-სადგურების მოვლა უნდა უზრუნველყონ, მაშინ როცა ელექტროენერგიის საბოლოო მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლები აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობას უზრუნველყოფენ.

რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დისტრიბუტორ კომპანიებსა და (ენერგო-პრო, თელასი) და მათ მომხმარებლებზეც. ამ ორი კომპანიის ჯამური წილი ყოველთვის ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 50%-ზე მეტს შეადგენდა, 2018 წელს კი 70%-ს მიაღწია. იდეალურ შემთხვევაში, პიკის საათებში ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ, შეამცირონ ზეწოლა, ერთი მხრივ, შემცირებული მოხმარების, მეორე მხრივ კი, საყოფაცხოვრებო სექტორიდან გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგის ქსელში მიწოდების მეშვეობით.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ნეტო-აღრიცხვის ინიციატივის წარმატება შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:

• რამდენად მომგებიანია ნეტო-აღრიცხვა შინამეურნეობებისათვის

• რამდენად წარმატებით მოხდება მომხმარებლის ინფორმირება პოტენციური სარგებლის შესახებ

• რამდენად აქვთ სურვილი მაცხოვრებლებთა დასახლებებს, მონაწილეობა მიიღონ პროექტებში

• რამდენად მზად არის სისტემა განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის, გამომუშავების არაპროგნოზირებადობის პირობებში.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომუშავება-მოხმარების დეფიციტის აღმოფხვრის ,,მწვანე’’ და სუფთა საშუალება ნამდვილად არსებობს, თუმცა რთულია, განვსაზღვროთ, როდის ამუშავდება სათანადოდ ნეტო-აღრიცხვის სისტემა.


1 მომხმარებელთა ჯგუფებში იგულისხმება მფლობელთა ასოციაციები, უბნები, დასახლებები და სოფლები.
2 დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს არ აღემატება.
3 მდინარეების დაახლოებით 70% დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი, 30% – აღმოსავლეთში. მდინარის წლიური დინება დასავლეთში 49.8 კუბურ კილომეტრს უტოლდება, აღმოსავლეთში – 16.5 კუბურ კილომეტრს.
4 საუკეთესო ადგილმდებარეობათა შერჩევა შესაძლებელია ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის სამომავლო საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალის შესწავლის საფუძველზე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners