ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ საქართველოს სოფლის მეურნეობაზე?

იცოდით, რომ:

• ყველაზე ცხელი 20 წელიწადი ბოლო 22 წლის განმავლობაში დაფიქსირდა?

• ველური ბუნების ბინადართა რაოდენობა ბოლო 40 წელიწადში (1970-2014) 60%-ით შემცირდა?

• ყოველწლიურად დაახლოებით 1 მლნ. ჰექტარი სანაპირო ეკოსისტემა ნადგურდება?

• ამინდით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით ბოლო 20 წელიწადში 4.2 მილიარდი ადამიანი დაზარალდა (არაერთი ემსხვერპლა კიდეც)?

კლიმატის ცვლილებას ეს და უამრავი სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილება (მაგალითად, ზღვის დონის მატება, ყინულის საფარის სწრაფი დნობა, სეზონების ცვლა და სხვ.) უკავშირდება. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან საშუალო ტემპერატურამ მკვეთრი ზრდა დაიწყო, რაც ჩვენს სიცოცხლეზე, სურსათის მოხმარებაზე (როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით), ჯანმრთელობასა თუ ცხოვრების წესზე აისახება და ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

ეკონომიკის ყველა სექტორს თავისი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში, თუმცა ყველაზე მეტი წილი ენერგეტიკაზე (61%), ტრანსპორტსა (20.1%) და სოფლის მეურნეობაზე (8.5%) მოდის. საინტერესოა, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბურის გაზების (greenhouse gas – GHG) გამონაბოლქვის 25% სოფლის მეურნეობაზე, მეტყევეობასა და შეცვლილ მიწათსარგებლობაზე მოდის. სოფლის მეურნეობიდან მთავარი წვლილი მეცხოველეობის დარგს შეაქვს რომელზეც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მეთანის (CH4) გამონაბოლქვის 44%, აზოტის ოქსიდის (N2O) გამონაბოლქვის 53% და ნახშირორჟანგის (CO2) გამონაბოლქვის 5% მოდის.

თავის მხრივ კლიმატის ცვლილებაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატისა და ამინდის ცვლილებისადმი ძალიან მგრძნობიარეა. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება იმოქმედოს სხვადასხვა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე: ეს გავლენა უარყოფითი იქნება ტროპიკულ ზონებში და დადებითი ზომიერ ზონებში.

ზოგადად, კლიმატის ცლილების მთავარი უარყოფითი ეფექტი სოფლის მეურნეობაზე შეიძლება იყოს:

• ბიომრავალფეროვნების დაკარგვა;

• სანაპირო მიწების შემცირება;

• ზღვის პროდუქტების (მათ შორის თევზის) რაოდენობისა და დისტრიბუციის მკვეთრი შემცირება;

• პარაზიტების და ინფექციური დაავადებების ზრდა;

• ბუნებრივი კატასტროფების (შტორმი, წყალდიდობა, გვალვა) გახშირება.

კლიმატის ცვლილება იმოქმედებს სასურსათო უსაფრთხოების ოთხივე მიმართულებაზე: სურსათზე ხელმისაწვდომობაზე, სურსათზე ეკონომიკურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობაზე, სურსათის მოხმარებასა და მიწოდების სისტემის სტაბილურობაზე. ტემპერატურის ზრდამ შეიძლება შეცვალოს ამინდი და შეამციროს წყლის ხელმისაწვდომობა, რაც, თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირებას გამოიწვევს.

მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე დაბალშემოსავლიან, განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც უკვე დგანან სურსათის უსაფრთხოების პრობლემის წინაშე. გაერთიანებული ერების ყოფილი გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის  თქმით: „კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი, დაუცველი და მარგინალიზებული ჯგუფები დაზარალდებიან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ისედაც სოციო-ეკონომიკურ პროგრესს მიღმა რჩებიან“.

რიცხვებიც ამას მოწმობს: კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტი დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა დაკარგეს. ზარალი ამ ქვეყნების მშპ-ის 5%-ს შეადგენს.


კლიმატის ცვლილება და საქართველო

სხვა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც შეიძლება ბევრი დაკარგოს კლიმატის ცვლილების გამო. მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, კლიმატის ცვლილებას  საქართველოში შეიძლება შემდეგი შედეგები მოჰყვეს:

• 2040-2059 წლებში წლიური ტემპერატურა 2.5°C-ით გაიზრდება;

• მაღალი ტემპერატურა და ხანგრძლივი თბური ტალღები ყველაზე მეტ პრობლემას სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს შეუქმნის;

• მოსალოდნელია, რომ ურბანულ დასახლებებში ტემპერატურა გაიზრდება, რაც თბური ტალღებისგან წარმოქმნილი „კუნძულის ეფექტით“ იქნება გამოწვეული. ასევე არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაგრილებაზე გაზრდილ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული, რაც ქვეყანას ამინდისა და კლიმატური პირობების ცვლილებებისადმი მგრძნობიარეს ხდის. კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე სახეზეა: ამაზე მეტყველებს დაავადებებისა და პარაზიტების სიმრავლე, გახშირებული სეტყვის, გვალვისაა თუ ზვავის შემთხვევები. საქართველოს კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების გავლენის შეფასების თანახმად, 1995-2013 წლებში, ბუნებრივმა  კატასტროფებმა (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ზვავი, სეტყვა) ქვეყანას 2,708.25 მლნ. ლარის ფინანსური ზარალი მიაყენა.

კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით საქართველოში სურსათის უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება.ქვეყნის მოსახლეობისთვის უვნებელი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სურსათის მიწოდებაში ძირითად როლს ქართველი ფერმერები ასრულებენ. 2016-2018 წლებში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 7.6% სასურსათო უსაფრთხოების მხრივ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. სურსათის მსოფლიო პროგრამის მონაცემებით, თუ საქართველო ადაპტაციის ზომებს არ მიიღებს, სურსათის უსაფრთხოებისადმი მოწყვლადობა 11%-ით გაიზრდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სათბურის გაზების გამონაბოლქვის დაბალი დონე შენარჩუნდება.

გრაფიკი 1. სურსათის უსაფთხოების მდგომარეობა მთლიან მოსახლოებაში

ექსპერტების შეფასებით, ადაპტაციის ზომების არმიღების შემთხვევაში, 2021-2030 წლებში ეკონომიკის სექტორებიდან მიღებული ეკონომიკური დანაკარგი 10-12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, როდესაც თავად ადაპტაციის ზომების დანერგვის ხარჯი 1.5-2 მილიარდ აშშ დოლარის შორის მერყეობს.


კლიმატის ცვლილება საქართველოს დღის წესრიგში

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას, რადგან იგი უარყოფითად მოქმედებს სოფლის მეურნეობასა და მის პროდუქტიულობაზე. ამან შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ღარიბი ნაწილის საცხოვრებელი პირობები. ცნობილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის უმთავრესი პრობლემა კაპიტალზე წვდომა, მიწების დანაწევრება და სოფლად სიღარიბეა, რაც სექტორის დაბალ და არაეფექტიან პროდუქტიულობას განაპირობებს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში მაღალია სოფლის მეურნეობის საბოლოო პროდუქტის ერთეულზე სათბურის გაზების ემისია.

2012 წელს საქართველომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია (Low Emissions Development Strategy – LEDS) შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანი ემისიის დაბალი დონისა და საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სხვადასხვა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) სექტორში კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ქმედებების მხარდაჭერა იყო. სტრატეგიის ამოცანა სათბურის გაზების ემისიის შემცირების ხარჯზე სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

2015 წელს საქართველომ მოამზადა და დანერგა მოსალოდნელი ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (Intended Nationally Determined Contributions – INDC), რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისია 15%-მდე უნდა შემცირდეს, რაც დადგენილ ზღვარს ქვემოთაა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წლიდან 2030 წლამდე ემისიის დონე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთეულზე თითქმის 34%-ით უნდა შემცირდეს.

სოფლის მეურნეობამ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს;ადაპტირებულმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ უნდა შეამციროს სათბურის გაზების ემისია და გაზარდოს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობა. მომდევნო წლებში ქართულ სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა გატარდეს შემდეგი ზომები:

• სოფლის მეურნეობაში ბუნებრივ კატასტროფებზე (მათ შორის, გვალვა, წყალდიდობა და სხვ.) გადაუდებელი რეაგირების სამოქმედო გეგმების კვლევა და განვითარება;

• ინოვაციური სარწყავი სისტემის მართვისა და ირიგაციის სხვადასხვა მეთოდის დანერგვა;

• ადგილმდებარეობის შესაბამისად ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ღონისძიებების გატარება;

• საინფორმაციო ცენტრების დაარსება, რომლებიც ფერმერებს სოფლის მეურნეობაში ადაპტაციური მართვის მეთოდზე მიაწოდებს ინფორმაციას.

საქართველომ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობის რეგიონული და ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, დანერგოს მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელსაც გაწერილი ექნება საბაზისო მიზნობრივი ინდიკატორები. ჩვენ კი კლიმატის ცვლილებას მომავალ ბლოგებშიც განვიხილავთ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners