ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც?

გრაფიკი 1:  გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა

აპრილში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითი სხვაობა საკმაოდ უჩვეულო და ახალი ფენომენია. 2007 წლის შემდეგ უარყოფითი სხვაობა მხოლოდ ოთხჯერ, 2007, 2014, 2017 და 2019 წელს დაფიქსირდა, აქედან სამჯერ - უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი, 117 მლნ. კვტ. სთ-იანი უარყოფითი სხვაობა 2017 წლის აპრილში დაფიქსირდა.

გრაფიკი 2:  გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა აპრილის თვეში წლების მიხედვით

გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფით სხვაობას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შემცირება და ქვეყნის გაზრდილი მოხმარება. ვინაიდან საქართველოს ელექტროსისტემა უმეტესად ჰესებზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ჰესების საშუალო გამომუშავებას 2007-2017 წლებში და გამომუშავებას უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში.

 გრაფიკი 3: ჰესების გამომუშავება                                      გრაფიკი 4. ენგურისა და ვარდნილის გამომუშავება

ენგურისა და ვარდნილის ჰესები (კაშხლები დაგროვებული წყლის მარაგით) ელექტროენერგიის ძირითად წყაროა და მათი წარმოების თავისებურებები მოცემულ პერიოდში გამომუშავების ტიპურ პოტენციალს განსაზღვრავს. 2007-2017 წლის საშუალო გამომუშავების უკანასკნელ თორმეტი თვის წარმოებასთან შედარების შედეგად შესაძლოა დავასკვნათ, რომ ელექტროენერგიის წარმოების დონე 2018 წლის ზაფხულში (მაის-ივნის-ივლისი) გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2007-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი იმავე პერიოდში. ეს ტენდენცია მსგავსია ენგურისა და ვარდნილის ჰესებისთვისაც, რაც ხაზს უსვამს, რომ ელექტროენერგიის მარაგის ზრდა არსებული მარეგულირებელი ჰესების გაზრდილი გამომუშავების შედეგია და არა ელექტროენერგიის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის. უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე, ჰესების გამომუშავება 2007-2017 წლების საშუალო გამომუშავებაზე მაღალი იყო. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, ჰესების (განსაკუთრებით ენგურისა და ვარდნილის) გამომუშავების მკვეთრი ზრდა ჭარბმა ნალექმა ხომ არ გამოიწვია; თუ ეს იყო პირდაპირი პასუხი გაზრდილ მოთხოვნაზე, რამაც კაშხლების რეზერვუარების რესურსების გამოყენების საჭიროებამდე მიგვიყვანა? თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია ამ კითხვაზე პასუხის მარტივად გაცემის საშუალებას არ იძლევა. ენგურმა და ვარდნილმა გარკვეულ თვეებში, ჰესების მთლიანი გამომუშავებისაგან განსხვავებით, უდაოდ საშუალოზე მცირე ოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, შედარებით მცირე გამომუშავების თვეებშიც კი, ტიპური გამომუშავება 2007-2017 წლების საშუალო მაჩვენებლების მსგავსი იყო (2019 წლის მარტის გარდა) და, შესაბამისად, შესაძლოა, სხვა ფაქტორებით ყოფილიყო განპირობებული.

თუ უკანასკნელი თორმეტი თვის მოხმარებასა და 2007-2017 წლების საშუალო მოხმარების დონეებს დავაკვირდებით (იხ. მე-5 გრაფიკი), ვნახავთ, რომ მოხმარებამ საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა. ამან აშკარად ხელი შეუწყო უკანასკნელი ცხრა თვის უარყოფით სხვაობას და, შესაძლოა, მის გახანგრძლივებასაც შეუწყოს ხელი. ერთი შეხედვით ცხადია, რომ ჰესების გამომუშავება ბოლო ათწლეულის მანძილზე მეტნაკლებად სტაბილურია, მაშინ, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზრდას განაგრძნობს.

გრაფიკი 5. მოხმარების ტენდენცია

ეს თავისებურებები დამატებით კითხვებს აჩენს: მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რაოდენობრივად უფრო მეტი ჰესი ფუნქციონირებს (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად), რატომ არ გაიზარდა მთლიანი გამომუშავება 2007-2017 წელთან შედარებით? რა არის გაზრდილი მოთხოვნის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორები და რომელია გაზრდილი მოხმარების ძირითადი წყარო? რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ მომავალში? თითოეული ეს კითხვა დამატებით კვლევას საჭიროებს და მათ მომდევნო თვეებში გამოვიკვლევთ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners