რამდენიმე კვირის წინ, განვითარების ბანკმა მიმიწვია ყვარელში, სასტუმრო ედემში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების განსახილველად. შეხვედრისას, ერთერთმა მონაწილემ ქვეყნის მრეწველობის სექტორის პოტენციალზე საუბრობრისას განაცხადა: „პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ ჰყავს რუდოლფ დიზელი და ნიკოლაუს ოტტო“.
ვფიქრობ, ეს სწორი შენიშვნა იყო. შეგვიძლია, მას უფრო თანამედროვე მნიშვნელობაც მივცეთ და ასე ჩამოვაყალიბოთ: „პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ ჰყავს მარკ ცუკერბერგი/სტივ ჯობსი/ბილ გეიტსი/ლარი ფეიჯი“ ან, თუ გვინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპას არ გავცდეთ, მაშინ - ის, რომ არ ჰყავს „ევგენი კასპერსკი“.
მართლაც, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი მასშტაბის, თუნდაც ერთი გამომგონებლის მიერ კომპანიის სათაო ოფისის თბილისში გახსნა სრულად შეცვლიდა ვითარებას. კასპერსკის წლიური შემოსავალი 700 მლნ დოლარია და დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთაგან ბევრი მაღალკვალიფიციური (და შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი) პროფესიონალია, 3000 ადამიანს აღწევს. თუ მსგავსი გამომგონებელი, დავარქვათ კასპერაშვილი, ბიზნესს დაიწყებს საქართველოში, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება აქ, ვიდრე ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია.
კასპერაშვილის წამოწყების ფონზე, ბევრი სხვა ეკონომიკური საქმიანობაც აღმოცენდება. კასპერაშვილს დასჭირდება სხვა მაღალტექნოლოგიური კომპანიების მომსახურება, რომელთა გარკვეული ნაწილიც, შესაძლოა, თბილისში განთავსდეს. ეს დადებითი გარეგანი ეფექტი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისათვის. ბევრი ქართველი შეეცდებოდა, გამხდარიყო კარგი პროგრამისტი კასპერაშვილთან სამსახურის პოვნის იმედით. მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა კი, თბილისსმიმზიდველს გახდიდა სხვა მაღალტექნოლოგიური კომპანიებისათვის (ადგილობრივი კლასტერი მაღალტექნოლოგიური კომპანიების დამახასიათებელი თვისებაა - თუ კონკრეტულ ადგილას ერთი თავის ფილიალს გახსნის, სხვებიც მალევე მიჰყვებიან მის ქცევას). სამწუხაროდ, ევგენი კასპერსკი რუსეთში დაიბადა და არა საქართველოში.
მსგავსი ეკონომიკური გავლენა შეიძლება სხვა ადამიანებსაც ჰქოდნეთ. საინტერესოა, რა მოხდებოდა ჯეიმზ ვატი ფრანგი რომ ყოფილიყო და საკუთარი გამოგონება - შიდაწვის ძრავა საფრანგეთში რომ შეექმნა. შიდაწვის ძრავას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ინდუსტრიალიზაციისათვის, და შედეგად, ინდუსტრიალიზაცია თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში მოხდა და არა საფრანგეთში. ვატი საფრანგეთშ რომ დაბადებულიყო, სავარაუდოდ, ეკონომიკური ისტორია სრულიად შეიცვლებოდა.
ცოტა გასაკვირიც კია, რომ სტანდარტულ ეკონომიკურ აზროვნებაში უგულებელყოფილია ცალკეული პიროვნებების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ბედზე. ამ უგულებელყოფის შედეგების ნათლად დასანახად, შეგვიძლია ისტორიული ფაქტები მოვიშველიოთ.
ისტორიული დეტერმინიზმი
ტრადიციულად, ისტორიკოსები სწავლობენ იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. XIX საუკუნის ისტორიულ წიგნებში, ბევრგან შეგვხვდება ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, კარლოს დიდი და ნაპოლეონი. ამ პერიოდის საქართველოს ისტორია კი, ორიენტირებული იყო თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორესა და ეკატერინე დიდზე (ეს უკანასკნელი, დადებითად არა, მაგრამ მაინც, მნიშვნელოვანი იყო საქართვლოს ისტორიისათვის).
თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, „დიდი პიროვნებების“ ისტორია არამოდური გახდა. მაქრსის „ისტორიული მატერიალიზმის“ გავლენით, ბევრმა ისტორიკოსმა დაიწყო ისტორიის, როგორც გარდაუვალი მოვლენების თანმიმდევრობის, აღქმა; ეს თანმიმდევრობა განპირობებული იყო საზოგადოებაში არსებული სოციალური და პოლიტიკური პირობებით და ამგვარად, პიროვნებების გავლენა შემცირდა.
„ისტორიული დეტერმინიზმის“ ყველაზე რადიკალური მომხრეები საერთოდ უგულებელყოფენ ცალკეული პიროვნებების გავლენას. თუ ალექსანდრე დიდი არ გახდებოდა დამპყრობელი, ვინმე სხვა გამოჩნდებოდა, რომელიც ალექსანდრეს როლს მოირგებდა და არსებითად, იგივე ისტორიულ შედეგს მივიღებდით. ალექსანდრეს სამხედრო და პოლიტიკური წარმატებები მის პოროვნულობას კი არ მიეწერება, არამედ აზიური იმპერიების პოლიტიკურ სისუსტეს, ბერძნული სამყაროს ტექნოლოგიურ და კულუტულ უპირატესობას და ა.შ. ანალოგიურად, მეფე ერეკლეს არ ჰქონდა სხვა არჩევანი გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის გარდა და სხვა მმართველიც, მის ადგილას, ანალოგიურად მოიქცეოდა. თუ ამ რადიკალური თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ ფაშისტური გერმანიაც გარდაუვალი შედეგი იყო ქვეყანაში ღრმად ფესვებადგმული ანტი-სემიტური განწყობისა, რომლიც მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ვერსალის ზავმა გააღვივა. ჰიტლერის პიროვნული წვლილი კი უმნიშველოა.
თუმცაღა, ჩემი აზრით, ჰიტლერისა და სტალინის მსგავსი ადამიანები მკაფიო მაგალითია ისტორიული დეტერმინიზმის უსაფუძვლობისა. მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენები ჰიტლერის პიროვნული თვისებების მკაფიო გამოვლინებაა. მისი რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგალითად ის, რომ არ გამოეყენებინათ ქიმიური იარაღი, შედეგი იყო ჰიტლერის პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებისა. სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად მისი საბედისწერო გადაწყვეტილება, სტალინინგრადიდან არ გამოეყვანა მე-6 არმია, გამომდინარეობდა რასობრივი უპირატესობის ღრმა რწმენიდან. და ბოლოს, რაც მთავარია, არ არსებობს საფუძველი გვჯეროდეს, რომ გერმანიის ყოველი ფაშისტი ლიდერი მოაწყობდა ანტი-სემიტურ გენოციდს. მუსოლინის, რომელიც 1920-იან წლებში ჰიტლერისთვის პოლიტიკური კერპი იყო, არ უყვარდა ანტი-სემიტები და ბევრი ებრაელი, იტალიის ფაშისტური პარტიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. ჰიტლერი მუსოლინის მსგავსი ფაშისტი რომ ყოფილიყო, ჰოლოკოსტი არ მოხდებოდა.
რაც შეეხება საქართველოს ისტორიას ამ კონტექსტით, ვფიქრობ, სტალინის მსგავსი საბჭოთა დაუნდობელი ლიდერის არსებობა არ იყო განპირობებული ისტორიული აუცილებლობით. მისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში დიდი გავლენა მოახდინა კომუნისტი პარტიზანობის გამოცდილებამ, რომელმაც დაარწმუნა, რომ დაუნდობლობა და კომპრომისების გარეშე მოღვაწეობა, წარმატების საწინდარია. ლენინის შემდეგ, მმართველობაში სხვა ბიოგრაფიის ადამიანი რომ მოსულიყო, დიდი ალბათობით, სრულიად განსხვავებული პოლიტიკას გაატარებდა.
ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები საერთოდ არ ახდენენ გავლენას. სტალინი ან ჰიტლერი რომ სამხრეთ სუდანში დაბადებულიყვნენ, გლეხებად, სავარაუდოდ, ასეთ დრამატულ გავლენას ვერ მოახდენდნენ მსოფლიო ისტორიაზე.
იმედი საქართველოსთვის
მაშინ, როცა ეკონომისტების უმრავლესობას სწამს ბაზრის, კონკურენციისა და სხვა მსგავსი ცნებების, ისინი მარქსს ერთი რამით ემსგავსებიან: ექცევიან იმ მოსაზრების გავლენის ქვეშ, რომ არსებობს ფუნდამენტური ეკონომიკური კანონები, რომლებიც მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს საზოგადოების წარმატებას. თუ საზოგადოება შექმნის ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებს, აირჩევს სწორ პოლიტიკას და ა.შ., წარმატება გარდაუვალი იქნება.
ისტორიული დეტერმინიზმის მსგავსად, ეკონომიკური დეტერმინიზმიც არასწორია. ევროპული ქვეყნების, და ასევე ა.შ.შ-ს ეკონომიკური განვითარება სხვა არაფერია, თუ არა ისეთი პიროვნებების თანმიმდევრობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ფასდაუდებელ აღმოჩენებსა და გამოგონებებს, რითაც საკუთარ ქვეყნებს შეუქმნეს შედარებითი უპირატესობა. რომელიმე ასეთი უნიკალური ადამიანის ციკლიდან გამოტოვებით, ეკონომიკა სხვანაირად განვითარდებოდა.
ეკონომიკურ პოლიტიკას შეუძლია შექმნას პირობები იმისათვის, რომ დიად ადამიანებს მისცეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. აინშტაინი ეთიოპიაში, ფერმერის ოჯახში რომ დაბადებულიყო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება მოეხდინა. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დაბადებული ყველა კასპერაშვილის, აინშტაინიშვილის, დიზელიძისა და გეითსაძისათვის საკუთარი ნიჭის გამოვლენისა და შესაძლებლობების რეალიზების მაღალი ალბათობა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უნდა ავითარებდნენ დამოუკიდებელ აზროვნებას და არ ახშობდნენ მას; განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და ქართულ საზოგადოებაში ფართოდ ფესვგადგმული ნეპოტიზმს უნდა ვებრძოლოთ, რათა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს გავუთავისუფლოთ გზა წარმატებისაკენ. მართალია ეს აუცილებელია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი პირობა ეკონომიკური წარმატებისათვის. პირველ რიგში, გვჭირდება მსგავსი განსაკუთრებული ადამიანები და მათ გარეშე, მხოლოდ კარგი პოლიტიკა ვერ დაგვეხმარება.
ის ფაქტი, რომ მსგავსი ადამიანების გამოჩენა შემთხვევითი მოვლენაა და არ ექვემდებარება პოლიტიკის გამტარებელებს ნება-სურვილს, ცოტა პესიმისტურად ჟღერს. ISET ეკონომისტის ჩემს წინა ბლოგში (ეკონომიკური მსჯელობა კახეთის მთებში) ვისაუბრე საქართველოს სტუქტურულ უპირატესობებზე, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება კარგი პოლიტიკის გატარების პირობებში. ამ სიტუაციაში, საქართველოს შეუძლია დიადი ადამიანების გამოჩენის იმედი ჰქონდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, დიდი პიროვნებების წვლილი ქვეყნის ეკონომიკური ბედის განსაზღვრაში პესიმიზმის ნაცვლად, ოპტიმიზმის საფუძველია.
ალბათ, არსებობს ერთი პოტენციური კასპერსკი ყოველ 100, 000 ახალშობილზე, ერთი სტივ ჯობსი ყოველ 200, 000 ახალშობილზე და ერთი აინშტაინის ყოველ 1 მლნ ახალშობილზე. საქართველო იყო დიდი ადამიანების სამშობლო წარსულში და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე იქნება იქნება მომავალშიც. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დავრწმუდეთ, რომ მომავალ გენიოსებს შევუქმნით სათანადო პირობებებს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად!
Comments