სანატრელი ზაფხულის არდადეგების გვარიანი ნაწილის სომხეთში გატარებაზე როდი ოცნებობდნენ ჩემი შვილები. ფიქრებში გაცილებით ეგზოტიკურ ადგილებს დასტრიალებდნენ, აფრიკას, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპის წამყვან დედაქალაქებს – ვენას, პარიზს, ლონდონს. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო არ დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა ისინი, საცდელი ერთი კვირა გაეტარებინათ თუმოს (TUMO) კრეატიულობის საზაფხულო სკოლაში ერევანში. ამისათვის თუმოს ვებ-გვერდიდან მხოლოდ რამდენიმე სურათის ჩვენება საკმარისი აღმოჩნდა.
ერთკვირიანი საცდელი პერიოდი გადაიქცა ოთხკვირიან მოგზაურობად ფოტოგრაფიის, სამგანზომილებიანი მოდელირების და ანიმაციის (10 წლის კატიასთვის), რობოტიკის და პროგრამირების (12 წლის იანისთვის) სამყაროში. ამ გამოცდილებამ მშობლებსაც აგვიხილა თვალი და დაგვანახა, როგორ უნდა მოეწყოს განათლება XXI საუკუნეში და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სამყაროს მამოძრავებელ ბერკეტად.
ფიქრი ჩარჩოებს მიღმა, თუმოში მოგზაურობის ყოველი ნაბიჯი
თუმოში კრეატიულობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა.
პირველია თუმოს ფუტურისტული არქიტექტურული დიზაინი, რომელიც იმთავითვე იპყრობს და შთააგონებს ყველას, ვინც კი შენობაში ფეხს შეაბიჯებს.
კრეატიულობა გრძელდება თუმოს სასწავლო კომპიუტერული პროგრამითა (“Tumo World,” თამაშის მსგავსი ვირტუალური გარემო, რომელიც სტუდენტებს ეხმარება, გაერკვნენ და გაეცნონ სასწავლო პროგრამას) და პედაგოგიური მიდგომით. ამ მიდგომის არსია, ათასობით მოზარდს საშუალება მისცეს, თავად შექმნან მათზე მორგებული, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და მისდიონ მას, საკუთარი ტემპით და თუმოს ტრენერების მცირე დახმარებით. ზოგიერთი სტუდენტი, თუმოს „ლომები“, რამდენიმე საგანს იღებენ და ბოლო დონემდე სწავლობენ. სხვები, „პეპლები“, იგივე დამწყებები, ყველა საგნის საწყისებს სწავლობენ – თუმოში წახალისებულია ასეთი ექსპერიმენტული მიდგომა. პროგრამა გამდიდრებულია სპეციალური ვორქშოპებით, რომლებსაც ამა თუ იმ სექტორის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტებიც, ატარებენ.
ძალზე კრეატიულია უკიდურესად არატრადიციული სასწავლო მენიუ, რომელიც საკუთარ თავს ასე აღწერს: „ხელოვნება, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც მათ შორისაა“. სწავლების ოთხი მთავარი მიმართულებაა ანიმაცია, თამაშების დეველოპმენტი, ფილმების გადაღება და ვებდიზაინი. თუმცა სტუდენტს მრავალი შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს სხვა დამატებითი უნარებიც, სამგანზომილებიანი მოდელირება, რობოტიკა, პროგრამირება და მუსიკა. არჩევანის ასეთი ფართო სპექტრისა და მოქნილობის წყალობით ათასობით „თუმოელი“ (12-18 წლის ასაკის) საკუთარ უნიკალურ გზას აგებს წარმატებისკენ.
დაბოლოს, თუმოს გონივრული ფინანსური არქიტექტურა მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ფილანტროპიის საუკეთესო მაგალითია – ეს არის დახმარება, რომლის მიზანიც განვითარებაა და რომელიც კომერციულ საწყისებს ეფუძნება.
თუმოს ფესვები კერძო სექტორშია...
მარცხნიდან მარჯვნივ: თუმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და არტისტი მაიკლ არამი, თუმოს მმართველი დირექტორი, მარი-ლუ პაპაზიანი და თუმოს დამფუძნებელი, სემ სიმონიანი. |
თუმო არაფრით ჰგავს ტიპობრივ სახელმწიფო ან დონორის პროექტს. მისი ინტელექტუალური და ფინანსური ფესვები მსოფლიო ტექნოლოგიებისა და ხელოვანთა საზოგადოების სომხური დიასპორტის წარმომადგენლებს შორის უნდა ვეძიოთ. თუმოს მთავარი არქიტექტორი და დამფუძნებელი, სემ სიმონიანი დალასში მცხოვრები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მეწარმეა. მან საკუთარი თავი თავად შექმნა. 1975 წელს 19 წლის ასაკში ომით განადგურებული ლიბანიდან ამერიკაში გადმოსახლდა. ტეხასის უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის ხარისხი მიიღო და ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შექმნაზე მუშაობდა. 1989 წელს სემმა და მისმა ორმა კოლეგამ მიატოვეს მაღალანაზღაურებადი სამსახურები, რათა ოცნება აეხდინათ და შეექმნათ INET. ყველაფერი დაიწყო 18000 დოლარით, ფაქსის მანქანითა და 200 დოლარის ღირებულების სატესტო დანადგარით.
სიმონიანი თუმოს კონცეფციის თუ შინაარსის შემქმნელი და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა მის გარდა მრავალი ადამიანია ჩართული ამ წამოწყებაში. მარი-ლუ და პეგორ პაპაზიანები თავიდანვე შეურთდნენ ამ ინიციატივას, მათზეა ადგილობრივი ლიდერშიპი და ცენტრის განვითარების ზედამხედველობა. პაპაზიანები ერთმანეთს ბავშვობიდან, ლიბანიდან იცნობენ და სომხეთში დაბრუნდნენ ტექნოლოგიებში, პროექტებისა და განათლების მართვაში უზარმაზარი გამოცდილებით დატვირთულები. მარი-ლუმ შექმნა ცენტრის ინტერიერის და გარე მოედნის დიზაინი. თავადვე მეთვალყურეობდა მათ მშენებლობას. პეგორი უძღვებოდა გუნდს, რომელმაც შექმნა თუმოს სასწავლო კომპიუტერული პროგრამა. ამჟამად თუმო ცდილობს, გაფართოვდეს და გაცდეს ერევნისა და (მალე) სომხეთის საზღვრებს, ამ საქმეში კი მარი-ლუ და პეგორი თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები.
აღსანიშნავია თუმოს სამეთვალყურეო საბჭოც, ის არტისტული, ტექნოლოგიური და მეწარმული ტალანტის იშვიათი ნაზავია, მასში შედიან: უბერის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის ინჟინერიის დირექტორი (ტვიტერის პლატფორმების ინჟინერიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) რაფი კრიკორიანი, პიქსარის ანიმაციების სტუდიის ფილმების პროდიუსერი, კატერინ სარაფიანი, System of a Down-ის მთავარი ვოკალისტი, სერჟ ტანკიანი და დისნეის ინტერაქტიული სტუდიის თამაშების დეველოპმენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, ინდასტრიალ თოის დამფუძნებელი ალექს სეროპიანი. მართლაც რომ საოცნებო გუნდია.
უზრუნველყოფილი მომავალი…
თუმოს მთავარი კომპლექსი ერევანში განთავსებულია თუმანიანის პარკში (აქედან მოდის სახელი თუმო) სპეციალურად ამ იდეისთვის დაგეგმარებული 6-სართულიანი შენობის პირველ ორ სართულზე. შენობის დანარჩენი ოთხი სართული ეთმობა ტექნოლოგიურ და მედია კომპანიებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, თუმოს პარტნიორობა გაუწიონ საგანმანათლებლო მისიაში. თუმოს დამაარსებლებმა, სემ და სილვია სიმონიანებმა 2001 წლიდან დღემდე 60 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადეს ინფრასტრუქტურაში, თუმოს პროგრამების შემუშავებასა და პირველ ხუთი წლის განმავლობაში მათ ფუნქციონირებაში. მიუხედავად ამისა, მომავალში თუმოს სიცოცხლისუნარიანობას კომერციული მოიჯარეებისგან მიღებული შემოსავალი უზრუნველჰყოფს!
როგორც პეგორ პაპაზიანი ამბობს, თუმოს მოიჯარეთა ბაზის შექმნას ორ წელზე მეტი დასჭირდა. თუმოს ოპერირების მესამე წლამდე თუმოს პროგრამების ხარჯი (დაახლოებით 2 მლნ. აშშ დოლარი წელიწადში, სათაო ოფისებისა და კომუნიკაციის ჩათვლით) სრულად ფინანსდებოდა სიმონიანის განათლების ფონდიდან. დღეს კი შენობაში ძნელად იპოვით თავისუფალ ადგილს, რომელიც მოიჯარეს ჯერ არ დაუკავებია. მოიჯარეების შთამბეჭდავ სიაში არიან მობილურებისთის განკუთვნილი ფოტო რედაქტორის PicsArt-ის დეველოპერული ნაწილი, რომელიც სომხეთშია დაფუძნებული; ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციის გიგანტი Mentor Graphics, ადამიანური ინტერფეისის მქონე ინტუიციური გადაწყვეტილებების შემქმნელი Synaptics, ასევე VoIP ტექნოლოგიების პიონერი Epygi.
თუმოს მრავალი ყოფილი სტუდენტი და ტრენერი სამუშაოდ შენობაში რჩება. თუმცა მათი უმეტესობა ძალზე დაკავებულია და ქვედა სართულებზე სტუმრობის და მასტერკლასების ჩატარების დრო არ აქვს. პეგორ პაპაზიანი აცხადებს, რომ სინერგიის მთავარი ეფექტი ფსიქოლოგიურია. ახალმოსულებს დიდ მუხტს სძენს წარმატებული ხალხის ყურება, მათ მოსწონთ მაგარი ტიპები.
საბჭომ გაააზრებულად მიიღო თამამი გადაწყვეტილება, თუმოში სწავლა ყოფილიყო უფასო ყველა სტუდენტისთვის, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა. განათლების ყველასთვის უფასოდ მიწოდების უკან რაიმე ფილოსოფიური მიზეზი არ დგას; სტუდენტების საჭიროებების შესწავლა მძიმე ტვირთად დააწვებოდა თუმოს ადმინისტრაციას და თუმო მოწყდებოდა მთავარ დანიშნულებას, ყოფილიყო სოციალური ცვლილების მამოძრავებელი მუხტი.
თუმოს საბჭოს, მის დამფუძნებელსა და მენეჯმენტს შეუძლიათ იამაყონ: 2017 წლიდან თუმოს შემოსავლები სივრცის გაქირავებიდან და საზაფხულო ტრეინინგ-ბანაკებიდან (თუმოს ერთადერთი კომერციული საგანმანათლებლო პროექტი) 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, დაეწევა საოპერაციო ხარჯებს და ეფექტურად უზრუნველყოფს მთელი ორგანიზაციის მომავალს.
და ექსპორტმაც არ დააყოვნა!
2011 წელს გაიხსნა თუმოს ერევნის ცენტრი და ეს იყო სომხეთის პროვინციულ ქალაქებში გაფართოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. გაფართოების იდეა ყოველთვის არსებობდა, თუმცა ინიციატივა სომხეთის ეროვნული ბანკიდან წამოვიდა, რომელიც დილიჟანში ახალ ოფისს აშენებდა და სურდა, ამ ერთ დროს პოპულარულ საკურორტო ქალაქში წაეხალისებინა დამატებითი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში. თუმო ღიად შეეგება გამოწვევას, ქალაქს თავისი ნოუ-ჰაუ შესთავაზა და დილიჟანის ცენტრი 2013 წლის იანვარში გაიხსნა, მისი საოპერაციო ხარჯები კი სომხეთის ეროვნულმა ბანკმა დაფარა.
ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ცენტრი, რომელიც დილიჟანის და მიმდებარე სოფლების 200-მდე ბავშვს ემსახურება, ოპერაციული ეფექტურობის თვალსაზრისით, მეტისმეტად მცირე აღმოჩნდა. ეს ფაქტორი გაითვალისწინეს გიუმრში (გაეშვა 2015 წლის სექტემბერში) და სტეფანაკერტში (2015 წლის ოქტომბერი, 1000-მდე სტუდენტი) მომდევნო ორი ცენტრის მშენებლობისას. ორივე ცენტრი აშენდა თანხების მოსაზიდი (საწყისი ხარჯების დასაფარად) მასშტაბური კამპანიის და სომხეთის კეთილმოსურნეთა გენერალური კავშირის დაპირების წყალობით, რომ მონაწილეობას მიიღებდა საწყის ინვესტიციებში და დაფარავდა საოპერაციო ხარჯებს პირველი ხუთი წლის განმავლობაში.
„ჩვენ ვიცით, როგორ მოვაწყოთ ახალი ცენტრი, – ამბობს პეგორი, – მშენებლობა რომ არ ჩავთვალოთ, ამას 2-3 თვე სჭირდება“. მცირე ცენტრების ქსელის მთავარი გამოწვევა არა მათი მოწყობა, არამედ მათი ეფექტურად მართვაა. ჯამურად 3000 სტუდენტის სიმძლავრის მქონე სამი ახალი ცენტრის ფუნქციონირების ხარჯი წელიწადში ნახევარი მილიონი აშშ დოლარია (დაახლოებით 13-15 აშშ დოლარი სტუდენტზე თვეში, ფიქსირებული ხარჯების გამოკლებით). ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა უძრავი ქონების მოდელის ერევნის გარეთ გამეორებაა, რადგან ერევნის გარეთ კომერციული მოიჯარეების ნაკლებობაა. ამ პრობლემის გადაჭრა მოკლე ვადაში შეუძლებელია, ამიტომ ამ ნაპრალის ამოსავსებად საჭირო იქნება დონორებისა და სახელმწიფოს დაფინანსება. დროთა განმავლობაში კი საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესებისთვის მომგებიანი იქნება პროვინციულ ადგილმდებარეობებზე გადანაცვლება ან გაფართოება, თუ იარსებებს კარგად მომზადებული პერსონალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვალიფიციური პერსონალის მომზადებით თუმო საკუთარ სიცოცხლისუნარიანობაში დებს ინვესტიციას.
მეორე გამოწვევა ეხება პერსონალის როტაციის აუცილებლობას.
ფინანსური თვალსაზრისით შეუძლებელია ძვირადღირებული ვორქშოპების ერთდროულად ჩატარება 14-ვე საგანში თუმოს ოთხ ობიექტზე (ეს არც საოპერაციო თვალსაზრისითაა გამართლებული). მაშასადამე, ეფექტურობა მოითხოვს, რომ უორქშოპის ლიდერები გაინაწილონ ცენტრებმა: თითოეული ლიდერი რვა თვეს ატარებს ერევანში და ერთ თვეს – სხვა ცენტრებში. ამგვარად, თუმო სრულად იყენებს ყველა ძვირადღირებული ექსპერტების რესურსს, უფრო მცირე ცენტრები კი ექსპერტის მხოლოდ ერთი თვის მომსახურების საფასურს იხდიან, ძირითადი პერსონალის ხარჯები კი აუცილებელ მინიმუმამდე ჰყავთ დაყვანილი (პატარა ცენტრებს ჰყავთ დირექტორი და რამდენიმე ადგილობრივი ტრენერი). შესაბამისად, თითოეულ ცენტრში სრულ განაკვეთზე მყოფი ვორქშოპის ლიდერების რაოდენობა მისი ზომის პროპორციულია, ერევანში შვიდი ექსპერტია, გუიმრში კი – მხოლოდ ორი.
თუმო – მეგობრობის ხიდი საქართველოსთან?
შვილებთან ერთად თუმოს საზაფხულო ბანაკში ყოფნისას მოვისმინე მარი-ლუს პრეზენტაცია თუმოს ამბიციურ გეგმებზე: ახალი ფილიალების გახსნასა და/ან ფრანჩიზების გაყიდვაზე არამხოლოდ სომხეთში, არამედ ბრაზილიაში, ეგვიპტეში, ირანსა და ლიბანში. გამიკვირდა და იმედიც გამიცრუვდა, რომ საქართველო, სომხეთის უშუალო მეზობელი, სამიზნე ქვეყნების სიაში არ მოხვდა. თუმოს გეგმები იქით იყოს და ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს განათლების მინისტრი, სანდრო ჯეჯელავა სომხეთში მომდევნო ვიზიტისას თუმოს ეწვევა და სემ სიმონიანსა თუ სხვა ჩართულ მხარეებთან იმსჯელებს, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს ეს შესანიშნავი ინიციატივა ორი ქვეყნის მეგობრობის ხიდად.
Comments