28 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნებს უკანასკნელად ატარებს. ამიერიდან, კონსტიტუციური ცვლილების შედეგად ქვეყენა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადავა. ეს იმ რეფორმის ბოლო ეტაპია, რომელიც საპრეზიდენტო პოლიტიკურ მმართველობას საპარლამენტოთი ანაცვლებს. პრეზიდენტის ძალაუფლება ახალ სისტემაში ძალიან შეზღუდული და მეტწილად სიმბოლური იქნება1. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უფრო მნიშვნელოვანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად მიიჩნევენ. ამიტომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა იმაზე გაცილებით უფრო დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე ამას პირველ რაუნდამდე ვინმე წარმოიდგენდა.
ცესკო-ის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უახლეს ისტორიაში – 47.74%2. მთავარი ჭიდილი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, (რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს), გრიგოლ ვაშაძეს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოყენებული ოპოზიციის კანდიდატი) და კიდევ ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატს შორის მიმდინარეობდა. ბრძოლა იმდენად თანაბარი აღმოჩნდა, რომ პირველ ტურში 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და განსხვავება კანდიდატების ხმებს შორის ერთ პროცენტზე ნაკლები იყო. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64 პროცენტი მიიღო. გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ მცირედით ჩამორჩა სალომე ზურაბიშვილს, მას ამომრჩეველთა 37.7%-მა დაუჭირა მხარი.
მმართველი პარტიისათვის ეს შედეგები სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. აქამდე ქართველები მოქმედი ხელისუფლებისადმი „ერთგულებით“ გამოირჩეოდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიმსახურა. იგივე მოხდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც, როდესაც ხელისუფლებამ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოიგო.
პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა სამი მთავარი მიზეზი გამოჰყვეს, რითიც შესაძლოა აიხსნას მმართველი პარტიის არასახარბიელო შედეგი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. პირველ რიგში, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა (სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება) მთავრობის მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია. მეორეა ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მესამე, ეს არის ოპოზიციის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ. სტატიის მომდევნო ნაწილში სიღრმისეულად განვიხილავთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და ხმების გადანაწილებას სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით.
ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შედარებით სტრუქტურული უპირატესობით სარგებლობს. ეს ფენომენი „მოქმედი პარტიის უპირატესობის“ სახელითაა ცნობილი. მოქმედი პარტიის უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს მისი სახელის ცნობადობის, კამპანიის დაფინანსებისთვის თანხებისა და სახელმწიფოს რესურსების არაპირდაპირ გამოყენების საშუალება. ზოგჯერ კი არჩევნებისთვის დროის შერჩევის შესაძლებლობაც. მმართველი პარტიის უპირატესობის სხვადასხვა ასპექტები თავს არამხოლოდ განვითარებად, არამედ დასავლურ დემოკრატიულ მმართველობაშიც იჩენს3.
მიუხედავად ამ უპირატესობისა, პირველ ტურში წამყვან კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობა საკმაოდ თანაბრად გადანაწილდა. ერთადერთი რეგიონი, სადაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო, სამცხე-ჯავახეთი იყო. ოპოზიციის კანდიდატმა ხმების ნახევარზე ოდნავ მეტი დაიმსახურა საზღვარგარეთ დაფიქსირებული ხმებიდანაც.
დედაქალაქსა და ქვეყნის ოთხ უდიდეს ქალაქშიც4 ხმების უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერმა მიიღო, სოფლებისა და პატარა ქალაქების მოსახლეობამ კი მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეთნიკურმა უმცირესობებმა და მთიანი რეგიონის მოსახლეობამ მკვეთრად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი (ეს რეგიონები ტრადიციულად ხელისუფლებას აძლევენ ხმას). გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების უმრავლესობა დაიმსახურა ისეთი რეგიონებიდანაც, სადაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.
საინტერესოა, როგორ განაწილდა ხმები ეკონომიკური შეხედულებებისა და მოლოდინების მიხედვით. შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლების (IHS) თანახმად, გამოკითხულთა 41.7%-მა განაცხადა, რომ 2017 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 52%-ის თქმით, მათი ფინანსური მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, გამოკითხულთა 5.9%-მა კი აღნიშნა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა. საქართველოს მოსახლეობის პესიმისტურმა განწყობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ დაგროვილ ხმებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის კანდიდატმა შედარებით მეტი ხმა დააგროვა იმ რეგიონებში, სადაც ხალხის განწყობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა დააგროვა იმ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული და ადამიანებს წყალსა და გაზზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.
გრიგოლ ვაშაძემ ხმების უმრავლესობა მიიღო იმ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ მომავალში ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლებოდა ან გაუარესდებოდა. ხოლო იქ, სადაც ხალხი შედარებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი თავიანთი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობდა.
ამ სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობის ინტერპრეტაცია მკითხველისთვის მიგვინდვია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჯერ კიდევ რთულია, წინასწარ ვთქვათ, თუ ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ერთადერთი, რისი თქმაც თამამად შეიძლება, ის არის, რომ ამომრჩევლებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შედეგების მიუხედავად, მმართველი პარტიისათვის ეს არჩევნები მომავალი გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებლად კარგი გაკვეთილი იქნება.
1 პრეზიდენტის ძალაუფლება განსაკუთრებით მაშინაა შეზღუდული, როდესაც მმართველი პარტია კონსტიტუციური უმრავლესობით სარგებლობს; ისე, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია.
2 აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 44.99%-მა მიიღო მონაწილეობა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - 32.1%-მა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 28.94%-მა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 34.79%-მა, ხოლო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 29.84%-მა.
3 ზ. პესკოვიცი (2017 წ.). „იდეოლოგიური სიგნალები და მოქმედი პარტიის უპირატესობა“ , პოლიტიკური მეცნიერებების ბრიტანული ჟურნალი. დე ბენედიცტის - ჯ. კესნერი (2017), „ციკლური და კონტრციკლური არჩევნები: არჩევნების ჩატარების დრო და მმართველი პარტიის უპირატესობა“ პოლიტიკის ჟურნალი, 80:119-132.
4 ქალაქები, რომელთა მოსახლეობაც 100 000-ს აღემატება: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
Comments