ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

COVID-19 – ერთდროულად საფრთხე და შესაძლებლობა კლიმატის ცლილების წინააღმდეგ უფრო ქმედითი ღონისძიებებისთვის

COVID-19-მა ბევრ ქვეყანაში გამოიწვია  ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ყველაზე დაუცველ და დაბალშემოსავლიან ნაწილზე. თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობაც.

მაგალითად, მან აჩვენა, რომ COVID პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ადამიანების სამუშაო პრაქტიკასა და ინდივიდუალურ ქცევაში, რამაც გამოიწვია სათბურის გაზების ემისიის მკვეთრი შემცირება მთელ მსოფლიოში. ამ გამოცდილების საფუძველზე, სამეცნიერო მიდგომითა და გონივრული დაგეგმარებით შესაძლებელი უნდა იყოს კლიმატის ცვლილებების ადაპტაციისა და შერბილების უფრო ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.

ის ფინანსური დახმარება და შეღავათები სასესხო ვალდებულებებზე, რასაც განვითარებადი ქვეყნები იღებენ განვითარებული ქვეყნებიდან, რათა დაასტიმულირონ თავისი ეკონომიკა, შესაძლოა, იქცეს მდგრადი განვითარების დაჩქარების საინტერესო შესაძლებლობად, თუ ეს რესურსი ერთდროულად იქნება მიმართული ეკონომიკის მხარდასაჭერად და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ბალანსის შენარჩუნება, ვინაიდან გაზრდილი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, დაგროვილი სათბურის გაზებით გამოწვეული ტემპერატურის პროგნოზირებული მომატება უარყოფითად აისახება იმ სექტორებზე1, სადაც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის დიდი წილია დასაქმებული. შესაბამისად, ამ ჯგუფების კიდევ უფრო გაღარიბება ხელს შეუშლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) მდგრადი განვითარების მინიმუმ ერთი მიზნის მიღწევას: მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა.


რა ხდება საქართველოში?

პანდემიის გავრცელების შეკავებაში თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, საქართველო არ არის გამონაკლისი. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის გაზრდილმა მაჩვენებლებმა და ასევე უმუშევრობისა2 და სიღარიბის3 ზრდამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება, თავისი ფინანსური და ადამიანური რესურსი მიემართა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორებისკენ, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. ამავდროულად, ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების (ტურიზმი და მომსახურება) წარმომადგენლებისთვის დაწესდა საგადასახადო შეღავათები და მოხდა სესხის გადავადება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები კლიმატის ცვლილები მიმართულებით უცვლელი რჩება, სახელმწიფო ბიუჯეტზე გაზრდილი წნეხის გამო, ფინანსური რესურსები, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის, უფრო შეზღუდულია, და კლიმატის ცვლილების რისკები მთავრობის დღის წესრიგში4 ნაკლებად დგას.

კლიმატის ცვლილების შერბილების მხრივ, ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სათბურის გაზების გრძელვადიანი ემისიების შესამცირებლად. 2020 წელს საქართველომ გამოაქვეყნა განახლებული ეროვნული კონტრიბუცია (NDC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC5) ფარგლებში, სადაც ქვეყანამ კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება, შეამციროს სათბური გაზების ემისიები 35%–ით 1990 წლის დონესთან6 შედარებით და მიაღწიოს ქვემიზნებს ენერგიის, სოფლის მეურნეობისა, მიწათსარგებლობის და სატყეო მეურნეობის (LULUCF7) სექტორებში. ადაპტაციის მხრივ, UNFCCC-ს მესამე ეროვნულ საკომუნიკაციო დოკუმენტში, საქართველოს აქვს უკვე აღებული პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს 2020-2050 წლების სტრატეგია. ამ სტრატეგიამ უნდა გაითვალისწინოს ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NAPA) და ადაპტაციის სექტორული სტრატეგიები სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და ტურიზმის სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სოფლის მეურნეობის დარგში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა უკვე შემუშავდა, დოკუმენტში განსაზღვრული ქმედებები სრულად არ შესრულებულა.

საქართველოში პანდემიამ ძალიან იმოქმედა ენერგეტიკის სექტორზე, განსაკუთრებით საწვავის გამოყენებაზე, რაც ენერგეტიკიდან მთლიანი ემისიების 81%-ს შეადგენს. კერძოდ, პანდემიამ მოკლე დროშივე გამოიწვია ენერგეტიკის სექტორიდან, ტურიზმიდან და კერძო სექტორიდან ემისიების შემცირება იმის გამო, რომ ეკონომიკური აქტივობები შეჩერდა და შემცირდა მოსახლეობის მობილობა სახლიდან მუშაობისა და ავიაფრენების შეჩერების გამო. პანდემიის აშკარა დადებითი მოკლევადიანი გავლენის მიუხედავად, კლიმატის ცვლილების შერბილებაზე გრძელვადიანი ეფექტი არაპროგნოზირებადი რჩება. სავარაუდოდ, ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის აღმოჩენის შემდეგ, როდესაც ნაწილობრივ გაიხსნება ტურიზმის სექტორი და მოსახლეობა აღარ იმუშავებს სახლიდან, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის გაზრდილი მობილობა გამოიწვევს ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიების ეტაპობრივ ზრდას.

საქართველოში პანდემიის გავლენა სოფლის მეურნეობიდან, მიწათსარგებლობიდან და სატყეო მეურნეობიდან მიღებულ სათბურის გაზების ემისიებზე გაურკვეველია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მას შემდეგ, რაც საქსტატის მონაცემებით COVID-19-ის პერიოდში, მეცხოველეობის დარგში პირველად მოხდა ზრდა (წლის მეორე კვარტალში) და შემდეგ კლება (წლის მესამე კვარტალში), მოკლევადიან პერიოდში მეცხოველეობით გამოწვეული წმინდა ემისიის დონის შეფასება საკმაოდ რთულია. ზოგადად, ვინაიდან 2020 წლის დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტი და 2021 წლის საპროგნოზო ბიუჯეტი ითვალისწინებს გაზრდილ ხარჯებს სოფლის მეურნეობის სექტორისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, რთულია სოფლის მეურნეობით, მიწათსარგებლობითა და სატყეო მუერნეობით გამოწვეული სათბურის გაზების წილის განსაზღვრა. პოსტ-კრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური საქმიანობის პოტენციური ზრდა და ამავდროულად ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით გაზრდილი რესურსები იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან8 და სატყეო მეურნეობიდან გამოწვეულ ნახშირბადის გამოყოფაზე9, თუმცა ისევ გაურკვეველი რჩება საბოლოო წმინდა ეფექტი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვულმა კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა სოფლის მეურნეობის სექტორში10 მოთხოვნის სტრუქტურასა და ნედლეულის ხელმისაწვდომობაზე, შეამცირა ფერმერების შემოსავლები და შეანელა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პოტენციალი, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტი-კრიზისული გეგმა უკვე მოიცავს აგრო-მეწარმეებისთვის დახმარებას, მათ შორის, კლიმატის ცვლილების შემამსუბუქებელი ღონისძიებების კუთხითაც. მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილებაზე სოფლის მეურნეობის გავლენის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ისეთ წამახალისებელ მექანიზმებს, რომლებიც მიმართულია კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციისკენ, მდგრადი წარმოების, ძოვებისა და მეცხოვლეობის მენეჯმენტისკენ.

საქართველომ უნდა განაგრძოს ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ტურიზმის სექტორებშიც. თუ 2030 წლისთვის გლობალური ტემპერატურის ორგრადუსიანი ლიმიტი არ იქნება შენარჩუნებული, საქართველო, როგორც სხვა ქვეყნები, შესაძლოა დაზარალდეს ამინდის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და მათ ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში, ქვეყანას შეექმნება სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რაც გამომდინარეობს სოფლის მეურნეობის სექტორის დაუცველობიდან, რადგან გაუდაბნოებას შეუძლია შეამციროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. გარდა ამისა, კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება ძალზე ნეგატიურად იმოქმედოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშები და ღარიბი მოსახლეობა) ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტყის მასიური ხანძრებისა და ველურ ჰაბიტატებში შესაბამისი ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის სექტორს შესაძლოა მოუწიოს, გაუმკლავდეს ზოონოზური დაავადებების კიდევ ერთ ტალღას. გარდა ამისა, ჰაერის ტემპერატურის ზრდამ და ნალექების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გახშირება. და ბოლოს, ტურიზმის სექტორი შეიძლება კვლავ დაზარალდეს ისეთი მოულოდნელი მოვლენებით, როგორიცაა ტემპერატურის არახელსაყრელი ცვლილებები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესზე და ამ სექტორში დასაქმებული პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულია სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის სტრატეგია და შექმნილია კლიმატის ცვლილების დოკუმენტები ზოგიერთი რეგიონისთვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის შესაქმნელად, ჯანდაცვისა და ტურიზმის სექტორებში კვლავ საჭიროა პროაქტიული დაგეგმვა. ამის საჭიროება არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორებში ბიზნესის წარმომადგენლები არაკოორდინირებულად ახორციელებენ ადაპტაციის გარკვეულ ღონისძიებებს.

მიმდინარე ეკონომიკური და ჯანმრთელობის კრიზისის შედეგად, კლიმატის ცვლილების დღის წესრიგის ორაზროვანი და გაურკვეველი მომავლის გათვალისწინებით, კლიმატის მკვეთრი ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები უარყოფითად აისახება ყველაზე დაუცველ თემებზე, სექტორებსა და მთლიანად საზოგადოებაზე. აქედან გამომდინარე, აშკარად არსებობს საჭიროება აქტიური გადაწყვეტილებების მისაღებად, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ამ პროცესში მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ თემებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ.

კერძოდ, მთავრობას შეუძლია აქამდე შემუშავებულ სექტორის სპეციფიკურ ანტი-კრიზისულ გეგმებში გაითვალისწინოს შემდეგი საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებები:

• სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებზე სწრაფი გადასვლის სტიმულირების პოლიტიკის შემუშავება;

• სამშენებლო სექტორში უფრო ენერგოეფექტური მასალის გამოყენების წახალისების მექანიზმების დანერგვა;

• ახალი ტექნოლოგიებისა და უფრო ეკოლოგიურად სუფთა საწარმოო პროცესების დანერგვის მიზნით მრეწველობისა და გადამუშავების სექტორების სტიმულირება საგადასახადო შეღავათებით;

• მდგრადი, ეკოლოგიური, რეგიონული ტურიზმის განვითარების წახალისება და სუბსიდირება;

• საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია, მდგრადი ურბანული დაგეგმვის მხარდაჭერა და გარეუბნების და პატარა ქალაქების განვითარების წახალისება;

• ჯანდაცვის სექტორის სუბსიდირება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის;

• სახელმწიფო პროგრამების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთ კლიმატ-გონივრულ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას, როგორიცაა გაუდაბნოებული მიწის დამუშავება, სადრენაჟო არხების მოწყობა, საძოვრების რეაბილიტაცია და სხვა მდგრადი აგროტექნიკური ზომების მიღება.

ამავდროულად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თემები შეიძლება აქტიურად ჩაერთონ შემდეგ შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებში:

• კლიმატის ცვლილების მედიაში გაშუქების გაზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლება კლიმატის კრიზისის გრძელვადიანი შედეგების სიმძიმის შესახებ;

• ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა ონლაინ პლატფორმის ან რეგიონული სემინარების საშუალებით, სოფლის მეურნეობის წარმოებასა და სატყეო მეურნეობებში კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით (მიწის მდგრადი გამოყენება და მართვა);

• დაბალკვალიფიციური ღარიბი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში, მიწათსარგებლობასა და სატყეო მეურნეობაში ჩართული ადამიანების11 ტრენინგი, რათა მათ დარგონ კლიმატმედეგი ხეები, ინტენსიურად მორწყან სახნავი მიწები, ეფექტურად გააშენონ ქარსაცავი ზოლები ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად, გამოიყენონ მცირე ზომის სარწყავი სისტემები, მოიყვანონ გვალვაგამძლე კულტურები და ბოსტნეული, გააუმჯობესონ გვალვების პერიოდში საძოვრების მორწყვის პირობები;

• მთავრობასთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა მოხდეს მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების12 ჩართვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გეგმებში, კლიმატისადმი მდგრადი თემების შესაქმნელად და კლიმატის ცვლილების გამო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირების გაღარიბების თავიდან აცილების მიზნით;

• სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სოფლის მეურნეობის მდგრად წარმოებაში და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში მონაწილეობის მისაღებად. მათი მხარდაჭერა, რომ მიიღონ მონაწილეობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებს შეღავათიან პირობებს ქალი მეწარმეებისთვის.

საქართველოს მთავრობას ახლა აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს პერსპექტიული მიდგომა და საერთაშორისო დონორებისა და ბანკებისგან მიღებული რესურსები მიმართოს პანდემიით დაზარებული სექტორებისკენ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მდგრადობაზე და მომავალი კლიმატის კრიზისის პოტენციურად შეუქცევადი უარყოფითი შედეგების შერბილებაზე. ამ მიზნით, მთავრობა უნდა კონცენტრირდეს იმ სექტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებას და, ასევე, იმ სექტორებზე, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. პოლიტიკის აღსრულებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ეფექტურობის გასაზრდელად ამ პროცესში მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თემების აქტიური მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.


[1] სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა.
[2] 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ქალაქად უმუშევრობა მუდმივად იზრდებოდა წინა პერიოდებთან შედარებით. სოფლად პირველ კვარტალში უარყოფითი ტენდენცია იყო, ხოლო მეორე კვარტალში დასაქმების ინდიკატორის მცირედით გაუმჯობესდა.
[3] 2020 წლის სექტემბერში სოციალური დახმარების ბენეფიციართა რიცხვმა 7 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია.
[4] მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს გარემოს დაცვაზე გასაწევ დანახარჯებს, კლიმატის ცვლილების შერბილების ან ადაპტაციის ღონისძიებების დანახარჯები ცალკე არ არის გამოყოფილი ბიუჯეტში.
[5] გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია.
[6] 30,000 CO2 ეკვივალენტი.
[7] მიწათსარგებლობა, მიწათსარგებლობაში ცვლილება და სატყეო მეურნეობა.
[8] ნაწლავებში ფერმენტაცია, სასუქების გამოყენების მართვა, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგები და სოფლის მეურნეობის ნარჩენების დაწვა.
[9] ტყის, მოსავლისა და მრავალწლიანი ბალახების მართვა.
[10] საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაცემებით, გამოკითხული ფერმერების 60% ვერ ყიდდა თავის პროდუქციას, რადგან HoReCa (კვების ობიექტები და სასტუმროები) სექტორი არ მუშაობს.
[11] აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის სამუშაო ძალის 38%-ზე მეტი დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში, ხოლო სექტორის წვლილი მთლიან მთლიან შიდა პროდუქტში დაბალი (7.4%) იყო. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ დაბალი კვალიფიკაციისა და შემოსავლების მქონე ადამიანები ძირითადად ამ სექტორში არიან დასაქმებულნი. სექტორში მიღებული შემოსავალი წლების განმავლობაში ძალიან დაბალი რჩება, მაშინ როდესაც ის ყოველთვის ნაწილდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდ რაოდენობაზე. შესაბამისად, სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა პროდუქტიულობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების გაღარიბება, ვისაც ისედაც ყველაზე რთული სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება.
[12] დაბალი კვალიფიკაციისა და შემოსავლების მქონე ადამიანები.


მასალის გამოყენების წესები  

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners