„წყალი ხომ მაინც გვაქვს ბევრი, რატომ უნდა ვიხდიდე წყალში ფულს?“ – ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რასაც წყლის რესურსების სიუხვე განაპირობებს: წლიურად ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის განახლებადი რესურსის დაახლოებით 15 597 კუბური მეტრი მოდის, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს – 2 961 კუბურ მეტრს ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.) – საგრძნობლად აღემატება. თუმცა რესურსის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლია და თანაც – მდგრადად და გონივრულად. საქართველოს არ გააჩნია საკმარისი ინფრასტრუქტურა არც წყლის მიწოდებისთვის და არც სანიტარიული მომსახურებისათვის. საქართველოში წყლის მიწოდების სერვისით შინამეურნეობების მხოლოდ 66%, ხოლო სანიტარიული მომსახურებით მხოლოდ 49% სარგებლობს (საქსტატი, 2017 წ.). გარდა ამისა, არსებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია, რაც წყლის რესურსის გაფლანგვას იწვევს. ამ პირობებში, ბოლო წლებში წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოების აუცილებლობამ წყლის რესურსებზე წნეხი გააძლიერა და ნათლად გამოჩნდა მათი უკეთ მართვის საჭიროებაც.
ამ ეტაპზე ქვეყანა გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებს ამ ღირებული რესურსის მართვას და არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვებას. მაგალითად, საქართველოში არსებული 300 დიდი მდინარიდან, მხოლოდ 68-ზე მიმდინარეობს მონიტორინგი,მიწისქვეშა წყლის რესურსების სავარაუდო 400 პუნქტიდან მხოლოდ – 51-ზე (ISET-PI, 2017 წ.). გარდა ამისა, საქართველოს წყლის რესურსების მართვის სისტემას არ გააჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ რესურსის მართვის საშუალება. როგორც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) აღნიშნავს, არსებული კანონმდებლობა „არაფუნქციონირებადი და ფრაგმენტულია“ (UNECE 2016). საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში ქვეყანას უნდა გააჩნდეს წყლის რესურსების მართვის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის წყლის ჩარჩო დირექტივასთან (EU WFD). ამ კანონმდებლობაზე მუშაობა 2018 წლის ბოლომდე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ქვეყანას წყლის რესურსების მართვის ახალი კანონი ჯერ არ მიუღია.
EU WFD მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის დეცენტრალიზებული სისტემის შექმნას სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით1. აუზებში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად EU WFD მხარს უჭერს მასტიმულირებელ ანუ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს. მასტიმულირებელი ინსტრუმენტების არსი რესურსზე ისეთი ფასის დაწესებაში მდგომარეობს, რაც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულ მომხმარებლებს უბიძგებს, უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წყლის მოხმარებასა და დაბინძურებას. ჩვეულებრივ, ასეთი ინსტრუმენტები უფრო ეფექტურია, ვიდრე ბრძანებისა და კონტროლის მეთოდები, რომლებიც ეკონომიკურ აგენტებს მოქნილობას უზღუდავს და ყველაზე ხარჯ-ეფექტიანი ქმედებისკენ არ აქეზებს. გარდა ამისა, კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკა ხშირად რთული განსახორციელებელია და მონიტორინგის მიმართულებითაც შეიცავს სირთულეებს. ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ინსტრუმენტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს „მომხმარებელი იხდის“ პრინციპთან (მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მოხმარებული წყლის ალტერნატიული დანახარჯი ) ან/და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპთან (დაბინძურების ხარჯს დამბინძურებელი იხდის). გაზრდილი ეფექტიანობის გარდა, ეს ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა, დაგროვდეს შემოსავალი, რაც წყლის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას შეიძლება მოხმარდეს. არსებული კანონ-პროექტი (რომელიც ძალაში უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს) მსგავს პრინციპებსა და მიდგომებს ეფუძნება. თუმცა წყლის რესურსების მართვის ინსტრუმენტების დანერგვა საქართველოში სხვადასხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
წყლის ფასის სწორად განსაზღვრა, რაც მისი მდგრადი მოხმარებისათვის საჭირო სტიმულებს ქმნის, საკმაოდ რთული პროცესია. ის გულისხმობს წყლის რესურსის ათასობით მახასიათებლისა და თავისებურების გათვალისწინებას. ალტერნატივის სახით, შესაძლოა წყლის ისეთი ბაზრის შექმნა, სადაც მომხმარებლებს გადანაწილებული ექნებათ წყლის რესურსი და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ნებართვების საფუძველზე დააბინძურებენ წყალს. ბაზარზე ორიენტირებულ მოდელში ბაზრის ტრანზაქციებზე დაფუძნებული ფასები უფრო კარგად ასახავს წყლის რესურსების ღირებულებასა ან/და დაბინძურების ხარჯებს. თუმცა ბაზარზე ორიენტირებული მიდგომის დასანერგად იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩო ნათლად უნდა განსაზღვრავდეს საკუთრების უფლებებს მომხმარებლებისათვის. ასევე, უნდა არსებობდეს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, რომ რესურსის მოხმარებაზე ან/და დაბინძურებაზე კონკურენცია გაიზარდოს. ასეთი სისტემის შექმნა ითხოვს მონაცემების ღრმა ანალიზს განხორციელების მზაობისა და ვაჭრობისთვის არსებული გარემოს შესაფასებლად.
სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა იყენებს გადასახადს წყლის რესურსის მიღებისა და დაბინძურების გარკვეული მდგრადობის მისაღწევად. ეს ინსტრუმენტი ადვილი დასანერგია, რადგან მოხმარებული წყლის რაოდენობის გაზომვა წყლის მრიცხველებით მარტივია და დაბინძურების დონის განსაზღვრა შესაძლებელია კარგად ფუნქციონირებადი მონიტორინგის სისტემით. საქართველოს წყლის სექტორის დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ეს ალბათ ყველაზე გონივრული არჩევანია ჩვენი ქვეყნისთვის.
წყალაღების მოსაკრებლის გამოყენების ვერსია (გადასახადი წყლის მოპოვებაზე წყლის რესურსებიდან) გამყარებულია საქართველოში არსებული კანონმდებლობითაც (საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ) გადასახადის შესახებ ზედაპირული და მიწისქვეშა წყაროებიდან მიღებულ წყალზე. თუმცა ამჟამად, აბსტრაქციის გადასახადი მხოლოდ მიწისქვეშა წყლის რესურსებზე ვრცელდება. წყლის მოპოვებისგან განსხვავებით, დაბინძურებასთან დაკავშირებული გადასახადი საქართველოში არასოდეს არსებულა. აქედან გამომდინარე, ამ სისტემის დანერგვა ნულიდან იქნება საჭირო.
ცხრილში შეჯამებულია აქტიური და არააქტიური წყალაღების მოსაკრებლები.
წყლის ობიექტები და მათი სარგებლობის კატეგორიები | მოსაკრებლის განაკვეთი (₾/მ3) |
ზედაპირული წყლის ობიექტები | |
კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები | 0.01 |
შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები | 0.005 |
შავი ზღვის წყლები | 0.003 |
სარგებლობის კატეგორია | |
კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის ზედაპირული წყლის რესურსებით სარგებლობისათვის | 0.01 |
წყალაღება თბოსადგურებისთვის | საბაზისო საფასურის 1% |
წყალაღება ჰიდროელექტროსადგურებისთვის | საბაზისო საფასურის 0.01% |
წყალაღება სარწყავი სისტემებისთვის | საბაზისო საფასურის 1 % |
მიწისქვეშა წყლის ობიექტები | |
მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება | 4 |
მტკნარი წყლების სხვა კომერციული/სამეწარმეო მიზნით გამოყენება | 0.005 |
მტკნარი წყლების კომუნალური და სოფლის სასმელი წყლის მიწოდებისთვის გამოყენება | 0.01 |
„ბორჯომის“ მინერალური წყლების მოპოვება | 30 |
„ნაბეღლავის“ მინერალური წყლების მოპოვება | 18 |
„საირმის“ მინერალური წყლების მოპოვება | 6 |
„უწერას“ მინერალური წყლები ბოთლებში ჩამოსასხმელად | 4 |
„უწერას“ მინერალური წყალი გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის | 0.04 |
წყარო: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონი (2004)
მოსაკრებლის დაწესებისას ყველაზე რთული მისი დონის სწორად განსაზღვრაა. არასწორად განსაზღვრულმა მოსაკრებელმა შესაძლოა მოპოვების ან დაბინძურების სიჭარბე გამოიწვიოს ან ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვეს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ წყალაღების მოსაკრებელმა არ გამოიწვიოს ძვრები ეკონომიკური აგენტებისთვის სტიმულების შექმნის პროცესში და შედეგად არ დააზარალოს უფრო მაღალი ღირებულების ბუნებრივი რესურსები. მაგალითად, მიწისქვეშა წყლის კომერციული მიზნით მოპოვებაზე დაწესებული გადასახადი შავი ზღვის აუზში იმდენივეა, რაც ზედაპირულ წყლებზე დაწესებული მოსაკრებელი. ეს ქმნის იმის სტიმულს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა მიწისქვეშა წყალი მოიპოვონ და გაცილებით უკეთესი ხარისხის წყალი თითქმის იმავე ფასად მიიღონ. თუმცა ასეთი წყლის ალტერნატიული ღირებულება გაცილებით მაღალია. ამ უთანასწორობის აღმოფხვრის გარეშე საზოგადოება დაკარგავს ღირებულ რესურსს იმ კომერციული დაწესებულების სასარგებლოდ, რომლებიც წყალს პირველნი მოიპოვებენ.
შედეგად, თუ წყალაღებისადა დაბინძურების გადასახადებს მართლაც მივიჩნევთ ყველაზე გონივრულ ინსტრუმენტებად, უნდა ჩატარდეს ძირეული კვლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ მოსაკრებლის სტრუქტურა წყლის მოხმარების ოპტიმალურ მეთოდებს შეესაბამება.
დასკვნა
წყალაღებისა და დაბინძურების მოსაკრებლის დაწესება მარტივი პროცესი არ იქნება. პირველ რიგში, გათვლებისა და დანერგვის გამჭვირვალე მეთოდოლოგია დაგვჭირდება, რათა წყლის მომხმარებლებს გაუმარტივდეთ მათი მიღება. გარდა ამისა, ღირებულების მეთოდოლოგია უნდა ასახავდეს წყლის მოხმარებისა ან/და დაბინძურების ღირებულებას; დაბოლოს, მოსაკრებლის ოდენობა მუდმივად უნდა გაკონტროლდეს, რათა გავითვალისწინოთ აუზში პირობების შესაძლო ცვლილებები. იდეალურ შემთხვევაში, მოსაკრებელი ცალკე უნდა განისაზღვროს თითოეული მდინარის აუზისათვის, როგორც სააუზო მართვის გეგმის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილი.
გრძელვადიან პერიოდში, თუ წყალაღების გადასახადი მოცულობაზე იქნება დამოკიდებული, შესაძლოა ველოდოთ წყლის მთლიანი სისტემის უფრო მაღალი ეფექტიანობის მიღწევას (წყლის კომპანიები შეამცირებენ დანაკარგს), რაც შეამცირებს წნეხს ფასზე მომხმარებლებისათვის. ასევე, შესაძლოა ველოდოთ გაუმჯობესებას ეკოლოგიური და წყლის ხარისხის კუთხითაც, რაც დამატებით სარგებელს მოუტანს ეკოსისტემასა და საზოგადოების ყველა წევრს. რა მოხდება მოკლევადიან პერიოდში? მიუხედავად იმისა, რომ წყალაღების მოსაკრებელი წყლის მიწოდების საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ნაწილია, ის მთლიანი ტარიფის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მისი ცვლილება წყლის ფასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. მთლიანობაში, კარგი აზრი უნდა იყოს.
1 ეს გულისხმობს ერთი და იმავე აუზის შენაკადების (ყველა მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსის) ერთიან მართვას.
Comments