თითქმის 30 წლის წინ ეკონომისტებმა დასკვნეს, რომ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება საკმაოდ არარაციონალური ქცევაა. მას შემდეგ ლიტერატურის არაერთმა დისციპლინამ დაიწყო თანამედროვე მსოფლიოში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზეზების ანალიზი. აკადემიური ლიტერატურა დაინტერესებულია, დაადგინოს, რატომ იხდის ხალხი ამდენ გადასახადს ან რატომ იხდის ამდენი ხალხი გადასახადს. ამ საკითხის ანალიზი პოლიტიკის შემქმნელებს ვალდებულებების შესრულების ძირითადი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, მათ შემოსავლის გაზრდის მიზნით სათანადო პოლიტიკური ქმედებების შემუშავების საშუალებას მისცემს.
მოქალაქეებისთვის საჯარო მომსახურებებისა და ადეკვატური ინფრასტრუქტურის უზრულნელყოფის მიზნით, გადასახადებიდან მიღებული თანხები ნებისმიერი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია. თუმცა ხშირად ვხვდებით გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევებსაც, რაც სახელმწიფოებს რეალური გამოწვევების წინაშე აყენებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისა და მათი ახლადშექმნილი პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტებისთვის არის ნაცნობი. ისეთ გარემოში, სადაც გადასახადების გადახდის კულტურა საკმაოდ სუსტია და კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული, სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება. ამგვარი სუსტი ადმინისტრაციული შესაძლებლობები აფერხებს მთავრობის მცდელობებს, შეაგროვოს საკმარისი შემოსავლები. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კომპლექსური და საყოველთაო რეფორმები.
პრევენციის ტრადიციული მეთოდი გადასახადების თავიდან აცილების შემთხვევების გამოვლენის და დასჯის, ანუ აღმკვეთი მექანიზმის შემუშავებაა. თუმცა ბოლო პერიოდში გადასახადების შეგროვების გაზრდის უფრო კრეატიული გზები იკვეთება, როგორიცაა მაგ. დადებითი ქცევის წახალისების გზით სტიმულის შემუშავება, არა აუცილებელად გადასახადის გადამხდელთათვის, არამედ მათთვის, ვინც ფისკალურ შედეგებზე ზემოქმედების შესაძლებლობას ყოველთვის არ იყენებს, ამ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის.
აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრები მომხმარებლს გადახდის დამადასტურებელ საბუთს აძლევს, სალარო აპარატები კი შესყიდვის დოკუმენტირებულ ინფორმაციას ინახავს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკისრებს შემოსავლების სამსახური გადასახადებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლმა ქვითარი არ მოითხოვა ან ამ უკანონობის გამოვლენისა და დასჯის საშიშროება მცირეა, შესაძლოა ზოგიერთ ბიზნესს გარკვეული შესყიდვების დამალვის ცდუნებამ სძლიოს. როგორც წესი, ასეთი ქმედების აღმოფხვრის პრაქტიკა მოულოდნელი შემოწმებებია, როდესაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ფარული მყიდველის როლში კონკრეტულ მაღაზიაში შედის და შენაძენს აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი შესყიდვას სალარო აპარატის გამოყენებით არ აღრიცხავს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მას ჯარიმას აკისრებს.
ამ პრაქტიკას უამრავი შეზუდვა აქვ: როგორც წესი, ბიზნესის მფლობელები კარგად იცნობენ მომხმარებლებს, ამიტომ ფარული წარმომადგენლის ამოცნობა საკმაოდ ადვილია. მეტიც, სუსტი ინსტიტუციების არსებობიდან გამომდინარე, შესაძლოა მფლობელსა და შემოსავლების სამსახურის წამომადგენელს შორის შეთანხმება მოხდეს და ქრთამის სანაცლვოდ ოფიციალური ჯარიმა არ გამოიწეროს.
კორუფციული პრაქტიკის წინააღმდეგ გამოსაყენებელი კიდევ ერთი საშუალება თავად მომხმარებელია, ვინც კანონიერად უნდა მოითხოვოს შენაძენისთვის ქვითრის გამოწერა, თუმცა ამის სტიმული საზოგადოებაში ნაკლებად არსებობს. მართალია, ქვითრების მოთხოვნა მცირე, მაგრამ რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთს ატარებს, თანაც თუ სარგებელი პრაქტიკულად არ არსებობს, ქვითრის მოითხოვნით არცერთი რაციონალური წარმომაგენელი არ არის დაინტერესებული. ამიტომ ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი მომხმარებლის ქცევის პოზიტიურად წახალისება და ამ მიზნით პირადი სარგებლის შეთავაზებაა.
ასეთ მექანიზმს მრავალი პოტენციური სარგებელი აქვს. დაუყოვნებელი შედეგი გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებია, თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი პრაქტიკა სავარაუდოდ ქცევის ცვლილების წახალისებას გამოიწვევს და მსგავსი პოზიტიური სტიმულის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მოქალაქეებმა ქვითარის მოთხოვნა ნაკლებ ტვირთად მიიჩნიონ და უკეთ გააანალიზონ მისი დადებითი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიან კორუფციის შემთხვევებზე აღნიშნული მექანიზმი სავარაუდოდ პირდაპირ გავლენას არ იქონიებს, ეს მაინც ხელს შეუწყობს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კულტურის დამკვიდრებას და შეიძლება დამატებითი გარეგანი ეფექტი სხვა რეგულაციებზეც იქონიოს. დაბოლოს, ამ ინიციატივის სხვადასხვა გარემოში დანერგვა დაგვეხმარება უფრო მდგრადი წამახალისებელი მექანიზმების გაანალიზებასა და შემუშავებაში. კრეატიული მიდგომების საჭიროების გააზრების მიუხედავად, ძნელია იმის განსაზღვრა, ზუსტად როგორია ასეთი ერთდროულად შემოქმედებითი და სასარგებლო მიდგომა.
მსგავსი ინიციატივები უკვე განხორციელებულა ან განხორციელების პროცესშია რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორისაა ტაივანი, მალტა, სლოვაკეთი. საინტერესოა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ საბრძოლველად ხანმოკლე, მაგრამ რეალური მექანიზმი შეიმუშავა. დღემდე ძალიან ცოტა კვლევა თუ ჩაღრმავებია ამ მექანიზმების ეფექტურობას და ლარსენიდა და მისი თანაავტორების (Larsen et. Al, 2019) ახლანდელ კვლევამდე ფაქტები საქართველოს შესახებ უბრალოდ არც არსებობდა. აღნიშნული ნაშრომი გვთავაზობს საქართველოში შვიდი წლის წინ განხორციელებული ჩეკების ლატარიის პირველ ანალიზს.
საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ჩეკების ლატარია 2012 წელს წამოიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ლატარია 2013 წლის 1 იანვრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უფრო ადრე, 2012 წლის ნოემბერში არაეფექტურობის გამო შეწყდა. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გამამართლებელი არანაირი საჯარო ანალიზიც კი არ არსებობს.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელს ნებისმიერი მაღაზიის ან მომსახურების გამწევისგან მიღებული ქვითრები უნდა შეემოწმებინა, რაც მას 50,000 ლარამდე მოგების შესაძლებლობას აძლევდა. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურმა კამპანიის რეკლამირებისთვის ტელევიზია, რადიო და კომუნიკაციის არაერთი სხვა წყარო გამოიყენა. 10,000 და 50,000-ლარიანი პრიზების მოგების ფაქტები ხშირად იყო ხაზგასმული ბედნიერ გამარჯვებულებთან ჩატარებული უამრავი ინტერვიუს მეშვეობით. ამის მიზანი საზოგადოების მიერ აღქმული გამარჯვებების ალბათობის მაღალ დონეზე შენარჩუნება იყო, რათა კამპანიაში უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო.
ლარსენისა და თანაავტორების (2019 წ.) რაოდენობრივი ანალიზი იკვლევს შემოსავლების სამსახურის 2012 და 2013 წლების ნაღდი ფულით განხორციელებული ტრანზაქციების ქვითრების მონაცემებს. როგორც გაირკვა, 2012 და 2013 წლებს შორის ზოგადი განსხვავებების გათვალისწინებით, ამ პერიოდში ჩეკების ლატარიის დროს მთლიანი ყოველკვირეული გაყიდვები იმ კვირებთან შედარებით, როდესაც გათამაშება არ ტარდებოდა 11%-ით გაიზარდა. 7.7% -ით გაიზარდა საშუალო გაყიდვები თითო სალარო აპარატზეც, ხოლო გათამაშების კვირების დროს სალარო აპარატების რაოდენობა, რომლებიც თუნდაც ერთ ნაღდი ფულით განხორციელებულ ტრანზაქციას მაინც აფიქსირებდნენ, 4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კვლევა ააშკარავებს ქცევის ჩამოყალიბების გარკვეულ შეზღუდულ მტკიცებულებებსაც. აუხსნელი ფაქტორებიდან გამომდინარე, ლატარიის შეწყვეტის შემდგომაც კი, მომდევნო წელთან შედარებით, რეგისტრირებული გაყიდვების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
კვლევა მოიცავს ხარისხობრივ ანალიზსაც იმ დაინტერესებული მხარეების გამოკითხვით, ვინც გათამაშებაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყვნენ ჩართულნი, როგორც მომხმარებლები, ისე ამ კამპანიის შემქმნელები. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ლატარიის ვადამდელი შეწყვეტის მთავარი მიზეზი ბიუჯეტის სიმცირე იყო. საზოგადოების მიერ აღქმული გამარჯვებების მაღალი ალბათობის და, შესაბამისად, საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად საკმარისი თანხები არ არსებობდა, ამიტომ ჩეკების რიცხვი დღიური 2 მილიონიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. გათამაშების პირველ თვეებში 2.5-2.8 მილიონი გადამოწმებული ჩეკი, საბოლოოდ, 300000-მდე შემცირდა. მომხმარებლის ჩართულობის შენარჩუნების მიზნით ბიუჯეტის გაზრდა ახლადარჩეული მთავრობის პრიორიტეტი არ იყო და არსებული ბიუჯეტისა და ერთი შეხედვით არამომგებიანი პროექტის პირობებში მისი შეწყვეტა გადაწყდა.
პროგრამის დასრულებიდან შვიდი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან პრობლემას. მედინაასა და შნაიდერის (Medina & Schneider, 2018 წ.) ბუნდოვანი კვლევის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მთლიანი შიდა პროდუქტის 53% შეადგენდა, რაც, ამავე წლის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შეფასებული 10.3 პროცენტისგან საკმაოდ განსხვავდება. სავარაუდოდ, რეალური რიცხვი სადღაც ამ ორს შორისაა. ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების სწრაფი განვითარების შედეგად, სალარო აპარატებზე დაფუძნებული ჩეკების ლატარია წარსულს ჩაბარდა, თუმცა გადასახადებისგან თავის არიდების შემცირებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრის მიზნით, შედარებით ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ფინანსური ჩართულობის გაზრდა მაინც იმედისმომცემი მეთოდია.
გამოყენებული ლიტერატურა
Larsen, L., Arakelyan, R., Gogsadze, T., Katsadze, M., Skhirtladze, S., & Muench, N. (2019). The Georgian Tax Lottery of 2012. A Multi-Methodological Assessment. International School of Economics at TSU, Tbilisi, Republic of Georgia.
Comments